THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მხიარული დამბაჩა,

ანუ ენკი, ბენკი, სიკლისას და ბას საახალწლო ზღაპარი

მიხო მოსულიშვილი

(ერთმოქმედებიანი პიესა ათი სიმღერის თანხლებით)

მოქმედებენ:
1. სიკლისა - სიკეთის ფერია, ენკის და ბენკის დედა.
2. ბა - ბრძენი და მძინარა ბუ, ენკის და ბენკის მამა.
3. ენკი - საათის პატარა ისარი, ბიჭი.
4. ბენკი - საათის დიდი ისარი, გოგო.
5. ნიშხა - კულტურული ურჩხული.
6. ლუკა - ღარიბი და ობოლი ბიჭი, ბარბალუკას უფროსი ძმა.
7. ბარბალუკა -ღარიბი და ობოლი გოგო, ლუკას უმცროსი და.
8. თოვლის ბებია.
9. თოვლის პაპა.
10. ანუკა - ლევანუკას უფროსი და.
11. ლევანუკა - ანუკას უმცროსი ძმა.
12. დე - ანუკას და ლევანუკას შეძლებული დედა.
13. მა - ანუკას და ლევანუკას შეძლებული მამა.
14. მხიარული დამბაჩა - ზოგჯერ ლაპარაკობს კიდეც.
საახალწლო კარნავალზე დაპატიჟებული ბავშვები, რომლებიც ცეკვით ასრულებენ:
საახალწლო სუფრის ცალკეულ ნუგბართა `როლებს~: ტორტს, ბანანს, შოკოლადს, გოზინაყს, ფორთოხალს, ჩურჩხელას, მანდარინს, ვაშლს, მსხალს...
ფლორა-ფაუნის წარმომადგენელთა `როლებს~: გვირილას, ყაყაჩოს, ვარდს, ლომს, ჟირაფს, მგელს, ზებრას, მელიას, კენგურუს, პინგვინს, კაჭკაჭს, კურდღელს, ყვავს, კალიას, პეპელას, ფუტკარს...
მოქმედების ადგილი - ჩვენი ქალაქის ერთი სახლი.
მოქმედების დრო - ახალი წლის წინა საათი.
დეკორაცია:
სცენას გარშემო უვლის სარკეები, რომლებსაც თოვლის ფიფქები ახატია. სხვადასხვა ადგილებზე დგას მანეკენები, რომლებსაც აცვიათ ბავშვების საყვარელი პერსონაჟების კოსტუმები - ფიფქიას, თოვლის პაპის, დევის, ნაცარქექიას, მასხარას, კარლსონის, კლოუნის, ბურატინოს, ლუარსაბის, დარეჯანის, კონკიას, შერლოკ ჰოლმსის, დოქტორ ვატსონის, პეპი-გრძელიწინდას, ჩექმებიანი კატის, დ,არტანიანის და ასე შემდეგ.
სცენის სიღრმეში დგას ვეებერთელა კარადისხელა საათი, რომლის წიკწიკი თანდათან ძლიერდება.
შორიდან ისმის ბავშვების სიმღერა:
`ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, ბა...
გა-ვი-და~.
ბა - (საათის ფანჯარას გამოაღებს, თავს გამოყოფს და კაცის ნამძინარევი ხმით        ამბობს) რაო? რაო? გავიდაო?! ჰეი, ბენკი, სად ხარ?
ბენკი - (საათის დიდი ისარი, გოგონას წკრიალა ხმით) მე თორმეტს ვუახლოვდები, ცოტაღა დამრჩა!
ბა - ვაიმე, ვაიმე! ენკი, შენ სად Dდგახარ?
ენკი - (საათის პატარა ისარი, ბიჭის ხმით) მე კი ლამის თერთმეტთან მივიდე!
ბა - ნუ, რა არის ეს, სიკლისა?! ხომ გაგაფრთხილე, ადრე გამაღვიძე მეთქი! შენ იმდენს იზამ, გამოგვეპარება ახალი წელი!
სიკლისა - (ქალის ნაზი და მშვიდი ხმით) შენ არხეინად იყავი, ბა, ჩვენ არაფერი გამოგვეპარება! ხომ ფხიზლად ხართ, ჩემო პატარებო?
ბენკი - მე თორმეტთან მივედი!
ენკი - მე თერთმეტს გავუსწორდი!
სიკლისა - აბა, შემოსძახე, ბა!
ბა - (თერთმეტჯერ იძახის) ბაა-ბა, ბა-ბაა, ბაა-ბა, ბა-ბაა!.. (მერე წიკწიკის ფონზე აგრძელებს) კიდევ რაღაც უნდა მეთქვა... (პაუზა). ჰო, გამარჯობა, ბავშვებო! (პაუზა, ამთქნარებს) აი, სულ ამ დღეში ვარ, სულ ამ დღეში!.. ძილს არ მაცლიან ენკი, ბენკი და სიკლისა... გამაღვიძებენ და რამდენი საათიც გახდება, მეც იმდენჯერ უნდა დავიძახო ეს ოხერი `ბაა-ბა, ბა-ბაა!~ (პაუზა) უჰ, რამდენი ვილაპარაკე! (ისევ მოისმის ბავშვების სიმღერა - `ენკი, ბენკი, სიკლისა, ენკი, ბენკი, ბა... გა-ვი-და~) ნეტავი, ამათ რაღა მოუვიდათ, წარა-მარა გვიმღერიან და გვახსენებენ, გავიდაო! თითქოს, ჩვენ არ ვიცოდეთ! (პაუზა) კიდევ რა უნდა მეთქვა? (პაუზა) ეჰ, წავალ, დავიძინებ!..
(ამ დროს კარადა-საათის კარი იხსნება, იქიდან ჯერ ბენკი გადმოხტება ლამაზი კაბით, მერე გადმონარნარდება სიკლისა, რომელსაც შუბლზე ვერცხლისფერი ციფერბლატი ამაგრია).
სიკლისა - (ბას) სად მიდიხარ?
ბა - როგორთუ სად?.. უნდა დავიძინო!
სიკლისა - ესე იგი, გადაგავიწყდა?
ბენკი - (გამოაჯავრებს) მძინარა, მძინარა!
ბა - რა, რა, რა? რა გადამავიწყდა?
ბენკი - რა და, ახალი წელი რომ მოდის!
ბა - ჯერ ერთი, ეგ მე თვითონ ვთქვი წეღან და მეორეც, - მოდის და მოდის, მერე რა, რა, რა?
სიკლისა - რას ამბობ, ბა?!
ბა - დიდი ამბავი, თუ მოდის!.. გამაღვიძეთ და მეც თორმეტჯერ დავიძახებ `ბაა-ბას~, მეტი რაღა ვქნა?! უჰ, რამდენი ვილაპარაკე! აბა, წავედი და წყნარად იყავით, არ გამაღვიძოთ!
ბენკი - მერე, ზღაპარი?
ბა - რომელი ზღაპარი?
სიკლისა - არა გრცხენია, ბა?
ბენკი - კარგი რა, ბა!.. გინდა, თავიდან გაგებუტო? გინდა? ხომ დაგვპირდი, საახალწლო ზღაპარს მოგიყვებითო?! ხომ დაგვპირდი?
ბა - მე დაგპირდით?
ბენკი - კარგი რა, ბა! შენ ხომ კეთილი და ბრძენი და ჭკვიანი ბუ ხარ!
ბა - (სიამაყით) ჰოო, ეგ კი მართალი თქვი - ჭკვიანიც ვარ, ბრძენიც ვარ და ის მესამეც და კიდევ ბევრი სხვაც... აი, მაგალითად... მაგალითად... სიკლისა, კიდევ როგორი ვარ?
სიკლისა - შენ კიდევ ბევრნაირი ხარ, მაგრამ, რაც მთავარია, შენ ხარ...
ბა - რა, რა, რა ვარ?
სიკლისა - შეპირებული ზღაპარი?
ბა - შენ მითხარი და მე აუცილებლად გიამბობთ, ყოველ-მიზეზ-გარეშე!
სიკლისა - მართლა?
ბა - ყოველ-მიზეზ-გარეშე მეთქი!
სიკლისა - შენ ხარ მეტად გონიერი და ერთობ ჯომარდი!
ბა - (სიამაყით) აი, აი, ხედავთ? მეტად გონიერიო და... სიკლისა, ჯომარდი რა არის?
ბენკი - (სიკლისას) არ უთხრა, ჯერ ზღაპარი! თორემ, მართლა გავებუტები!
ბა - რატომ უნდა გამებუტო, ბენკი, გენაცვალე, მე ზღაპრისა თავი და ბოლო ვიცი მარტო, დანარჩენს დედათქვენი მოგიყვებათ, ხომ იცი, ეგ როგორი ტურფა და კოკროჭინა და ზღაპრია ვიღაცაა?.. კარგი რა, ბენკი... კარგი რაა... აი, ახლავე დავიწყებ... აბა, ყური დამიგდე... (იწყებს ბოხი ხმით) იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი... (ჩვეულებრივი ხმით) მერე ტურფა და კოკროჭინა და ზღაპრია სიკლისა გააგრძელებს!.. ვაიმე, ვაიმე, ეს რამდენი ვილაპარაკე, სულ გამოვფხიზლდი! მოკლედ, ახლა მე წავალ, წამოვწვები და ისე მოგისმენთ და რომ დამთავრდება, დამიძახეთ და მე დავაბოლოვებ... მე ისეთი ჯომარდი ვინმე ვარ, სამნაირი დამთავრება ვიცი!.. აბა, თქვენ იცით! (მიიმალება საათის ფანჯარაში).
ბენკი - ეგ არც კეთილია, არც ბრძენი, არც ჭკვიანი, არც გონიერი და არც ჯომარდი! ეგ ერთი მძინარა ბუა და მეტი არაფერი!
სიკლისა - კარგი ერთი... არ იცი მაგისი ხასიათი? დაწვება და ხვრინვასავით ამოუშვებს წიკწიკს... შენ ის თქვი, ენკი რატომ არ გამოვიდა?
ბენკი - აბა, რა ვიცი? (ეძახის) ენკი! ენკი! (საათში შევა და გამოიყვანს ხელჩაკიდებულ ენკის).
სიკლისა - რა იყო, ენკი, რა მოგივიდა?
ბენკი - რატომ თავიდანვე არ გამოგვყევი?
ენკი - რატომ და იმიტომ!
ბენკი - შენ რა, ჩემს მაგივრად იბუტები? უთხარი რა, სიკლისა! თუ ზღაპარზე დარდობ, იცოდე, რომ ჩვენი ტურფა და კოკროჭინა და ზღაპრია სიკლისა მოგვიყვება!
სიკლისა - (ენკის) აბა, გვითხარი, რა მოგივიდა, ჩვენო მოკლეკუდავ?
ბენკი - (ეცინება) მოკლეკუდა?!
ენკი - მე სულაც არა ვარ მოკლეკუდა და არაფერიც არ მომივიდა!
ბენკი - მერე რა მოხდა, შენ მოკლეკუდა იყავი, მე გრძელკუდა ვიქნები! ნახე, რა გრძელი კუდი მაქვს! (კაბას კუდივით იქნევს).
ენკი - (ეცინება) გრძელკუდა!
ბენკი - (სიკლისას) აი, გაეცინა! ხომ კარგი ბიჭია?
ენკი - (მოიწყენს) ვარ, მაგრამ...
ბენკი - მაგრამ, რა?
ენკი - დარდიანი ვარ.
სიკლისა - რატომ, ჩემო კარგო, რამ დაგადარდიანა?
ენკი - რამ და... მალე ახალი წელი მოვა...
ბენკი - ეგ ხომ უნდა გიხაროდეს?!
სიკლისა - ყველას გვიხარია და შენ რა მოგივიდა?
ენკი - რა მომივიდა და ის მომივიდა, რომ ახალი წელი ყველას ერთნაირად არ უხარია!
ბენკი - რატომ არ უხარია?
ენკი - იმიტომ, რომ არიან მდიდარი ბავშვები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ და არიან ღარიბი ბავშვებიც... იმათ ბევრი არაფერი ექნებათ... აი, რამ დამადარდიანა!
ბენკი - მერე რა მოხდა, განა მდიდარი ბავშვები ბოროტები არიან, ადგებიან და საჩუქრებს გაუგზავნიან ღარიბ ბავშვებს ან მოიპატიჟებენ და ყველას ერთნაირად გაუხარდება. ახალი წელი ხომ ყველასია - ღარიბებისაც და მდიდრებისაც!
ენკი - მდიდრები ბოროტები არიან, რადგან ყველაფერი აქვთ. ღარიბებს კი არაფერი აბადიათ და კეთილები არიან.
ბენკი - რა, არ შეიძლება მდიდარი ბავშვი იყოს კეთილი ან ღარიბი ბავშვი - ბოროტი?! სიღარიბე და სიმდიდრე აქ რა შუაშია? ასე არ არის, სიკლისა?
სიკლისა - მოდით, თქვენი დავა ცოტა ხნით გადავდოთ და ერთი ზღაპარი ვაჩვენოთ ბავშვებს...
ენკი - ახალი წლის მოსვლამდე მოვასწრებთ?
ბენკი - როგორ ვერ მოვასწრებთ! მე ჯერ ორიანთან ვარ, შენ კი ისევ თერთმეტთან დგახარ!
ენკი - რა თერთმეტი, უკვე გადავცდი!
სიკლისა - თუ ასე იდავებთ, მართლა ვერ მოვასწრებთ! არადა, სწორედ საახალწლო ზღაპარია...
ბენკი - ენკი ხომ მოკლეკუდაა, მე გრძელკუდა... მოდი, შენ ზღაპრიკუდა იყავი და გვაჩვენე.
ენკი - ზღაპიკუდა არა, მელაკუდა! სულ იგონებს და იგონებს!
ბენკი - აუ, როგორ მაინტერესებს! რაზეა ზღაპარი?
ენკი - ვნახავთ და გავიგებთ, ვეღარ უნდა მოითმინო?
სიკლისა - რაზეა და, მოვა თუ არა ახალი წელი!
ბენკი - და რა ჰქვია?
ენკი - მე რა ვიცი?
სიკლისა - მხიარული დამბაჩა, ანუ ენკი, ბენკი, სიკლისას და ბას საახალწლო ზღაპარი.
ენკი - როგორი დამბაჩაო?
ბენკი - მხიარულიო! ვერ უნდა ისწავლო მოსმენა?
ენკი - მხიარული დამბაჩა არსად გამიგია!
ბენკი - ჰოდა, ახლა გაიგებ! მაშ, ასე. ბამ უკვე დაიწყო ჩვენი ზღაპარი - იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო...
სიკლისა - იყო ერთი მხიარული დამბაჩა, რომელიც ჩვენი ქალაქის ერთი უბნის ერთი ქუჩის Eერთი სახლის Eერთი ბინის თოვლის ბებიას ძველისძველ სკივრში ინახებოდა და თოვლის პაპას ეკუთვნოდა... (საათის წიკწიკი, ფონად რომ მიყვებოდა მათ ლაპარაკს, წყდება).
(შემოდის ანუკას და ლევანუკას დედა, დააბიჯებს მანეკენებში, ტანსაცმელს უსწორებს მოდელებს. შემოდის ანუკა, მას მოჰყვებიან ბავშვები - `ფლორა-ფაუნა~ და `ნუგბარები~).
ანუკა - რა ქენი, დე, ყველას ჩააცვი?
დე - კი, დე! კი, ჩემო მშვენიერო! ახლა უკვე საბოლოოდ ვამოწმებ!
ანუკა - ნახეთ, ბავშვებო, რა ლამაზები არიან! დევი! დონ-კიხოტი! ნაცარქექია! კარლსონი! ეს ლუარსაბი ხომ ყველაზე სასაცილოა! ესეც დ,არტანიანი! (დეს აკოცებს) დიდი მადლობა, დე!
დე - შენც ძალიან საყვარელი ხარ ამ თეთრ კაბაში! და ბავშვებსაც მშვენიერი კოსტუმები აცვიათ!..
ანუკა - დე, მა სად არის, არ იცი? მინდა, იმანაც მნახოს!
(ამ დროს ჭერიდან თოკი ჩამოვარდება, ჩამოეკიდება და ჩამოეშვება ანუკას და ლევანუკას მა).
მა - ყველაფერი მზად არის, ბუ რომ თორმეტჯერ დაიძახებს, მაღლიდან ნელა-ნალა ჩამოეშვება მორთული და მოხატული, კოხტა და ლამაზი... აბა, თუ მიხვდებით, რა?
ანუკა - რა და, ნაძვის ხე! აუ, რა მაგარი მა ხარ! (ჰკოცნის მას).
მა - ეს რა ლამაზი კაბა გაცვია! შენ ნამდვილად კარნავალის დედოფალი გახდები!
დე - (მას) ახლა სიკლისაზეც უთხარი ბავშვებს.
მა - (ჯიბიდან ფურცელს ამოიღებს, გაშლის) აი, თქვენ რომ ენკი, ბენკი და სიკლისას მღერით, ნახეთ, ვინ ყოფილა...
(შემოდის ხურჯინიანი თოვლის პაპა. უკან წიოკობით მოსდევვს თოვლის ბებია და მოოქროვილ, ფართოპირიან დამბაჩას აჩეჩებს).
ბებია - წაიღე, კაცო! წაიღე მეთქი!
პაპა - არ მინდა მეთქი, ქალო!
ბებია - წაიღე, ვინმემ არ გაისროლოს!
პაპა - რას ამბობ, ქალო! მაგას ჩემს გარდა კაციშვილი ვერ გაისვრის! ისე გაიჩხაკუნებს და, რაც მოუვა, საკუთარ თავს დააბრალოს! ხომ იცი, რა მხიარული დამბაჩაა!
ბებია - აი, მაგ ტყუილად გაჩხაკუნებისა უფრო მეშინია! ნეტავი, მუზეუმში მაინც ჩაგვებარებინა!
პაპა - რას ამბობ, ქალო! ამით თუ არ მოგილოცეთ, რაღა ახალი წელი იქნება? მე მალე მოვალ, ჩემებურად დავტენი და ისეთს დავაჭექებ, ცამ ქუხილი დაიწყოს!
ბებია - უკვე იმდენი დალიე, აღარაფერი გესმის და რომ დაბრუნდები, დამბაჩა გაგახსენდება?
პაპა - ისე გამახსენდება, რომ შენი მოწონებული! შენ არხეინად იყავი!
მა - აბა, ყველამ მომისმინეთ! (პაუზა) თქენ რომ ენკი, ბენკი, სიკლისას მღერით, აი, რა წერია ენციკლოპედიაში სიკლისაზე - სიკილა, სიკლი აქემენიდური ირანის ვერცხლის მონეტა ყოფილა ძველად.  ერთ მხარეს იმ მონეტაზე ეხატა ცალ ფეხზე დაჩოქილი, წვეროსანი, გრძელსამოსიანი მეფე, რომელსაც ხელში შუბი ეჭირა. ხოლო მონეტის მეორე მხარეს კი სწორკუთხედი... მე ძალიან ბევრი ვიანგარიშე კალკულატორზე და გამოვითვალე, რომ ერთი სიკილა ყოფილა 228 შემოდგომის ქერის მარცვლის, იგივე ქრთილის მარცვლის წონა. გასაგებია?
ანუკა - გასაგებია, აბა, რა, მა! აი, მე უკვე დავიმახსოვრე - 228 ქრთილი!
მა - ჰოდა, ძალიან კარგი. დანარჩენს სხვა დროს აგიხსნით.
(საათის წიკწიკის ფონზე)
ბენკი - (სიკლისას) დედიკო, შენი მამიკო წვერიანი და შუბიანი მეფე იყო?
ენკი - და შენ 228 ქერის მარცვლის წონა ხარ? და ვერცხლის მონეტა რომ არა ხარ?
ბენკი - დე, შენ თუ მეფის შვილი ხარ, მაშინ დედოფალი ყოფილხარ და მე და ენკიც პრინცესა და უფლისწული გამოვდივართ!
სიკლისა - მართალი თქვა, მეფის შვილი ვიყავი, მაგრამ ახლა კეთილი ფერია ვარ და რადაც მინდა, იმად ვიქცევი.
ენკი - დედოფლობას ისევ ფერიობა სჯობს!
ბენკი - მოდი, იმ მეფეზე მოგვიყევი და მერე რომ ფერია გახდი!
ენკი - მერე, მხიარული დამბაჩა?
ბენკი - კარგი, ისევ მხიარული დამბაჩა განვაგრძოთ!
სიკლისა - თქვენ რას იტყვით, ბავშვებო, განვაგრძოთ?
ბავშვები - განვაგრძოთ!
(საათის წიკწიკი წყდება).
მა - (პაპას) აბა, შენ იცი, ყველაფერი მზადაა!
პაპა - მანქანა გამოვიდა?
ბებია - მანქანა კი არა, მარხილი!
პაპა - ჰო, მარხილი, ბენზინის ძრავით.
მა - ახლავე! (მობილურ ტელეფონს ამოიღებს, დარეკავს) ალო! მე ვარ! უკვე დროა... შეთანხმებული მარშრუტით იმოძრავებთ... გიცდით. (გამორთავს მობილურს, იქვე, მაგიდაზე დადებს).
პაპა - წამოვიდნენ?
მა - ცოტა ხანში აქ გაჩნდებიან. საჩუქრები დატვირთულია. ჯერ უდედმამო ბავშვთა სახლში მიხვალთ და მერე, როცა დაგირეკავთ, აქეთ გამოსწევთ.
პაპა - აბა, ჭკუით იყავით,პატარებო, მე მალე მოვალ! (გადის. დე და მა გაჰყვებიან. მას მობილური მაგიდაზე რჩება).
ბებია - ანუკა, შვილო, მეც წავედი... მეორე ლექსი დამრჩა დასაწერი... (გადის თავისი დამბაჩიანად).
(შემოდის ლევანუკა, ქვაბუნა ქუდით, შავი პიჯაკით)
ანუკა - ეს რა დაგიხურავს, შენ ვინ იქნები?
ლევანუკა - მალე გაიგებ, ვინც ვიქნები!
ანუკა - არც კი მაინტერესებს! (კარნავალის ბავშვებს მიუბრუნდება. ლევანუკა მაგიდაზე მობილურს შეამჩნევს, ჩუმად აიღებს და ჯიბეში ჩაიდებს) ბავშვებო, აბა, ახლა ჩემი სიმღერა მოისმინეთ!
ანუკას სიმღერა
(პირველი სიმღერა)
საახალწლო კარნავალი
რომ გავმართოთ, ამას რა სჯობს?
გავახაროთ ყველა ანცი,
ცელქი, ცქვიტი, სადარაჯო!
მოვიწვიოთ თოვლის პაპა,
რა თქმა უნდა, ბებიაც...
იყოს ცეკვა, ნამცხვრის ყლაპვა...
გვიგალობოს მზეწვიამ.
დავპატიჟოთ მორიდებით:
ციყვები და ყურცქვიტები,
ზებრები და ჟირაფები,
ყვავები და გულწითლები.
წამყვანები შოუებით,
ალქაჯები, მასხარები,
ჯამბაზები, კლოუნები,
ასფურცელა, ბაყბაყდევი.
ლუარსაბი დარეჯანით,
ტარიელი ნესტანითა,
დონ კიხოტი ტობოსელით,
სანჩო პანსა სახედრითა.
აქ მოვიდნენ აღტაცებით:
ტორტები და ბანანები,
ჩურჩხელები, თაფლაკვერი,
შოკოლადი, კარამელი...
მე ვიქნები დედოფალი,
მეყოლება შვიდი ჯუჯა...
ნეტავ, კარნავალის მეფედ
ერთხმად აირჩიონ ლუკა.
მერე ვეღარ დაგვცინებენ:
`გაიმართა კარნავალი,
იწილითა, ბიწილითა,
ფეხმოტეხილ წიწილითა.
თაგვი მაყრულს ეუბნება,
კატა კვდება სიცილითა~.
(მოწყენილი ლევანუკა მანეკენებში დადის. შემოდის კონკიას კოსტუმში ჩაცმული ბარბალუკა).
ანუკა - რა კარგია, რომ მოხვედი. შენი სიმღერის დრო დადგა.
ბარბალუკა - მეც ავდგები და ვიმღერებ!
ანუკა - რატომ ფიფქიას კოსტუმი არ ჩაიცვი?
ბარბალუკა - მერე ჩავიცმევ, ახლა კი კოლეჯის სიმღერას ეს უფრო მოუხდება.
ანუკა - ჟინგლე Bელლს. მუსიკა!
ბარბალუკა - (მღერის)
                   
