THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მოპარული ახალი წლის ზღაპარი

ანუ ბულუმუღუნდევი გაბულუმუღუნდევებულა... 
(პიესა-ზღაპარი)

მოქმედი პირნი:

1. ბუტია ბიჭი
2. ბებია
3. თოვლის პაპა
4. ფიფქია
5. ბულუმუღუნ დევი
6. მუზმუზელა მელა
7. წკაპუნა თაგვი 
მოქმედების ადგილი – კომპიუტერული სივრცე.
მოქმედების დრო – დათვლილი წუთები ახალი წლის დადგომამდე.

პირველი სურათი
სცენა წარმოადგენს კომპიუტერის მონიტორს – მოჩანს მთელი “დესკტოპი”, თავისი ფაილებით და პროგრამებით. ეს დესკტოპი ჩართულია ინტერნეტში, რადგან ჩართულია “ინტერნეტ ექსპლორერის” ნიშანი და ანტივირუსული პროგრამა “ნორტონ ანტივირუსი”. აქ არის შეტყობინებების მესინჯერი – “სკაიპიც”.
სცენაზე ცეკვით გამოდის კომპიუტერის მაუსი, წკაპუნა, ხელში ისარი უჭირავს.
წკაპუნა დაჰკრავს ისარს საათს. საათის ციფერბლატი ნათდება. თორმეტის ნახევარია.
წკაპუნა – მივიტან ისარს, დავკრავ - “წკაპს!” და გაიხსნება. ეს ჯადოსნური ისარია – რასაც მინდა, გავწევ, რასაც მინდა, გამოვწევ. მომწყინდება და – მივიტან ისევ ისარს, დავკრავ “წკაპს!” და დაიხურება... ამ საახალწლო ნაძვის ხეს ხომ ხედავთ? მე მოვიტანე აქ და მევე მოვრთე...
ბებია – (სათვალე დაუკოსებია ცხვირზე და ნაწერებს აწყობს ზარდახშაში) მარტო შენ?
წკაპუნა – (დაირცხვენს) მარტო მე – არა. შენ და ბუტიაც მეხმარებოდით...
ბებია – წკაპუნა, დაიმახსოვრე, რომ ჭკუა გაწვდენაზეა!.. მიხვდი?
წკაპუნა – ვერა.
ბებია – მარტო ტრაბახამდე კი არ უნდა გიწვდებოდეს ჭკუა, ცოტა მაგის იქითაც...
წკაპუნა – (დარცხვენილი) მივხვდი. 
ბებია – წაიღე ახლა ეს ზარდახშა და აი, იქ დადე – ნაძვის ხის გვერდით...
წკაპუნა – (ათვალიერებს ზარდახშას) ეს ზარდახშა კი არა, ფაილია!
ბებია – ჰო, მასეც შეიძლება ითქვას.
წკაპუნა – (აიღებს ზარდახშას, ნაძვის ხესთან მიაქვს) აქ დავდო?
ბებია – ჰო, მანდ და ცოტა გვერდით უფრო მოუხდება.
წკაპუნა – (ზარდახშას გვერდზე გაწევს) ასე?
ბებია – ჩინებული, ჩინებული, და როგორც დევი ბულუმუღუნი ამბობს ხოლმე, სამოცი ჯორ-კიდებული...
წკაპუნა – შენ საიდან იცი, რომ სამოცი? (ითვლის დესკტოპზე ფაილებს და თვლაში გადის სცენიდან).
ბებია - ესეც ჩემი ბუტია ბიჭის ჯადოსნური ზარდახშა! როგორ გაუხარდება!
ბუტია – (შემოდის გაბრაზებული) არ მომიყვებით ზღაპარს, არა? ხომ არავის გცალიათ ჩემთვის!.. არ მომიყვებით და ნუ მომიყვებით, არა გცალიათ და ნუ გცალიათ! არც მინდა!.. (მაგიდის ქვეშ შეძვრება) და არაფერსაც არ შევჭამ!..
ბებია – ბუტია ბიჭოო!.. (მაგიდის ქვეშ იყურება). რა ქენი, დაიბუდე მანდ?
ბუტია – ჰო, ქათამივით დავიბუდე! მამალი ვარ!
ბებია – მამალი კი არა, ყვინჩილა ხარ ჯერ!..
ბუტია – ვარ და ვიყო!
ბებია - კარგი რა, ნუ იბუტები... გამოდი მაქედან.
ბუტია – არ გამოვალ... და თუ გამოვალ, სულ დავხსნი მაგ ნაძვის ხეს სათამაშოებს!
ბებია – რატომ დახსნი, რამდენი ხანი ვრთავდით მე, შენ და წკაპუნა... სად დამეკარგა წკაპუნა!
წკაპუნა – ოცდაათი ფაილია, სამოცი არ გამოდის!
ბებია – რა არის ოცდაათი?
წკაპუნა – სამოცი ჯორკიდებულიო, ხომ თქვით?..
ბებია – ბულუმუღუნ დევი ამბობს ხოლმე მასე, მე კი არა.
წკაპუნა – და აქ სულ ოცდაათი ფაილია, სამოცი არ არის...
ბებია – ეგ ისე, სიტყვის მასალაა, სულელო. აბა, სათაური დავარქვათ იმ ახალ ფაილს. ანუ  – დაჰკარი ერთი წკაპი!
წკაპუნა – (ფაილის ქვემოთ მიადებს თავის ისარს) წკაპ!
ბებია – ახლა დავარქვათ სახელი... ამ ფაილს ერქვას... (კლავიატურაზე აკრეფავს). აი, ასე...
ბუტია – (გამოძვრება მაგიდის ქვემოდან და კითხულობს ფაილის სახელს) “ზღაპრების ზარდახშა”. ამაში რა არის, ბებო?
ბებია – როცა ზღაპარს არ მოგიყვებიან, მაგიდის ქვეშ კი აღარ შეძვრები! მოხვალ აქ! მიიტან წკაპუნა თაგუნას ამ ზარდახშასთან, დაჰკრავ წკაპს და გაიხსნება შენი საყვარელი ზღაპრები!..
ბუტია – მაგარია!.. და ვინ წამიკითხავს?..
ბებია – შენ თვითონ უნდა წაიკითხო... და თუ ჭკუით იქნები, თვითონ მოგიყვებიან...
ბუტია – თვითონ?
ბებია – ჰო, თვითონ! ეს ზარდახშა ხომ ჯადოსნურია!
ბუტია - წკაპუნა, აბა, გახსენი!
წკაპუნა – (მიდის ფაილთან, ისარს დაადებს და დაიძახებს) წკაპ!
(იხსნება ფაილი – ეკრანზე მოჩანს ზღაპრების სათაურები).
ბუტია – ვაი! “წიქარა”, “ხუთკუნჭულა”, “ფასკუნჯი”, “ია ხათუნისა”, “კომბლე”, “ნაცარქექია”... ვაიმე, როგორ მიყვარს ეს ზღაპრები! დიდი მადლობა, ბე! ძალიან დიდი!..
ბებია – ჰო, ეს შენი საყვარელი ზღაპრებია...
ბუტია – და ეს რომელი ზღაპარია?
ბებია – აბა, რომელი?
ბუტია – მოდი წკაპუნ, მოდი ახლა შენ და დადექი აი, ამასთან!
წკაპუნა – აბა, რომელთან?
ბუტია – “მოპარული ახალი წლის ზღაპართან”.
წკაპუნა – (მიაქვს ისარი ამ წარწერათან) წკაპ!


მეორე სურათი
(სცენა ბნელდება. რაღაცა დაგრუხუნებს და ყველაფერი შეზანზარდება).
ბუტია – ვაიმე!
ბებია – რაღაც ამბავია ჩვენს თავს...
წკაპუნა – რა ხდება, რა სიბნელეა!..
(ისმის მოტორის გრუხუნი). 
