THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



როგორ გაჩნდა ხელოვნური ნაძვი

ეკატერინე კუზანაშვილი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი უღრანი და უსიერი ტყე, სადაც მხოლოდ ნაძვები იზრდებოდა, ამიტომაც მას ნაძვნარი ერქვა. ნაძვნარში ნაძვები კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ, ერთმანეთი უყვარდათ, ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებოდნენ, ყველაზე მეტად კი პატარებზე ზრუნავდნენ -ყინვისა და დიდი ქარბუქის დროს ტოტებს აფარებდნენ, არ შესცივდეთო, მზიან ამინდში კი, პირიქით, შტოებს არიდებდნენ, მზის სხივების ალერსით გათამამდნენ და ლაღად გაიზარდნენო. ამ ტყეში ბევრი ფრინველი და ცხოველიც ცხოვრობდა, თუმცა ყველაზე მეტნი ციყვები იყვნენ, რადგან, ხომ იცით, ციყვებს თხილისა და კაკალის გარდა, გირჩის უგემრიელესი თესლიც უყვართ. ალბათ უსასრულოდ დიდხანს გაგრძელდებოდა ნაძვნარში ბედნიერი ცხოვრება, მაგრამ გვიანი შემოდგომის ერთ დღეს, გარშემო ყველაფერი გადაყვითლებული რომ იყო და მხოლოდ ნაძვნარი რომ გამოიყურებოდა ხასხასა მწვანედ, აქ ერთი ცხენზე ამხედრებული კაცი გამოჩნდა, აღფრთოვანებული იყურებოდა აქეთ-იქით და ხმამაღლა ამბობდა:
-რა სილამაზეა! კიდევ კარგი გზა ამებნა და აქ მოვხვდი, რა არაჩვეულებრივი ნაძვებია, ერთი-ერთმანეთზე უკეთესი! ეს ტყე ნამდვილი განძია და საახალწლოდ დიდ მოგებასაც მომიტანს!
ამ კაცმა კიდევ კარგახანს იხეტიალა, მერე კი, რომ დასაღამოვდა, საითღაც წავიდა და დატოვა სიხარულითა და სიამაყით გულაჩქროლებული ნაძვები:
-ნახეთ, როგორ მოვეწონეთ!..
-ნახეთ, როგორ გავაოგნეთ ჩვენი სილამაზით!.. -ეუბნებოდნენ ერთმანეთს, თუმცა გულუბრყვილო ნაძვებს ამ კაცის უკანასკნელი სიტყვებისთვის, რომელიც საკმაოდ საშიშად ჟღერდა, საერთოდ არ მიუქცევიათ ყურადღება, უფრო სწორად, არც გაუგიათ, არ უნდოდათ გაეგოთ და იმიტომ.
გავიდა დრო, თოვლმა დაფარა მიდამო, ნაძვებს დამძიმებული ტოტები მიწისკენ დაეზიდათ და კიდევ უფრო გალამაზდნენ ქათქათა ქათიბებში გამოწყობილები. თითქმის აღარც ერთს აღარ ახსოვდა ის გზააბნეული კაცი, სამაგიეროდ მას შესანიშნავად ახსოვდა ნაძვნარი და აი, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, კვლავ გამოჩნდა იგი ამ ტყეში მარხილითა და კარგად ალესილი ცულით. საქმიანად მიიარ-მოიარა, შეარჩია რამდენიმე საუკეთესო ახალგაზრდა ნაძვი, მერე შეისვენა, მადიანად წაიხემსა და მონიშნული ნაძვების ჭრას შეუდგა. პირველის ჭრა რომ დაიწყო, ნაძვები უცებ ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა მათ თავს, მაგრამ მერე, თანამოძმე წაქცეული რომ დაინახეს, რომელიც თოვლზე უდიერად გაათრია კაცმა და მარხილზე შეაგდო, გამოერკვნენ და განგაში ატეხეს -აშრიალდნენ, აყვირდნენ: რას შვრებიო, მაგრამ კაცს არაფერი ესმოდა და თავის საქმეს არხეინად აგრძელებდა, დღის ბოლოს კი დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი შემოჯდა დატვირთული მარხილის კოფოზე და გაუდგა გზას იქით, საიდანაც მოვიდა. ნაძვები? ნაძვები დარჩნენ ატირებულები, მგლოვიარენი, სასოწარკვეთილნი, შეშინებულნი . . . ახლა კი გაიხსენეს ის გზადაბნეული კაცი და მისი ბოლო სიტყვების მნიშვნელობასაც მიხვდნენ, მაგრამ რა შეეძლოთ? რით უშველიდნენ ან თანამოძმეებს, ან საკუთარ თავს? იმასაც მიხვდნენ, რომ ეს კაცი კიდევ დაბრუნდებოდა და ტყეში საშინელმა შიშმა და მწუხარებამ დაისადგურა. დაზაფრულები იყვნენ არა მარტო ნაძვები, არამედ ამ ტყის ბინადარი ცხოველ-ფრინველებიც. ადამიანის დაუნდობლობით უზომოდ, უზომოდ გულნატკენი იყო ამ ტყის ადგილის დედაც და ისიც გულამოსკვნით ქვითინებდა.
