THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



პეპელა

ნინო ბეაზარაშვილი
 
საღამო ხანზე მინდორში ერთი პატარა ბიჭი გამოჩნდა: მხარზე თავისი ხელით გაკეთებული გრძელტარიანი პეპლების დასაჭერი ჰქონდა გადებული. აქეთ-იქით იყურებოდა, პეპლებს უთვალთვალებდა.
მინდორი მწვანედ ხასხასებდა. რომ იტყვიან, ქვაზედაც კი ბალახი იყო მოსული, პეპლებიც ბლომად იყვნენ, მინდვრის ყვავილებს თავს დასტრიალებდნენ, ხან ზედ მოიკალათებდნენ, თითქოს წვენს ამოსწოვდნენ, მერე კი ისევ ბალახიდან ბალახზე, ბუჩქიდან ბუჩქზე დაფრინავდნენ, დაფარფატებდნენ.
ბიჭს ყველზე მეტად ერთი პატარა პეპელა მოეწონა. კოხტა იყო, ფრთებზე ლამაზი ზოლები ჰქონდა და ფერად-ფერადი წერტილები ეყარა. პეპელა იქვე ბალბის ყვავილზე დაჯდა. ბიჭმა მაშინვე დასცხო ბადე, ბალბა მთლიანად შიგ მოაქცია. მერე ცალ მხარეს ცოტათი ასწია ბადე და ნელა, ფრთხილად შეჰყო ხელი, პეპელა უნდა გამოეყვანა, მაგრამ თითებშუა გაუსხლტა.
ბიჭუნას გული ბრაზით გაევსო: `როგორ მაჯობა ამ ერთიბეწო პეპელამ! მოიცა შენა! _ დაემუქრა და ისევ გაეკიდა.
დაიღალა ბიჭი, ვეღარ ეწევა. მაინც მისდევს. პეპელა ვეება ბარდისკენ გაფრინდა, ბარდზე ხვიარაა ასული, ზედ თეთრი გრამაფონა ყვავილები გადაპენტილა. მზე გორებს მოეფარა, ბინდი ჩამოწვა.
_ გიგიი... _ შორიდან მოესმის ბიჭუნას. დედა ეძახის.
გიგი მაინც დგას.
პეპელამ იფარფატა, იფარფატა ბარდის თავზე და მერე ყველაზე მაღლითა ყვავილში შეიმალა. ბიჭი ადგილიდან ფეხს არ იცვლის, ელოდება, იქნებ გამოვიდესო, მაგრამ გამოსვლას ვინ ჩივის, პეპელა გარეთაც აღარ იყურება.
ელოდება ბიჭი, ელოდება და აი, საოცრება! ყვავილმა პირი მოკუმა.
ბიჭს აუკვირდა. ჯერ ასეთი რამე არ ენახა. ხან თითის წვერებზე შედგა, ხან პეპლების დასაჭერი ბადითაც სცადა, რომ დაწეოდა ყვავიო, მაგრამ მიხვდა, იქ შემწვდომი არ იყო, და გამობრუნდა.
მიდის ბიჭი სახლისაკენ და ისევ პეპელაზე ფიქრობს, ახლა აღარ ბრაზობს, აღარც იმუქრება. პირიქით, ეცოდება სადღაც, პირმოკუმულ ყვავილში გამომწყვდეული პატარა პეპელა.
`ნეტავ რად გამოვეკიდე, იქნებ არ შეფრენილიყო იმ ყვავილში~ _ ნანობს ბიჭი.
ღამეც ვერ ეძინა კარგად, ბორგავდა, ცუდი სიზმარი ნახა, ვითომ ვიღაცა კაცი დასდევდა დასაჭერად. ბიჭი იმალებოდა, ხან სხვენზე ხტებოდა,ხან ხეზე. სკივრშიაც კი ჩაძვრა, მაგრამ კაცი მაინც იპოვიდა ხოლმე. ეგრე ყოფილა თურმე, რაც არ უნდა ეცადო, სიზმარში ვერ დაიმალები.
დილით ბიჭს ისევ მოაგონდა პეპელა და ახლა უფრო შეეცოდა. გადაწყვიტა, წასულიყო და ენახა. ცოტა რომ მოდღევდა, ქლიავის ტოტიდან გრძელი კავი ჩამოიღო, მხარზე გაიდო და წავიდა.
ბარდზე სხვა ყვავილებსაც მოეკუმათ პირი და ახლა ყინწმოწყვეტილები ეკიდნენ. გიგიმ ადვილად შენიშნა ის ყვავილი, გუშინ პეპელა რომ შეფრინდა.
ბიჭი ბარდს გარშემო უვლიდა, თვალით ზომავდა, უნდოდა გაეგო, საიდან უფრო იოლად მისწვდებოდა იმ ყვავილს.
ბილიკზე ძროხებმა ამოიარეს, მერე ვიღაც კაციც გამოჩნდა, თავზე ნაბდის ქუდი ეხურა და იღლიაში შვინდის სახრე ამოედო.
_ მანდ რას უყურებ? _ შეეკითხა ბიჭს.
_ რასა და აგე იმ პირმოკუმულ ყვავილს, გუშინ საღამოს გაშლილი იყო, პეპელა შეფრინდა და შიგ მოემწყვდა.
_ ჰო, მაგრე იცის ამ ყვავილმა, დაჭკნობის წინ დაიხურება ხოლმე, თითქოს თვალები დახუჭაო.
_ დაიხრჩობოდა, არა, პეპელა? _ ნაღვლიანად ჰკითხა ბიჭმა.
_ რა დაახრჩობდა? თუ ჯერ სიცოცხლისა ყავლი გასული არა ჰქონდა, გამოფრინდებოდა, _ თქვა კაცმა და ძროხებისკენ გაიქცა.
ბიჭმა კი ხვიარას კავი გამოსდო და ძირს ჩამოსწია. ჩამომჭკნარი ყვავილი დიდხანს სინჯა ხელით, გადახსნა კიდეც, მაგრამ იქ პეპელას ნასახიც აღარ იყო. შიგ მხოლოდ მოყვითალო, ბუსუსიანი გვირგვინი ჩანდა, მეტი არაფერი.
ბიჭი იდგა და გულში კაცის სიტყვებს იმეორებდა: `თუ სიცოცხლის ყავლი გასული არა ჰქონდა, გამოფრინდებოდაო~.
`გამოფრინდებოდა!~ _ თქვა ბოლოს თვითონაც და გულიდან თითქოს სიმძიმე მოეხსნა.
მიიხედ-მოიხედა, გუშინდელივით მწვანედ ბიბინებდა მინდორი და ბალახიდან ბალახზე ისევ დაფრინავდნენ პეპლები.