Dანსინგ ტჰრო, ტჰე სნოწ
Iნ ა ონე ჰორს ოპენ სლეიგჰ;
O,ერ ტჰე ფიელდს წე გო
Lაუგჰინგ ალლ ტჰე წაყ;
Bელლს ონ ბობტაილ რინგ,
Mაკინგ სპირიტს ბრიგჰტ;
ჭჰატ ფუნ იტ ის ტო რიდე
ანდ სიგნ ა სლეიგჰინგ სონგ ტო ნიგჰტ!
ჟინგლე ბელლს, ჟინგლე ბელლს, ჟინგლე ალლ ტჰე წაყ!
Oჰ! წჰატ ფუნ იტ ის ტო რიგე.
Iნ ა ონე ჰორსე ოპენ სლეიგჰ!
ჟინგლე ბელლე, ჟინგლე ბელლე, ჟინგლე ალლ ტჰე წაყ!
Oჰ! წჰატ ფუნ იტ ის ტო რიდე
Iნ ა ონე ჰორს ოპენ სლეიგჰ!
A დაყ ორ ტწო აგო,
I ტჰოუგჰტ I,დ ტაკე ა რიდე;
Aნდ სოონ Mისს Fანნყ Bრიგჰტ
ჭას სეატედ ბყ მყ სიდე;
თჰე ჰორსე წას ლეამ ანდ ლანკ,
Mიტფორტუნე სეემ,დ ჰის ლოტ,
Hე გოტ ინტო ა დრიფტენ ბანკ
ანდ ტჰენ უს გოტ უპსოტ!
ანუკა - ქართულად ასე იქნება:
რეკენ ზარები
(მეორე სიმღერა)
მივფრინავთ თოვლში
თეთრი მარხილით,
სიცილ-კისკისით
მინდვრებს გავივლით
და ცხენის კუდზე ზანზალაკები -
სიხარულები ახალ-ახლები!

რეკენ ზარები, ზარები რეკენ,
მთელი გზა რეკენ!
გადარეული თეთრი ბექები
ჩვენსკენ მოხტიან,
პირდაპირ ჩვენსკენ!
რეკენ ზარები, ზარები რეკენ,
მთელი გზა რეკენ!
გუშინ ვიფიქრე - ეგება თოვლში
ბევრიც ვიქროლო, რა იცი?
მოვიხედე და ღია მარხილში
ჩემს გვერდით იჯდა ფანი ბრაიტი...
მიქროლავს ცხენი! - ამაზე მეტი
არა მინდა რა!
გზად ორმო შეხვდა,
ფეხი ჩაჰკრა და აგვაყირავა! 
                                                                                         
რეკენ ზარები, ზარები რეკენ,
მთელი გზა რეკენ!
გადარეული თეთრი ბექები
ჩვენსკენ მოხტიან,
პირდაპირ ჩვენსკენ!
რეკენ ზარები, ზარები რეკენ,
მთელი გზა რეკენ!
ანუკა - ახლა, სანამ დამალობანას დავიწყებთ, გათვლები ვთქვათ. ვნახოთ, რა ვისწავლეთ... აბა, შენ `ტორტო~!
`ტორტი~ -           
ანიცა, ბანიცა, კურდღელი გაიქცა.
თოფი ვვესროლე, პირქვე წაიქცა.
-რა ღირს სტაფილო?
-ათი შაური!
-დამპიტაური, დიმპიტაური!
ანუკა - კარგია! აბა, შენ ფორთოხალო!
`ფორთოხალი~ -     
აცა-ბაცა, ბაცანიკი,
ძუაგრძელი, საკვეცელი.
იწერ-ბუწერ, ტყვეპი, კვაჭი.
გიოღური, გიაჩხური,
ვაძირი და აში მორთი -
დააკვირდი, დააცივდი,
ვერ ნახე და აქეთ მოდი.
ანუკა - შენ, ბარბალუკა?
ბარბალუკა -        
ნიშხა-ნიშხა, ბარბალუკა.
-ქალი ვინა?
-ჩვენ გახლავართ!
მობრძანდით და მზად გახლავართ!
ანუკა - შენ, ვაშლო?
`ვაშლი~ - 
         
წითელი ვაშლი გაგორდა,
შენ თუ მე,
შენ დაიხუჭე!
ანუკა - კალია!
`კალია~ - 
         
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა,
ცხრა, ათი, თერთმეტი...
ყველა გადის შენს მეტი.
ანუკა - ახლა ჩემი ჯერია!
                    
იწილო, ბიწილო,
შროშანო, გვრიტინო,
ალხო, მალხო, ჩიტმა გნახოს.
შენი ფეხი, ფეხმანდუკი,
შიკოჭური, კალმახური.
აბდა, უბდა, გადასკუპდა.
ჭრელა, ჭრულა კატა სკუპდა.
აჯექ, მაჯექ, მეფევ ჩაჯექ!
პატარძალო, ფეხზე ადექ!
ბარბალუკა - ეგეც მოგვეწონა!
ანუკა - ახლა კი სიმღერით მივდივართ! (ყველანი მღერიან და ასე გადიან სცენიდან)
ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, ბა.
გა-ვი-და!
ლევანუკა - (გამოდის მანეკენებიდან და ანუკას გამოაჯავრებს) `შიკოჭური, კალმახური~! `შროშანო, გვრიტინო~! ნეტავი, ლუკა გახდეს კარნავალის მეფეო! მაგასაც ვნახავთ! (ჯიბიდან ჩიბუხს ამოიღებს) მობილურიც ხომ ვიშოვე! (ვითომ ჩიბუხს აბოლებს) ხომ ვგავარ შერლოკ ჰოლმსს? ვგავარ და უფრო მეტად მაშინ ვემგვანები, მხიარულ დამბაჩასაც რომ ვიშოვნი! (წასვლას აპირებს) თუმცა, მოიცა... აბა, მეც მომისმინეთ!
ლევანუკას სიმღერა
(მესამე სიმღერა)
                    
