THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ვინ აიხედავს ცაში

ნინო ჩხიკვიშვილი

...ეპოქათა ცვლა მხოლოდ მართლმადიდებლობისადმი ბრძოლის ხერხსა ცვლის და არა არსს... ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება. დრო და დრო სიმწვავესაც იძენს, მაგრამ ამან არ უნდა ჩაგვაგდოს საგონებელში, ბოროტებას ისევ და ისევ უფლის ძალითა და სიყვარულით უნდა დავუპირისპირდეთ... ვისაც როგორ შეგვიძლია, თუნდაც ვიყოთ ბოლო ჟამის მუშაკნი, უფალი ხომ ამასაც მიიღებს და დაინახავს. მცირე ღვაწლსაც შეიწყნარებს...
ამ კეთილ საქმეში თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს მანანა წერეთლის საბავშვო წიგნსაც, რომელსაც `ცისა, ლექსო და ეს სამყარო" ეწოდება. ეს ტექსტი თამამად შეიძლება შევიტანოთ სასწავლო-სახელმძღვანელოთა დამატებით სიაში, როგორც სავალდებულო საკითხავი წიგნი, რადგან ის სამყარო, რომელსაც მისი მეშვეობით შეიცნობს პატარა, მართლაც საგულისხმოა. ყმაწვილისთვის ეს ყოველივე ახლობელია და ნაცნობი, თანაც უცხოცაა და შორეულიც, მიუწვდომლის იდუმალებით შემკული...
მაინც რა არის ასეთი, ერთდროულად მახლობელიცა და უცხოც რომ გამხდარა პატარასთვის?
ეს არის ცხოვრება, ყოველდღიურობა და ამ ცხოვრების წარმმართველი _ უფალი. მამაზეციერი ხომ მართლმადიდებლური წესით მონათლულ ადამიანს იმ ანგელოზს მოუვლენს, რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევს, იფარავს და მის სიხარულსა და ტანჯვას იზიარებს.
დიდი მამა პაისი ამბობდა: `თუკი ბავშვობის წლებიდან ბავშვები მშობლების დახმარებით მოიპოვებენ ქრისტეს, ისინი მის სიახლოვეს სამუდამოდ დარჩებიან. მოზრდილობაში გარკვეულწილად გზასაც რომ აცდნენ, _ ასაკიდან გამომდინარე ან ცუდ წრეში მოხვედრის გამო, _ ბოლოს მაინც გონს მოეგებიან. ღვთის შიში და ღვთისმოსაობა, რომლითაც სიყმაწვილეში მათი გულები იყო სავსე, მათი არსებიდან სრულიად არასოდეს გაქრებაო~.
მამა პაისის ეს დარიგება ნუგეშივით აღიქმება და ამ ფონზე ლოგიკურად იკითხება წინასიტყვაობაში გამოთქმული კეთილშობილური სურვილი წიგნის ავტორისა, ნატვრა იმისა, რომ მისი წიგნის მომავალმა პატარა მკითხველმა, მთავარი პერსონაჟის _ ლექსოს _ ერთი თვისება მაინც რომ მიიღოს და გაითავისოს, მაშინ მის შრომას ფუჭი აღარ ეთქმის.
ეს წიგნი, ყოველდღიურ აურზაურსა და ყოფითობაში, ბედის ანაბარად მიგდებულ პატარას დახმარებასა და ნუგეშს ჰპირდება. იგი თითქოს ის მორალური საყრდენიცაა, რომლის დახმარებითაც ყმაწვილმა საკუთარ არსებაში უნდა აღმოაჩინოს (აღზარდოს) ყველა ის თვისება, რომელიც ცხოვრების სწორ გზაზე გაიყვანს...
საგულისხმოა, რომ წიგნი ეპოქის ნიშანსაც ატარებს: სულიერებისგან დაცლილმა ყოველდღიურობამ, მშობლების გაუცხოებამ შვილებთან და შვილების განმარტოებამ სავალალო შედეგი მოგვიტანა. საკუთარ ფესვებს, ქართულ სოფელს მოწყვეტილმა პატარებმა უკვე აღარ იციან რა გზას დაადგნენ და როგორ იცხოვრონ. ამიტომაცაა, რომ მათი სულიერი სამყარო ლამის სულ გაღატაკდეს და გაიცრიცოს...
ახლა მაკა ჯოხაძის 1985 წელს დაწერილი წერილი `კენჭი და კლდე~ მომაგონდა, სადაც მწერლებს ტკივილით შეახსენებს: `უმთავრესი პრობლემა გახლავთ ქალაქში გაზრდილი ბავშვის პრობლემა. ასეთი ბავშვის ფსიქოლოგია საერთოდ სრულიად ახალი და შეუსწავლელი პრობლემაა ჩვენი საბავშვო მწერლობისთვის. იგი, სამწუხაროდ, ჯერ არ ქცეულა მხატვრული კვლევისა და შემეცნების საგნად...
