THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



შობის ზარები

კახაბერ კაპანაძე

- ბიჭოს, ამ შობა დღეს რამდენი საქმე გამომიჩნდა, - ბაბუა გიორგიმ სამკაპს წამოავლო ხელი, თივის ზვინს მიეჭრა, კინკრიხოში მარდად შეუგდო ფიწალი, მოზრდილი ბღუჯა ააგლიჯა და მიწაზე გადმოაგდო, - შვილო! ერთი ბოჩოლიებს და ჩოჩორიებს დოვუყრი ამ ჩალა-კოკოლას და ახლავე ამოვტრიალდები, შეშასაც წამოვიმძღვანიებ, - გასძახა რძალს, - მანამდე კი აქანა რაცხა ნაფოტებია ბუხართან, იგი შოუკეთე, ტაბლა გამოპრანჭე შენებურად ოქროს ხელებით და თუნგიც გამომიცქრიალე ბარემღამ, შენს სიცოცხლეს და გახარებას. ჭურსაც მოვხდი წინდაწინ, თორემ მაგიდას რომ შემოვუსხდებით, მერე შეიძლება ქეც დამეზაროს, ხომ იცი, - გაიხუმრა ბერიკაცმა და თივის კოკოლას დასწვდა.
- ბაბუ, ბაბუ, საყვარელო, ჩემო თოვლივით ბაბუაწვერა... - მოეხვია ნინიკო ფეხებზე, - გეხვეწები მე წავუღებ თივას ჩოჩორიებს, ძალიან გეხვეწები...
- ჰო, კარგი, კარგი შე კუდრაჭა, წოუღე, კი ბატონო, მაგაზე რავა გეტყვი უარს, ოღონდ კი შრომას დეეჩვიეთ ქალაქელები და რაღა მოკლავს კაცს, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მოხუცმა, - წოუღე ბაცაცუნა-მაცაცუნა, აპა, ჰე, შენ იცი, არ შეგეშინდეს, ისინიც შენისთანა პრანჭიკელები არიან, დოუმეგობრდი, აპა, შენ იცი...
ნინიკომ ხალისით წამოავლო ხელი თივას, წინ მურიკელა გაიგდო და ხის მორებით ნაგებ კოხტა ბაგაში შეცუნცულდა. თივა შუა ადგილას დაყარა, ხელები კაბის გვერდებზე ჩამოისვა და თმაში შერჭობილი თივის რამდენიმე ღერიც გამოიძრო.
- ჰე, მოდით ახლა, ჭამეთ და მიირთვით, თქვენთვისაც მომილოცავს შობა-ახალი წელი.... რას უდგახართ, არ გესმით, რომ გელაპარაკებით? იცოდეთ, მეტს აღარ მოგიტანთ, თუ გამაბრაზებთ. მე თქვენი პატრონი ვარ და რასაც გეტყვით, უნდა დამიჯეროთ, - ცხარობდა ნინიკო და თან ფეხებს გაბრაზებით აბაკუნებდა. ამის შემხედვარე, ბოჩოლა და ჩოჩორი ისე გამხიარულდნენ, რომ ერთი ხტუნვა-კუნტრუში გამართეს. მურიკელაც კუდის ქიცინით აჰყვა და ერთმანეთში ისეთი ცელქობა და თამაში გამართეს, ყველაზე გაუცინარ ხელმწიფესაც კი გაეცინებოდა.
ბოჩოლიამ უკნიდან დაუარა ნინიკოს, ბავშვი ციბრუტივით შემობზრიალდა, მაგრამ სად იყო, სად არა, მეორე მხრიდან ჩოჩორმა შემოურბინა, მურიკელაც ისეთი სიხარულით აყეფდა, რომ ნინიკოს თავბრუ დაეხვა და კისკისით აუთამაშდა მხრები.
სიხარულისგან ტაში შემოკრა, თივა აღარც ახსოვდა, ისე ჩაება მხიარულ ფერხულში. ატყდა ერთი აყალმაყალი და ჟრიამული.
- რაო, უჩვენოდ ზეიმი და თამაში ვინ გაიგონაო, - იუკადრისეს იხვებმა და ვარიკელებმა და იქვე მეზობლად მიდგმული საქათმის გარდი-გარდმო შეჭედილი პატარა ჭიშკრის ქვეშიდან წამოიგრძელეს კისრები და ფრთების ფორთხიალით სათითაოდ გამოძვრნენ. ატეხეს ერთი ყაყანი და ქოთქოთი.
ჩოჩორიამ ნინიკოს შუბლი მიჰკრა, თივაზე წააქცია და გარშემო დაუწყო ხტუნვა-თამაში. ბოჩოლიაც სიხარულისგან სასაცილოდ იქნევდა პატარა ფეხებს და იქაურობა ნამდვილ მასკარადს დაემსგავსა.