ბულუმუღუნ – (შემოდის ფარანით, ათვალიერებს ყველაფერს და ანათებს მარხილს) არის!.. მუზმუზელა, აქეთ, აქეთ!
მუზმუზელა – (იმასაც ფარანი უჭირავს, ანათებს მარხილში მყოფებს). აჰააა!.. ესეც ასე! და ირმებიც გაქცეულან!
ბულუმუღუნ – აი, ამიტომ გეუბნეოდი! აი, ამიტომ!
მუზმუზელა – რას მეუბნეოდი?
ბულუმუღუნ – რომ მე ზუსტად გამოვითვალე, რა გზით გადაიფრენდა ამათი მარხილი!
მუზმუზელა – რა დროს გამოთვლაა! ვერ ხედავ, რამდენი საჩუქრებია?..
ბულუმუღუნ – ეგ რომ დამენახა, მაგიტომ ვანგარიშობდი ამდენი ხანი! ვაი, რა მაგარი ვარ! რა ძალიან მაგარი! მერე მთელი წელი ვივრჯიშე შურდულის სროლაში, რომ არ ამეცდინა! 
მუზმუზელა – შურდულიდან ძალიან ზუსტად ისვრი!
ბულუმუღუნ – ძალიან მაგარი სროლა ვიცი, ძალიან მაგარი და დიდებული, დიდებული, სამოცი ჯორკიდებული!
მუზმუზელა – ჰო, დიდებული, დიდებული და სამოცი ჯორკიდებული ეს საჩუქრები გამოვა ვითომ?!.. აბა, მოკიდე ხელი ამ საჩუქრების ტომრებს და გამოქვაბულში გააცუნცულე!
ბულუმუღუნ – მარტო მე უნდა ვაცუნცულო ამდენი საჩუქარი?
მუზმუზელა – ჩქარა, ჩქარა!
ბულუმუღუნ – მარტო მე?
მუზმუზელა – მე და ბე! მე პოეტი ვარ! და პოეტები ტომრებს არ ეზიდებიან! და მით უმეტეს დევის ცოლები! მოკიდე ხელი და წაიღე!
ბულუმუღუნ – და მე პოეტი კი არ მოვიყვანე ცოლად, მე მოვიყვანე მელა-მუზმუზელა!
მუზმუზელა – მოკიდე ამ ტომრებს ხელი და ნუ მეშაირები, თუ შეიძლებოდეს!
ბულუმუღუნ – კარგი, მაშინ! (იღებს ტომრებს და მიარბენინებს).
მუზმუზელა – მე კი ამასობაში ამათ ავუკრავ პირებს.
ბულუმუღუნ – (გააქვს ტომრები) სწორია, ორივე გავაჩუმოთ ჯერ.
(სცენა ისევ ნათდება.)
წკაპუნა დაჰკრავს ისარს საათს. საათის ციფერბლატი ნათდება. თორმეტს უკლია ოცდახუთი წუთი.
სცენის შუაში აგდია მარხილი, რომლიდანაც ირმები გაქცეულან.
მარხილში არიან პირაკრული თოვლის პაპა და ფიფქია.
ფიფქიას თავზე გვირგვინს მოხსნის მელა-მუზმუზელა და თვითონ მოირგებს თავზე, მერე თავისივე წითელი კუდს ერთ ხელზე გადაიფენს, მეორე ხელით გრძელ მუნშტუკს გააბოლებს და ასე დადის მოდელივით.
შემოდის ბულუმუღუნ დევი. მის დევობას მხოლოდ ის გვაფიქრებინებს, რომ რქები აქვს. ისე, პატარა და მელა მუზმუზელაზე გაცილებით დაბალი კაცია. კისერზე შურდული ჰკიდია).
ბულუმუღუნ – (ტაშს უკრავს) დიდებული გავლაა, დიდებული და სამოცი ჯორკიდებული!
მუზმუზელა - ღრუბლები!
ბულუმუღუნ – ჩემი სულის ხარაჩო - პოდიუმის ყაყაჩო!.. (ლექსს ვეღარ აგრძელებს). ჰო!
მუზმუზელა – (ათვალწუნებით) ღრუბ-ლე-ბი!
ბულუმუღუნ – რა ღრუბლები, მუზმუზელიკო? ვერ ნახე, როგორი ლექსი მათქმევინა შენმა სიმშვენიერემ? ჩემი სულის ხარაჩო – პოდიუმის ყაყაჩო! ისიც ხო წითელია!
მუზმუზელა – ბულუმუღუნ, ახლა ღრუბლები უნდა მოვიდნენ, თორემ მე ყაყაჩო, - დიახაც რომ! - ყოველთვის ვიქნები!
ბულუმუღუნ – აბა, მაშ – დიდებული, დიდებული, სამოცი ჯორკიდებული ღრუბელი!
 
(სცენაზე სიცილ-კისკის-წრიპინით შემოდიან ღრუბლები).
მუზმუზელა – სად არის აქ კიბე?
ბულუმუღუნ – მელა მუზმუზელა მხოლოდ კიბეზე წერს ლექსებს და მხოლოდ აივანზე ამბობს!
მუზმუზელა – იქვე, კიბეზეც ვიცი ხოლმე ლექსის თქმა, მაგრამ იშვიათად.
ბულუმუღუნ – სადაც აივანია, იქ ხომ კიბეც აუცილებლად არის! მუზმუზელა – მე აქ ვერც აივანს ვხედავ და ვერც კიბეს!
ბულუმუღუნ – აივანი ასე ჩქარა ვერა და კიბე – ახლავე იქნება! (მაგიდას ხრიგინით მიუწევს ახლოს და სკამს მიუდგამს) აი, კიბე!
მუზმუზელა – (ჯერ სკამზე ადის, მერე მაგიდაზე) ახლა კიბეზე ვარ თუ აივანზე?
ბულუმუღუნ – კიბე აიარე და აივანზე სდგახარ!
მუზმუზელა – მაშინ - თეთრო ღრუბლებო! (გამოთქმით ამბობს ლექსს).
თეთრი ღრუბლებო,
ჩემს აივანთან
რატომ მოდიხართ
ყოველ დილითო?
თეთრო ღრუბლებო,
მე თქვენ მიყვარხართ,
ბევრი ლამაზი
სუვენირითო.
ბულუმუღუნ – ტაში! ტაში! (ტაშს დასცხებს). რატომ არ ვუკრავთ? ყველას მოგვეწონა და ტაშს ვუკრავთ, ყველას! (არავინ უკრავს ტაშს). დიიიდი მადლობა, ჩემო კარგო და მშვენიერო და კოხტაპრუწა და ლამაზო მელა მუზმუზელა! დიდი და გულითადი მადლობა!.. “ყოველ დილითო” – “სუვენირითო”! აი, როგორი გამოუცნობი და დიდოსტატური რითმა იყო! დიდებული იყო, დიდებული და სამოცი ჯორკიდებული!
მუზმუზელა – სამოცი არა, მაგრამ ოცდაათიოდე ტომარა მაინც იქნებოდა...
ბულუმუღუნ – არა, რას ამბობ, საყვარელო, სწორედ რომ სამოცი ტომარა საჩუქარი წავიღე ამ მარხილიდან და გამოქვაბულში მოვათავსე, შენს საძინებელში.
ბუტია – თქვენ საახალწლო საჩუქრები მოიპარეთ!.. ბავშვების საახალწლო საჩურები!
ბებია – და საერთოდ, რა ხდება? ვისთან გვაქვს საქმე?
მუზმუზელა – ვისთან გაქვთ და გაიცანით – მეშურდულეთა აკადემიის ერთადერთი ნამდვილი წევრი, პროფესორი ბულუმუღუნ დევი.
