THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



სამი დობილი

 მაყვალა მრევლიშვილი

სამი დობილი მოვიდა:
მარტი, აპრილი, მაისი,
იები სცვივათ ქობიდან,
გაგვისამკეცეს ხალისი.
მარტი - უმცროსი დაია,
მტირალა, მიზეზიანი,
ხან მოღრუბლული დარია,
ხან კი ძალიან მზიანი.

ცალ თავლს იცრემლავს ცვარნამით,
ცალზე ღიმილი ჰფენია.
ეშმაკს პატარა კალათო
ენძელით გაუტენია.

ეამა სიოს ტბორი და
იები გულზე დაყრილი, -
ნუშის და ატმის ტოტიდან
გვიხმობს ჟუჟუნა აპრილი.

ხეზე ზის, კვირტში იცინის,
არ იცის ჭკნობა რას ჰქვია,
თითო გოდორი ყვავილი
ზედ თავზე გადმოგვაფრქვია.

უფროსი და კი დინჯია -
შეღერებული მაისი,
მწვანე ხავერდი ირჩია,
გზა მოიფინა თავისი.

ყველა ამ კეკლუცს ელოდა -
გვიან რომ შემოირბინა,
დაჯდა, მოქარგა მდელო და
ტყეები მოაგვირგვინა.

სამ გამონასკვულ კაბაში
გვეწვია სამი დობილი,
რიგ-რიგად გაგვეთამაშნენ
სხივებთან გადაჭდობილნი.