გათენდა მეორე დილა, კაცი კვლავ გამოჩნდა და წინა დღის ამბავი განმეორდა. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა დღეში ჩავარდებოდა ტყე? თმაგაშლილი მოსთქვამდა ადგილის დედა, მიდიოდა ყოველი მოჭრილი ნაძვის ძირთან, ეალერსებოდა, ლოყით ეხუტებოდა, იქვე დაცვენილ ნაფოტებს გულში იხუტებდა და უმწეოდ ასავსავებდა ხელებს . . . ტყე გმინავდა, როგორც გულში დაჭრილი ადამიანი . . . მდუღარე ცრემლით ტიროდნენ ცხოველ-ფრინველები, ყველაზე მეტად კი ერთი ციყვუნია იფუფქებოდა, რომელსაც მთელი ნაძვნარი ბუთქუნიას ეძახდა, რადგან მთელ არემარეში მასნაირი ფუმფულა კუდი არც ერთ ციყვს არ ჰქონდა. იგი ტყეში სიმამაცით, გულადობითა და სისწრაფით ყველასგან გამოირჩეოდა, სწორედ მისი მეგობარი ნაძვი მოეჭრა კაცს და თავს ვერ პატიობდა, ვერაფერი ვუშველეო ძმობილს, ანკი რა შეეძლო პაწაწა ციყვს?! ხსნა არსაიდან ჩანდა . . . და აი, ამ დროს, ადგილის დედას გაახსენდა მრავლის მნახველი ბრძენი მოხუცი მუხის ხე, რომელიც ნაძვნარისგან საკმაოდ შორს, უზარმაზარი კლდის ნაპირზე ცხოვრობდა:
-ვინ წავა ბრძენ მუხის ხესთან? -იკითხა მან ცრემლისა და ტკივილისგან აკანკალებული ხმით, -მხოლოდ ის თუ მოგვცემს რჩევას, როგორ შევაჩეროთ ადამიანი!
-მე წავალ! -წამოიძახა მაშინვე ბუთქუნიამ და ადგილის დედას მხარზე დაასკუპდა.
-შენ რომ პატარა ხარ? ამხელა გზაზე წასვლას როგორ შეძლებ?
-შევძლებ! მეგობრების გულისთვის ყველაფერს შევძლებ, თან გზაც ვიცი, ხომ გახსოვთ, ამ ზაფხულს ჩემი მეგობარი ნაძვი ავად რომ იყო, მაშინ ვესტუმრე ბრძენ მუხას რჩევის საკითხავად, თანაც ჩემზე სწრაფად მაინც ვერავინ მივა იქამდე, ჩვენთვის კი ყოველი წუთი ძვირფასია.
-კარგი, ჩემო საყვარელო, მაშ გასწი და მშვიდობით იარე!
ბუთქუნია მაშინვე მოსწყდა ადგილს. მან მთელი ღამე შეუსვენებლად იარა, ნაძვებიც ეხმარებოდნენ და შტოებს შეძლებისდაგვარად აშველებდნენ, რომ ტოტიდან ტოტზე გადამხტარს ფეხი არ დასცდენოდა, ან, რაც შეიძლება შორს გადაფრენილიყო, ასე რომ, გათენებისას ბრძენ მუხასთან გაჩნდა, რომელიც ფოთოლგაცვენილი, თოვლის ნაბადწამოსხმული ფიქრიანი მზერით გასცქეროდა მიდამოს. ცხადია, მან მაშინვე შენიშნა პატარა ციყვი, იცნო კიდეც და თბილად მოიკითხა:
-გამარჯობა, ბუთქუნია, როგორ ხარ? როგორ არის შენი მეგობარი ნაძვი?