ბულუმუღუნ – (თავს დაუკრავს ბებიას). თქვენი მონა-მორჩილი!.. ხოლო ჩემს პირველ მეუღლეს უკვე იცნობთ – ეს დიდებული ლექსი სწორედ მან წაგვიკითხა გამოთქმით. მელა მუზმუზელა, ანუ ეს გახლავსთ პოეტი, რომელსაც ერთი მუზა კი არ სწყალობს, არამედ ორი – “მუზ” და “მუზ” და მელაც... აი, რა კარგი და დიდებული სახელი ჰქვია! დიდებული, დიდებული და სამოცი ჯორკიდებული! დიახ!
მუზმუზელა – მე მგონი, ამათ არ მოეწონათ ჩემი ლექსი!.. მე კი მეგონა, ამ ლექსით საჩუქრებს დავიმსახურებდი, რადგან...
ბულუმუღუნ – ჩემს ცოლს ძაააალიან უყვარს საჩუქრები!.. და ყველა საჩუქარი – მელა მუზმუზელასია!
ბებია – ჯერ ერთი, ვინ მოგახსენათ, რომ მაგისია?
ბულუმუღუნ – ბრძანებაში ასე სწერია!
მუზმუზელა – (გაღიზინებული) კარგი, მაშინ ამიხსენით გეთაყვა, რატომ არ მოგეწონათ?
ბებია – და მეორეც, ჭკუა გაწვდენაზეა!..
ბუტია – მე რომ ლექსებს მიკითხავს ხოლმე ბებია, იმ ლექსებს უფრო შორს უწვდებათ ჭკუა!..
ბულუმუღუნ – უჰ, ეგ რა თქვი, ეგ რა თქვი, გეკადრება ახლა ბუტია ბიჭო შენ ეგ? აი, ამაზე მართლა შეიძლება გაგებუტო!
მუზმუზელა – აბა, რომელ ლექსებს მაინცდამაინც?.. ჰო, რომლებს?.. კერძოდ და სახელდობრ, რომელ ლექსებს უწვდებათ ჭკუა ჩემს ლექსებზე შორს?
ბუტია – გამებუტებით და გამებუტეთ!
ბებია – რომლებს, რომლებს და, ნიშა-ნიკორებს!.. (ღრუბელბს წკაპუნა წაუქცევიათ და მის გარშემო ფერხულით ცეკვავენ). და თუ შეიძლება აქედან მოგვაშორეთ თქვენი უზრდელი ღრუბლები!
ბულუმუღუნ – (მუზმუზელას) ამათ არ იციან და თვითონაც რომ არ იციან, ისე მოეწონათ შენი ლექსი. თორემ ვის რა სამოცი ჯორკიდებული ვირი მოვპარეთ?
მუზმუზელა – არავის! ჩვენ ვირებს არ ვიპარავთ! და არც არაფერს ვიპარავთ.
ბებია – აბა, იმ ტომრებს ვინ მიარბენინებდა?
ბულუმუღუნ – რას ამბობთ, ბებიკო! ჩვენ მხოლოდ ბრძანების მიხედვით ვმოქმედებთ! მკაცრად ვემორჩილებით ბრძანებას. დიახ!
ბუტია – ბრძანებები მაკლდა!
ბულუმუღუნ – არა, ბუტია ბიჭო, ეს სულ სხვანაირი ბრძანებაა, სუუულ სხვანაირი! ახლავე წაგიკითხავ.
მუზმუზელა – ანუ!.. ესე იგი!..
ბულუმუღუნ – ამიერიდან...
მუზმუზელა – დამაცადე, ბულუმუღუნ!.. ამ ლექსის დაწერამდე, სულ ვეკითხები ამ ღრუბლებს, - რა გინდათ, ჩემო მშვენიერო ღრუბლებო, რატომ იკრიბებით ჩემს აივანთან?.. და მორცხვად სდუმდნენ სულ, ძალიან მორცხვად, ვიდრე გუშინ არ გამომტყდნენ, რომ ჩვენ ბულუმუღუნ დევის სუვენირები ვართო.
ბულუმუღუნ – და თქვენ მადლობლებიც არა ხართ, პირველად რომ თქვენ გეწვიეთ?
ბუტია – მადლობლები ვიქნებოდით, რომ გაგვეგო, რატომ გვეწვიეთ.
მუზმეზელა – აი, ბულუმუღუნ, რა მოსდევს იმას, რომ შენი ბრძანება არ წაუკითხავთ.
ბებია – რა ბრძანება, არც კი გვსმენია!
მუზმუზელა – აი, ესეც შენი თვითგახსნადი ფაილები!.. აკი ყველასთან მივაო?
ბულუმუღუნ – როგორ, ჩემი გამოგზავნილი ფაილები არ მოგდიოდათ?
იქ იყო ჩემი ბრძანება!
ბუტია – მე კი მომდიოდა, მაგრამ წკაპუნა თაგვი არ ხსნიდა, ვირუსების შიშით.
ბულუმუღუნ – ოხ, ის სულელი წკაპუნა!..
მუზმუზელა – აი, თურმე რატომ არ დაუკრეს ჩემ ლექსს ტაში! ახლა ყველაფერი გასაგებია!
ბულუმუღუნ – ის ვირუსები კი არა, ჩემი ახალი ბრძანება იყო! ახალი!..
ბებია – არ ვიცით, ბატონო, თქვენი ბრძანება და რა ვქნათ?
ბულუმუღუნ - კარგი, მაშინ ახლა მოისმინეთ ჩემი ახალი ბრძანება!
მუზმუზელა – აბა, წკაპუნა, გაგვიხსენი აი ეს ფაილი!
წკაპუნა – ვერ გავხსნი! ეს თავისით მოსული ფაილია და უნდა წაიშალოს!
ბულუმუღუნ – (შურდულს მოიხსნის კისრიდან და წკაპუნას უმიზნებს). წაშლით ეს ფაილი კი არა, შენ წაიშლები, თუ არ დამიჯერებ!
წკაპუნა – მე ახლა წავალ, თუ ეს ღრუბლები გამიშვებენ და, იმ ფაილს წავშლი!
მუზმუზელა – ვერაფერსაც ვერ წაშლი! (მელა მუზმუზელა შურდულს წაართმევს ბულუმუღუნ დევს და ფაილს ესვრის. ფაილი გაიხსნება). ბრძანება ნომერი ერთი!
ბულუმუღუნ – დიდებულია ნასროლია! დიდებული და სამოცი ჯორკიდებული!
(ტაშს უკრავს). ახლა მე წაგიკითავთ.
მუზმუზელა – არა! თავად მე წავუკითხავ! შენ კი ბულუმუღუნ, ეგ ტომარა აიღე და იმ საჩუქრებით გაავსე, რომლებიც ამ ნაძვის ხეზე ჰკიდია.
ბულუმუღუნ – ხო, მართალია! ნაძვის ხე ხომ მაინც უნდა წავიღოთ და...
ბუტია – რატომ უნდა წაიღოთ ჩემი ნაძვის ხე? მთელი საღამოა ვრთავ და ვალამაზებ!
მუზმუზელა – ისმინეთ ბრძანება ნომერი ერთი! და ვინც არ მოისმენს, ათჯერ იტყვის ენისგასატეხს - ბულუმუღუნდევი გაბულუმუღუნდევებულა... და მერე როგორც ტექსტშია! გასაგებია?
მუზმუზელა – მაშ, ასე... ამიერიდან გაუქმებულია ახალი წლის მოსვლა თორმეტ საათზე.
ბებია – ბიჭოს! აბა, როდის მოვა ახალი წელი?
მუზმუზელა – როცა ჩვენ მოვალთ, მაშინ!
ბულუმუღუნი – ბებია! ენისგასატეხი! გათქმევინებ, იცოდე!
მუზმუზელა - ასევე გაუქმებული არიან თოვლის პაპა თავისი საჩუქრებიანად და მასთან უმიზნოდ ამგზავრებული ფიფქია!
ბუტია – და ჩვენი საჩუქრები? აღარ იქნება?
ბულუმუღუნ – საჩუქრები იქნება, მაგრამ მე უნდა გამატანოთ. მე კი მელა მუზმუზელას მივუტან!
