THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ღელეში

ქეთევან ჭილაშვილი

შუა სოფელში ღელეს აქეთ კუდრაჭაანი ცხოვრობენ, ღელეს იქით - კუსპარაანი. მერე რა? მე თქვენ გეტყვით, გოგონებს წყალი ყელამდე სწვდებათ ვერ გადი-გამოდიან სათამაშოდ. სულ ათიოდე მტკაველია ხევი. შხაპა, შხუპი, შხაპა, შხუპი და ესეც მეორე ნაპირი.
დღეს კი სათამაშოდ ვერ მოიცალა კუსპარამ. მთელი კაბები დაირეცხა ღელეს წყალში. კუდრაჭამ თვალი მოჰკრა თუ არა ღელეს ნაპირზე მოფუსფუსე კუსპარას, თვითონაც გამოიჩინა საქმე, გოჭების სალაფავის ასარევად გობით ქატო ჩამოიტანა.
-
დილა მშვიდობისა, კუსპარო!
-
კუდრაჭ, მშვიდობა ნუ მოგიშალოს! - ეს რამოდენა სარეცხი წამოგიდგამს, მორჩენილხარ კიდეც.
-
ვიჩქარე, სარეცხი მზეზე უნდა გაშრეს!
მიყვნენ-მოყვნენ გოგოები მასლაათს. ასარსარეს ენები. გაიტანეს და გამოიტანეს სოფლის გოგო-ბიჭები, რა ენას ჭავლი მოედებოდათ...
-
ახლა საქმეო! - მიუბრუნდა სარეცხს კუსპარა.
-
გეთაყვა, ცოტა მადროვე, წყალი არ ამიმღვრიოო, სალაფავი უნდა ავურიოო, - სთხოვა კუდრჭამ.
-
მანამ შენს გოჭებს ნურა უჭამიათ რა, მე სარეცხიდან ხელი ამოვიღოო, - დაიწოპა კუსპარა.
-
ეგ ენა კი მოგწყდეს ძირში, - დაიჭოტა კუდრაჭა.
-
ხმა ჩაიწყვიტე, თორემ იქნებ... ჭორიკრიკევ.
-
იქნება თქვა, ჭკუის კოლოფი ვარო?
-
რატომაც არ ვიტყვი?
-
გაჩე, გოგო თორემ... - კენჭს წამოავლო ხელი კუსპარამ და ტყაპ! - ღელეში ჩაუძახა.
-
ციც! თითი დაუქნია კუდრაჭამ. _ხმა იწყვიტე-მეთქი! და ღელეში შეტოპა.
-
თუ კარგია, შენ ჩაიწყვიტე, - შემოტოპა კუსპარამაც.
-
ჩამომეცალე თორემ ბუწუწებით დაგითრევ.
-
ვისა? - წასწვდა კუდრაჭა კაწაწებში კუსპარას.
აქეთ ძიძგი!
იქით ძიძგი!
ღელემ ითაკილა, ეს ვინ ამიმღვრია გულიო, აამძლავრა ტალღები და მოჩხუბრებს ფეხქვეშ მიწა გამოაცალა.
-
ვაი!- ვუი! - აწიოკდნენ გოგოები და ერთმანეთს ჩაებღაუჭნენ.
-
ნუ გეშინა, კუსპარო!
-
მაგრა დადექ, კუდრაჭო! - ხელი ხელს მისცეს დობილებმა და გაწუწულები მწვანიანზე გამოვიდნენ.
ღელემ, არავინ გაიგოსო, უჩუმრად ჩაიხვია ტალღებში ამათი ჩხუბი, გაჰკრა და გაუტია.