THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მარიამ წიკლაური

წია-წია-წიპონია

წია-წია-წიპონია, 
ერთმანეთი გვიპოვნია:
მამას _ დედა,
დედას _ შვილი,
შვილს _ ღიმილი,
ღიმილს _მზე!
გაფოთლილა საქართველოს
სიცოცხლის და რწმენის ხე!


დედაშვილობა

დედაშვილობის ხატი -
ღვთისმშობელი და ყრმა.
ვისაც სასწაული უფლის
დედაშვილობა სწამს,
ყველა დაგიფაროთ ჯვარმა,
ყველას სიკეთე მსურს.
ლოცვის დროს თურმე მირონი
დასდისო დედის გულს.


დედა

თუ გინდა, რომ არასოდეს
არ დაბერდეს დედა,
გაუღიმე, მიეფერე,
როცა დაღლილს ხედავ.
დედის გული შენზე ფიქრით,
ლოცვითაა სავსე.
თუ რაიმე გაგიჭირდა,
დედას უხმობ წამსვე.
უღალატო, უანგარო,
გიერთგულებს მარად,
თითქოს ყოფნას გიმსუბუქებს,
გაფრენს ჩიტის დარად.
ქვეყნად დედის გულის მსგავსი
ვერაფერი ნახო.
მხოლოდ კარგი იყავი რომ,
მადლი დაუფასო.
თუ გინდა, რომ არასოდეს
არ დაბერდეს დედა,
გაუღიმე, მიეფერე,
როცა დაღლილს ხედავ.