THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გუგუმანა კლდის ამბავი

გაბური ლელა
 
ბავშვებს გუგუმანა კლდეზე შეკრება უყვარდათ. ეს კლდე ბევრი რამით იყო გამორჩეული.
ჯერ ერთი იმით, რომ სოფლის გაღმა, ზედ შარაგზაზე მდებარეობდა და მიმსვლელ-მომსვლელის დასასვენებლად მეტად მოსახერხებელი იყო.
ახვიდოდი კლდეზე და უეცრად ქვეყნიერების შუაგულში მოგეჩვენებოდა თავი: წინ სოფელი გადაგეშლებოდა ხელისგულივით _ თავისი ბანებითა და შუშაბანდებით, უკან _ დიდგორის მთა და ფაფაფრენის მინდორი, მარცხნივ _ თოვლიანი ჭიუხები და მყინვარი სიბდაურა, ხოლო მარჯვნივ, მთის კალთაზე მიყუჟული კიდევ ერთი სოფელი _ ღული.
კლდეს, ცალ მხარეს, იოლად ასასვლელი საფეხურები და ბრტყელი, მოედანივით ზედაპირი ჰქონდა. მეორე მხარეს კი თანდათან მაღლდებოდა და ციცაბო წვეტს იკეთებდა.
უფრო თამამი და უშიშარი ბავშვები (ალბათ, თავიანთი უპირატესობის წარმოსაჩენად) სწორედ ამ წვეროზე შემოსკუპდებონენ და ქვემოთ დარჩენილებს ამაყად ჩამოსცქეროდნენ.
გუგუმანა კლდეზე ხშირად დაინახავდით დურბინდმომარჯვებულ ადამიანს, რომელიც სოფლის შემოგარენს ათვალიერებდა. აქედან ყველაზე უკეთ ჩანდა, თუ რა ფუჭდებოდა და რა კეთდებოდა სოფელში: სად პური ცხვებოდა და სად საარაყე ქვები დუღდა, ვისი საქონელი ვის ყანაში გადადიოდა და ვისი ხბოები ვის სათიბს აფუჭებდნენ.
გუგუმანა კლდესთან კიდევ ერთი საინტერესო ამბავი იყო დაკავშირებული.
თავთავისი ბებო-პაპისაგან ყველა ბავშვმა იცოდა, თუ რატომ ერქვა ამ კლდეს `გუგუმანა კლდე~.
უხსოვარ დროში კლდეს ერთი გუგული შესჩვევია. ყოველ წელიწადს, ზუსტად ერთსა და იმავე დროს მოფრინდებოდა, კლდის წვეროზე (სადაც ახლა ყოჩაღი ბავშვები სხდებიან) შემოჯდებოდა და `გუ-გუ, გუ-გუ~ _ ძახილს მოჰყვებოდა.
ძალიან შესჩვევია ეს გუგული ამ სოფელს და ეს სოფელი ამ გუგულს.
ისე შეჰყვარებიათ, რომ ყოველ გაზაფხულს მის გამოჩენას მოუთმენლად ელოდნენ.
ერთ მშვენიერ დღეს კი, როგორც ყველგან ხდება, აქაც გამოჩენილა ბოროტი ადამიანი და გუგული მოუკლავს.  სოფელს ძალიან სწყენია საყვარელი ჩიტის სიკვდილი და მას შემდეგ ამ კლდისათვის `გუგუ მანაკლავი კლდე~ დაურქმევია, რაც ნიშნავს კლდეს, სადაც გუგული მოკლეს. დროთა განმავლობაში ეს გრძელი სახელი შემოკლებულა და `გუგუმანა კლდედ~ ქცეულა.
`წინათ ისეთა ყოფილა სოფელ, ჩიტის სიკვდილსაც იხსომებდ, დღეს კი კაც კაცს აღარ ინდობს~ _ სინანულით უთხრა ერთხელ მგელიკა პაპამ სამწყემსურში მყოფ გოგო-ბიჭებს.
რაც მართალია, მართალია, აქამდე ბავშვებს ამაზე არ უფიქრიათ. იმ დღიდან კი ჩაფიქრდნენ და გუგუმანა კლდეზეც თითქოს უფრო მოწიწებით დაიწყეს სიარული.
მართლაც, ბავშვებო! მთელ დედამიწაზე, როშკის გარდა, ძნელად თუ მოიპოვება სხვა სოფელი, სადაც ჩიტის სიკვდილი ანდრეზად ჰქონდეთ შემონახული.
ეს ამბავი მეც საყურადღებოდ მომეჩვენა და ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის მოთხრობა დამეწერა.
გუგუმანა კლდე კი დღესაც იქ დგას და თქვენ გელოდებათ.
ვინ იცის, იქნებ გუგულიც ისევ მოფრინდეს?!