-ეჰ, ბრძენო მუხავ, აბა, როგორ უნდა ვიყო? ნაძვნარში ადამიანი გამოჩნდა და ახალგაზრდა ნაძვებს ჭრის, ჩემი მეგობარიც მან იმსხვერპლა, ადგილის დედა და მთელი ტყე შეშფოთებულები არიან, არ ვიცით, როგორ დავიხსნათ თავი. ადგილის დედამ გამომგზავნა თქვენთან რჩევისთვის, იქნებ თქვენ მაინც დაგვარიგოთ?! -თან ამბავს უყვებოდა ციყვუნია მუხას და თან ცრემლად იღვრებოდა.
-ოოო! ვერ მოგსვლიათ კარგი ამბავი, -სინანულით შეარხია ტოტები ბრძენმა მუხამ, -რჩევას კი მოგცემ, მაგრამ მისი შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ -ადამიანები გულქვა არსებები არიან, მათთვის მხოლოდ საკუთარი სურვილებია მნიშვნელოვანი, თუმცა, საბედნიეროდ, გულისხმიერიც გამოერევათ ხოლმე. ვინმემ სწორედ ეს გულისხმიერი ადამიანი უნდა მონახოს, თავისსავე ენაზე დაელაპარაკოს და დახმარება სთხოვოს.
-ვთქვათ მოვნახეთ ეს გულისხმიერი ადამიანი, როგორ უნდა დაველაპარაკოთ?
-ამას უკვე ადგილის დედა გეტყვის.
-გმადლობ, ბრძენო მუხავ, ახლა კი წავალ, თორემ დრო აღარ ითმენს, -დაემშვიდობა ხეს ბუთქუნია და იქვე მდგარ ნეკერჩხალს კენწეროში მოექცა
-წადი, ციყვუნიავ, მშვიდობით იარე და ხელი მოგემართოთ!
ახლა მთელ დღეს იხტუნა ხიდან ხეზე ბუთქუნიამ და მზე რომ ეშვებოდა მთებს გადაღმა, სწორედ მაშინ მიაღწია ადგილის დედასთან, რომელიც თმებგაშლილი ახლა სხვა ნაძვებს დასტიროდა, იმ დღეს რომ მოეჭრა კაცს. სიტყვასიტყვით გადასცა მუხის დანაბარები მან მგლოვიარეს, ნაძვნარის დიასახლისი კი უფრო მეტად დაამწუხრა ბრძენის ნათქვამმა, რადგან ადამიანთან სალაპარაკოდ, ცხადია, ადამიანი უნდა მისულიყო, ადამიანობას კი ვინ ითავებდა? მხოლოდ ის, ვინც იმდენად გამბედავი იქნებოდა, რომ უცხო, უთვისტომო გარემოსი არ შეეშინდებოდა, არ დაიბნეოდა და გმირულად გაართმევდა თავს დავალებას. ყველა ჩააფიქრა დედა-დიასახლისის სიტყვებმა, ყველამ იგრძნო, რომ ეშინოდათ გულცივი ადამიანებისა.
-მე, მე ვითავებ ადამიანობას, -წამოიძახა ბუთქუნიამ, -არავისი და არაფრის მეშინია, მხოლოდ მე მეცოდინება, რომ ციყვი ვარ, თორემ, კაცს ხომ ადამიანი ვეგონები?! მაგრამ როგორ უნდა ვიქცე ადამიანად?
-ჩემო პატარავ, როგორი მამაცი ყოფილხარ! -ხელში აიყვანა ბუთქუნია ადგილის დედამ, -ადამიანად კი გაქცევ, მაგრამ ვშიშობ, თავს ვერ გართმევ და დაიღუპები, შენ არ იცი, რა საშიშია კაცთა სამყარო. ჯობია, ბედს შევეგუოთ, იმედია, როდისმე მოსწყინდება ადამიანს ჩვენი ნაძვების ჭრა და წავა ამ ტყიდან, ჩვენ კი მორჩილად დაველოდოთ ამ დღეს.
-არა, დედა-ბატონო, უარს ნუ მეტყვი, დავიღუპები და დავიღუპო, დაე, ჩემი ნაძვნარის ჭირის სანაცვლო ვიყო! ვცადოთ მაინც, იქნებ ყველაფერი ისე ცუდად არ დასრულდეს, როგორც გგონიათ?!
