THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ორმო


მერი ბოლქვაძე

ეზოში ორმო იყო; გაიარა იხვის ჭუჭულმა, ვერ დაინახა და შიგ ჩავარდა.
_ ვახ-ვახ, ვახ-ვახ, მიშველეთ! _ აყვირდა შეშინებული.
მაშინვე მურა გაჩნდა ორმოსთან, მერე მამალმა მოირბინა, მერე ბეკეკაც მოვიდა... ხის ტოტზე ჩიტი ქოთქოთებდა შეშფოთებული. _ როგორ ვუშველოთ? შეწუხდნენ ყველანი.
_ თავაღერილი რომ დაბრძანდები, რატომ წინ არ იყურები? გაუჯავრდა მურა.
_ აბა, რა გაწუხებს, რისი გეშინია? ჩემთან იყავი! _ დაამშვიდა ორმომ ჭუჭული.
_ აქ არ მინდა, არ მინდა!..._ აყვირდა ჭუჭული. _ მზე რომ წავა, ღამე მოვა, ღამე მგელს და ტურას მოიყვანს, მგელი და ტურა შემჭამს.
_ ნუ გეშინია! დაუყვავა მურამ, _ ცოტაც მოითმინე, სადაცაა სოსო ბიჭი მოვა.
_ ჩვენც არ მოგშორდებით, გიდარაჯებთ! _ გამამაცდნენ ბეკეკა და მამალი.
_ დაიკარგეთ აქედან, _ გაეცინა მურას, _ თქვენ თვითონ სადარაჯონი ხართ!
იხვის ჭუჭულს კი მზე მიეპარა, ყურთან მიუცოცდა და ჩასჩურჩულა:
_ ნუ გეშინია, მე ისეთ ვინმეს მოგიყვან, უცებ გიშველის.
მზემ ტაში შემოჰკრა, ქარს მოუხმო. უბრძანა: საიდანაც გინდა და როგორც გინდა, ღრუბლები მომგვარეო.
ქარი გავარდა, აქეთ ეცა, იქით ეცა, მთა და ბარი შესძრა:
_ აი, თურმე ეს გაბერილები სადა ბრძანებულან, ზედ მთების კორწოხებზე წამოსკუპებულან, ზოგი გრილ ხევში ჩაკოტრიალებულა, ზოგი მწვანე ტყის ქოჩორზე გაშოტილა.
ქარი ღრუბლებს ეცა, სულ კინწისკვრით წამოყარა და ცხვრებივით გაირეკა წინ, მზეს მიჰგვარა.
მზე ღრუბლებს ამოეფარა.
_ აბა, ახლავე იტირეთ! _ დაუსისინა ქარმა.
ღრუბლებმაც მეტი რა იციან, მაშინვე ატირდნენ, წვიმის წვეთები წკაპაწკუპით, ტკაპატკუპით ჩამოცვივდნენ მიწაზე. ორმოში წყალი ჩადგა. წყალი ჯერ ფეხებში შეუდგა იხვის ჭუჭულს, მერე თანდათან ამოიწია და იხვის ჭუჭული ყვითელი ყვავილივით ამოიყვანა.
_ აბა, ახლა მოუსვით აქედან! _ ქარი ისევ დაერია ღრუბლებს, აქეთ-იქით მიყარ-მოყარა, _ წადით, ისევ დაიძინეთ.
ღრუბლები ბრაზით აივსნენ:
_ ამ ერთი ციდა ჭუჭულისთვის შეგვაწუხეს?!
_ სწორედ ამ ერთი ციდა ჭუჭულისთვის! _ გაბრაზდა ქარიც.
ღრუბლები გაიფანტნენ.
მზემ ისევ გამოიხედა.
_ არა, ორმო მაინც უნდა ამოივსოს, მე რომ ჩავვარდე, წვიმა კი არ მიშველის, დამახრჩობს! _ თქვა ყიყლიყო მამალმა.
ამ დროს სოსო ბიჭი გამოჩნდა. პატარა კაკლის ხის ნერგი მოაცუნცულა და მაშინვე ორმოში ჩარგო, მიწა მიაყარა და თან დააყოლა:
_ გაგიმარჯოს, გაიზარდე დიდი ხე!