მე ვარ ბიჭი ლევანუკა,
უსაქმურად მე ვერ ვივლი.
ვაჟკაცობა მაშინ უნდა,
თუ ხარ კერძო დეტექტივი!
შერლოკ ჰოლმსი უნდა გავხდე,
თავის ფათერაკებითა.
უცნაურ ნაკვალევს წავყვე,
ძაღლი ვნახო ბასკერვილთა.
დოქტორ ვატსონ იქვე მყავდეს,
ექიმი და მეგობარი. 
ძაღლი ანათებდეს ღამეს,
საზარელი მეომარი.
რევოლვრებით მოვკლავთ ურჩხულს,
ბედო, ჩვენსკენ მოტრიალდი!
პატრონს გადავჩეხავ უფსკრულს,
ის იქნება მორიარტი!
მერე დავბრუნდებით ლონდონს,
ერთად მივუსხდებით ბუხარს...
ვლოცავ ვიოლინოს მომგონს,
ჰანგებს ავაკვნესებ მწუხარს.
და იქვე, სადღაც, ახლოს,
იმ სახლის ბუზღუნა პატრონს,
მოვუხმობთ მისის ჰადსონს,
იმისმა ჩაიმ რომ გვარგოს.
ვატსონი იკითხავს გაზეთს,
მე კი გავაბოლებ ჩიბუხს.
ვიდრე არ მოვა მაცნე,
საქმეზე გავწევთ იმ წუთს.
მე ვარ ბიჭი ლევანუკა,
უსაქმურად მე ვერ ვივლი.
ვაჟკაცობა მაშინ უნდა,
თუ ხარ კერძო დეტექტივი.
(გადის სცენიდან. საათის წიკწიკის ფონზე)
ბენკი - ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ იქნებ ლუკაც გამაცნოთ?
სიკლისა - ცოტა მოითმინე და იმასაც ვნახავთ.
ენკი - აი, ეს კი ის მხიარული დამბაჩაა, ლევანუკა რომ უპირებს მოპარვას?
სიკლისა - ის არის!
ენკი - რატომ არის მხიარული?
სიკლისა - ცოტა შენც მოითმინე და გაიგებ! აგერ, ლუკა მოდის!
(საათის წიკწიკი შეწყდება, გამოდის მოწყენილი ლუკა, უკან მოსდევს ბარბალუკა ისევ კონკიას კოსტუმში)
ბარბალუკა - (წინ დაუდგება, დატრიალდება) ლუკა, ლუკა, ხომ მიხდება?
ლუკა - აბა, მე რა ვიცი?
ბარბალუკა - ესე იგი, ძალიან მიხდება! ბებიამ თავისი ძველი კაბა დაშალა და ისე შემიკერა! ხომ ლამაზია?
ლუკა - ფიფქიას კოსტუმი არ უნდა გცმოდა?
ბარბალუკა - ანუკამაც ეგ მისაყვედურა! (პაუზა). ვეღარ მიყიდა პაპამ, ფული არ ეყო... მერე რა მოხდა, ესეც ძალიან მიხდება, არა, ლუკა?
ლუკა - ჰო, მაინც ძალიან გიხდება! (შეათვალიერებს დ,არტანიანის კოსტუმს).
ბარბალუკა - ვაიმე, ესე იგი, არ მიხდება!.. თუ შენ ცუდ გუნებაზე ხარ? ჰა? მალე ახალი წელი მოვა, ყველა იმხიარულებს და შენ რატომ არ გიხარია?
ლუკა - მე რა ვიცი?
ბარბალუკა - შენ არაფერი იცი! აი, მე კი ვიცი! შენ დ,არტანიანის კოსტუმი გინდოდა! მაგრამ, რას ვიზამთ... მეორე ახალი წელი რომ მოვა, აუცილებლად გექნება! ახლა კი წამოდი, რამე ძველი მოვძებნოთ პაპის გარდერობში. იქ ისეთი კარგი და მშვენიერი ჯარისკაცის ფარაჯაა, რომ ჭკუიდან გადახვალ! კარტუზიანი ქუდიც არის და მედლებიც! არ გინდა, ჯარისკაცი იყო?
ლუკა - არა, არ მინდა!
ბარბალუკა - აბა, ასე ხომ არ გამოხვალ კარნავალზე?
ლუკა - სულ არ გამოვალ! (გარბის სცენიდან).
ბარბალუკა - მოიცა! სად გარბიხარ?! (დაედევნება. ისევ უკან მობრუნდება და ჩაფიქრებული ათვალიერებს მანეკენს დ,არტანიანის კოსტუმში).
(საათის წიკწიკის ფონზე)
სიკლისა - თქვენ როგორ გგონიათ, ჩემო პატარებო, რას ფიქრობს ბარბალუკა? რატომ ათვალიერებს დ,არტანიანის კოსტუმს?
ენკი - ალბათ, ნატრობს, ნეტავი, მომცა, ჩემს ძმას მივუტანდიო!
ბენკი - ან ფული მქონდეს, ვიყიდდი, ჩავაცმევდი და ლუკა კარნავალზე მოვიდოდაო!
სიკლისა - რა ვქნა, როგორ მოვიქცეო? ავდგები და მოვიპარავო!
ენკი - მოპარვა რომ არ შეიძლება?!
ბენკი - ქურდობა ხომ ცუდია?!
სიკლისა - ეს ქურდობა არ არისო, ფიქრობს ბარბალუკა, ჩუმად წავიღებ და ჩუმადვე დავაბრუნებ უკანო! ვერავინ გაიგებსო!
ენკი - მოპარვა მაინც არ შეიძლება!
ბენკი - რომ მივიდეს და სთხოვოს ანუკას და ლევანუკას მას და დეს, ხომ ათხოვებენ?
ენკი - კარგი ხალხია, შეიძლება ათხოვონ კიდეც!
სიკლისა - მაგრამ, შეხედეთ. მანეკენს მიუახლოვდა... სწრაფად გახადა მოსასხამი! (ბარბალუკა რეპლიკების შესაბამისად მოქმედებს).
ბენკი - ქუდი მოხადა ბუმბულიანი!
ენკი - ხმალიც შემოხსნა!
ბენკი - სულ გააშიშვლა დ,არტანიანი!
ენკი - ახლა ჩაფიქრდა...
სიკლისა - რაღა კონკია ვიყო, მოდი, ჩემთვის კიდევ ფიფქიას კაბას ვითხოვო, გაიფიქრა და ახლა იმას აშიშვლებს.
(საათის წიკწიკი წყდება).
ლევანუკა - (შემოდის, დაინახავს ბარბალუკას, მანეკენს ეფარება და იქიდან უთვალთვალებს, ჩურჩულით) ქურდი ბაღში, ჩაჰკა თავში, არ გაუშვა თავის სახლში!
(ბარბალუკა ამთავრებს თავის საქმეს, აქეთ-იქით მიმოიხედავს, კოსტუმებს ამოიჩრის იღლიაში და გარბის).
ლევანუკა - Yეს! ძლივს არ გამომიჩნდა ნამდვილი დეტექტივის საქმე?! (გამოდევნებას უპირებს ბარბალუკას, მაგრამ ფეხებში გაებლანდება ხტუნვა-ხტუნვით შემოსული ბაყაყი).
ბაყაყი - ყუა, ყუა, თავში ქვა!
ლევანუკა - სად მოხტიხარ, ქურდი გამექცა!
ბაყაყი - ყუა, ყუა,  თავში ქვა!
ლევანუკა - მე შენ გაჩვენებ! (ამოიღებს ქამარში გაჩრილ მხიარულ დამბაჩას, ჩახმახს შემართავს და დაუმიზნებს).
ბაყაყი - გეხუმრე, არ მესროლო!
ლევანუკა - (სასხლეტს მოქაჩავს) მოკვდი, ბაყაყო!
დამბაჩა - (სროლის მაგივრად მხიარულად გადაიხარხარებს) ხა-ხა-ხაა!
ლევანუკა - ვა, ხარხარებს!
ყვავი - (რომლადაც ბაყაყი გადაიქცა, ფრენით უვლის გარშემო) ყვა-ყვა, ყვაჩალია... ყველი მიყვარს რა ხანია... რა კარგია, რა კარგია!
ლევანუკა - ვაა, ყვავი!.. ეს ბაყაყი არ იყო?!
ყვავი - (ლამის დაეტაკოს ლევანუკას) ყვა-ყვა, ყვაჩალია... ყველი მიყვარს რა ხანია... რა კარგია, რა კარგია!
ლევანუკა - ახლა მაინც გიჩვენებ სეირს! (ისევ შემართავს მხიარულ დამბაჩას და ყვავს დაუმიზნებს).
ყვავი - გეხუმრე, არ მესროლო!
ლევანუკა - (სასხლეტს მოქაჩავს) მოკვდი, ყვავო!
დამბაჩა - (სროლის მაგივრად ჩაიხითხითებს) ხი-ხი-ხიი!
ლევანუკა - (აღშფოთებული) ახლა ხითხითებს!
ფორთოხალი - (რომლადაც ყვავი გადაიქცა, დაგორავს ლევანუკას გარშემო და გაიძახის) ფორთო, ფორთო, ფორთოხალი! მანდარინი როგორ არის?!
ლევანუკა - ასეთი არაფერი მინახავს! (ფორთოხალი ლამის დაეჯახოს) ახლავვე მოგივლი, თავხედო ფორთოხალო! (ჩახმახს შემართავს და ფორთოხალს უნდა ესროლოს).
დამბაჩა - რომ ავდგე და გველად გადავაქციო, ხომ გიკბენს, შე რეგვენო?!
ლევანუკა - (გულგახეთქილს ხელიდან გაუვარდება დამბაჩა) ლაპარაკიც სცოდნია!
დამბაჩა - (ძირს დაცემისას) ბა-ბახ, ბახ-ბახი! ისევ გახდი ბაყაყი!
ბაყაყი - (რომლადაც ფორთოხალი გადაიქცა, მიხტის და ამ სიტყვებით გადის სცენიდან) ყუა-ყუა-ყვი, ლევანუკა იდიოტს თავზე ლაფი დავასხი!
(პაუზა. დაბნეული ლევანუკა წინ და უკან დადის).
ლევანუკა - ამისთანა არაფერი მინახავს, ქურდი გამაშვებინა ხელიდან!.. ახლა კარგად უნდა დავმშვიდდე და შერლოკ ჰოლმსივით ავწონ-დავწონო ყველაფერი! აბა, ვნახოთ, რა ვითარება გვაქვს... ვაა, ეს ვინ ყოფილა!.. ჰო... მოკლედ, ასეა საქმე: ქურდმა ორი კოსტუმი მოიპარა და რას გვკარნახობს უკვდავი დედუქციური მეთოდი? რას და, სახლში წაიღო! უნდა დადგინდეს, რას უზამს ნაქურდალს - ეს ერთი. და მეორეც - ჩემს დეტექტიურ საქმიანობაში ძალიან გამომადგება ეს მხიარული დამბაჩა - ესვრი და ლუკას ანუკად გადააქცევს, ანუკას ბარბალუკად, ბარბალუკას ჩურჩხელად, ჩურჩხელას კი სპილოდ...
დამბაჩა - კი, კი, აბა! სულ შენს ნებაზე ვივლი!
ლევანუკა - შენ ხმა ჩაიკმინდე და ჩემს პიჯაკში დაიმალე! (აიღებს დამბაჩას და შეინახავს). ერთი რამეც მოვიფიქრე! ნიშხას უნდა დავურეკო! (ამოიღებს მობილურს) ცხრა-შვიდი-ხუთი-ნული-ოთხი-ერთი... აიღე, აიღე რა!
ნიშხა - (სცენის მეორე მხარეს ნათდება) ალო, გისმენთ!
ლევანუკა - ერთი შეტყობინება უნდა შეგატყობინოთ!
ნიშხა - ჯერ გამარჯობა უნდა ითქვას!
ლევანუკა - გამარჯობა, ბატონო ნიშხა!
ნიშხა - გაგიმარჯოს, ბატონო ვიღაცავ!
ლევანუკა - შეტყობინება მაქვს თქვენთვის!
ნიშხა - მიდი მერე და შემატყობინე! აბა, ჰე! აბა, ჰო!
ლევანუკა - ჩემმა მეზობელმა ბარბალუკამ დ,არტანიანისა და ფიფქიას კოსტუმები მოიპარა...
ნიშხა - მერედა, შენ იქ იყავი, ამბობ, იმ დროსა და იქამდინა მიუშვი მტერი, რომ ნაქურდალი გაატანევი?!
ლევანუკა - არა, მე მივდევდი, მაგრამ ბაყაყმა გადამიღობა გზა!
ნიშხა - რაო, რაო, ბაყაყიო?
ლევანუკა - მერე ყვავად გადაიქცა, მერე ფორთოხლად, ბოლოს ისევ გაბაყაყდა და ისე წავიდა!
ნიშხა - რა ყვავი, რისი ფორთოხალი, ვინ წავიდა - ვერაფერი გავიგე!
ლევვანუკა - მხიარული დამბაჩა ვესროლე და იმიტომ!
ნიშხა - შენ ეი, ბატონო ვიღაცავ! მოდი, ასე მოვილაპარაკოთ: დამბაჩა, ყვავი, ბაყაყი და ფორთოხალი - არ გვინდა! თუ დედუქციურ მეთოდს გამოვიყენებთ, ამ ურთულეს საქმეში კრიმინალი ისაა, რომ ბარბალიკამ მოიპარა დ,არტანიანის და ფიფქიას კოსტუმები... ახლა მიპასუხე - მართლა მოიპარა თუ ეგეც დაგესიზმრა?
ლევანუკა - მართლა, მართლა!
ნიშხა - არ მატყუებ?
ლევანუკა -  შერლოკ ჰოლმსს გეფიცებით!
ნიშხა - აი, ფიცი მესმის! მერე სად წაიღო, გაყიდა?
ლევანუკა - ჯერ არ ვიცი!
ნიშხა - ჰოდა, იმ ყვავ-ბაყაყებს მოეშვი, უკან გაჰყევი და დამიდგინე, ნაქურდალს რას უზამს! გასაგებია?
ლევანუკა - კი, კი, ახლავე!
ნიშხა - მე ახლავე გამოვდივარ!
(ლევანუკა მობილურს პიჯაკში შეინახავს და გადის. შემოდიან ბებია, ლუკა და ბარბალუკა. ბებია ათვალიერებს ახალ კოსტუმებში ჩაცმულ შვილიშვილებს)
ბარბალუკა - ნახე, რა კარგები ვართ, ხომ გვიხდება, ბებიკო?
ბებია - ძალიან, ბებია გენაცვალოს!.. ერთი ლუკას შეხედე, ნამდვილი მუშკეტერია!
ბარბალუკა - ნამდვილი, ნამდვილი დ,არტანიანი! (გარშემო შემოურბენს).
ბებია - აი, ხომ ხედავთ, რა კეთილშობილი ბავშვია ანუკა - ორივესთვის გვათხოვა კოსტუმები!
ბარბალუკა - ჰო, ძალიან კეთილია.
ლუკა - ბები, მუშკეტერს რომ დამბაჩაც უნდა?!
ბებია - უნდა, როგორ არ უნდა! (წავა, სკივრს ახდის, ჩაიხედავს, მერე ხელს მოაფათურებს) აქ აღარ არის!
ბარბალუკა - რას ამბობ, ბები! სადაცაა ახალი წელი მოვა, მაგისი დაკარგვა როგორ შეიძლება?! (ისიც სკივრში ეძებს).
ლუკა -  იქნებ სხვაგან დადე?
ბებია - არა, გენაცვალე, აქ შევინახე... იმ დამბაჩის ადგილი აქ არის...
ბარბალუკა - (ეძებს) არსად არ არის!
ლუკა - (ისიც ეძებს) სად უნდა გამქრალიყო?
ბებია - მე სკივრში შევინახე!
ლუკა - ვიღაცამ მოიპარა!
ბარბალუკა - ვის უნდა მოეპარა, მაინც არ ისვრის!@
ბებია - ყველა კი ვერ იხუმრებს მხიარული დამბაჩით... იმისი დაკარგვა არ შეიძლება!..
წავალ, იქით მოვძებნი. (გადის).
ბარბალუკა - მეც წამოვალ! (ისივ გადის).
ლუკა - (დარეკავს სახლის ტელეფონზე) ალო, ნიშხაა?