ადგილის დედა დიდხანს, დიდხანს ფიქრობდა, უფრო სწორად, საკუთარ გულისთქმას უგდებდა ყურს. მთელი ტყე სულგანაბული ელოდა მის გადაწყვეტილებას, ყველა ხვდებოდა, ძალიან მძიმე დღეში იყო დედა-დიასახლისი.
-კარგი, გაგიშვებ, -თქვა ბოლოს მან, -ოღონდ დამპირდი, რომ თავს გაუფრთხილდები და . . . -სათქმელი ვეღარ დაამთავრა, ქვითინი წასკდა.
ბუთქუნიაც ტირილით ჩაეხუტა და სლუკუნ-სლუკუნით დაპირდა დედა-ბატონს, რომ ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდებოდა ნაძვნარში. მაშინ, ადგილის დედამ თავისი წინსაფრის კალთა გადააფარა ციყვს, რაღაც ლოცვა წაიკითხა და ჰოი, საოცრებავ, ბუთქუნიას წინა თათები ხელებად ექცა, უკანა თათები -ფეხებად და . . . პატარა საყვარელ ბიჭად იქცა. თავიდან იუცხოვა ორ ფეხზე დოგმა, წონასწორობას ვერ იკავებდა და იქცეოდა, მაგრამ მალე შეეჩვია და ადგილის დედის დარიგებით იქვე, ვებერთელა ნაძვის ძირში მოკალათებულმა მზის პირველ სხივებს დაუწყო ლოდინი, რადგან სწორედ ამ დროს გამოჩნდებოდა ხოლმე კაცი ნაძვების მოსაჭრელად, თუმცა მერე რა უნდა ექნა ბუთქუნიას, ვერ უთხრა დედა-ბატონმა, კაცის გამოჩენისას საკუთარი მარიფათის იმედად უნდა ყოფილიყო ჩვენი ციყვი-ბიჭი.
და აი, ნელ-ნელა ჯერ შემტრედისფერდა, მერე ყვითელი და ვარდისფერიც შეერია ცის ტატნობს, მზის თბილი, სიყვარულით სავსე სხივები მიწაზე გადმოიღვარა და . . . კაციც გამოჩნდა. მან ბუთქუნია საერთოდ ვერ შეამჩნია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი გულადი და მამაცი იყო, ადამიანთან პირისპირ შეხვედრის მაინც შეეშინდა, ერთი ტოტებგაბარდული ახალგაზრდა ნაძვისკენ გაიქცა და დაიმალა. Kაცმა, ჩვეულებრივად, მოსაჭრელი ნაძვების შერჩევა დაიწყო და უცებ პატარა ბიჭის ნაკვალევს წააწყდა.
-რაღა ვქნა?! მეჩვენება, თუ მართლა ბავშვის ნაფეხურებია?! -ჩაილაპარაკა მან და კვალს გულდასმით დაუწყო თვალიერება. ნაფეხურების სინჯვა-სინჯვით იგი სწორედ იმ ნაძვთან მივიდა, სადაც ბუთქუნია იმალებოდა -მოკუნტული იჯდა და თავი მუხლებში ჩაერგო.
-ბიჭუნა, -ფრთხილად შეახო ხელი კაცმა ბავშვს და რაც შეიძლება ტკბილად დაელაპარაკა, -აქ საიდან გაჩნდი?
ბუთქუნია რომ მიხვდა, კაცი არაფერს დამიშავებსო, თავი კი ასწია და შეხედა მას, მაგრამ შიშისაგან მაინც ერთიანად კანკალებდა და ვერაფერი თქვა.
-ნუ გეშინია, მე არაფერს დაგიშავებ, თუ პატრონი გყავს, მიგიყვან მასთან, თუ არა და, სოფლამდე ჩაგიყვან და მერე რამე გეშველება.
ბუთქუნიამ მაინც არაფერი თქვა, ან რა უნდა ეთქვა?! მას ხომ წინასწარ არაფერი ჰქონდა მოფიქრებული, ჰოდა იჯდა აკანკალებული, დამფრთხალი და საკუთარ თავზე გაბრაზებული, რომ არ დაუჯერა ადგილის დედას და ადამიანად ქცევა მოინდომა, კაცი კი იქვე ჩამოჯდა, უყურებდა ბავშვს და ამბობდა:
-ეტყობა შიშის, სიცივისა და შიმშილისაგან ლაპარაკის უნარი წაგერთვა, ვინ დაიდო შენი ცოდვა, ვინ დაგტოვა ამ ტყეში? . . . ნაძვების მოსაჭრელად კი წამოვედი, მაგრამ . . . შენ რომ ეხლა სოფელში არ ჩაგიყვანო, მერე იქნებ ვეღარც გიშველო . . . ეჰ, რაც არის, არის, გუშინ მაინც კარგი მოგება ვნახე და ახლა შენს ცოდვაში ჩადგომას, მირჩევნია, წაგიყვანო. ახალ წლამდე კიდევ იმდენი დღეა, ბევრი ნაძვის მოჭრას და გაყიდვას შევძლებ, თანაც, ამ სიკეთისთვის ღმერთიც ხელს მომიმართავს . . .
