THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ალეკო შენგელია


დედა

თუ შენს სკოლას ასახელებ,
სად იყო და სად არა,
დედის გულის ხმა მოგწვდება,
ჩემო კარგო, პატარავ!
როცა ტოლებს ჩამორჩები
და სწავლა არ გწადია,
დედის თვალზე ცრემლს რომ ნახავ,
მისი გულის დარდია!
სადაც იყო, ყველგან გნახავს
დედის გული ალალი.
ან დედაზე საყვარელი,
მითხარ, ქვეყნად რა არი!
და, პატარავ, მაშ იცოდე,
ყველას შეუყვარდები,
ოღონდ დედის გულს უსმინე,
გაუფურჩქნე ვარდები.
ჩემო ტკბილო, ჩემო კარგო,
მზე რომ გიკრთის თვალებში,
თან ატარე სასოებით
დედის წმინდა ალერსი.
და რაც უთხრა, რაც შეჰპირდე,
იცოდე, ჩვენც გვპირდები.
გმირი, ზრდილი, პირდაპირი,
შენ სამშობლოს სჭირდები.


დედა

წყაროს წკრიალი რომ მესმის,
გულს რომ აცოცხლებს ცივ-ცივი,
ეს დედაჩემის ხმა არის
და დედაჩემის სიცილი!
მაღლობზე ტყე რომ შრიალებს
მთას მიქარგული არშიად,
დედას, საყვარელ დედილოს
თითქოს თმა ქარში გაშლია!
მთების მხურვალე კალთებიც
დედის კალთაა ნამდვილად,
მთაზე რომ თეთრი ნისლია,
დედამ უბოძა მანდილად!
ასეა ჩემი სამშობლო
მიწის ყოველი მტკაველი,
დედის მკერდივით თბილია,
ტკბილია ჩემი მთა-ველი!