THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ერთი დღე გაზაფხულის ცაზე

მერი ბოლქვაძე
 
მოკრიალებულ ცაზე გაზაფხულის პატარა ღრუბელი მოცურავს და ისეთი დაღვრემილია, სულ სახე ჩამოსტირის. მოდის და სულ უფროს ღონდება და ღონდება. შემოხვდა ერთი წერო.
_ ეჰეი, ღრუბლიკო! _ შორიდანვე შესძახა წერომ, _ რა დაგმართვია?
_ რაღა რა დამმართვია, მეგობარო, საკითხავი აღარა ვარ, _ ამოიოხრა ღრუბელმა, _ ხომ იცი, პატარაობიდანვე როგორ მიყვარს ყვავილები და ბალახები, მერე რა გამოვიდა? სულ ასე, ზემოდან უნდა დავყურებდე? მეც მინდა ახლოს მივიდე, თვალებში ჩავხედო, ნაზად დავყნოსო, არადა აღარ მინდა ასე ცხოვრობდა... _ მსხვილი ცრემლები გადმოაყარა პატარა ღრუბელმა.
წერო ჩაფიქრდა. მერე კი უთხრა:
_ ცოტა დაიცადე რა, სულ ცოტა, კარგი? _ და ძირს დაეშვა. დაფრინდა მიწაზე, გრძელი ნისკარტით გადაქექა გაზაფხულის მიწის ხნულები, ამოკრიფა თესლები და აფრინდა ღრუბელთან. თესლები უბეში ჩაუყარა და უთხრა: _ თბილად შეინახე და ბედნიერი იქნებიო.
ჩაითბუნა ღრუბელმა თესლები და გატრუნული ფრთხილად გასრიალდა ცაზე. რამდენიმე დღის შემდეგ რაღაცნაირად აწრიალდა, აცმუკდა, ჯერ ერთი-ორჯერ ჩაიცინა, მერე კი ახითხითდა და აკისკისდა: თურმე თესლები გაღვივდნენ, პატარა ფესვები აატოკეს და უღიტინებენ ღრუბელს!
ცოტა ხანში კი, ჰოი, საოცრებავ! ზედ ღრუბლის მკერდზე თავი ამოყო და აბიბინდა მწვანე ჯეჯილი, ცოტა ხანში გვირილაც ამოიზარდა, მიიხედ-მოიხედა და გაიცინა. მას ყაყაჩოები მოჰყვნენ, აღაღანდნენ წითლად.
გაიხარა ღრუბელმა და სიმღერით გასწია ცაზე. მიდის და მიიმღერის. მღერის და ბედნიერია. ცის ნიავი იმის ყვავილებს ეთამაშება. ღრუბლები გაკვირვებით შესცქერიან ამ პატარა ღრუბელ-მდელოს. თუმცა რა არის გასაკვირი? რაღა არ ხდება ამ დალოცვილ ცაზე?