THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თეა თოფურია

ახალ წელთან ვიზიტი

მაგიდაზე შოკოლადი,
მაგიდასთან ნაძვის ხე,
ნაძვის ხეზეც შოკოლადი,
ნაძვის ხის წინ კატა -
ზის და ბურთებს,
შუშის ბურთებს, თათით ეთამაშება.
გაიკვანძა კუდზე ბანტი
ამ წლის პატივსაცემად.
ნაძვის ხეზე შოკოლადი,
ნაძვის ხესთან კატა.
ბავშვებს უკვე ეძინებათ,
მაგრამ რაღა დარჩა?!
სულ ცოტაც და, ჰპირდებიან,
ახალი წლის მოსვლას,
როცა მოვა, შოკოლადს და
ანანასს და
მოცხარს,
უფრო სწორად, მოცხრის ჩაის
(ჯერ ადრეა ღვინო).
ეხუჭება უმცროსს თვალი,
ცდილობს, გაიღვიძოს.
- იქნებ, მართლა ჯობია, რომ
წავიდეთ და დავწვეთ?
გავიგე, ახალი წელი
არ მოვაო ამ წელს.
ან რით მოვა?
ყველა მძღოლი შინაა
და ტაქსი
(უბრალო თუ სამარშრუტო)
უყენია სახლში.
იქნებ, მართლაც ვეღარ მოდის?!
ჯობია, რომ ავდგეთ
და ახალ წელს
სადაც არის მივაკითხოთ მანდვე.
- იქნებ მართლა, -
აკატუნებს თავს უფროსიც ხშირად.
უფროსია, მაგრამ ისიც პატარა და ციდა.
- აბა, როგორ?
- როგორც აგერ.
- აგერ, როგორ?
- ასე!
- არც ცხენი გვყავს, არც მანქანა
მოჩანს სადმე გზაზე.
- ფეხით წავალთ ახალ წელთან
ჩვენ, დედა და მამა,
ჩაიდანი ლიმონით და
მაგიდა და ყავა;
დანა,
კოვზი,
ხელსახოცი
(ვარდები აქვს კანტად),
ნაძვის ხე
და ნაძვის ხის წინ მოთამაშე კატა.