THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ტურფა გაზაფხული მოვა, ტურფა გაზაფხული მოდის!

 მურმან ლებანიძე

ტურფა გაზაფხული მოვა,
   ტურფა გაზაფხული მოდის!
ამას მეუბნება თოვა
    და სითეთრე ტყემლის ტოტის,
ამას მეუბნება გროვა
     ენძელის და კორჩოტის...
ტურფა გაზაფხული მოვა,
    ტურფა გაზაფხული მოდის.

ღობე-ღობე, ყანა-ყანა,
            გორა-გორა, ტყე-ტყე მოდის!
ჯერ მერცხლები არა ჩანან,
            შოშიებიც მოვლენ როდის!
მაგრამ გული შეუპყრია
            ტურფა გაზაფხულის ლოდინს -
ყანა-ყანა, ჭალა-ჭალა,
            ჩუმად, ფეხაკრეფით მოდის.


მოდის ყვავილების გუნდით,
            ვერას აკლებს ზამთრის ყეფა;
მოდის უჩინმაჩინ ქუდით,
            ნაფეხურზე თოვლი ლხვება;
დაბლა - მწვანე აბლაბუდით,
            მაღლა - სხივთა ოქროს ძნებად,
მოდის ყვავილების გუნდით,
            სამეუფო ტახტზე ჯდება.

ჩუ, ფუტკარი ზუის კორდზე -
            პირველ ყვავილისკენ ჩქარობს,
თუ ფრთა გაკრა ორკაპ ტოტზე
            გაბმულ სხივს და სხივი გალობს?!
ფეხს იკიდებს ჩქერი ლოდზე -
            წყარო დაბადებას წვალობს.
ჩუ, ფუტკარი ზუის კორდზე -
            პირველ ყვავილისკენ ჩქარობს,

 ტურფა გაზაფხული მოვა,
    ტურფა გაზაფხული მოდის!
ამას მეუბნება თოვა
    და სითეთრე ტყემლის ტოტის,
ამას მეუბნება გროვა
     ენძელის და კორჩოტის...
ტურფა გაზაფხული მოვა,
    ტურფა გაზაფხული მოდის.