მუზმუზელა – დიახ. აბა, სხვა ვინ დაგიწერთ ასეთ კარგ ლექსებს?
ბულუმუღუნი – ვერავინ.
მუზმუზელა – ამიერიდან ახალ წელს მოგილოცავენ ბულუმუღუნ დევი და მელა მუზმუზელა.
ბულუმუღუნ – (ნაძვის ხიდან მოხსნილი სათამაშოებით უკვე გაუვსია ერთი ტომარა) ჰოდა, გილოცავთ ახალ წელს, უკვე მოვიდა!
მუზმუზელა – ეგ ტომარა გამოქვაბულში წაიღე და ფრთხილად, არ გაგიტყდეს!@
(ბულუმუღუნს გაქვს ტომარა). ესე იგი, სად ვიყავი? ანუ?.. ჰო, აქ... ახალ წელს მოგილოცავთ ჩვენ და თერთმეტ საათზე. და არა მოძველებული ირმებიანი მარხილით და საჩუქრებით, არამედ ბორბლებიანი და მოტორიანი გამოქვაბულით გეახლებით...
ბუტია – გამოქვაბულით?
მუზმუზელა – რა იყო, ბუტია? გამოქვაბული გაგიკვირდა?..
ბულუმუღუნ – ეს გამოქვაბული უბრალო არ გეგონოთ!.. ჯერ ერთი, რომ საპატრულო პოლიციაში რეგისტრირებულია და ნომერიც მაქვს აღებული (აჩვენებს თავიანთი ბორბლებიანი გამოქვაბულის ნომრებს) “დაბლიუ-დაბლიუ-დაბლიუ, წერტილი, ბულუმუღუნ, წერტილი, დევ”...
ბუტია – ეს ნომერი საიტის მისამართს ჰგავს, არა, ბებო?
ბებია – ჰო, მიაგავს.
ბულუმუღუნ – გამოცანა გერგებათ. რაც აქ ხდება, სულ ჩემი საიტიდან არის!
მუზმუზელა – და რაც მთავარია, ჩვენს გამოქვაბულს გარშემო აივანი უვლის და იმ აივანთან სულ ღრუბლები იკრიბებიან!.. დიახ!
ბულუმუღუნ - ხოლმე ჩვენს გამოჩენას ღრუბლები რომ მოჰყვება, ხოლმე იმ ღრუბლებზე, ხოლმე ახალ ლექსს წაგიკითხავთ მუზმუზელა მელა, ხოლმე რაშიც იქით უნდა გაატანოთ საჩუქრები.
მუზმუზელა – აბა, რა! ხოლმე შრომას დაფასებაც უნდა!
ბებია – ბუტია, აი ხომ გესმის, რა ცუდია, “ხოლმე” რომ წინადადების თავში გადააქვთ...
ბუტია – ჰო, ძალიან ბუნდოვანი ლაპარაკი გამოდის და ძლივს ვიგებ...
ბულუმუღუნ - და ვინც ამას ვერ გაიგებს, ათჯერ იტყვის ამ თავსატეხს - შარიანი შარისათვის შარს დაეძებს შარა-შარა!
მუზმუზელა – ვაიმე, რა ხარ, ჩემო კარგო ბულუმუღუნ! რა ხარ! რაც შენ გამოცანები და თავსატეხები იცი! (ტაშს დაუკრავს). ყოჩაღ!
ბულუმუღუნ – რა ვქნათ, ძალიან გვიყვარს საჩუქრები!
მუზმუზელა – ხოლო ნაძვის ხის მაგივრად საახალწლოდ ყველამ უნდა დავდგათ ბანანის ხეები!
ბებია – რატომ ბანანის ხეები?
მუზმუზელა - იმიტომ, ჩემო ცნობისმოყვარე ბებიკო, რომ ბანანი ნაძვივით კი არ იკბინება, არამედ სამარგებლო და გემრიელ ნაყოფს ისხამს და ტოტების მორთვაც არ უნდა – საჩუქრები მაინც მე უნდა გამატანოთ, იმ კბენია წიწვებზე კი არ უნდა ჩამოაკონწიალოთ ძველებურად.
ბულუმუღუნ – ჩვენ ხომ თქვენთვის ვშრომობთ! თანაც ბანანი საუცხოო რამ გახლავსთ! საუცხოო და სამოცი ჯორკიდებული!
მუზმუზელა – და კიდევ – სამარგებლო!
ბუტია – და თოვლის პაპა და ფიფქია უნდა მოკლათ?
მუზმუზელა – მოვკლათ? რას ამბობ, ბუტია ბიჭო! ჩვენ ხომ გვიყვარს თოვლის პაპაც და ფიფქიაც და სუუულ ყველაც!
ბულუმურუნ – ანუ, კაცთმოყვარეები ვართ!
მუზმუზელა – და არა ადამიანების მოძულეები!
ბულუმუღუნ – და ამ ბრძანებაში მძულვარება არ ჭაჭანებს, პირიქით, აქ წერია, რომ თოვლის პაპა დაწინაურებულია. ჯერ ვასწავლით ჩვენი ბორბლებიანი გამოქვაბულის მართვას და შემდეგ დავნიშვანთ ჩვენი ბორბლებიანი გამოქვაბულის მართვის პულტის მთავარ პილოტად!
ბუტია – პილოტად რატომ – თქვენი გამოქვაბული დაფრინავს კიდეც?
ბულუმუღუნ – ჯერ ვერა, მაგრამ მალე იფრენს კიდევაც.
მუზმუზელა – და შურდულის სროლასაც შევასწავლით! დაჩქარებულად! ურჩობა რომ არვინ გაბედოს!
ბულუმუღუნ – ხოლო ფიფქია ჯერ დამლაგებელი იქნება ჩვენს გამოქვაბულში, მერე კი, სრულწლოვანების ასაკს რომ მიაღწევს, გახდება ჩემი პირველი...
მუზმუზელა – მეორე!
ბულუმუღუნ – ჰო, მეორე ცოლი!..
ბებია – შენი ცოლი?
ბულუმუღუნ – ჰო, რატომ გაგიკვირდა? დევებს ცხრა ცოლიც კი ჰყავთ ხოლმე და მე ორი მაინც არ უნდა გამაჩნდეს?
მუზმუზელა – მთავარია, ვინ იქნება პირველი ცოლი!
ბულუმუღუნ – შენ, ჩემო კარგო და მეტი
არავინ!@შენ! - შენი დიდებული და სამოცი ჯორკიდებული ლექსებიანად! და მეორე ცოლი იქნება ფიფქია თავის ფიფქებიანად!
მუზმუზელა – ჰოდა, ყველაფერი რიგზეა!.. ორი ცოლი მაინც არ ჰყავდეს?!
(ფეხზე წამომდგარი თოვლის პაპა და ფიფქია რაღაცას ანიშნებენ ხელებით და რაკი ვერ ლაპარაკობენ, ზმუიან).
ბულუმუღუნ – აი, ამათაც როგორ გაუხარდათ!
მუზმუზელა – გამოქვაბულში წაიყვანე!
ბულუმუღუნ – ჰო, ესენი დაწინაურებული არიან! (მივარდება და თოვლის პაპას მოიგდებს ზურგზე. იმას რომ გაიტანს, მერე ფიფქიაც ამგვარად გაჰყავს).
მუზმუზელა – მე ძალიან გამიხარდა თოვლის პაპის დაწინაურება. ეს საწყალი, შეაბამდა იმ თავის მარხილში ირმებს, დააქროლებდა აქეთ-იქით და ქარი ცრემლით უვსებდა თვალებს. როგორ შეიძლება თოვლის პაპის ატირება! მოხუცი ადამიანია და პატივი უნდა მივაგოთ. ამიერიდან კი – ჩვენი გამოქვაბულის მართვის პულტის მთავარი პილოტი და შეთავსებით შურდულის მსროლელიც იქნება!
