THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



რატომ აღარ მოფრინდნენ მერცხლები

ნუგზარ შატაიძე
       
       წელს მერცხლები არ მოფრინდნენ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ აღარ მოფრინდნენ.
     მე ხნიერი კაცი ვარ, უკვე ორმოცდათორმეტი წლისა, აქედან ორმოცდახუთი გაზაფხული მაინც მახსოვს და ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, რომ მერცხლები არ მოფრენილიყვნენ. ყოველთვის მოდიოდნენე. ნააღდგომევს გამოჩნდებოდნენ ხოლმე, აპრილის თვეში და გულს სიხარულით გვივსებდნენ - მათი მოსვლა ხომ გაზაფხულის მაუწყებელი იყო.
      წელს კი არ ვიცი, რა მოხდა - აღარ მოფრენილან.
      წლევანდელი გაზაფხული სხვებს კიდევაც სჯობდა: თბილი, უქარო ამინდები იდგა, აღდგომაც თოთხმეტ აპრილს დაემთხვა.
      წავედით მე და ჩემი ორი შვილი კუკიის სასაფლაოზე, გავწმინდეთ, გავასუფთავეთ ბაზალტის ფილებით შემოღობილი მიწის პატარა ნაგლეჯი, დავალაგეთ ზედ ყოჩივარდები, წითელი კვერცხები და პასკა. დავანთეთ სანთლები, რომლებიც წყნარი ამინდის გამო ბოლომდე ჩაიწვა. ჭიკჭიკებდნენ ჩიტბატონები, შორიდან იძახდა გუგული და უსტვენდა შაშვიც, მაგრამ მერცხალი არსად ჩანდა. მე რამდენჯერმე დავაპირე ამის აღნიშვნა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ბავშვებს ამით გულს ვატკენდი და აღარაფერი მითქვამს.
      საკვირველია, ჩემს მეტი რატომ ვერავინ ამჩნევდა ამას?! ან იქნებ, ამჩნევდა, მაგრამ არ ამბობდნენ, იქნებ ერთმანეთს უფრთხილდებიან?
     წელს ჯერ მოვიდნენ წეროები და შოშიები, მერე - იხვები, მწყრები, ტოროლები. მარტო მერცხალი არ მოფრენილა. არადა, შარშან უამრავი იყო - მახსოვს, გაზაფხულზე როგორ იკეთებდნენ ბუდეს: ჩვენს ზემოთ, ლისის ტბის ჩამოსწვრივ, ერთი სველი, თიხიანი ფლატეა, მაშინ იმ ფლატეს უთვალავი მერცხალი ეხვია - იქიდან მიქონდათ ნისკარტებით თიხის სველი, პატარა გორგლები. მახსოვს, შემოდგომაზე, როგორ გროვდებოდნენ, თითქოს ენანებოდათ აქაურობის მოტოვება, წელს კი საერთოდ აღარ მოფრენილან.
     ეგრე ხომ შეიძლება ერთ დღეს მზეც აღარ ამოვიდეს?
     „მერცხალი თითქმის შინაური ფრინველია, იგი მუდამ ჩვენს გარშემო ტრიალებს, ჩვენს გვერდით ცხოვრობს, ჩვენს სახლში იკეთებს ბუდეს და ჩვენს თვალწინ ზრდის შვილებს. რატომ გვეტანება? იმიტომ, რომ, იცის, ადამიანს მოვწონვარ, ვუყვარვარ და არაფერს დამიშავებსო. მერცხალი სტუმარია ჩვენი, მისი დანახვა გვსიამოვნებს, მისი მარდი და ლამაზი ფრენით ვერთობით, მისი ჭიკჭიკით ვტკბებით.“
   იაკობ გოგებაშვილის ამ სიტყვებმა შეგვაყვარა ჩვენი დროის ბალღებს მერცხალი და კიდევ ამან:
           _ მერცხალო, კუდმაკრატელა, მოჭიკჭიკე, მონავარდე!
           სად ყოფილხარ,დედაჩემი არ გინახავს, თუ გიყვარდე?
           _ თქვენი სახლის ერთ კუთხეში ბუდე მქონდა ანაშენი
           და ყოველთვის თვალწინ მედგა მხნე, გამრჯელი დედაშენი.
           ახალუხს რომ უკერავდა ვანოს დიდი სიამითა,
           მე მაღლიდან დავმღეროდი, ვჭიკჭიკებდი ტკბილი ხმითა.
      თქვენი არ ვიცი და ამ სიტყვების წამკითხველს, მე ახლაც ცრემლი მადგება თველზე.
      ჩაიარა აპრილმა, მაისმა, ივნისმა, აჰა, აი, ივლისიც დადგა, მაგრამ მერცხლები მაინც არ გამოჩნდნენ. რატომ? რა მოხდა?!
  ამასწინათ, კვირიონებიც კი დავინახე! - დაიწევდნენ დაბლა, თითქმის სახლების სახურავებამდე ჯგუფად, ხუთ-ხუთნი თუ ექვს-ექვსნი და გაჰქონდათ თავისებური ჟღივილი. მერე წავიდოდნენ, აიწევდნენ ისევ მაღლა, წერტილებივითღა მოჩანდნენ, მაგრამ იმათი ხმა მაინც სწვდებოდა ყურს.
     ეგ რად გინდათ, ატეხეს სწორედ ამ  დილით ბეღურებმა ერთი გნიასი, ავიხედე მაღლა და ჩვენს აკაციაზე ჩხიკვი არ დავინახე?!
      ნამდვილი ჩხიკვი - „მათიკო“!
      მერცხალი კი არ მოფრენილა...
    არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ რაღაც ცუდს მიგრძნობს გული, რაღაც ავად შემომკვნესის. დაფრინავენ ქალაქის თავზე ეს უამრავი ნამგალები, ყურჭივით შავები და გააქვთ ყურისწამღები წივილი. ვინ იცის, ზოგს მერცხლებიც კი ჰგონია ისინი. არა, ჩემო კარგებო, ეგენი მერცხლები არ არიან!
    მერცხლები კი არა, ეგენი ყოფილან ჩვენი წინაპრებისაგან ჩახოცილი საქართველოს მტერების სულები, თურმე იმიტომაც ეხვევიან გარშემო ძველ ციხე-კოშკებსა და საყდრებს ეგეთი დაჟინებით, იმიტომაც გასწივიან ეგეთი განწირული ხმით.
      მერცხლები კი აღარ მოფრინდნენ.