THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გაზაფხული

გრიგოლ აბაშიძე

აღარც ქარი, აღარც სუსხი,
აღარც თოვლის ნარჩენია,
ტყემლის ყვავილს ფიფქი სცვივა.
ატმებს ცეცხლი გასჩენია.

ცის ლაჟვარდში ტოროლები,
აივანზე - მერცხლებია,
გამოსულან პატარები,
მათი ცქერით ვერ ძღებიან.

აკვირდება, უკვირს ჩინოს,
თუმცა სხვებზე დინჯი კია:
ეს, ტოლები ეძახიან,
თუ ჩიტების ჭიკჭიკია?

სტვენს ბულბული, შაშვი გალობს,
ბინად ტყე აქვთ არჩეული,
მიწას მოლი მოჰფენია,
ტყეებს - მწვანე ფარჩეული.

აღარც ქარი, აღარც სუსხი,
აღარც თოვლის ნარჩენია,
ტყემლის ყვავილს ფიფქი სცვივა,
ატმებს ცეცხლი გასჩენია!