THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი

გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას,
თავს იწონებს ნაზი ია;
ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც
ეშხით გული გაუღია.
ხავერდივით მწვანე ბალახს
აბიბინებს სიო ნაზად,
თითქოს უნდა დაეფინოს
იმ ყვავილებს ფიანდაზად.
მაღალ მთიდან წმინდა წყარო
მოცქრიალებს ჩუხჩუხითა,
თითქოს ნანას ეუბნება
ძუძუმწოვრებს ტკბილი ხმითა.
ხის ტოტებზედ ჩიტუნები
ფრთხიალობენ, სრიალობენ;
იშენებენ მაღლა ბუდეს,
დაჰხარიან და გალობენ.
და მხლობლად იქვე თავი
მოუყრიათ ყმაწვილებსა,
იმღერიან და თან ჰკრეფენ
სხვადასხვაფერს ყვავილებსა.

გაზაფხული
ჭრელი პეპელა დაათრო
და გააბრუა იამა...
მას მიეპარა ყმაწვილი,
დაიჭირა და იამა...

ალერსით უთხრა: „პეპელა,
თავს რითი ირჩენ შენაო?
როგორ არა გღლის მთელი დღე
მოუსვენარი ფრენაო?“

პეპელამ უთხრა: „მინდორში
ვსცხოვრობ მე უზრუნველადო...
იქ ყვავილები გაშლილან
ჩემ საზრდოდ, საწუწნელადო.

რაც დღე მაქვს, ტკბილად ვატარებ,
ჩემს ნებაზედაც დავფრენო,
მაგრამ დღეგრძელი არა ვარ...
გამიშვი... ნუღა მაცდენო!“

ყმაწვილმა ხელი გაუშვა,
გაფრინდა ნაზი პეპელა...
და თითქოს ნიშნად მადლობის,
თავს ევლებოდა ნელ-ნელა.