ბულუმუღუნ - იქ კი მართვა კომპიუტერებით არის. და ვეღარც ქარი აუცრემლებს თვალებს. დიახ.
ბუტია – და ყოველ ახალ წლისთვის თქვენ უნდა მოგიგროვოთ სათამაშოები და კანფეტები და ჩურჩხელები?
წკაპუნა – აუუ, რა გაავსებს თქვენ გამოქვაბულს საჩუქრებით?!
ბულუმუღუნ – აი, ჩემო კარგო ბუტია! შენთვის აქამდე რომ ეს ფაილი გაეხსნა ვინმეს, ჩემ პირველ ბრძანებასაც ნახავდი და ამდენ შეკითხვებს აღარ დამისვამდი...
ბულუმუღუნ – ჩვენ ახლა გვეჩქარება. ეს მარხილი სასიარულოდ აღარ გამოდგება, აქ ვტოვებთ.
მუზმუზელა – ჰო, დროა სხვებთანაც მივიდეთ. (მარხილს ეუბნება ლექსს).
რა მარხილი, რის მარხილი,
გავიგონე ცის ძახილი.
ჩვენი მტერის გული ვნაზე
სიკეთითა ისარქმნილი.
ბულუმუღუნ – სწორია! სიკეთითა ისარქმნილი! (ნაძვის ხეს მოიკიდებს ზურგზე) წავედით!
მუზმუზელა – ჰო, ბანანი უფრო საუცხოო, სამარგებლო და მხიარულია!
(ორივენი გადიან).

მესამე სურათი
(წკაპუნა თაგვი პირაკრულია და ძირს აგდია, თავის ისრის მახლობლად. ღრუბლები მატულობენ, წრიპინებენ და ხითხითებენ).
ბუტია – (ეხვეწება წკაპუნას) წკაპუნა, აი შენი ისარი მოგიტანე! ადექი რა... გეხვეწები...
წკაპუნა – ვერა, ბუტია, ვეღარ ავდგები... აი, ესენი, სულ რომ წრიპინებენ,  მართლა ღრუბლები კი არ არიან...
ბუტია – აბა, ვინ არიან?
წკაპუნა – ვირუსები!
ბუტია - ვაიმე, ბებია!.. ახალი წელი მოიტაცეს!.. და აქ ვირუსები დაგვიტოვეს!.. რა ვქნათ?
ბებია – რა უნდა ვქნათ და... ჯერ უნდა გამოვიცნოთ.
ბუტია – რა უნდა გამოვიცნოთ?
ბებია – რისი ეშინიათ ამ ღრუბლებს.
ბუტია – და რისი ეშინიათ?
ბებია – აი, ნაძვის ხეებს მოჭრის და გადაწვის ეშინიათ...
ბუტია – და ღრუბლებს?.. (ფიქრობს). მზისა? მზის სხივებისა?
ბებია – მზეს კი ჩამოეფარებიან ხოლმე, მაგრამ...
წკაპუნა – წვიმის?
ბებია – წვიმის როგორ ეშინიათ, როცა თავად დაატარებენ წვიმას?
ბუტია – აა, გამოვიცანი! ქარის!
ბებია – ჰო, ქარის ეშინიათ, მათრახიანი ქარისა!
ბუტია – მერე მათრახიანი ქარი სად იქნება?
ბებია – სად იქნება და, ზღაპრების ზარდახშაში.
ბუტია – და კომბლესაც ვთხოვოთ, ამ ვირუსებს დაერევა იმ თავისი კომბლებით და...
ბებია - კომბლეც შეიძლება.
ბუტია – და ბები, წიქარა? წიქარაც ხომ არ მოგვეხმარებოდა?
ბებია – წიქარასაც ვთხოვოთ!
ბუტია – როგორ ვთხოვოთ?
ბებია – როგორ და, ასე: აი ამ ზღაპრების წიგნში ის ზღაპარი უნდა იპოვო, რომლის პერსონაჟის გამოძახებაც გინდა (გადაშლის წიგნს). აი, ეს წიქარაა! (კიდევ გადაშლის) ეს კი – კომბლე! და მერე ამ ფაილს უნდა უთხრა: ზღაპრების ზარდახშავ, კომბლე და წიქარა გამოუშვი! და ერთიც მათრახი გვათხოვე!..
(ფაილი “ზღაპრების ზარდახშა” იხსნება. იქიდან ამოდიან კომბლებით შეარაღებული კომბლე, წიქარა და მათრახიც გადმოვარდება).
ბებია – წიქარა, შენ იქით შეუტიე! კომბლე, შენ აქეთ და მე ამათ დავერევი!
(ბებია აიღებს Mმათრახს და ღრუბლებს ურტყამს, თან ქარივით უსტვენს. ასევე დაერევიან ღრუბლებს კომბლე და წიქარა. ღრუბლები წრიპინით გარბიან).
ბუტია – აუუ, რა მაგარია!
(მალე სცენაზე ღრუბლები აღარ არიან. კომბლე და წიქარა “ზღაპრების ზარდახშაში” ბრუნდებიან).
ბუტია – აუ, რა მაგარი ბებია ხარ!
ბებია – ეს ზღაპრები წაკითხული რომ არ გვქონოდა, არ მოვიდოდნენ არც ერთი!
წკაპუნა - არც გვეცოდნებოდა, ვისთვის გვეხმო და...
ბუტია – იეეეს! მე და შენ რამდენი ზღაპარი გვაქვს წაკითხული!…და წკაპუნაც მოცოცხლებულა! მაგარია!
ბებია – წამოდი ახლა და წკაპუნა თაგვს მივხედოთ!
(ორივენი მიდიან წკაპუნა თაგვთან. ბებია წამოაყენებს. ბუტია თავის ისარს მისცემს.
წკაპუნა დაჰკრავს ისარს საათს. საათის ციფერბლატი ნათდება. თორმეტს უკლია ოცდასამი წუთი).
ბუტია – აბა, როგორ ხარ, წკაპუნა?
წკაპუნა – ახლა უკვე კარგად! თქვენ მარტო დამავალეთ, რომელი ფაილი გავხსნა!
ბუტია – ხომ მაგრად გავყარეთ ის წრიპინები!
წკაპუნა – უჰ! ეგენი საშინელი ახალი ვირუსებია! მაგათ ვერ იჭერს ბიძია ნორტონის ანტივირუსული პროგრამა და მთელი კომპიუტერს თავის ზონად აქცევენ. წავშალო ხომ ეს წარწერა?
ბუტია – რომელი წარწერა, მე ვერ ვხედავ!
წკაპუნა – აბა, შეხედე! (უთითებს ერთ წარწერაზე: წწწ.ბულუმუგჰუნ.დევ).
ბებია – (კითხულობს). დაბლიუ, დაბლიუ, დაბლიუ, წერტილი, ბულუმუღუნ, წერტილი, დევ.
ბუტია – ეს ხომ იმათი ბორბლებიანი გამოქვაბულის ნომერია!
ბებია – ამ სახელით ჩემი საიტიც მაქვსო, ხომ ამბობდა!
წკაპუნა – საშიშია ეს საიტი – ვინც იქ შევა, სულ წრიპინა ღრუბლებით გაევსება კომპიუტერი.
ბუტია – ჰოდა, “დილეიტ!”
(წკაპუნა ისარს დაჰკრავს იმ წარწერას, გააწითლებს და წაშლის).
ბებია – ესე იგი, ბულუმუღუნ დევი მართლა ნასწავლი ვიღაცა ჩანს, ასეთი ვირუსები რომ გამოიგონა; რასაც ვერ ვიტყოდი იმ მელა მუზმუზელაზე...
ბუტია – ჰო, ბე, ძაან სულელურ ლექსებს წერს, ხომ?!.
წკაპუნა – ჰო, ძაან მაგარ უნიჭობებს!
