THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მაყვალა მრევლიშვილი



ხელისგულზე

- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.
ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -
რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.
ხელისგულზე ერბო-ვერცხი
ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.



ყველაზე ლამაზო

ყველაზე ლამაზო,
ყველაზე კეთილო,
ნუ სწყრები მალ-მალე,
პატარა დედილო!
მე მინდა, ყოველთვის
იცინო ლამაზად,
ნებივრად გივლიდეს,
მე ვეტყვი მამასაც.
თავზე რომ მევლები,
ზრუნვით რომ დამცქერი,
ახლა მე ვიქნები
სულ შენი დამცველი.
პატარა, ჯიუტი
თუ გყავდი აქამდე,
ხომ უკვე დიდი ვარ,
დარდები გაფანტე.
გამგონეც ვიქნები,
დამჯერიც ვიქნები,
ოღონდაც ნათელ შუბლს
ნუ იღლი ფიქრებით.
თუ რამე ვიტკინე,
მიშუშებ ალერსით.
ახლა მე გაკოცებ
მაგ ლამაზ თვალებში!

მე და დედა

მე და დედა რატომ ვართ
მეგობრები, არ იცით?
იმიტომ, რომ ერთმანეთს
ვეხმარებით ხალისით.

შველა მინდა? _ მიშველის.
არც მე ვყავარ ურგები,
ავიფარებ წინსაფარს,
მხარში ამოვუდგები.

შველა უნდა? _ ვუშველი,
მოვუჯდები სუფრაზე
და დედიკოს ნახეკავს
მადიანად ვუფასებ...

ლოყებგამოტენილი
ღლაპსა ვგავარ ასაფრენს!
ესეც მიხმარებაა _
არ ვუწუნებ არაფერს.

ჩემს დედიკოს ვუყვარვარ
თავის ორთავ თვალივით,
იმიტომაც შემარქვეს
დედის გულის ყვავილი.