კაცმა ციყვი-ბიჭი ხელში აიყვანა, მარხილში ჩააწვინა, თბილი ნაბადი გადააფარა და ცხენი ადგილიდან დაძრა. ტყე გასუსული და ბუთქუნიაზე არანაკლებ შეშინებული მიაცილებდა მას, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა უკვე ვეღარავინ ვეღარაფერს შეცვლიდა, ბედს უნდა მინდობოდნენ და იმედი არ უნდა დაეკარგათ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. თუმცა, იმ დღეს ერთი კარგი ამბავი მაინც მოხდა -ტყეში არც ერთი ნაძვი არ მოჭრილა.
დიდ ხანს იარა მარხილმა, ბევრი მინდორი და გორა გადასერა და ბოლოს სოფელშიც შევიდა. კაცი ერთ სახლთან გაჩერდა, ნაბადში გახვეული ბიჭი შინ შეიყვანა და გაკვირვებულ ცოლს ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ქალმა მაშინვე ცხელ წყალში ჩააყოფინა ბავშვს ფეხები, ბუხართან დასვა და ცხელი ჩაიც დაალევინა, თან, რა თქმა უნდა, ეკითხებოდა: რა ერქვა, ვინ იყო, საიდან იყო, ტყეში როგორ მოხვდა . . . თუმცა ბიჭი ისევ დუმდა და არაფერს ამბობდა, ან კი რა უნდა ეპასუხა? სინამდვილეში ციყვი ვარო? არა, ამის თქმას ისევ ჩუმად ყოფნა სჯობდა, იყო კიდეც ჩუმად. მაშინ კაცმა და მისმა ცოლმა ჩათვალეს, მუნჯიაო ალბათ და რადგან იმ დღეს უკვე გვიანი იყო, გადაწყვიტეს, მეორე დღეს წაეყვანათ მამასახლისთან და მას ემტვრია დანარჩენზე თავი. ბუთქუნია კი, ამასობაში, გამალებით მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რახან აქამდე ჩამოვედი, გულისხმიერი ადამიანი როგორ ვიპოვოო. უცებ ოთახში ერთი მისი ასაკის ბიჭი შემოვიდა, რომელიც კაცისკენ გაიქცა და კისერზე ჩამოეკიდა.
-მამა, რა კარგია, ადრე რომ მოსულხარ, სასრიალოდ წამიყვან? -იკითხა მან, თუმცა პასუხს აღარ დაელოდა, რადგან თავისი ტოლი ბიჭი შეამჩნია და იკითხა:
-ეს ვინ არის?
-ჩვენც არ ვიცით, მამამ იპოვა დღეს ტყეში, მგონი მუნჯია, ხვალ მამასახლისთან მივიყვანთ და ის გაარკვევს, ვინაა ან მისი მშობლები ვინ არიან, -უპასუხა დედამ.
-მამასახლისთან? . . . თუ მუნჯია, მამსახლისი როგორღა გაარკვევს რამეს? იქნებ სულაც ობოლია? . . . -ბიჭი გაჩუმდა და დაკვირვებით შეათვალიერა ბუთქუნია, -გეხვეწები, მამიკო, არსად არ წაიყვანო, ჩვენთან დატოვე, ობოლი რომ აღმოჩნდეს, თავშესაფარში გააგზავნიან, მერე რა ეშველება? თან მუნჯია, ყველა დაჩაგრავს! . . . აქ თუ დატოვებ, ძმა მეყოლება, ერთად ვითამაშებთ . . . ოღონდ დატოვე, მამიკო, და რასაც მეტყვი, ყველაფერს გაგიგონებ, ყველაფერში მოგეხმარები . . . არასოდეს, არასოდეს არ გაგაბრაზებთ შენ და დედას . . .
-იქნებ ჰყავს მშობლები? იქნებ ვინმემ მოიტაცა?