ბებია – უნიჭობაც არის და უნიჭობაც! მუზმუზელა მელა – დასაბმელი უნიჭოა. ბუტია - ბე, რატომ არიან უნიჭოები დასაბმელი?
ბებია – დასაბმელები იმიტომ არიან, რომ ყოველთვის ნიჭიერების გადასწრებას ცდილობენ.
წკაპუნა – და ნამდვილი პოეტები საჩუქრებისთვის არ წერენ ლექსებს!
ბუტია – რა ვიცი, “მუზ” და “მუზ”, ანუ ორი მუზა გამოსდისო!.. ძალიან მუზებიანი და ნიჭიერიაო! - ასე არ გვითხრა ბულუმუღუნ დევმა?
ბებია – მუზმუზელა – ეს მართლა ორი მუზას კი არ ნიშნავს!..
წკაპუნა – აბა, რას ნიშნავს “მუზმუზელა”?
ბებია – ენატანიას და ავენას.
ბუტია – ვა! ენატანია ყოფილა!.. საწყალი ფიფქია იმის ხელში! და თოვლის პაპა რომ ვეღარ მოგვიტანს საჩუქრებს? მთელი საჩუქრები იმათ წაიღეს...
წკაპუნა – ვერც ერთ ბავშვს ვეღარ მიუტანს!..
ბებია – რა ვქნათ, წკაპუნა, როგორ მოვიქცეთ?
წკაპუნა – არ ვიცი, რა გვეშველება. ეგენი ხომ იმ ბორბლებიანი და მოტორიანი გამოქვაბულით დადიან და ყველას ჩვენნაირად ულოცავენ თავიანთ გამოგონილ ახალ წელს. მალე სულ დაფარავენ ზონა ჯი-ს.
ბუტია – ზონა ჯი – რას ნიშნავს?
წკაპუნა – ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ზონაში ვერავის ვეღარ დაუკავშირდები. ყველა კომპიუტერი იმ ღრუბლებით გაივსება და გაჩნდება ისეთი წარწერები, მე რომ წეღან წავშალე - დაბლიუ, დაბლიუ, დაბლიუ, წერტილი, ბულუმუღუნ, წერტილი, დევ.
ბებია - და მთელი საქართველოს ინტერნეტსივრცე იქნება მაგათი!
ბუტია – უნდა შევაჩეროთ!.. ჰა, ბებია? ხომ მართალი ვარ?
ბებია – მართალი ხარ, მაგრამ როგორ?.. ეს მარხილი შესაკეთებელია – მაღლიდან ჩამოაგდეს შურდულიდან ნასროლი ქვით. დამფრთხალი ირმებიც მოსაძებნი და მოსაყვანია, რომ ისევ შევაბათ და...
ბუტია – გამოვედევნოთ! შევაკეთოთ ეს მარხილი და ამით გამოვედევნოთ! ამას ხომ ფრენაც შეუძლია! (ათვალიერებს მარხილს). ეს აქეთა მხარეა მორყეული, გამაგრება უნდა.
ბებია – (ისიც მივა მარხილთან) და ეს სასრიალოს თავიც თავიდან უნდა გაუკეთოთ. დურგალი გვინდა, კარგი დურგალი...
ბუტია – დაიცა, ის რომელი ზღაპარია, კიდობანს რომ გააკეთებს და შიგ დევს ჩასვამს მოტყუებით და მეფეს მიუყვანს? ხუროს იარაღები მიშოვნეთო, ხელმწიფეს რომ სთხოვს...
ბებია – ჰო, სთხოვს, რომ ხერხიო, ხელეჩოო, ხუსტარა, საწარბელა, შალაშინი, ლურსან-ჩაქუჩიო...
ბუტია – და მერე კიდობანს რომ გაუკეთებს დევს. ამას ერთ ფიცარსაც კი ვერ გააგდებინებო!..
წკაპუნა – მე ტყუილად მიყურებ, მე არ ვიცი ეგ ზღაპარი...
ბუტია – ხუთკუნჭულა! აი, ვინ არის! ხო სწორია, ბე?
ბებია – ჰო, სწორია... (წიგნს მიაწვდის). აჰა.
ბუტია – ეხლა ეს უნდა გადავშალო “ხუთკუნჭულაზე” და (გადაშლის).
წკაპუნა - მე ამ ჩამონათვალში უნდა ვიპოვო “ხუთკუნჭულა”. (ზღარპების ზარდახშას დაჰკრავს ისარს, ჩამოიშლება ზღაპრების სათაურები). აი, ეს არის. (“ხუთკუნჭულაზე” დაჰკრავს ისარს). 
ბუტია - ზღაპრების ზარდახშავ, ხუთკუნჭულა გვათხოვე მარხილის შესაკეთებლად.
ბებია – და ხუროს იარაღიც გამოატანეთ, თუ შეიძლება.
(ზარდახშიდან ამოდის ხუროს ტანსაცმლიანი ხუთკუნჭულა და იწყებს მარხილის შეკეთებას).
წკაპუნა – ამას მე ვუყურებ! შენ ის მოიფიქრე, ბუტია, ირმები ვინ უნდა მოგვიყვანოს!
ბებია – ჰო, უირმებოდ ეს მარხილი ვერ ივლის!
ბუტია – ირმებს ვინ მოიყვანს, ვინ მოიყვანს და... ნაცარქექიამ არაფერი იცის ირმებისა, არც ია ხათუნისამ... მე მელია წვრილას ფათერაკებიც მიყვარს, მაგრამ ის როგორ მოიყვანს ირმებს? ანდა ნახევარწიწილა?
ბებია – თანაც მელია წვრილა რომ გამოვიძახოთ, მაშინვე მელა მუზმუზელასთან გაიქცევა სატრაბახოდ.
ბუტია – ჰო. არ გამოგვადგება... და მაშინ არც დევები გამოგვადგებიან.
ბებია – არა, არც დევები. არც ხელმწიფეები.
ბუტია – ბებ, არც “გაუცინარი ხელმწიფე”? ის ხო ცუდი არ იყო?
ბებია – ცუდი არ იყო, მაგრამ იმან რა იცის ირმებისა?
ბუტია – და იმისი უმცროსი შვილი რომ გავგზავნოთ? ის ყველაზე მოხერხებულია.
ბებია – მოხერხებული კი არის, მაგრამ ირმების ენა უნდა იცოდეს, თორემ თუ მშვილდიდან დაუშინა ისრები და დახოცა, მერე ვიღა წაგვიყვანს?
ბუტია – და რამე ჯადოსნური სიტყვები არ არის, რომ ის ირმები აქ მოვიყვანოთ?
ბებია – ბუტია, კარგად დაფიქრდი! მე და შენ უკვე წავიკითხეთ ის ზღაპარი, რომლის გმირიც ჩვენ ახლა გვჭირდება...
(ბუტია ბიჭი გამალებით დააბიჯებს წინ და უკან და ფიქრობს. უცებ შუბლზე შემოირტამს ხელს. აქ შეიძლება დარბაზსაც დაუსვან ეს შეკითხვა).
ბუტია – არის!
ბებია – აბა, რომელი?
ბუტია – ირმისა! კოჭლი ირემი რომ აწოვებდა ძუძუს და იმან რომ გაზარდა!.. იმას ხომ ირმების ენაც ეცოდინება!
ბებია – როგორ არ ეცოდინება!
ბუტია – (სასწრაფოდ გადაშლის ზღაპრების წიგნს და მიმართავს ზარდახშას). ჩემო კარგო წიგნო, გეხვეწები, ირმისა გვათხოვე, რომ დამფრთხალი ირმები მოგვიყვანოს!
(ზარდახშიდან ამოდის ირმისა და ირმების მოსაყვანად მიდის).
ბებია – აი, რა კარგია, რომ ზღაპრები გიყვარს!


მეოთხე სურათი
წკაპუნა დაჰკრავს ისარს საათს. საათის ციფერბლატი ნათდება. თორმეტს უკლია ოცი წუთი.