ნიშხა - ნიშხა კი არა, ბატონი ნიშხა!
ლუკა - უკაცრავად, ბატონო ნიშხა... იცით რა, ჩვენს სახლში ძვველი დამბაჩა გვქონდა...
ნიშხა -  ჯერ გამარჯობა უნდა გეთქვა!
ლუკა - გამარჯობა.
ნიშხა - გაგიმარჯოს და ჩამოკაკლე!
ლუკა - ჰო... სახლში მხიარული დამბაჩა გვქონდა და ის დავკარგეთ!
ნიშხა - ვინმე საეჭვო პირი ხომ არ შეგიმჩნევიათ ახლო-მახლო?
ლუკა - არა, არავინ.
ნიშხა - კარგი, გამოვდივარ. სადაც დამბაჩას ინახავდით, იმ ადგილს არ გაეკაროთ, თითების ანაბეჭდები უნდა ავიღო!
ლუკა - გელოდებით! (ყურმილს დადებს და ბებიასთან და ბარბალუკასთან ერთად განაგრძობს დამბაჩის ძებნას).
ნიშხა - (იწყებს თავისი აღჭურვილობის - ჩაფხუტის, ტყავის ხელთათმანების, ჩექმების ჩაცმას, მაგრამ ისევ რეკავს ტელეფონი) გისმენთ!
მა - გამარჯობა, პატივცემულო ნიშხა!
ნიშხა - ყოჩაღ და გაგიმარჯოს კიდეც!
მა - რატომ ყოჩაღ?
ნიშხა - გამარჯობა რომ მითხარი ჯერ! თანაც პატივცემულობითავ მომმართე, მე ამას ძალზე ვაფასებ, რადგან კულტურული ვარ... ახლა ჩამოკაკლე!
მა - ჩემი მობილური ტელეფონი და ჩიბუხი დავკარგე!
ნიშხა - ჩიბუხის რა მოგახსენო, მაგრამ მობილურს წამში ვიპოვი, წამში!
მა - თქვენი იმედი მაქვს!
ნიშხა - კარგი, გამოვდივარ. იმ ადგილებს არ მიეკაროთ, ნივთები სადაც იყო! დანარჩენი ჩემზე იყოს! ჩაო! (გათიშავს მობილურს). ერთი, ორი და სამი ქურდობა, თანაც ერთ სახლში, თანაც ახალი წლის წინ!.. სად არის ჩემი პისტოლეტი? ჰო, ქამარზე მკიდებია! აბა, დავქოქოთ ბაყბაყდევი ავტომობილი და გავწიოთ! (ჯდება მანქანაში, მოდის და მოიმღერის).
ურჩხულ ნიშხას სიმღერა
(მეოთხე სიმღერა)
დაგიჭერ, გაგიშვებ, დაგიჭერ, გაგიშვებ,
ისევ, ისევ და ისევ.
მე შენი კი მჯერა, მე შენი არ მჯერა,
კიდევ, კიდევ და კიდევ.
ჩაგირთავ სირენებს, მყვირალა სიმღერებს -
აი, აი და აი!
ნიიშ-ხაა, ნიიშ-ხაა, ნიიშ-ხაა, ნიიშ-ხაა!
ხა-ხა და კვლავაც ხა-ხა!
მოვდივარ, გაიქეც! სად მირბი, რეგვენო!
ბახ-ბუხ და ერთიც ბახ-ბუხ!
გესროლე - წაიქეც, ამას რა წაიღებს! -
ვა-ვა და ორიც ვა-ვა!
გაქცევას ისა სჯობს, მოვალ და დაგიჭერ -
ჩხაკი, ჩხუკი და ჩხაკი!
იმღერებს ბორკილი. იქ, ჩემთან მოგივლი -
ლაწა, ტკაცა და ლაწა!
სილების ტკაცანში დაგცდება მართალი,
ვაშა, ვაშა და ვაშა!
მიყარე კაკლი, აღარ ხარ მართალი -
ხი-ხი და სამიც ხი-ხი!
და ჩემი თუ გჯერა, საჩქაროდ მოიტა
ათასი ჩურჩხელა!
არადა, დაგიჭერ! ო, როგორ დაგიჭერ -
ლაწა, ტკაცა და ლაწა!
და აღარ გაგიშვებ, ციხეში გაგიშვებ -
ვაი, ვუი და ვაი!
კანონებს ვდარაჯობ, თავად სადარაჯო -
ვაი, ვიში და ვუი!
ახალი წელია, ყველანი მღერიან -
ჰაი, ჰაი და ჰუი!
ეს ჩემი სიმღერაც ხომ კარგად მიხდება? -
ლა-ლა-ლა, ლა-ლა, ლა-ლა!
ნიიშ-ხაა, ნიიშ-ხაა, ნიიშ-ხაა, ნიიშ-ხაა!
ხა-ხა და კვლავაც ხა-ხა!
ნიიშ-ხაა, ნიიშ-ხაა, ნიიშ-ხაა, ნიიშ-ხაა!
ხა-ხა და კვლავაც ხა-ხა!
(საათის წიკწიკის ფონზე).
ბენკი - აუ, როგორ აირია ყველაფერი!
ენკი - ალიაქოთი ატყდა!
სიკლისა - ხომ ხედავთ, ბავშვებო, მართლა აირია ყველაფერი! დე და მა მობილურსა და ჩიბუხს ეძებენ, ხოლო ბებია, ლუკა და ბარბალუკა მხიარულ დამბაჩას!
ბენკი - ის დამბაჩა თუ ვვერ გაისროლეს, ვერ მოვა, არა, ახალი წელი?
ენკი - მამ რომ ვერ დარეკოს მობილურზე, როგორღა წამოვა თოვლის პაპა თავისი საჩუქრებით?
სიკლისა - ეგეც არ იყოს, ასე თუ გაგრძელდა, საერთოდ აღარ მოვა ახალი წელი - დიდად პატივცემული ნიშხა ლევანუკასა და ბარბალუკას დააპატიმრებს და იქ წაიყვანს, სადაც ჯერ არს.
ბენკი - სად არის ეგ `ჯერ არს~?
ენკი - ვირის აბანოში!
ბენკი - და კარნავალიც ჩაიშლება!
ენკი - მოდით, ფლორისა და ფაუნის ნიმუშები გავაგზავნოთ, იქნებ შეაშინონ ბატონი ნიშხა?
სიკლისა - ჰეი, ყვავილებო, მწერებო, ცხოველებო, ფრინველებო, საახალწლო სუფრის ნუგბარებო! ჰეი! გასწიეთ და გზა გადაუღობეთ პატივცემულ ნიშხას!
(საათის წიკწიკი წყდება.
ნიშხა მოდის თავისი ბაყბაყდევი მანქანით, წინ გადაეღობებიან გაგზავნილები).
ნიშხა - ვაიმე, ვაიმე! ესენი ვინღა არიან? ლომები და ვაშლები და კენგურუები... ტორტები და ფუტკრები... ვაიმე, მეც იმ ვიღაცასავით მოჩვენებები დამეწყო!.. აი, პირველად რომ დამირეკა, დ,არტანიანი და კონკია მოიპარესო!.. ვაიმე, ბანანები, შოკოლადები და ყაყაჩოები! წადით, წადით, გეთაყვა, თავი დამანებეთ! ბუზები, ბაყაყები და კაჭმაჭები!
კაჭკაჭი - მე კაჭმაჭი კი არა, კაჭკაჭი ვარ!
ნიშხა - მერე, მეც კაჭმაჭი არა ვთქვი? წადი რა, შენ მაინც წადი! შენი ყველაზე ძალიან მეშინია! სულ კაჭმაჭები მესიზმრებიან და გაიძახიან, კაჭმაჭები ვართო!
კაჭკაჭი - შენ რომ სწორად ამბობდე ჩემს სახელს, აღარ შეგეშინდებოდა!
ნიშხა - თუ შეიძლება, თქვენობით მელაპარაკეთ, გეთაყვა! და მეორეც, მე არავისი სახელი აღარ მეშლება! ადრე, პატარა რომ ვიყავი, ერკემლის მაგივრად სერკემალს ვამბობდი, ეგ იყო და ეგ! ახლა ხომ გეუბნებით, კაჭმაჭი მეთქი და მეტი რაღა ვქნა, თავი დამანებეთ! ვაიმე, ვაიმე, ნეტავი ხომ არ ვგიჟდები - სულ ერთმანეთში აირივნენ! ვაიმე, დედა, დედიკო, ეს რამდენი კაჭმაჭები არიან!.. რა გინდათ, რას მესევით, რას მეცეკვებით... სომეხი ვარ, ტანტრე მქვია, დავკარგე და ვეძებ ვირსა. დღეს ვიპოვი, ხვალ დავკარგავ, ჩემი ბედი აგრე სჭრისა!
ყველანი ერთად - არაო, არაო, ნიშხა მატყუარაო!
ნიშხა - კარგი, კარგი! არა მქვია ტანტრე! არც სომეხი ვარ! ქართველი ვარ და ნიშხა მქვია - ახლა მაინც დამანებეთ თავი, სამსახურებრივ საქმეზე მიმეჩქარება, გამიშვით რა კაჭმაჭებო!
ყველანი ერთად - არაო, არაო, ნიშხა მატყუარაო!
ნიშხა - კარგი, მაშინ კაჭმაჭებო, გამოცანებს გეტყვით და თუ ვერ გამოიცანით, ხომ გამიშვებთ? ერთი პატარა მანანა ხან გაიცინებს, ხან არა... აბა, რა არის?
ციცინათელა - (ცეკვით უახლოვდება) მე ვარ!
ნიშხა - ჰო, კარგი! ახლოს არ მოხვიდე! შავი არის შაშვივითა, იკბინება ძაღლივითა! რა არის?
რწყილი - მე ვარ!
ნიშხა - (ტირილით) ჰო!
ყველანი - იცოდე, ერთი გამოცანაღა დაგრჩა!
ნიშხა - აბლი, ბაბლი, ოქროს ტახტი, მზით ავიღე, მთვარით დავდგი.
ყველანი - რა არის და, ყინული!
ნიშხა - წავაგე, კიდევ არ დამანებებენ თავს! რა ვქნა, რა მოვიგონო? ერთი ექიმი მოვიდა, ინდურ-ფანდურის გემითა, სისხლის კარავი დაიდგა, შიგ გორავს თავის ცემითა.
ყველანი - ეგ აღარ ითვლებოდა, მაგრამ წურბელაა!
ნიშხა - მართალია, რომ კულტურული ურჩხული ვარ და რასაც ვაპირებ, არ შემფერის, მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ აღარ მიშვებთ! ამიტომ ავდგები და მთელ ამ კაჭმაჭობას გადავყლაპავ! ყლაპი და ყლუპი! ყლაპი და ყლუპი! (ყლაპავს მოცეკვავე ბაცშვებს) ვაიმე, ამდენი კაჭმაჭებისგან სულ გამოვკაჭმაჭდი! ვაი, ვაი, რამდენი გადავყლაპე - სამი, შვიდი, ცხრა! მაგრამ სხვა გზა არ მქონდა! (ჯდება მანქანაში, დაქოქავს და მიდის).
ანუკა - (შემოდის, საათს შეხედავს) დე, მა, წინ და უკან რატომ დადიხართ?
დე - მობილური ტელეფონი ხომ არ გინახავს?
ანუკა - არა.
მა - ჩემი ჩიბუხი?
ანუკა - არც ჩიბუხი.
მა - ხომ იცი, ჩიბუხი თუ ვერ მოვწიე, ვერ დავმშვიდდები და მობილურზე ვეღარ დავურეკავ თოვლის პაპას!
ანუკა - და კარნავალიც ჩაიშლება!
დე - ლევანუკა, შენ ხომ არ გინახავს?
ლევანუკა - არა, არც მე, დე!
ანუკა - ბებია, ლუკა და ბარბალუკა, თქვენ რაღას დაეძებთ?
ბებია - თოვლის პაპის მხიარული დამბაჩა ხომ არ შეგხვედრიათ სადმე?
ბარბალუკა - ვერსად ვნახეთ.
ლუკა - არსად არ არის.
ლევანუკა - რა ვქნათ?
ანუკა - ვეძებოთ, მაგრამ შეხედეთ, როგორ გვიახლოვდება ახალი წელი! დავიწყოთ ჩვენი კარნავალი! მაგრამ ბავშვები სად არიან? ტორტები, ნუგბარები, ყვავილები, ცხოველები, ფრინველები!.. ღმერთო ჩემო, სად წავიდნენ?
(ამ დროს ნიშხას მანქანა დამუხრუჭდება, მალე თვითონ ნიშხაც შემოვარდება და პისტოლეტს გაისვრის).
ნიშხა - (დაიღრიალებს) ყველა ადგილზე! სდექ! კარნავალი შეწყვეტილია!
დამბაჩა - სროლა მასეთი კი არა, მე რომ ვიცი, ისეთი უნდა!
ნიშხა - ვინ დაილაპარაკა?! ახლავე დავჭრი! არა, დავჭრი კი არა, დავიჭერ!
ანუკა - ვაიმე, ყაჩაღი!
ნიშხა - ყაჩაღი კი არა, კანონის დარაჯი ვარ, ცივილიზებული და კულტურული ურჩხული ნიშხა! მე აქ რამოდენიმე ქურდობა უნდა გავხსნა!
ბებია - რა ქურდობაზე ლაპარაკობთ, ბატონო ნიშხა?
ნიშხა - ამას ახლავე ფიცხლად დაგიმტკიცებთ, ქალბატონო! ახლავე თქვას, პირველად ვინ დამირეკა მობილურით!
ლევენუკა - მე დავრეკე!
ნიშხა - (პისტოლეტს მიუშვერს) აბა, აქეთ მოიწი! შენ მითხარი, ფიფქიასა და დ,არტანიანის კოსტუმები მოიპარესო?
ლევანუკა - მე გითხარი!
ნიშხა - მერედა, ვინ მოიპარა?
ლევანუკა - ვინ მოიპარა და ვისაც ზედ აცვია! თანაც შეხედეთ და დედუქციური მეთოდით დააკვირდით - ორი მანეკენი შიშველია!
ანუკა - (ლევანუკას) შენნაირი ბოროტი ბავშვი მე ჯერ არ მინახავს!
ნიშხა - გაჩუმდი, პატარავ! შენ რა იცი, სიკეთე და ბოროტება რა არის?
ლუკა - (ბარბალუკას) აკი გვათხოვეს ეს კოსტუმებიო?!
ბარბალუკა - (ტირილით) ისევ უნდა დამებრუნებინა!
ნიშხა - (ბარბალუკას) კანონის სახელით, დაპატიმრებული ხართ! (ხელბორკილს დაადებს ბარბალუკას). ერთი საქმე უკვე გაიხსნა!.. ამიტომ, ერთ ჩურჩხელას შევჭამ თქვენის ნებართვით! (ჭამს მაგიდიდან აღებულ ჩურჩხელას). გზაში ძალიან გამიჭირდა, სულ კაჭმაჭები და სერკემლები მესეოდნენ და კინაღამ შემჭამეს! მაგრამ გადავჩი და ჩემი გმირობაც ჩადენილია, ორონდ ჯერ ერთი!
ბებია - კიდევ რამდენი გმირობა გაქვთ ჩასადენი?
ნიშხა - კიდევ ორი, ქალბატონო!
ბებია - როგორ მეცოდები, შე საწყალო!
ბარბალუკას სიმღერა
(მეხუთე სიმღერა)
ლუკა, ლუკა, ბარბალუკა,
შემოგტირი, ძმაო, სევდით -
ქალი უნდათ, ლამაზუკა
ციხეს ჩამაჯინონ მღერით.
ბალბა, ბალბა, ბარბალუკა,
ძველ საათთან ვდგავარ წყენით.
ახლა თქმაც კი აღარ უნდა,
რატომ ვიპარავდი ლხენით.
საახალწლო კარნავალის
რომ გვქონოდა კოსტუმები,
თუმცა ჯერაც წარმავალის
არ გამქრალა კონტურები.
წახვალ, წახვალ, ბარბალუკა,
საცოდაო, ჩემო თავო,
ეს ურჩხული, აყლაყუდა,
გაგიყენებს ციხის გზასო.
ლუკა, ლუკა, ჩემო ლუკა,
ჩემო ძმაო, შენც ობოლო,
ვეღარ ნახო ბარბალუკა,
გული დარდმა შეგიღონოს.
ლუკა, ლუკა, ბარბალუკა,
შემოგტირი, ძმაო, სევდით,
ქალი უნდათ, ლამაზუკა,
ციხეს ჩამაჯინონ ლხენით.

