THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მარიამ წიკლაური

გაზაფხული

თოვლი დადნა,
დათბა.
გაიღვიძა დათვმა.
ტკბილი ძილი
დაამთავრა,
ერთი მაგრად
დაამთქნარა,
გადაგორდა ყირამალა.
ზამთარს დათვის შეეშინდა
და მთის იქით დაიმალა.


დიდი საქმე

მზის სხივმა თქვა:  `ჭიტა!~
მიწამ თვალი ჭყიტა.
ყვავილებად მოიქარგა
უფლის მადლი ციდან.
გიხაროდეთ ყველას
გათენება დილის,
ნუ მოჰყვებით ნურვინ
წუწუნსა და ტირილს.
მადლიერი გულით
შეუდექით საქმეს,
ჩიტუნაც და მწერიც
უსაქმურად არ ფრენს.
თამაშობ თუ შრომობ,
დაიხსომე, კარგო,
დიდზე დიდი საქმეა,
კაცად გაიზარდო!



მზევმზისა

მზევმზისა, დედაშვილობას,
გაგვათბე, გაგვახარეო,
სამოთხესავით შეგვიმკე
ჩვენი ლამაზი მხარეო!
`მზეო, ამოდი, ამოდი,
ნუ ეფარები გორასა,
სიცივეს კაცი მოუკლავს,
საწყალი, აგერ გორავსა~.
გაათბე, გამოაცოცხლე,
გაახელინე თვალიო,
მოახდევინე კაცურად
ამქვეყნიური ვალიო.
რა იცი, რა სიკეთე ჰქნას,
რით გამოადგეს მამულსა
ღვთისა და წინაპართაგან
მზის ცვარით გადანამულსა.
ეგება, იახსარივით,
ამ კაცმაც სძლიოს დევსაო,
გაიალმასოს მარჯვენა,
თვალთ დაუბნელოს მტერსაო.
მზეო, ამოდი, ამოდი,
საწყალს მიეცი ძალაო,
გვერდით დაუდექ ძმასავით,
სიცივით დაიღალაო.
 ნუ გეშინიათ, მოვსულვარ,
გზა ამრევია განაო?
მომაქვს ღვთიური ნათელის
მაცოცხლებელი ძალაო!



როგორ გაჩნდა ენძელა

გაზაფხულების ანგელოზს
სერზე გაექცა ქარიო.
მისდია...
ნატერფალებზე
დარჩა ენძელას კვალიო.


მზის ხვავი

მზე ამოდის, ანათებს,
გზავნის ცის ამანათებს:
სითბოსა და სინათლეს.
უკეთესს რას ინატრებ?
ქუჩებს, სკვერებს, აუზებს
ხალხს ხალისით აუვსებს.
ტყეს, სოფლებს
და ქალაქებს
კუთხე-კუნჭულ ანათებს.
არ დატოვებს ხეზე ბუდეს,
თბილ-თბილ სხივებს
ბარტყებს უფენს.
ღარიბს, მდიდარს,
ჭკვიანს, სულელს
მზე იმედს და სხივს
არ ულევს!
ქვას და ყვავილს,
წყალს და მიწას,
მისი სხივი ყველგან მისწვდა.
სახლებს, სკოლებს, ბაგა-ბაღებს
ყველას ათბობს, უხმოდ აღებს,
გამოიყვანს ბავშვებს გარეთ,
გააცოცხლებს არე-მარეს!
მართლაც, მზის ხვავს და ბარაქას
მჯობნის მჯობი სხვა არა ჰყავს!
მითუმეტეს დილით, როცა,
ჩვენს სამშობლო საქართველოს
მზე და კაცი ერთად ლოცავს!


ქრისტე აღსდგა!

ირგვლივ ყვავის გაზაფხული.
თეთრი ფრთებით რომ ქრი, ქარო,
ოთხივ კუთხით სიხარული
მოაფინე მთელ სამყაროს:
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად!
ყველას უნდა მივახაროთ
და სიცოცხლეც დღეის იქით
სულ სამოთხეს მივათვალოთ.
სისხლის ფერი კვერცხი გატყდა,
როგორც ბჭენი ჯოჯოხეთის,
დათრგუნულა სიკვდილი და
მკვდრეთით აღსდგა,
აღსდგა ღმერთი!
ყაყაჩოებს მზე გვიმწყემსავს,
მომკელს ელის მადლის ყანა.
სიცოცხლის ხე გაიფოთლა,
ფესვი ცაში გაიტანა.