ბულუმუღუნ დევის ბორბლებიან გამოქვაბულში არიან თოვლის პაპა, რომელსაც შუბლზე ამოსულ კოპზე ოცთეთრიანი დაუდია და ოხრავს. მოწყენილია ფიფქია.
წასასვლელად ემზადებიან ბულუმუღუნ დევი და მელა მუზმუზელა. ბულუმუღუნი ფეხს ითრევს.
ბულუმუღუნი – (ბუზღუნებს) აღარ მინდა რა... დავიღალე უკვე!
მუზმუზელა – რას ჰქვია, დაიღალე?! როგორ თუ დაიღალე? ახალი წლის მილოცვა მოგბეზრდა?
ბულუმურუნ – მე ამათ ვუყარაულებ და შენ მიულოცე. თანაც მოტორში ზეთი უნდა გამოვცვალო, თორემ დგუშები გაიჭედება... და მარჯვენა ბორბლის მუხრუჭმაც აურია... მე მგონი, საკისარი(?) ჩაეშალა!
მუზმუზელა – ჯერ ერთი, ამათ დარაჯი აღარ სჭირდებათ – ამ ღრუბლებს ვერსად წაუვლენ და ფეხსაც ვერ გაადგამენ გამოქვაბულიდან. ბევრი-ბევრი – აივნიდან გადაიხედონ...
ბულუმურუნ – და რომ გადაიხედონ?
მუზმუზელა – გადაიხედონ, ღრუბლების მეტს რას დაინახავენ?..
ბულუმურუნ – ვერაფერს!
მუზმუზელა - და მეორეც – მოტორი იმიტომ გაფუჭდა, რომ აივანი გაუკეთე!
ბულუმუღუნ – აივანი რა შუაშია? ზეთი უნდა, ზეთი!
მუზმუზელა – ზეთი უნდა ერბო-კვერცხს. ზეთი ჯონჯოლის მწნილს უხდება და პამიდვრის სალათსაც... და არა ჩვენი გამოქვაბულის მოტორს!.. ასე რომ, ტყუილად ზარმაცობ, გამოადგი ფეხი!
ბულუმუღუნ – მე კი გამოვადგამ, მაგრამ ეს ამდენი საჩუქრები აღარ ეტევა აქ და... თანაც ის მანქანის ზეთია, საჭმლისა კი არა!..
მუზმუზელა – დაეტევა თუ არა, ეგ მე ვიცი! შენ წამოდი! ჯი ზონის დაფარვას ბევრი აღარაფერი უკლია.
ბულუმურუნ – ჰო, სულ დავფარავთ და მთელ ამ ზონაში გაუქმდება თოვლის პაპიანი და ფიფქიიანი, ანუ, ესე იგი, ყავლგასული და მოძველებული ახალი წელი!..
მუზმუზელა – ჰოდა, მოიმარჯვე შენი შურდული, წამოიყვანე ღრუბლები და წავედით!
ბულუმურუნ – და ეს საწყალი თოვლის პაპა მეხვეწება, გამოცნობანა მეთამაშე და თუ მოგიგე, გამიშვიო.
მუზმუზელა – არ ეთამაშო!
ბულუმუღუნ – რა მოხდა მერე, სამ-სამ გამოცანას ვიტყვით და ვინც ვერ გამოიცნობს, წაგებულიც ის იქნება!
მუზმუზელა – მერე, რომ ვერ გამოიცნო?
ბულუმუღუნ – მე ვერ გამოვიცნობ? რაც კი დევების ქვეყანაში გამოცანები და ენის გასატეხებია, ყველა ვიცი! ყველა!
მუზმუზელა – შენ შარადებიც იცი, რებუსების ამოხსნაც!.. ანდაზებს და ენისგასატეხებს ხომ ნუღარ იტყვი...
ბულუმურუნ – ჰოდა, მარტო ერთხელ წავეთამაშები რა თოვლის პაპას?
მუზმუზელა – აი, ჯერ ჩაიაროს ახლმა წელმა და მერე წაეთამაშე. ახლა კი – წამოდი.
ბულუმუღუნ – მართლა?! კარგი, მაშინ მოვდივარ.
(ორივენი გადიან).
თოვლის პაპა – ფიფქია, რაღაცა უნდა მოვიფიქროთ! აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ რაღაცა! რაღაცა და რუღაცა!..
ფიფქია – როგორმე უნდა გავიქცეთ აქედან!
თოვლის პაპა – ჰო, უნდა გავიქცეთ, თორემ ჩემი საყვარელი ბავშვები უსაჩუქრებოდ მრჩებიან!.. და უსაჩუქრებოდ რაღა ახალი წელი იქნება?
ფიფქია – მე უკვე აივანზეც ვიყავი და მართალი თქვეს, ამ ღრუბლებს თავს ვერ დავაღწევთ, არაფერი ჩანს...
თოვლის პაპა – და გამოცანების გამოცნობანა რომ ვეთამაშო, იქნებ მოვუგო და გაგვიშვან?
ფიფქია – ეგ მე უკვე შევთავაზე, მაგრამ ღრუბლები ამბობენ, გამოცნობანა ჩვენ არ ვიცით, მაგას ბულუმუღუნ დევი თამაშობს კარგადო.
თოვლის პაპა – მერე, მეთამაშოს და ვნახოთ, ვინ უფრო მაგარია!
ფიფქია – არ გეთამაშება, ჯერ ახალი წელი უნდა ჩავატაროთო, ხომ გაიგონე?
თოვლის პაპა – აბა, რა ვქნათ?
ფიფქია – იცი რა, მე ამ გამოქვაბულის კომპიუტერში შევალ და ჩემ სკაიპს ჩავრთავ, იქნებ ბუტია ბიჭს დაველაპარაკო...
თოვლის პაპა – აბა, სცადე, იქნებ გამოგვივდეს...
ფიფქია – თუ ისინი მოვლენ, ვეტყვი, დაფარვის ზონას ვნიშნავდი მეთქი.
თოვლის პაპა – ეჰ, ფიფქია, მე მაგდენი რომ არ ვიცი? სკაიპი რა არის?
ფიფქია – ჰოდა, მეც სულ ამას გეხვეწებოდი, რომ ისწავლე კომპიუტერი მეთქი. სკაიპი არის სალაპარაკო პროგრამა.



მეხუთე სურათი
წკაპუნა დაჰკრავს ისარს საათს. საათის ციფერბლატი ნათდება. თორმეტს უკლია თხუთმეტი წუთი.
სცენაზე აინთება “სკაიპის” დაფა.
წკაპუნა – ვაშაა!
ბებია – (ათვალიერებს უკვე შეკეთებულ მარხილს). მართლაცდა ვაშა ხუთკუნჭულას!
ბუტია – (მარხილის სადავეები აუღია და ვითომ ირმებს მიერეკება). რა კარგად გაუკეთებია! ახალივით არის...
წკაპუნა – ვაშა ხუთკუნჭულას! მაგრამ ვაშა ფიფქიასაც!
ბებია – ფიფქიას რატომ?
წკაპუნა – აბა, ამ სკაიპს შეხედეთ.
(ბუტია და ბებია უყურებენ ანთებულ სკაიპის დაფას, სადაც ანთებულია “ფიფქია”).
ბუტია – ვაუ! ფიფქიას სკაიპი აინთო!
წკაპუნა - ფიფქია სკაიპში გაეძრო, ბე, აზრზე ხარ?!
ბებია – ჰო, სკაიპშია!
ბუტია – წკაპუნა, დაუწერე, რომ მარხილი უკვე აღდგენილია.
წკაპუნა – ახლავე დავუწერ! (აკრიფავს კლავიატურაზე ასოებს).
ბებია – და ისიც დაუწერე, რომ მალე ირმისა ირმებს მოგვიყვანს და იმათ ჯაბახანა გამოქვაბულს დავედევნებით.