ბოჩოლამ გოგონას დრუნჩი გაუსვა და გამოუსვა ცხვირზე, ნინიკომ კი კისერზე მოხვია ხელი და ბოჩოლიაც წააქცია. კარგა ხანს ასე იმხიარულეს, შემდეგ ნინიკოც წამოხტა და ხტუნვა-ხტუნვით წრეზე დაიწყო ჩამოვლა. უეცრად შორიდან ზარების რეკვა მოისმა. ვიღაცის მადლიანი ხელი ისე დიდებულად რეკდა ეკლესიის სამრეკლოზე საუკუნოვან ზარებს, გეგონებოდათ, ანგელოზები გალობენ და ადიდებენ ამ ლამაზი, სიყვარულით დახუნძლული სამყაროს შემოქმედსო.
- ღმერთო, შენ დაიფარე ჩემი ქვეყანა, ოჯახი და შთამომავლობა ყველა განსაცდელისაგან. იდიდოს შენმა ტკბილმა სახელმა. ყველაზე მჟავე კაცსაც რომ მეზობლის სიყვარულს ასწავლი და სიკეთეს გააკეთებინებ.
- დიდება შენს შობას უფალო, ქრისტე ღმერთო, - დააყოლა ბაბუას ლოცვას თავისი სადღეგრძელო ნინიკოს მამიკომაც.
- არასდროს ჩამქრალიყოს შობის მახარობელი ვარსკვლავი საქართველოს ცის კამარაზე, - ჩამოილოცა ისევ ბაბუა გიორგიმ.
- კაცო, მოიცა, ერთი, თუ ღმერთი გწამს, ის ბავშვი რა ხანია თავლაში გაცუნცულდა, ბოჩოლიებს თივას დოუყრიო და თუ კაცი ხარ, ამდენ ხანს სად არის? რამე ხომ არ მოიწია?
- წავალ, მივაკითხავ, - წამოიწია ნინიკოს მამა.
- არა, შვილო, თქვენ დეილოცეთ, იჭუკჭუკეთ, მე წავალ და მივხედავ, მე ვარ მისი ჭკუის, ჰი, ჰი, ჰი.- ჩაიხითხითა ბერიკაცმა, - რამდენი ამ ბოვშვს ჩამომიყვანთ აქანა, სიცოცხლე და ახალგაზრდობა მემატება ერთი-ორად და ლამისაა, სიხარულით მკერდიდან გული ამომიხტეს.
ბერიკაცი ეზოში გამოვიდა. ხმაშეწყობილ ზარების რეკვაზე კიდევ სამჯერ გადაიწერა პირჯვარი, დიდება შენდა, გამჩენო ჩვენო და ჩვენთვის განკაცებულო, - ჩაიჩურჩულა ტკბილი ხმით და თავლისაკენ გაემართა.
ყველანი გასუსულიყვნენ, მურიკელაც უკანა ფეხებზე ჩამომჯდარიყო და ენაგადმოგდებული თვალებში შეჰყურებდა ნინიკოს, ნინიკო კი იქით შეტრიალებულიყო, საიდანაც ეკლესიის ზარების ხმა ისმოდა, პირჯვარს იწერდა და ლოცვას ჩურჩულებდა, დანარჩენი ცხოველები და ფრინველები მის უკან ჩამომდგარ-ჩამოსკუპებულიყვნენ, უჩუმრად ადევნებდნენ თვალყურს პატარა ქალის უჩვეულო საქციელს და უკვირდათ, ვერ მიმხვდარიყვნენ, თვითონაც რა ემართებოდათ. ცოტა ხნის წინანდელი მხიარულება რაღაც, ყველასთვის ამოუცნობი, მაგრამ საოცრად დიდი სიხარულისა და დიდებულის გრძნობით შეცვლილიყო.
- დიდება შენდა, უფალო, - აღმოხდა ჭიშკრის ზღურბლზე მდგომ ბერიკაცს, - კაცმა მუხის წლოვანებას მივაღწიე და ასეთი რამ არასოდეს მინახავს. ეს რა საოცრებაა ჩემს თავს.
თავლის სახურავზე კრამიტი ოდნავ გადაწეულიყო და საქონლის სადგომში  მთვარის შუქი თეთრი სვეტივით ჩამოზიდულიყო. ნინიკოსა და მის ახალ მეგობრებს თავზე ადგებოდა და იქაურობას ისეთ ზეციურ სანახაობად ხდიდა, მოხუცს თავის სიცოცხლეში რომ არ ენახა.
- დიდება შენდა, დიდება შენდა, - ბუტბუტებდა მოხუცი. დინჯი ნაბიჯითი მიუახლოვდა შვილიშვილს, მხარზე დაკოჟრილი ხელი სათუთად მოხვია, დაიხარა, თავზე ეამბორა და პირჯვარი გადაიწერა. ნინიკომ ნათლის ნაპერწკლით განათებული თვალები მიაპყრო ბაბუას და ლოცვა განაგრძო:
- მამისაგან შობილი, უწინარეს ყოვლისა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა...
მთვარის შუქზე მოფარფატე ფანტეელბიც გამოჩნდა და ისე ნაზად აციმციმდნენ, კაცი იფიქრებდა, ვერცხლის წვიმა წამოვიდაო. ახლა უკვე მოხუცის გულში გადმოინაცვლა ზარების რეკვამ, ზედ ვერცხლისფერი წვიმი ნაზი და საოცარი ფარფატი დაემატა და თვალთაგან განუზომელი მადლიერებისა და სიხარულის ცრემლი გადმოუგორდა.