(ამის შემდეგ ლუკა დაიწყებს)
ლუკას სიმღერა
(მეექვსე სიმღერა)
არც ახალი წელი მინდა,
აღარც ძველი წელის გასვლა.
ნაკერები ასძვრა პიჯაკს,
ცრემლიანი ლუკმა დამრჩა.
სად ხარ, მამა, ღარიბ-ღატაკს
არაფერი მაბადია.
ბევრი ღამე თეთრად გაცვდა,
ღამე თეთრი ნაბადია.
დაუნდობელ ომში წახველ,
გზები შორით სავალია.
წახვედი და აღარ მოხველ,
გელოდები რა ხანია.
ობლობაში შიმშილია,
ძალზე გვიან ცხვება კვერი.
გულით ვეღარ გვიცინია,
აღარც არაფერსა ვყვებით.
ტარაკუჭა ბარბალუკა
რა ძალიან საბრალოა!
აი, ნიშხაც, რაღა ვუთხრა,
თავში ცემის განა დროა?!
რა ვუშველო ბაცაცუნას
ერთმა საცოდავმა ლუკამ?!
პატარა ქალს, ლამაზუკას -
ბალბა, ბალბა, ბარბალუკას!
 (საათის წიკწიკის ფონზე ენკი და ბენკი გვერდიგვერდ დგანან და იცრემლებიან)
სიკლისა - რაო, ატირდით, პატარებო? ახლა მე თქვენ გამოსაჯავრებლებს გეტყვით! გითხრათ? ჰა? გითხრათ? არა, თუ არ გინდათ, არც გეტყვით...
ბენკი - (ტირილით) გვით-ხა-რი!
სიკლისა –
ტირიასა ბანი,
ერთი გობი მსხალი,
ისიც კატამ შეუჭამა,
ვაი, მისი ბრალი!
აბა, რას იტყვით, მოგეწონათ? რაკი ტირით, არ მოგეწონათ! მაშინ კიდევ გეტყვით:
მტირალა, მტირალა,
ხბორებს ჩამოგილალავ.
თუ ხბორები არ გინდა,
ღორებს ჩამოგილალავ.
თუ ღორები არ გინდა,
კატებს ჩამოგილალავ.
თუ კატები არ გინდა,
ძაღლებს ჩამოგილალავ.
გეყოფათ ტირილი, ჯერ ხომ ზღაპარი არ დამთავრებულა! ნახეთ, რას იზამს მხიარული დამბაჩა! თუმცა, მოიცადეთ, მოიცადეთ... ეს რა ხმა ისმის?.. სიმღერა არ გესმით?
ენკი - არა.
ბენკი - არც მე...
სიკლისა - აბა, კარგად დაუგდეთ ყური!
(ნიშხას მუცლიდან ისმის:
`ენკი-ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, ბა.
გა-ვი-და~).
ენკი - მე მესმის, ჩვენზე მღერიან... შენ, ბენკი?
ბენკი - მეც!
(საათის წიკწიკი წყდება)
ბებია - (ნიშხას) ეს რა ხმა ამოდის შენი მუცლიდან?
ნიშხა - როგორ გეკადრებათ, ქალბატონო, მე ცივილიზებული, კულტურული ურჩხული გახლავართ და აღარავის ვჭამ, სრულიად აღარავის! დიახ!
ბებია - (დანარჩენებს მიმართავს) არც თქვენ გესმით სიმღერა?
მა - ჰო, თითქოს...
დე - თითქოს არა...
ანუკა - მე მესმის!
ლევანუკა - მე კი არა!
ანუკა - შენ ვერც გაიგებ!
ნიშხა - (დაამთავრა ჩურჩხელის ჭამა) მე ნაკლებად მაინტერესებს, ვის რა ესმის და საიდან! ახლა ქურდობის მეორე საქმე უნდა გავხსნა!
მა - ჩემი ჩიბუხი და ჩემი მობილური!
ბებია - ოი, ჩვენო მხიარულო, მშვენიერო დამბაჩავ! სად დაიკარგე, სად გვემალები! ნეტავ, იცოდე, როგორ გვედარდები!
დამბაჩა - აქ ვარ, ბებო, აქ! კი არ გემალებით, მოპარული ვარ!
ნიშხა - (აქეთ-იქით იყურება) ვაიმე, ვინ იყო? თუ ისევ კაჭმაჭები მოდიან, მაშინ მიტირეთ!
ბებია - ლევანუკა, შენ თქვი რამე?
ანუკა - მეც მაქედან მომესმა ის ხმა!
დე - მეც. შენ, მა?
მა - მეც!
ლევანუკა - მე რა შუაში ვარ, მე ხმა არ ამომიღია!
ნიშხა - მოიწი, ბიჭო, შენ აქეთ! რა გქვია?
ლევანუკა - ლევანუკა.
ნიშხა - ეს რა ქუდი დაგიხურავს?
ლევანუკა - მე კერძო დექექტივი ვარ, შერლოკ ჰოლმსი!
ნიშხა - შერლოკ ჰოლმსს გაჩვენებ მე შენ!.. აბა, ჯიბეები ამოიტრიალე!
ლევანუკა - არა რა! ვერა რა!
ნიშხა - (თვითონ ამოუღებს ჩიბუხს, მობილურ ტელეფონს და მხიარულ დამბაჩას) აფსუს, ერთად გაიხსნა მეორე და მესამე ქურდობა! თანაც ერთი ვინმე გამოდგა და არა ორი! ასეთი რამ მეორედ მოხდა ჩემი ხანგრძლივი მუშაობის განმავლობაში! (ლევანუკასაც მიიყვანს ბარბალუკასთან და იმასაც ბორკილს დაადებს ხელებზე).
მა - (ბრაზით, ლევანუკას) რრრატომ აიღე ჩჩჩემი ჩჩჩჩჩიბუხი Dდა მობბბილურრრი?
ნიშხა - წყნარად, გეთაყვა! შეგიძლიათ, აიღოთ თქვენი ნივთები!
ბებია - ესეც ჩენი მხიარული დამბაჩა!
ნიშხა - (ბებიას) თქვენც აიღეთ, ქალბატონო! ეს ეგრეთ წოდებული იარაღი კონფისკაციას აღარ ექვემდებარება, ვინაიდან ეს ჯართი ცეცხლსასროლ საშუალებად აღარ ჩაითვლება! თქვენის ნებართვით, მეორე ჩურჩხელასაც გეახლებით!
ლევანუკა - არ შეცდეთ, დექექტივო! ეგ საშინელი იარაღია, ბაყაყს ესვრი - ყვავად გადაიქცევა, ყვავს ესვრი და - ფორთოხლად!
ნიშხა - რა სისულელეებს გაიძახის ეს დაკავებული ბიჭი?
ლევანუკა - მართლა კი არ ისვრის, ისე უნდა გააჩხაკუნო და სხვა რამედ გადაიქცევა!
ნიშხა - მე შენ უკვე გაგაფრთხილე, რომ ეგ ყვავები და ფორთოხლები დაგევიწყებინა!
ლევანუკა - მე მართალს ვამბობ!
ნიშხა - ენა ჩაიგდე, თორემ ფსიქიატრიულ ექსპეტიზაზე გაგიშვებ და ათასი კი არა, ათასი და სამი, კიდევ შვიდი და კიდევ ცხრა და კიდევ ნული და კიდევ ერთი ჩურჩხელაც ვეღარ გიშველის! დიახ! (განაგრძობს ჩურჩხელის ჭამას) აღარ გამაგონო ეგ კაჭმაჭები!
ანუკა - რამე ვიღონოთ, თორემ ჩაიშალა კარნავალი!
ბარბალუკა - თორმეტს ათი წუთი უკლია! 
მა - ახლავე დავრეკავ, თოვლის პაპა გამოვიდეს! (რეკავს მობილურზე) ჩქარა, ჩქარა, წამოდი!
(საათის წიკწიკის ფონზე)
სიკლისა - ბენკი, შენ სადა ხარ?
ბენკი - მე ათს წუთნახევრით გადავცილდი!
სიკლისა - ენკი, შენ?
ენკი - მე ლამის თორმეტთან!
სიკლისა - რა ვქნათ, ცუგრუმელებო? ჩაეშლებათ კარნავალი!
ბენკი - არ ვიცი!
ენკი - არც მე!
სიკლისა - მოდით, გავჩერდეთ, სულ ცოტა ხნით!
ბენკი - ბამ რომ გაგვიგოს?
ენკი - გაგვიბრაზდება!
სიკლისა - ის ხომ მძინარაა, რას გაიგებს?
ბენკი - მაშინ გავჩერდეთ! მეტკინება, მაგრამ გავუძლებ!
ენკი - მეც მეტკინება, მაგრამ არა უშავს!
სიკლისა - აბა, სამამდე ვითვლი! ერთი! ორი! სამი!
ბენკი - მე გავჩერდი!
ენკი - მეც!
სიკლისა - ვჩერ-დე-ბ...
(საათის წიკწიკი ნელ-ნელა წყდება)
ბებია - თქვენ, იცით, ეს რა დამბაჩაა, ბავშვებო? აბა, მოუსმინეთ, ახლა გვიმღერებს!

