THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თეთრი პეპლების ამბავი

თამრი ფხაკაძე


დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ ყველა პეპელა თეთრი იყო.
ერთხელ, კეთილი ფერია ანგელოლა შუა მწვანე მინდორში დაჯდა და პეპლების გაფერადება დაიწყო.
საღებავიც ბლომად ჰქონდა და არც საქმე ეზარებოდა.
ზოგ პეპელას წითლად ღებავდა, ზოგს ყვითლად, ზოგს ცისფრად, ზოგს ჭრელა-ჭრულად!
ყოველი მხრიდან მოფრინავდნენ თეთრი პეპლები. ზოგი აფრიკიდან მოფრენილიყო, ზოგი ამერიკიდან, ზოგი ავსტრალიიდან... ისე ძალიან უნდოდათ პეპლებს გაფერადება, რომ არც ზღვების გადმოფრენა ეზარებოდათ და არც ოკეანეების! მოფრინავდნენ და მოფრინავდნენ!
იმდენი იყვნენ, მათი სითეთრისგან ლურჯი ცა აღარ მოჩანდა!
კეთილი ფერია ანგელოლა იჯდა ხასხასა მოლზე და დაუზარლად აფერადებდა პეპლებს.
მალე ფერად-ფერადი პეპლები აფარფატდნენ და არემარე ერთი-ორად გაალამაზეს!
_ რა ლამაზები ვართ! _ დააშრიალებდნენ წითელ ფრთებს წითელი პეპლები, _ მფრინავ ყაყაჩოებს ვგავართ!
_ ჩვენ კი მფრინავ პატარა მზეებს, _ თავს იწონებდნენ ყვითელი პეპლები.
_ ჩვენ?! ერთი ჩვენც შეგვხედეთ! განა რა სილამაზე შეედრება ჩვენს ჭრელა-ჭრულა ფრთებს! _ ნარნარად ფრენდნენ დიდრონი ჭრელი პეპლები.
კეთილი ფერია ანგელოლა ცოტა არ იყოს, დაიღალა კიდეც, მაგრამ რა ექნა?! თეთრი პეპლები ქვეყნიერების ყველა მხრიდან მოფრინავდნენ და მოფრინავდნენ და გაფერადებას სთხოვდნენ. უარს ხომ არ ეტყოდა?
აფერადა და აფერადა ფერიამ პეპლები ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე და აბა გამოიცანი, რა მოხდა მეოთხე დღეს?
რა და, საღებავი გამოილია!
შეწუხდა კეთილი ფერია ანგელოლა!
_ არ ინაღვლოთ, _ უთხრა გაუფერადებლად დარჩენილ თეთრ პეპლებს, _ ახლავე ფერადი საღებავების პლანეტაზე გავფრინდები, საღებავებს მოვიტან და გაგაფერადებთ!
ასეც მოიქცა. ფრრრ! _ ფერადი საღებავების პლანეტაზე გაფრინდა, მაგრამ ჯერაც არ დაბრუნებულა! ეტყობა, ის პლანეტა ძალიან შორსაა. ვინ იცის, იქნებ ხვალაც კი ჩამოფრინდეს!
მის დაბრუნებამდე კი თეთრი პეპლები თეთრ პეპლებად დარჩებიან. მე თუ მკითხავ, ძალიანაც ლამაზები არიან! მოფარფატე თეთრ შროშნებს ჰგვანან!  ან სულაც, თოვლის ქათქათა ფიფქებს!
თეთრი პეპელა რომ ვიყო, ნამდვილად არ გავფერადდებოდი! ვიფრენდი ყვავილიდან ყვავილზე მთელი დღე და ძილითაც  ყვავილზე დავიძინებდი!
ჰო, მართლა, ძილზე გამახსენდა _ შენი ძილის დროა, პატარავ!
თვალებს თუ დახუჭავ,  ყვავილებიან და პეპლებიან მინდორს დაინახავ...