არადა, ამ მცირეპეიზაჟიან, გისოსებში ჩასმული აივნების მზერას მიჩვეული პატარებისა და მოზარდების ცხოვრება თავის მოჭირნახულეს, თანაგამცდელს, თანამოაზრეს მოელის. უნდა გამოჩნდეს მწერალი, რომელიც მათთან ერთად აუჯანყდება იმ დღეს, როცა ცისკენ ვერ გაიხედავს პატარა...~
სწორედ ამ აჯანყებულ მწერალთა რიცხვს მივაკუთვნებდი მანანა წერეთელს, რაკი მისი წიგნის მთავარი პერსონაჟი _ ლექსო, მეგობრებთან ერთად, ცდილობს ცისკენ გახედვას.
ცისკენ გახედვა სულაც არ გახლავთ მხოლოდ ფიგურალური გამოთქმა. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი, მართლაც, იცქირება ცისკენ და ცდილობს დაინახოს ყველაზე მთავარი _ უფლის ანგელოზი.
ეს რომ დაინახო, დიდი სულიერი ხედვაა საჭირო. ჩვენ, ერში დარჩენილები, მართალია, ასეთ სულიერ ხედვას მოკლებული ვართ, მაგრამ სულიერი ნუგეში და სიხარული დიდი მამების მეშვეობით გვეძლევა. ვფიქრობ, სწორედ ამგვარი სულიერი ნუგეშისა და სიხარულის ერთგვარ ექოდაც შეიძლება აღვიქვათ მანანა წერეთლის ეს საყმაწვილო წიგნი, სადაც უმეტესად ისეა აღწერილი ყოველდღიურობა, რომ ხანდახან ეჭვიც კი გეპარება, პატარებისთვის განკუთვნილ ტექსტს რომ ეცნობი. ხშირად ისეთი განცდა გრჩება, რომ ესა თუ ის აბზაცი რომელიღაცა საგაზეთო პუბლიკაციის ამონარიდია და სტილურადაც ყურს გჭრის, მაგრამ ესეც იქნებ მწერლის ჩანაფიქრია, საგანგებოდ იმეტყველონ მისმა პერსონაჟებმა ასეთი მწირი ლექსიკით, რათა ჩვენ, უფროსები კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ უმთავრესზე: რაკი ასე დაკნინდა და დაემცრო არსებული რეალობა, ამან პირდაპირ `დაარტყა~ სამეტყველო ლექსიკასაც, იოლად დავთმეთ მშობლიური ენის მადლი. მაშ, ნუღა გაგვაკვირვებს ის სიავე, რასაც ვიმკით, მაგრამ თუკი სხვა გზა აღარ დაგვრჩენია, შევეგუოთ არსებულს? იქნებ ასეც მოვიქცეთ?! და... მაშინ, როცა, ნებით თუ უნებურად, ამ მწარე რეალობას ეგუები, ტექსტის ავტორი უცებ სულ სხვა სამყაროს გიხსნის. თითქოს ჯადოსნურ ჭოგრიტს აწვდის პატარა მკითხველს და მარტოობისა და სასოწარკვეთისგან უფლის ანგელოზის გამოჩენით იფარავს...
მგონი, მშვენიერი მიგნებაა, არა?!
მინდა, კიდევ ერთი რამ შეგახსენოთ: წინასიტყვაობაში ეს წიგნი ამერიკელ და ევროპელ თანატოლთა საინტერესო სათავგადასავლო ტექსტთა ერთგვარ ანალოგადაა მიჩნეული. და ამ ანალოგიაში საგანგებო მინიშნებაა უმთავრესზე _ უცხოელ თანატოლთაგან განსხვავებით ჩვენს პატარებს, რაკი მართლმადიდებლები არიან, ერთი უპირატესობა გააჩნიათ _ მათ სულ სხვა დაფარული საუნჯე ეხსნებათ...
წიგნი პაწაწინა სათავგადასავლო ამბებისგან შედგება... ყოველ თავს კი ბოლოში ერთგვარი კითხვარი ახლავს. წიგნის წაკითხვისა და გააზრების ამგვარმა მეთოდმა თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, გამაკვირვა, მაგრამ შემდეგ ავტორს ჩანაფიქრს მივუხვდი და ჩემეული ახსნაც მოვუძებნე: მანანა წერეთელს მიაჩნია, რომ თუკი პატარა მკითხველი თითოეულ ამ კითხვაზე გასცემს პასუხს, არა მხოლოდ სიუჟეტს დაიმახსოვრებს, არამედ ჩაწვდება მთავარს _ მწერლის იდეას. იდეა და მიზანი კი, მართლაც, შესანიშნავია: მიიყვანოს ყმაწვილი უფლის სახლამდე ანუ ეკლესიამდე... და ეს რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, შეუმჩნევლად, თანდათან უნდა მოხდეს.