მხიარული დამბაჩა
(მეშვიდე სიმღერა)
ბახ-ბუხა და ძველის-ძველი,
მხიარული დამბაჩა.
რაც არ უნდა შეეხვეწო,
ხან ისვრის და ხან - არა!
ზოგჯერ ხუმრობს, ხმასაც გაგცემს,
თან ატეხავს ხარხარსაც.
რადაც უნდა, გადაგაქცევს,
მოგიძებნის წამალსაც.
თუ სიკეთით არ დატენი,
თუ კეთილი არა ხარ.
არ გამოვა არაფერი,
არ გაისვრის დამბაჩა.
ესვრი ბოროტს, დაიძინებს,
ვინც კარგისთვის ვერ იცლის,
ცოტა ხანში გაიღვიძებს
და იქნება კეთილი.
მაცნე არის ახალ წლების -
ბარემ გეტყვით ამასაც -
მეფე არის დამბაჩების,
მიტომ ჰქონდა პაპასაც.
საყვარელი, სასაცილო,
მხიარული დამბაჩა.
რაც არ უნდა შეეხვეწო,
ან გაისვრის, ან - არა!
ანუკა - ყური მიუგდეთ!.. აგერ... გესმით? ჩემი მოცეკვავე ბავშვები მღერიან!
ნიშხა - (შეჭამა მეორე ჩურჩხელაც) საიდან, გოგონი?
ანუკა - საიდან და შენი უშველებელი სტომაქიდან!
ნიშხა - აჰ, როგორ გერკადრებათ! მე ძალიან კულტურული ურჩხული ვარ, აღარავის ვჭამ! და თანაც საზოგადოების კეთილდღეობას ვემსახურები - აგერ, ორი ქურდი შევიპყარი! ნუ, მთლად სამი ვერა, მაგრამ რას ვიზამთ, ყოველთვის ხომ არ გამიმართლებს?!
ბებია - გეხუმრნენ, ნიშხა, პატარები! შენი მოპატიჟება უნდოდათ საახალწლო კარნავალზე, თორემ აქ ქურდი არავინ არის!
ნიშხა - ეგ საკენკი თქვენს ქათმებს დაუყარეთ, ქალბატონო ბებია! მე კი, თქვენის ნებართვით, მესამე ჩურჩხელასაც გამოვუყვან წირვას! ანუ ბოლოს მოვუღებ!
ანუკა - წაიყვანს და ამათაც გადაყლაპავს!
ბებია - სანამ ყველა ჩურჩხელა შეუსანსლავს, ჩემი ხელთათმანები მომიტანეთ!
ანუკა - რად გინდა, ბებია, ხელთათმანები?
ბებია - მომიტანე და ნახავ!
ანუკა - (მოურბენინებს) რა დროს ხელთათმანებია? საათის შეხედვისაც კი მეშინია...
ბებია - არაფერია საშიში, კვლავაც რვა წუთი უკლია თორმეტს! (ნიშხასთან მიდის და სახეში მიარტყამს ხელთათმანებს)
ნიშხა - (დაბნეული) ეს რას ნიშნავს, ქალბატონო ბებია?
ბებია - დუელში გიწვევთ!
ნიშხა - სად?
ბებია - მშვენივრად გაიგეთ!
ნიშხა - მერე, დუელები რომ კანონით აკრძალულია?! კარდინალმა რიშელიემ აკრძალა, `სამი მუშკეტერი~ არ წაგიკითხავთ?
ბებია - მაშინ, მოწყალეო ხელმწიფევ, მე უფლება მაქვს, შენობით მოგმართოთ და
მოგახსენოთ, რომ - `შე-გე-შინ-და!~
ნიშხა - მე შემეშინდა? მე? მე ამ პისტოლეტით სასწაულებს მოვახდენ, ხოლო შენი ფიშტო ვერც კი გაისვრის! ჰუჰ, შეგეშინდაო!
ბებია - შენ მაგის დარდი ნუ გექნება! დადე ჩურჩხელა და ბარიერთან!
ნიშხა- მერე მე ნუ დამაბრალებთ, ქალბატონო ბებია! აი, ხომ ხედავთ, რა კულტურული ვარ, მაინც თქვენობითობით გელაპარაკებით!
ბებია - ბარიერთან და სეკუნდანტები დამისახელე!
ნიშხა - (სინანულით დადებს ჩურჩხელას) ბარბალუკა და ლევანუკა! თქვენი?
ბებია - ანუკა და ლუკა! და სანამ ჩემს დამბაჩას დავტენი, ქენით სიკეთე და ოცი ნაბიჯი გადაზომეთ! ჩემს ბარიერად ეს ხელთათმანი იქნება!
ნიშხა - ჩემს ბარიერად კი ჩემი ქუდი! ახლა გადავზომოთ ოცი ნაბიჯი! (იწყებს ნაბიჯებს ბებიას ხელთათმანიდან) სამი, შვიდი, ცხრა, რვა, ნული, ერთი... მერე? (შეჩერდება) მერე, ხუთი, ოთხი... ორი... (ისევ შეჩერდება) ოცი როდისღა იქნება? (ისევ თავიდან იწყებს თვლას, და ასე შემდეგ)
ბებია - აბა, პატარებო, მხიარული დამბაჩა სასწრაფოდ დავტენოთ სიკეთით, თორემ არ გაისვრის! აბა, ჩქარა, ვის რა სიკეთე ჩაგიდენიათ?
ანუკა - მე ხუთიანი მივიღე გეოგრაფიაში.
ბებია - გამოდგება! (ახლა ლუკას მიუტანს დამბაჩის განიერ პირს მიკროფონოვით და ასე განაგრძობს).
ლუკა - მე პურის ფული ვაჩუქე მათხოვარს.
ბებია - ეგეც კარგია.
ბარბალუკა - მე ჩიტებზე ნადირობა ავკრძალე ჩვენს ეზოში და კოსტუმებიც არ მომიპარავს, უკან უნდა დამებრუნებინა!
ბებია - ესეც გამოდგება!
ლევანუკა - მე საახალწლოდ შოკოლადები დავურიგე კლასელებს და მეც კარნავალის მერე უნდა დამებრუნებინა ის ნივთები!
ბებია - ეგეც გამოდგება! (ახლა დარბაზში მიმართავს ბავჩვებს) კიდევ, ბავშვებო, კიდევ რა სიკეთეები ჩაგიდენიათ? (ჩადის დარბაზში, დამბაჩა მიკროფონოვით დააქვს და სხვადასხვა ბავშვებს ათქმევინებს ხოლმე) შენ? შენ? საკმარისია, უკვე დაიტენა!
ნიშხა - (ისევ მანძილს ზომავს) ცხრა, შვიდი, ერთი, ხუთი...
ბებია - ერთი ამას დამიხედეთ!
ნიშხა - დამაცადეთ, ქალბატონო ბებია, ჯერ არ დამიმთავრებია!
ბებია - სკოლაში რომ დადიოდი, მათემატიკაში რა ნიშანი გყავდა?
ნიშხა - ხუთიანი!
ბებია - სტყუი! აქეთ გამოდი, მე გადავზომავ! (გადაითვლის ოც ნაბიჯს) აი, აქ იქნება შენი ბარიერი! (ამასობაში ნიშხას ჩურჩხელისთვის წაუტანებია ხელი) ხელი უშვი ჩურჩხელას და ბარიერთან!
ნიშხა - (ჩურჩხელას დადებს) ამას მაინც შევჭამ, ოღონდ მერე! (ბარიერთან დადგება) პირველად თქვენ ისროლეთ, ქალბატონო ბებია! მაინც არ გავარდება და...
ბებია - ვნახოთ! აბა, სეკუნდანტებო, სამამდე დაითვალეთ!
სეკუნდანტები - ერთი, ორი და სამი!
(ბებია მხიარულ დამბაჩას გაისვრის. ნიშხა წაიქცევა. მისი მუცლიდან ყიჟინით ამოდიან ფლორა-ფაუნისა და საახალწლო სუფრის ნიმუშები).
ყველანი - ვაშაა! ვაშაა! ვაშაა!
ბებია - ესეც თქვენი კულტურული ურჩხული!
ანუკა - მოკვდა?
ბებია - არა, გენაცვალე, მაგან დაიძინა! გაიღვიძებს და ნახეთ, რა კარგი გახდება!
(პაუზა).
სიკლისა - უკვე დროა, ცუგრუმელებო!
ბენკი - დავიწყო?
სიკლისა - დაიძარი!
ბენკი - წიკ-წიკ! წიკ-წიკ! წავედი!
სიკლისა - შენც აჰყევი, ენკი!
ენკი - წიკ-წიკ! წიკ-წიკ! გავყევი!
სიკლისა - კარგია, ბასაც არაფერი გაუგია!
(საათის წიკწიკი უკვე კარგად ისმის).
ანუკა - აბა, დავიწყოთ ჩვენი კარნავალი!
ბებია - (ბორკილების გასაღებს ამოაცლის ნიშხას, ხელებს გაუხსნის ლევანუკას და ბარბალუკას). აბა, მოვილხინოთ, ჩემო პატარებო! აგერ თოვლის პაპაც მოდის თავისი ხურჯინით!
სიკლისა - შენ სად ხარ, ბენკი?
ბენკი - ოჰ, მე თორმეტთან მივედი!
სიკლისა - შენ, ენკი?
ენკი - მეც თორმეტთან ვარ!
სიკლისა - ჰეი, გაიღვიძე, ბა! ახალი წელი მოვიდა!
ბა - (საათის ფანჯრიდან გამოყოფს თავს და დასძახებს) ბაა-ბა! ბა-ბაა! ბაა-ბა! (თორმეტჯერ).
(ამ დროს სცენაზე მაღლიდან ჩამოეშვება ლამაზად მორთული ნაძვის ხე. ბავშვები სიხარულის ყიჟინას დასცემენ).
პაპა - შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზოსა! ჩემი დამბაჩა მომიტანე, ქალო! უნდა დავტენო და დავაჭექო ჩემებურად!
ბებია - (უწვდის დამბაჩას) ხომ გეუბნეოდი, წაიღე მეთქი! ერთხელ დავტენე და ვისროლე კიდეც!
პაპა - ვის ესროლე?
ნიშხა - (გაიღვიძებს, წამოდგება, დაინახავს მოცეკვავე ბავსვებს) ვაიმე, ისევ კაჭმაჭები მელანდებიან!
ბებია - რა კაჭმაჭები?
ნიშხა - აი, აი ის! (ხელს გაიშვერს კაჭკაჭისკენ).
ბებია - ოცამდე თვლა რომ არ იცი, გასაგებია! და ვერც კაჭკაჭი გითქვამს!
ნიშხა - როგორ გეკადრებათ, ქალბატონო ბებია! მე კულტურული ურჩხული ვარ, ორონდ უფრო ჰუმანიტარული განხრით! `სამ მუშკეტერში~ მარტო სამი ფურცელი გამოტოვე! აი, `სახურავის ბინადარი კარლსონი~ კი თავიდან ბოლომდე წავიკითხე!
პაპა - აბა, თქვი: `კაჭ-კა-ჭი~!
ნიშხა - ხომ ვამბობ, ბატონო თოვლის პაპავ! `კაჭ-მა-ჭი!~
პაპა - ახლა თქვი `კ~!
ნიშხა - `კ~!
პაპა - `კ~ არ არის `მ~!
ნიშხა - `კ~ არ არის `მ~!
პაპა - კაჭ-კა-ჭი!
ნიშხა - კაჭ-მა-ჭი!
ბებია - კარგი, კაცო, მოეშვი! ამან თვლაც უნდა ისწავლოს! (ნიშხას) გუნებაზე როგორა ხარ?
ნიშხა - აი, აი, ამ კაჭმაჭებისა და რამე-რუმეებისა მეშინია! მიშველეთ რა რამე, ქალბატონო ბებია!
ბებია - ბავშვებო, ვუშველოთ?
ანუკა - თუ არავის აღარ გადაყლაპავს, ვუშველოთ!
ნიშხა - ჩურჩხელებს გეფიცებით, პირს აღარ დავაკარებ არავის!
ბებია - კარგი, მაშინ შეგილოცავ! (იწყებს შელოცვას)
სახელი ღვთისა, მამისა, ძისა, სულისა წმიდისა.
სახლმა შეგაშინა თუ სახლის ანგელოზმაო,
ნიშხა - (ტირილით იმეორებს) სახლმა...
ბებია -     დედამ შეგაშინა თუ მამამ შეგაშინაო,
ნიშხა - ორივემ...
ბებია -     ცეცხლმა შეგაშინა თუ ცეცხლის ანგელოზმაო,
ნიშხა - ცეცხლმა...
ბებია -     ჭერმა შეგაშინა თუ ჭერის ანგელოზმაო,
ნიშხა - ჭერმა...
ბებია -     ცამ შეგაშინა თუ ცის ანგელოზმაო,
ნიშხა - ცამ...
ბებია -     მზემ შეგაშინა თუ მზის ანგელოზმა შეგაშინაო,
ნიშხა - მზემ...
ბებია -     მთვარემ შეგაშინა თუ მთვარის ანგელოძმა შეგაშინაო,
ნიშხა - მთვარემ...
ბებია -     კაცმა შეგაშინა თუ დედაკაცმა შეგაშინაო,
ნიშხა - არ ვიცი...
ბებია -     დიდმა შეგაშინაო თუ პატარამ შეგაშინაო,
ნიშხა - ორივემ...
ბებია -     კამეჩმა შეგაშინაო თუ ხარმა შეგაშინაო,
ნიშხა - ხარმა...
ბებია -     ღორმა შეგაშინაო თუ ცხენმა შეგაშინაო,
ნიშხა - ცხენმა...
ბებია -     ძაღლმა შეგაშინაო თუ კატამ შეგაშინაო,
ნიშხა - კატამ...
ბებია -     ფრინველმა შეგაშინაო თუ Qჭიამ შეგაშინაო,
ნიშხა - ჭიამ...
ბებია -     აზრმა შეგაშინაო თუ ფიქრმა შეგაშინაო,
ნიშხა - არ ვიცი...
ბებია -    
თეთრო ქორო - ქანდარასა, ქათამი - საბუდარასა.
გულო, ჩაჯექ შენს ალაგსა, გულო, ნუ შეშინდები.
ღმერთო, დასწერე შენი წყალობის ჯვარი!
პაპა - (ნიშხას) კიდევ გეშინია?
ნიშხა - არა, აღარ! ვაშაა! შეიძლება, ნაძვის ხესთან ვიცეკვო?
ბებია - შეიძლება! (ნიშხა კუნტრუშით გარბის და ბავშვების ფერხულში ჩაებმება).
თოვლის პაპის სიმღერა
(მერვე სიმღერა)
შენ გაიძახი, ღარიბი ვარო,
ვერა, სიმდიდრეს ვერ ვეწიეო.
არ ხარ ღარიბი, ღარიბო კაცო,
უფრო ღარიბი იყო იესო.
და შენ კი ხარობ, მდიდარი ვარო,
ჩემს დიდ წვალებას ღირსი მიეგო.
არ ხარ მდიდარი, მდიდარო კაცო,
უფრო მდიდარი იყო იესო.
განვლე ცხოვრება მეტი სიმშვიდით,
ყველას ღიმილით უთხარი ესო:
ვის სიღარიბით და ვის სიმდიდრით,
განსჯის და დასჯის მაღლა იესო.
მაშ, მოწყალებით, მდიდარო კაცო,
მერე ამაყად გაშალე მხრები.
შენც მოთმინებით, ღარიბო კაცო -
იქ, ზემოთ გიცდით ნაზარეველი.