-მაშინ, მამასახლისს მხოლოდ უთხარი, რომ ბიჭი იპოვე. თუ ვინმე მოაკითხავს, ხომ კარგი, თუ არა და, იქნება ჩვენთან. გეხვეწები, მამიკო, დატოვე, რა, -ყელგამოწევით ემუდარებოდა ბავშვი, -ნაძვები არ მოჭრა, სკოლაში გვასწავლეს, მცენარეებიც ცოცხალი არსებები არიან-მეთქი, რომ გთხოვე, არ შემისრულე და ახლა მაინც არ მითხრა უარი, მამიკო, რა?
ბუთქუნია ამ სცენას გულგრილად ადევნებდა თვალს და გულგრილადვე უსმენდა, თავის გასაჭირი ადგა და სულ არ ენაღვლებოდა, რას სთხოვდა ბიჭი კაცს, მაგრამ ბოლო სიტყვები რომ მოხვდა ყურში და რომ გაიაზრა მათი მნიშვნელობა, სიხარულისგან ლამის გონება დაკარგა, მიხვდა, სწორედ ეს იქნებაო ის გულისხმიერი ადამიანი, რომელის მოძებნაც ბრძენმა მუხამ გვირჩიაო, მაგრამ ახლა ის იყო საკითხავი, როგორ დალაპარაკებოდა. ამ ფიქრებში გართულმა, ვერ გაიგო, როგორ დაასრულა საუბარი მამა-შვილმა, ის კი შეამჩნია, მასთან მისულ ბიჭს თვალები ცრემლიანი ჰქონდა:
-წამოდი, ჩემს ოთახში ავიდეთ, -უთხრა მან ბუთქუნიას, ხელი წაავლო და წინ გაუძღვა. ვიდრე ბიჭის ოთახში შევიდოდნენ, სასტუმრო ოთახთან უნდა ჩაევლოთ, რომელსაც დიდი, იატაკიდან ჭერამდე შუშებიანი კარები ჰქონდა და უცებ, ბუთქუნიამ ნაძვის ხეს მოჰკრა თვალი, რომელიც ათასნაირი ფორმის, ზომის და ფერის მოსართავებით იყო ტოტებდამშვენებული. ბუთქუნია გაჩერდა, გაოგნებული შესცქეროდა ნაძვს და ვერ გაეგო, მართლა ნაძვი იყო თუ სხვა რამ, წიწვები ნაძვის ჰქონდა, მაგრამ ეს ბრჭყვიალა ნივთები რაღა იყო, ვერ მიხვდა.
-მოგწონს? -ჰკითხა ბიჭმა, ხელი ჩაავლო და შიგნით შეიყვანა, -ეს ნაძვი მამამ იმ ტყიდან ჩამოიტანა, სადაც შენ გიპოვა. ლამაზია, არა?, თუმცა მე ისე დამენანა . . .
ბუთქუნია ბიჭს არ უსმენდა, გაფაციცებით ათვალიერებდა ხეს და ბრჭყვიალა სათამაშოების მიღმა უცებ საკუთარი მეგობარი რომ იცნო, ტირილი წასკდა:
-ჩემი ნაძვი, ჩემი მეგობარი ნაძვი, -ამბობდა და თან ტოტებზე ეალერსებოდა. მის შემხედვარეს, ბიჭსაც ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან, მაგრამ თავი შეიკავა და ცოტა რომ დამშვიდდა სტუმარი, უთხრა:
-ჯობია ჩემთან გავიდეთ, თორემ ჩემებს არ უყვართ, ამ ოთახში დიდხანს რომ რჩებიან ბავშვები. მან ისევ ხელჩაკიდებული გამოიყვანა ბუთქუნია და თავის ოთახში რომ განმარტოვდნენ, გამოუტყდა:
-მეც შენსავით მეტკინა გული, მამაჩემმა ნაძვები რომ ჩამოიტანა ტყიდან. ბევრი ვეხვეწე, ვემუდარე, მაგრამ არ დამიჯერა, მაინც მოჭრა.
-მერედა, რისთვის უნდა ეგ მოჭრილი ნაძვები? ან მაგ ბრჭყვიალა ნივთებით რატომ დახუნძლეთ?
-სანამ მე გიპასუხებ, ჯერ შენ მითხარი, თავი მუნჯად რატომ მოგვაჩვენე?
-არ მინდოდა გულქვა ადამიანთან ლაპარაკი!
-მე რომ დამელაპარაკე?
