THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



წვიმის წვეთები

დავით ჯავახიშვილი

გაზაფხულდა.
შხაპუნა წვიმა მოვიდა.
მზე პირს იბანსო, უხაროდათ მთებს.
მსხვილი წვეთები ტყაპატყუპით ცვიოდნენ მინდორში და ისე ლამაზად ბრწყინავდნენ მზეზე, გეგონებოდათ, ვიღაცამ მარგალიტები გადმოაპნიაო.
წვიმამ, სამწუხაროდ, მალე გადაიღო. ნაწვიმარი მინდორი გაშრა და ეს ზღაპრული სილამაზე სიზმარივით უეცრად გაქრა.
მხოლოდ ერთ ბებერ, უშნო რცხილას შემორჩა თავის პატარა ფოთლებზე წვიმის წვეთები.
გახარებული გაიმართა წელში ხანდაზმული ხე, მხრებიც ამაყად გაშალა, მაგრამ შხაპუნა წვიმასავით ხანმოკლე აღმოჩნდა მისი სიხარულიც.
წვიმის წვეთებს მალე მობეზრდათ მის ფოთლებზე უსაქმოდ ჯდომა და ერთ-ერთმა თქვა:
- აქ ყოფნა, ძმებო, ხეირს არ დაგვაყრის! წავიდეთ, გავიაროთ, ქვეყანა ვნახოთ!
- მეზარება! - უპასუხა მეორემ, თავისი სილამაზით ტკბებოდა და ვერ გამძღარიყო.
- წავიდეთ, წავიდეთ! - მხიარულად აყაყანდნენ დანარჩენები, ტყაპატყუპით ჩაცვივდნენ ძირს, დაგორდნენ ყვავილებით გადაჭრელებულ ფერდობზე და ხევში ხალისიანად მოჩხრიალე ნაკადულს შეუერთდნენ.
ზარმაცი და პრანჭია წვეთი ადგილიდან არ განძრეულა, მხოლოდ თვალი გააყოლა ნაკადულს. ცხვირი დამცინავად აბზიკა და თქვა:
- აი, სულელები! ნეტა რა მიარბენინებდათ?! ახია მაგათზე! დარჩენილიყვნენ აქ და ჩემსავით გადარჩებოდნენ! - მერე კვლავ პრანჭვა-გრეხვა განაგრძო, მაგრამ მარტოს მალე მოსწყინდა, მთქნარება აუვარდა და ბოლოს ჩაეძინა კიდეც.
შუადღისას მზემ მაგრა დააცხუნა, მძინარე წვეთი აორთქლდა და... უკვალოდ გაქრა.
ახლა მან ისევ წვიმას უნდა უცადოს, რომ მის ახალ წვეთად იქცეს და ცხოვრება თავიდან დაიწყოს, მაგრამ ვინ იცის, გაწვიმდება კიდევ?! და თუ გაწვიმდება, როდის?!
ნაკადული კი ამასობაში მხიარულად მოჩხრიალებს თვალწარმტაც ხევში, მალე სხვა, ასეთივე ლამაზ ნაკადულებს შეუერთდება, იქცევა ღელედ, წისქვილის ქვას დაატრიალებს, ვრცელ მინდორს მორწყავს, მერე ღელე ღელეს შეუერთდება და იქცევა მდინარედ, მძლავრ ელექტროსადგურს აამუშავებს, მერე ისევ განაგრძობს დინებას, თანდათან უფრო და უფრო გადიდდება და ბოლოს ლურჯ, თვალუწვდენელ, საოცნებო ზღვას შეერევა...