THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



რობერტ მესხი

პინგვინები

ვერ ისვენებს მართა,
ეკითხება დედას:
მაცივარში მართლა
პინგვინები სხედან?

სანამ შევჭამ გუფთას,
სანამ მოვა კახი,
შესანსლავენ სულ მთლად
შოკოლადის ნაყინს.


ფისუნია

დედა პასკებს აცხობს,
ბებო ღებავს კვერცხებს,
ფისუნიავ, აცხა,
ახლა მაინც შეგრცხვეს,

ხო-ხო, რამდენს ბედავ,
რომ გიწყრები - გიკვირს,
სად დაიბან ნეტა
ფქვილით მოსვრილ ცხვირ-პირს?

დარიგება წიწილებს

ყვითელ-ყვითელ წიწილებს
ეუბნება კრუხი:
თუ ფრინველი შენიშნოთ
ფრთამალი და რუხი,
თუ ჯერ კიდევ შორს არის,
დასტრიალებს მთის წვერს,
უსათუოდ ქორია,
დამიძახეთ მყისვე;
თუკი მთელი საქათმე
კისრისტეხით მორბის,
უფრო ფრთხილად იყავით, -
მოფრენილა ორბი;
თუ თავისთვის ყრანტალებს
ნახშირივით შავი,
მუხის წვერზე იქნება
შემომჯდარი ყვავი.
თუკი ვარდის ბუჩქზე ზის
და ტკბილ ხმაზე მღერის,
ბულბულია, - არ არის
წიწილების მტერი,
არც შაშვი და კოდალა
გვიშავებენ რამეს,
ბაღში მწიფე კენკრას და
მსუქან მატლებს ჭამენ...
და თუ თქვენი დედიკოც
გადაურჩა მელას,
გვიან შემოდგომაზე
დაგვითვლიან ყველას.

ციყვი

ციყვუნია ციყვი
არ ყოფილა ბრიყვი,
მივაწოდე თხილი,
უცებ გაჰკრა კბილი,
ნუშიც ჭამა, ბოლოს
დააყოლა ჟოლო.
მერე როცა პიტნის
შევთავაზე კევი,
მაღალ ხეზე ახტა
გრძელი კუდის ქნევით.

წრუწუნა

ეშმაკუნა წრუწუნა
შეეჩვია ბინას,
დღისით გასუსულია,
ღამით აღარ სძინავს.

გამოძვრება სოროდან,
სუნსულებს და ფრთხილობს,
ცალ კბილს გაჰკრავს ლანგარზე
მწიფე ნესვის რბილობს.

აგერ ხალვის ნამცეცი,
მრგვალი ორცხობილა, -
დაჯდება და დილამდე
ახრამუნებს ტკბილად,

აღარც მწვანილს დაიკლებს,
ქორფასა და ახალს,
ბაბუს კამათლებივით
დააგორებს კაკალს.

მერე, როცა გაძღება,
კარადაში წიგნის
შეძვრება და კიჭებით
წიგნების ყდებს წიწკნის.

უყვარს განსაკუთრებით
კამიუ და კანტი,
ბოლოს არისტოტელეს
რომ დაიდებს თავთით,

ისე სძინავს დილამდე,
არ შეიცვლის გვერდსაც,
ერთი "წუნა" უნდა და
მერე - "მადლი ღმერთსა!"


ბეღურებმა ეს თქვეს

ბეღურებმა ეს თქვეს,
აღარ გვაქვსო ბედი,
შეეჩვია ჩვენს ბაღს
ღორმუცელა მტრედი.

არ გვიტოვებს ნამცეცს,
ერთიანად კენკავს
მზესუმზირის მარცვლებს
და გემრიელ კენკრას.

შადრევანთან ახლოს
იქექება მტვერში,
აბინძურებს ჰაერს,
ნეტა რაღას გვერჩის?!.

არ უნახავს, ალბათ,
შესასვლელი თაღი:
აწერია ცისფრად:
”ბ ე ღ უ რ ე ბ ი ს ბ ა ღ ი”.

ბეჰემოთის ჩივილი

ბეჰემოთი ჩიოდა,
რად ხდებაო ასე, -
ერთი ხალიც არ მაქვსო
ამოდენა ტანზე.

ჟირაფს ფრიად შვენისო
კუბოკრული კაბა,
ყელს იღერებს პრანჭია
და თვალებსაც ნაბავს.

ჯიქი კოპლებს ატარებს,
უყვარს თავის ქება;
ზოლებიანს იცვამენ
ვეფხვები და ზებრა.

ლომს ფაფარი ამშვენებს,
უშიშარს და გულადს;
რამდენიმე ფერი აქვთ
აფთარსა და ტურას.

არას ვამბობ შვლებსა და
ანტილოპა გნუზე;
ვდგავარ ასე წყალში და
საათობით ვუმზერ

სირაქლემებს, ნიანგებს,
ფოცხვერებს და ირმებს,
ნეტა ჭრელი პერანგი
მეც ჩამაცვას ვინმემ.


მარიკუნას ლექსი

მთელი დღეა ვფუსფუსებ,
ვხვეტავ, სადაც მტვერია,
ჩამოვგლიჯე ფარდები, -
მაგრამ არაფერია.

ჩავაყარე მარილი
სკამზე დადგმულ მურაბას,
სამი თეფში გავტეხე,
დათუნია ყულაბაც.

მოვრჩი დალაგებას და
სხვა საქმე რომ არ იყო,
კოპლებიან ლოგინზე
დავაძინე მამიკო...


მაიმუნი "ტიმა"

ზოოპარკში ცხოვრობს
მაიმუნი "ტიმა",
არ ადარდებს ქარი,
აღარც თავსხმა წვიმა.
დღენიადაგ სხვების
ავან–ჩავანს არკვევს,
პრანჭიაა, უყვარს
სათვალე და სარკე.
ემანჭება სპილოს,
ქურციკებს და მელას,
მერე უკვირს, რატომ
მემდურისო ყველა?!


კუ და ზღარბი


კუ ბაზარში მიდის,
ჩამოწერა სია:
ერთი კილო შინდი,
ორი კილო ბია.

ასკილი და ლეღვი,
კაკალი და თხილი,
უნდა შეიძინოს
შემოდგომის ხილი.

მხრებს იჩეჩავს ზღარბი,
იფხანს თავს და კისერს,
ჯერ ამათგან ერთიც
თუ არისო მწიფე?!.

კუ ამშვიდებს ძმაკაცს:
– სულ ტყუილად ღელავ,
ვიდრე მე მანდ მივალ,
დამწიფდება ყველა.