ნაწარმოებში უფლის ანგელოზს ცისა ჰქვია. ეს სახელი ერთდროულად მოგვაგონებს ჩვენში აგრერიგად გავრცელებულ ქალის სახელს ცირასა და ამავე დროს ყმაწვილისთვის მისაღებ და გასაგებ ენაზე ასოცირდება უფალთან, ციდან გამოგზავნილ პატარა არსებასთან _ ფერიასთან. ფერიები კი, მოგეხსენებათ, როგორ უყვართ პატარებს.
უფლის ანგელოზი პატარა გოგონას სახით ეცხადება ლექსოს. ავტორმა ეს ასე გადაწყვიტა და, ვფიქრობ, ლოგიკურადაც, რადგან ანგელოზი როგორც უსქესო არსება ისე რომ წარმოგვედგინა, მაშინ ეს დიდი საიდუმლო _ კავშირი მიწიერსა და ზეციერს შორის _ პატარასთვის გაუგებარი და აბსურდული დარჩებოდა. შეიძლება მიუღებელიც კი ყოფილიყო. ამიტომაც ამ შემთხვევაში მარტივად აღსაქმელმა სახე-სიმბოლომ აჯობა სხვა, გაცილებით უფრო რთულ სახე-სიმბოლოს. `ამიერიდან მე და შენ ერთად ვიმოგზაურებთ ამ სამყაროში, ბევრ საინტერესოს გაიგებ და დაინახავ,~ _ შეპირდება პატარა ფერია ლექსოს და ეს არ არის მხოლოდ ზღაპრულ, ირეალურ, გამოგონილ სამყაროში მოგზაურობის დასაწყისი. ამ შემთხვევაში ავტორი ამ მოგზაურობის დახმარებით წარმოაჩენს და ერთმანეთს უპირისპირებს ორ სამყაროს _ ორ რეალობას: ამქვეყნიურსა და მიღმურს, იმქვეყნიურს, სადაც წმიდა სამება, დედა ღვთისმშობელი განაგებს ყოველივეს _ ადამიანებს გადარჩენასა და ბედნიერების მოპოვებაში ეხმარება.
ავტორი უხსნის თავის მკითხველს, რომ მიღმურ სამყაროში არსებობს ბოროტიც. იგი საშინელი ურჩხულია და მხოლოდ ერთადერთი ვერაგული განზრახვა ამოძრავებს _ წაართვას ლექსოს (და არა მარტო მას) უფლისგან მინიჭებული სიკეთის, სიყვარულის ნიჭი, კეთილშობილი გრძნობები და ამით დაამარცხოს იგი, მაგრამ ბოროტი, როგორც მოსალოდნელია, ნადგურდება და მარცხდება... ბოლოს კი ლოცვის ძალით სრულებით ქრება, მით უფრო ძლიერია ლოცვა, თუ ლოცვისას დედა ღვთისმშობელს მოუხმობს ადამიანი! _ ეს ჭეშმარიტება მართებულად, საჭირო ადგილასაა მოხმობილი, ისეა ტექსტთან შერწყმული, რომ არ ტოვებს დიდაქტიკის ან ზედმეტობის განცდას.
თან, ამავე დროს, არც იმის გამო გიჩნდება პროტესტი, რომ ამდენი საშინელება და სიავე ერთბაშად, ზუსტად ისევე გამოკვეთა და დაანახა ტექსტის ავტორმა, როგორც ჩვენ, უფროსები შევცქერით ყოველდღიურად. არადა, თითქოს პატარა ამ ყოველივეს აღსაქმელად ფსიქოლოგიურად სულაც არ არის მომზადებული. არ გვემეტებიან ისინი საშინელი რეალობისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში მანანა წერეთელმა კეთილისა და ბოროტის შეპირისპირებით დახატა სამყარო, რომლის მკვიდრნიც ვართ პატარებიცა და დიდებიც, რაც, იმედია, არ გამოიწვევს პატარაში აპათიასა და სინამდვილისგან გაქცევის სურვილს.
ამ წიგნით ავტორმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რაც ყველამ ისედაც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება: პატარებს არ უნდა ველაპარაკოთ ენის მოჩლექით... და არც არასდროს მოვატყუოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ახლოს დგანან უფალთან და შეუმცდარი ალღოთი გრძნობენ, როდის ვცრუობთ უფროსები და როდის ვამბობთ სიმართლეს...