ბებია - არ გრცხვენია, კაცო? ეგ იყო ხალისიანი სიმღერა? ახლა მე დამიგდეთ ყური!
თოვლის ბებიას სიმღერა
(მეცხრე სიმღერა)
მე ვარ თოვლის ბებია...
პაპას სულ ელოდებით...
და რამდენჯერ მწყენია,
მე აღარ გაგონდებით.
ვინ გიმზადებთ საჩუქრებს
და ვინ გივსებთ ხურჯინებს?
ეს შეკითხვბა მამწუხრებს,
დარდიანად გული ძგერს.
გამოვუშვებ მარხილით,
მარტო ვრჩები მდუმარი.
ცეცხლზე ნაცარს წაიყრის
მოწყენილი ბუხარი.
მეკვლედ მოვა მელია,
ნეტავ, თუა შინაო?
- ჩემო კარგო ბებია,
შემომიშვი, მცივაო!
კარს გავუღებ, - ვაშაო!
მიუწვება კერიას,
გათბება და, - მშიაო,
თუ ხარ კარგი ბებია!
გამოვუტან თაფლაკვერს,
ჩურჩხელას და არაყსაც.
მეტყვის, - დიდ მადლობა,
მაგრამ არაყს არა ვსვამ!
ფიქრში თვალებს გავახელ,
ტყის ბილიკებს მივყვები.
მილოცავენ ახალ წელს
მოშრიალე ფიფქები.
ტოტებს დაბლა უხრიან
დათოვლილი ფიჭვები.
ფუღუროში სკუპიან
კუდბუთქუნა ციყვები...
უკვე მორჩა, ახალ წელს
მარტო აღარ შევხვდები...
ამის შემდეგ, დავადგენ:
ვინც მომიწვევს, ვეწვევი!
თუნდაც ტორტი იწვოდეს,
არ დავიცვათ წესები!
ვიმღეროთ და ვიცეკვოთ,
გამოთქმით ვთქვათ ლექსები!
და თუ კიდევ დაგვჭირდა,
შევეკითხოთ პაპასაც,
მხიარული დამბაჩა
სირცხვილს სულაც არა ჭამს...
პაპა - თოვლის ბებიამ რომ ვერ მაჯობოს, მოდით, ყველამ ერთად ვიმღეროთ!

