THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



შუშანა მგელაძე

მარტი წავიდა

მარტი წავიდა, გაგვშორდა,
მზემ სძლია, ვეღარ იავა,
პეპელას ფრთები შეგვახო,
ამ თმაქოჩორა ნიავმა.
მთიდან დაეშვა ჩანჩქერი,
სიპ კლდეს ტალღები ახალა,
ხის ტოტზე ციყვი ფუსფუსებს,
მზეზე კაკლები დახალა.
აპრილის წვიმა მოვიდა,
რა საამური ხმებია,
აყვავებული ასკილი
ვარდის ბუჩქს გადახვევია.
ფუტკარმა გაიზუზუნა,
შემოიფრინა ველები,
ტვირთაკიდულნი დადიან
მშრომელი ჭიანჭველები.
მიწაში თესლი გაღვივდა,
მზის შუქი მასაც ეამა,
კლდეზე გადმოდგა ყაყაჩო
და გაიღვიძა იამა.

გაზაფხულის სიმფონია

სიმფონია, სიმფონია,
ჭრიჭინების ქნარი.
გაზაფხული მოიმღერის,
ჩურჩულებდა ქარი.
პეპელამაც ჩაიქროლა,
თეთრი კაბა ეცვა.
და ჩანჩქერი ყვავილებში
ჩაწვა, ჩაიკეცა.
ბუდე მთელი დახვედრია,
გაეხარდა მერცხალს,
ცისარტყელამ დაამშვენა
ნაწვიმარი ზეცა.
ტყეში ნუკრი დაიბადა,
ახელს ლამაზ თვალებს,
ნაძვის რტოზე ჩამომჯდარა
გოლიათი მთვარე.
იღიმება ია-ია
ახმაურდა ჩანჩქერები,
ფეთქავს კვირტი, გაჩნდა ხნული,
ყვავილების ჯადოქარი _
კარს მოგვადგა გაზაფხული.
აშრიალდა ბაღში ნუში,
აყვავილდა ტყეში პანტა,
არაკრაკდა სალამური,
ცხვარი მთაზე გაიფანტა.
იღიმება ია-ია,
ტყემლებს ჰხურავთ თეთრი ფატა,
მოფრენილან ჩიტუნები
და პეპლები ფრთაფარფატა.
ახმაურდა ჩანჩქერები,
ფეთქავს კვირტი, გაჩნდა ხნული,
ჩვენს საყვარელ სამშობლოში
მოაბიჯებს გაზაფხული.

გაზაფხული

მთიდან მორბის მდინარე,
მოაგორებს ქვებს,
გაზაფხული მოდისო _
ყვავილებმა თქვეს.

იამ თქვა

ამ მადლიანმა, ამანა _
მზემ _ გულ გამითბო... ბილილაც!
თქვა იამ, სათნო ქალამა
და ტკბილად ჩაიღიმილა.
მერე კი თრთოლვით აჰხედა
ლაჟვარდებს, მზის ჯავარიანს,
აუციმციმდა თვალზედა
ცრემლი, ციური ცვარია,
_ მგონი მშვიდობით გათენდა,
ღმერთო, დაგვწერე ჯვარია.
იამ თქვა
ამ მადლიანმა, ამანა _
მზემ _ გულ გამითბო... ბილილაც!
თქვა იამ, სათნო ქალამა
და ტკბილად ჩაიღიმილა.
მერე კი თრთოლვით აჰხედა
ლაჟვარდებს, მზის ჯავარიანს,
აუციმციმდა თვალზედა
ცრემლი, ციური ცვარია,
_ მგონი მშვიდობით გათენდა,
ღმერთო, დაგვწერე ჯვარია.