-შენ გულისხმიერი ხარ, გეცოდება ჩემი ტყის ნაძვები. მე ადამიანებთან მოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ შენნაირი მეპოვა და დახმარება მეთხოვა.
-სად ცხოვრობ?
-იმ ტყეში, საიდანაც მამაშენმა წამომიყვანა.
-სულ მარტო? მშობლები არ გყავს?
-როგორ არ მყავს?
-ტყის მცველები ხართ?
-ეგ რას ნიშნავს?
-ანუ ისინი, ვინც ტყეს და მის ბინადრებს პატრონობენ, უვლიან . . .
-ჰო, მაშინ ტყის მცველები ვყოფილვართ.
-მერე, თქვენთან ახალი წელი არ იცით, რა არის?
-როგორ არა, ძალიან გვიყვარს ახალი წელი, ადგილის დედა და მთელი ტყის ბინადარნი ერთად ბევრს ვმხიარულობთ ხოლმე.
-ვიიინ? ადგილის დედა? ანუ დედაჩემიო, გინდოდა გეთქვა?
ბუთქუნიამ უცებ ყველაფრის ახსნა და სიმართლის თქმა გადაწყვიტა, მაგრამ იმ წამსვე გაახსენდა ადგილის დედის დარიგება, ყველაფერს ნუ მოყვები, ადამიანები არ დაიჯერებენ შენს ციყვობას და ყველაფერი შეიძლება უფრო აირდაირიოსო, ამიტომ სასწრაფოდ თავი დაუქნია ბიჭს და დააყოლა:
-ჰო, დედაჩემი. იგი ყველას უყვარს და ამიტომ ადგილის დედას ვეძახით.
-მერე, ნაძვის ხეს არ დგამთ ხოლმე ამ დღესასწაულისთვის?
-ნაძვის ხის დადგმა რად გვინდა? ისედაც სულ ნაძვები არ დგას ირგვლივ?! თან ყინულის არშიებით ისე არიან ხოლმე მორთულები . . .
-აი, ჩვენთან კი, რადგან ნაძვები არ დგას, საახალწლოდ ყველა მოჭრილ ნაძვს ყიდულობს, ყინვის ნაცვლად, შენ რომ ნახე, ისეთი ბრჭყვიალა მოსართავებით ალამაზებენ და ისე ხვდებიან ახალ წელს. ჰგონიათ, თუ ამ დღისთვის ასე მორთული ნაძვის ხე არ იდგება მათ ოჯახში, ბედნიერი წელიწადი არ დაუდგებათ.
-მერე, საბრალო ნაძვები რომ კვდებიან?
-ამას მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არც ედარდებათ, დამთავრდება თუ არა დღესასწაული, ნაძვებს ან წვავენ, ან სანაგვეზე ყრიან.
-ჰოდა, უგულოები არიან ადამიანები. იქნებ, როგორმე დამეხმარო და რამე საშველი გამოვნახოთ?
-მამაშენი რატომ არ წამოვიდა? დიდები უფრო ადვილად აგვარებენ ხოლმე ასეთ საქმეებს.
-მამა? -დაიბნა ბუთქუნია, -მამას ფეხი სტკივა, ტოტიდან ჩამოვარდა და . . .
-გინდოდა გეთქვა, ხიდანო, არა?
-ჰო, ჰო, ხიდან.
-კარგი, მაგრამ მე როგორ დაგეხმარო?
უცებ ბუთქუნიამ კალათი დაინახა, რომელშიც წითელი, ყვითელი და თეთრი ვარდების თაიგული იდო.
-რა ლამაზი ვარდებია?! -აღფრთოვანებით წამოიძახა მან, კალათისკენ წავიდა, ყვავილებისკენ დაიხარა, მაგრამ გაუკვირდა, სურნელი საერთოდ რომ ვერ იგრძნო, -სუნი რატომ არ აქვთ? ან ამ შუა ზამთარში სად დაკრიფეთ?
-ეგ ნამდვილი ვარდები არაა, ხელოვნურია.
-ხელოვნური? რას ნიშნავს ხელოვნური?
-რას და, მავთულებისგან და ფერადი ნაჭრებისგანაა გაკეთებული, ამიტომაც არა აქვს სუნი და არც არასდროს დაჭკნება.
-ააა! . . . ნამდვილი ვარდებისგან ვერ გაარჩევ, ისე ჰგავს, -ხელი გადაუსვა ყვავილებს ბუთქუნიამ.