საახალწლო ჰიმნი ნაძვის ხესთან
(მეათე სიმღერა)
ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, ბა.
ჟამი ძველი ციკლისა,
ყველაფერი იმ წლისა,
მართალია, ტაატით,
ნელა-ნელა და მაინც
გა-ვი-და!
ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, ბა.
ვით კლოუნი ცირკისა,
ტკბილზე ტკბილი სიტყვითა,
ჭაღარა და კისკისა,
თოვლის ბებო ჭირხლისა,
ჭირხლისა და ფიფქისა,
მო-ვი-და!
ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, ბა.
წუთებს ვიღა ითვლისა,
დრო სადღაა ფიქრისა,
ქუდი ხურავს წიწვისა,
ირმებიან ციგითა,
თოვლის პაპა ჭირხლისა,
ჭირხლისა და ფიფქისა
მო-ვი-და!
ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, ბა.
წელიწადი ახალი,
მხიარული, ლამაზი,
ნაძვის ხესთან თამაშით,
პატარების ყიჟინით,
ჩქარ-ჩქარა და სიცილით
მო-ვი-და!
მო-ვი-და!
მო-ვი-და!
(სიკლისა, ენკი და ბენკი წინ გამოდიან. უკან გაქრებიან ფერხულში ჩაბმული ბავშვები. გამოკვეთილად ისმის საათის წიკწიკი).
სიკლისა - მოგეწონათ, ბავშვებო, ჩვენი ზღაპარი?
ბენკი - მე მომეწონა, შენ ენკი?
ენკი - მეც!
სიკლისა - მაშ, დავამთავროთ!
ბენკი - როგორ, რომ არ ვიცით?
ენკი - სამაგიეროდ ბამ სამნაირი დამთავრება იცის!
სიკლისა - ჰეი, ბა! გაიღვიძე!
ბენკი - გაიღვიძე, ბა!
ენკი - ბაა!
ბა - (საათს გამოხსნის) ბაა-ბა!
სიკლისა - მოიცა, არ შემოსძახო!
ბენკი - მაგიტომ კი არ გაგაღვიძეთ!
ბა - აბა, რატომ?
ენკი - დამთარდა ჩვენი ზღაპარი.
ბა - მართლა?
ბენკი - (ნაღვლიანად) მართლა, მართლა!
ბა - როგორ დამთავრდა?
სიკლისა - ისე დამთავრდა, როგორც ყველა ზღაპარი მთავრდება - ბოლოკეთილით!
ბა - მაშინ, ასე დავამთავროთ:
ალი ართალი, ბალი ართალი,
ასი ტყუილი, ერთი მართალი.
   
ივარგებს?
ბენკი - აბა, სხვა გვითხარი.
ბა -
ალი ართალი, ბალი ართალი,
ზოგი ტყუილი, ზოგი მართალი.
ენკი - აბა, მესამე.
ბა -
აინთარი, ბაინთარი,
წყეული იყოს ფულის ყანთარი,
(ანუ სასწორი ერთგვარი).
გამგონემ გასძლოს ასი ზამთარი,
როგორც არ მეთქვას ყველა მართალი.
სიკლისა - მაგას ისევ ეს სჯობია!
ჭირი იქა, ლხინი - აქა,
ქატო იქა, ფქვილი - აქა.
ბენკი - ესეც კარგია!
ელასა, მელასა,
ჭიქა მეკიდა ყელასა.
მთქმელსა და გამგონებელსა
ძილი გაამოთ ყველასა.
სიკლისა - მოდით, დასასრულის არჩევანი ჩვენს მაყურებელს მივანდოთ, ჩვენ კი საათში დავბრუნდეთ! აბა, მშვიდობით, ბავშვებო! (ხელს ჩაჰკიდებს ბენკის) შენ არ მოდიხარ, ენკი?
ენკი - ერთი მეც ვიცი!
მთას ურემი ავიტანე,
ჩამოვიდა გორებითა.
აქ სიცოცხლით გამიძეხით,
საიქიოს ცხონებითა.
     
ნახვამდის! (სიკლისას ჩაჰკიდებს ხელს).
სიკლისა - კარგად მენახეთ! (შედის საათში).
ბენკი - კარგად! (ისიც შედის საათში).
ენკი - მომავალ ახალ წლამდე! (შედის საათში და მიიხურავს კარს).
ბა - (ცრემლებს იწმენდს) თქვენ რა გგონიათ, მართლა არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიტყვა `ჯომარდი~? მხნეს, გულადსა და რაინდს - ოღონდ სპარსულად!.. ეჰ, კარგად იყავით, პატარებო!.. განა მართლა მეძინა, თქვენ გაკვირდებოდით და რომ განიცდიდით, ტიროდით და იცინოდით, ისე შემიყვარდით, მენანება თქვენთან გამოთხოვება!.. თუმცა, მომავალ ახალ წელს ხომ ისევ გესტუმრებით?! თქვენ რას იტყვით, მოვიდეთ?
დასასრული

თბილისი, 2002