THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მზეს უცინის ღიღილო

ნუნუ ძამუკაშვილი

გაზაფხულდა, ველ-მინდვრის
მოჩითულა ხალიჩა,
შორიდან კი ყაყაჩოს
მოხატული ხალი ჩანს.
ცეკვავს ჭია-მაია,
ნაკადული ღიღინებს,
თვალს ახელენ ვარდები,
მზეს უღიმის ღიღილო.
მარტი წავიდა

მარტი წავიდა, გაგვშორდა,
მზემ სძლია, ვეღარ იავა,
პეპელას ფრთები შეგვახო,
ამ თმაქოჩორა ნიავმა.

მთიდან დაეშვა ჩანჩქერი,
სიპ კლდეს ტალღები ახალა,
ხის ტოტზე ციყვი ფუსფუსებს,
მზეზე კაკლები დახალა.

აპრილის წვიმა მოვიდა,
რა საამური ხმებია,
აყვავებული ასკილი
ვარდის ბუჩქს გადახვევია.

ფუტკარმა გაიზუზუნა,
შემოიფრინა ველები,
ტვირთაკიდულნი დადიან
მშრომელი ჭიანჭველები.

მიწაში თესლი გაღვივდა,
მზის შუქი მასაც ეამა,
კლდეზე გადმოდგა ყაყაჩო
და გაიღვიძა იამა.