-მოიცა, მოიცა . . .
-ნუ გეშინია, არ გავაფუჭებ!
-არა, ეგ არც მიფიქრია, იცი, რა აზრი მომივიდა? თუ ხელოვნური ყვავილების გაკეთება შეიძლება, ხელოვნური ნაძვის შექმნაც იქნება შესაძლებელი, რომელიც ნამდვილს ემგვანება! ვაშა, ვაშა, ეს რა კარგი რამე მოვიფიქრე!
-ვერ მივხვდი, რითაა შენი აზრი კარგი?
-იმით, რომ ნამდვილი ნაძვები გადარჩებიან, ადამიანები ხელოვნურ ნაძვებს იყიდიან, რომელიც უფრო იაფი ეღირება და თანაც, შემდეგი ახალი წლის დღესასწაულისთვისაც გამოადგებათ, რადგან ხელოვნური ნაძვი არასოდეს დაჭკნება.
-ესე იგი, ჩემი ტყის ნაძვები გადარჩებიან?
-კი, კი, ყველა ტყის ნაძვი გადარჩება.
-რა კარგია?! ხომ ვამბობდი, გამოსავალი გამოჩნდება-მეთქი, -სიხარულით ტაში შემოჰკრა ბუთქუნიამ და ბიჭს გადაეხვია, -შენ მართლა გულკეთილი და გულისხმიერი ადამიანი ყოფილხარ.
-მამაჩემს ამ ხელოვნური ყვავილების დამამზადებელი ქარხანა აქვს, მაგრამ, რადგან საახალწლოდ ეს ყვავილები არავის უნდა, ამიტომ დაიწყო ნაძვების ჭრა. ახლავე ვეტყვი რა აზრიც დამებადა და მალევე დავბრუნდები.
ბიჭმა კარგახანს დაიგვიანა, თუმცა დროის ხანგრძლივობას ბუთქუნია არ შეუწუხებია, რადგან იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ გაახარებდა ყველას ტყეში დაბრუნებული ამ შესანიშნავი ახალი ამბით. ისე იყო გართული, ბიჭის დაბრუნება არცკი გაუგია, რომელიც ღიმილით მიუახლოვდა და ახარა:
-მამაჩემმა მომიწონა აზრი, შემაქო და ხვალვე დაიწყებენ ქარხანაში ხელოვნური ნაძვების დამზადებას.
-გმადლობ, გულისხმიერო ადამიანო, მთელი ტყის სახელით გიხდი მადლობას, -ბუთქუნია ბიჭს გადაეხვია, -ახლა კი უნდა დაგემშვიდობო, ჩემს სახლში მეჩქარება, მათაც ხომ უნდა გავაგებინო ეს სასიხარულო ამბავი!
-მერე, ახლა როგორ წახვალ? სადაცაა დაღამდება, ხვალამდე მოიცადე.
-ნუ დარდობ, მე მართლა ადამიანი კი არ ვარ, -ბუთქუნია სარკმელთან მივიდა, გამოაღო, თავისი ტყის მიმართულებით გაიხედა და დაიძახა: ადგილის დედავ, დამაბრუნე უკანო და ჩვენი ბუთქუნია ისევ ციყვად იქცა. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბიჭს, რომელიც გაოგნებული შესცქეროდა მას, მერე სარკმელთან მდგარ ვაშლის ხეზე გადახტა და ნაძვნარისკენ მოკურცხლა. ძალიან გვიანი იყო, ტყეში რომ მივიდა, მაგრამ მაინც ყველა ელოდა. ალერსითა და სიყვარულით ლამის დაახრჩვეს, მისი მონათხრობი რომ მოისმინეს, ხოლო რომ გათენდა, მზის პირველი სხივები რომ დაიღვარა ტყეში და ცულიანი კაცი რომ აღარ გამოჩნდა, კიდევ უფრო მეტად გაიხარეს. მერე, ვისაც შეეძლო, წრეში ჩაებნენ და მზის სადიდებელი ლილეო შემოსძახეს.

* * *

ჩემო პატარებო, გინდათ, თქვენც მოხვდეთ ტყის ზეიმზე? მაშინ, მოდი, ასე მოვილაპარაკოთ, საახალწლოდ თქვენს მშობლებს ხელოვნური ნაძვების ყიდვა სთხოვეთ, რომ ნამდვილი ხეების სიკვდილმა არც ადგილის დედა აატიროს და არც -მათი მეგობრები.