წკაპუნა – (კრეფს ამასაც) აჰა, ესეც ასე... დამიწერა, გამოქცევას ვცდილობთ, მაგრამ ღრუბლები არ გვიშვებენო და არაფერი ჩანს აქედანო.
ბუტია – ნუ გეშინიათ თქო, მალე დაგედევნებით თქო!
ბებია – კიდევ რას გვიწერს?
წკაპუნა – ბულუმუღუნს უკვე ეზარება ახალი წლის მილოცვაო და ძალით წაიყვანს ხოლმე მელა მუზმუზელაო. თოვლის პაპა კი ბულუმუღუნს ეხვეწება, გამოცანების გამოცნობაში შემეჯიბრეო.
ბუტია – თოვლის პაპამ ბევრი ლექსები და გამოცანები იცის.
წკაპუნა – მაგრამ მუზმუზელა მელია არის უარზეო.
ბუტია – გამოცანებით ბულუმუღუნ დევს ვერ მოვერევით...
ბებია – აბა, რა უნდა ვქნათ?
ბუტია – წკაპუნა, დაუწერე ფიფქიას, რომ გაიგოს სად არის ბულუმუღუნ დევის სული!
წკაპუნა – კი, ბატონო... ვაი!
ბუტია – რა იყო?
წკაპუნა – კავშირი გაწყდა. ალბათ, ბულუმუღუნ დევი და მელა მუზმუზელა დაბრუნდნენ.
ბებია – ეს თხოვნა ხომ მოასწარი?
წკაპუნა – მე კი დავუწერე, მაგრამ აღარ ვიცი, მოასწრო თუ არა ამის წაკითხვა.
ბუტია – ნეტავ მოასწროს, ნეტავ, ნეტავ...
ბებია – ეს კარგად მოიფიქრე, ბუტია! ზღაპრებში ხომ დევის გატაცებულ მზეთუნახავს სთხოვენ ხოლმე, რომ გაიგე, დევის სული სად არისო.
ბუტია – ახლა რომელი საათია? თორმეტს უკლია თხუთმეტი წუთი. სად არის აქამდე ირმისა! ხომ უნდა მოვასწროთ, რომ თოვლის პაპა და ფიფქია გავათავისუფლოთ! თორემ ყველა ბავშვი უსაჩუქრებოდ დაგვრჩება!
წკაპუნა – უნდა მოვასწროთ, უნდა მოვასწროთ, თორემ იმ ღრუბლების აქ მოსვლას ვეღარ გავუძელბ!
ბებია – ნუ გეშინიათ! მოვასწრებთ!
ბუტია – როგორ მოვასწრებთ, თუ ირმისამ არ მოიყვანა ის ირმები...



მეექვსე სურათი
(წკაპუნა დაჰკრავს ისარს საათს. საათის ციფერბლატი ნათდება. თორმეტს უკლია ათი წუთი).
(ბულუმუღუნ დევის გამოქვაბულში).
მუზმუზელა – კარგი, ერთხელ წაეთამაშე, მაგრამ გაშვებაზე არა!
ბულუმუღუნ – მე თოვლის პაპის არ მეშინია, თუ უნდა, გაშვებაზეც ვეთამაშები!
მუზმუზელა – და ხომ შეიძლება თოვლის პაპამ ისეთი გამოცანები იცის, რაც შენ დევების ქვეყანაში არა გსმენია? მაშინ ხომ წააგებ?
ბულუმურუნ – არ წავაგებ, არა! მე ხომ ძალიან ჭკვიანი ვარ! აგერ როგორი ღრუბლები გამოვიგონე – სულ ვირუსებით არის სავსე! ეს ერთი! და ეს გამოქვაბული ვინ გამოგლიჯა კლდიდან? და მერე მოტორი ვინ ჩაუდგა? და ბორბლები ვინ გაუკეთა? და კიბეები და რაც ყველაზე მთავარია – აივანი! ამ გამოქვაბულს აივანი ვინ მოაშენა?
მუზმუზელა – შენ, ჩემო ჭკუის კოლოფო!
ბულუმუღუნ – კოლოფი არა რა, კოლოფი ხომ პატარაა! რამე უფრო დიდი თქვი!
მუზმუზელა – მაშინ ასე ვიტყვი – ჩემო ჭკუის გამოქვაბულო!
ბულუმურუნ – ჰო, გამოქვაბული დიდია!
მუზმუზელა – ჰოდა, შენ გააკეთე ეს ყველაფერი ჩემო ჭკუის გამოქვაბულო!
ბულუმუღუნ – ანუ, ესე იგი, მთელ მსოფლიოში პირველმა მე გამოვიგონე თვითმავალი გამოქვაბული და აივანიც მე მოვაშენე, რომ იქიდან ლექსები გეთქვა ხოლმე! დიახ!.. ანუ, ესე იგი, მე ვარ დიდებული, დიდებული, სამოცი ჯორკიდებული და ძაალიან ჭკვიანი!
მუზმუზელა – და მე კარგად მახსოვს, როგორ თქვა იმ ბუტია ბიჭის ბებიამ, რომ ჭკუა გაწვდენაზეაო! რომ ვეღარ გაგიწვდეს ჭკუა?
ბულუმუღუნ – სად ვერ გამიწვდეს?
მუზმუზელა – თოვლის პაპასთან შეჯიბრში და რომ წააგო, მაშინ ესენი უნდა გავუშვათ? ხომ სულ ჩაგვეშალა მთელი ჩვენი გეგმა?
მუზმუზელა – კარგი... (ხმამაღლა) ჰეი, თოვლის პაპავ, გეთამაშები გამოცნობანას! ოღონდ გაშვებაზე არა!
თოვლის პაპა – მეც სწორედ მაგას გეხვეწები!
ბულუმუღუნ – თუ მე მოგიგე, საქვეყნოდ უნდა მიმართო მთელ ჯი ზონას, რომ ამიერიდან შენ და ფიფქია ახალ წელს აღარ მიულოცავთ არავის. არამედ ახალ წელს მივულოცავთ მე და მელა მუზმუზელა!
ფიფქია – თანახმა ვართ.
თოვლის პაპა – Dდა თუ შენ წააგე?
ფიფქია – მაშინ უნდა გვითხრა, სად არის შენი სული!
ბულუმუღუნ დევი – ჩემი სული? მაგას ვერ ეღირსებით!
მუზმუზელა – და რა მოხდა, რომ ვიცოდეთ?
ბულუმუღუნ – რა მოხდა, და ის მოხდა, რომ მე სწორედ მაგიტომ გამომაგდეს დევების ქვეყნიდან! მე დევებს სულ ჭკუას ვარიგებდი...
თოვლის პაპა – აბა როგორ არიგებდი?
მუზმუზელა – ჰო, რას ეუბნებოდი?
ბულუმუღუნ – იმას ვეუბნეოდი, რომ დევები ძალიან იოლად ამბობდნენ, სად იყო იმათი სული დამალული. მე ვურჩევდი, ეს საიდუმლო არ ეთქვათ და  ამიტომ გამომაგდეს...
მუზმუზელა – მაგრამ შენ მალე დევების ქვეყანასაც დაიმორჩილებ და ყველას ახალი წელი იქნები!
ბულუმუღუნ – ვიქნები, აბა არ ვიქნები?
მუზმუზელა – ვაიმე, აი ახლა ლექსის დაწერა მომინდა! იმაზე უნდა დავწერო, თუ სად არის დამალული შენი სული!..
ბულუმუღუნ – აი, ახლავე აგიხსნით, რა ხდებოდა. სად არის შენი სული დამალულიო, დევს რომ შეეკითხებოდა მოტაცებული ქალბატონი, რომელიც უკვე ამ დევის ცოლი იყო, როგორც მალე ფიფქია უნდა გახდეს ჩემი ცოლი...
მუზმუზელა – მეორე ცოლი!
ბულუმუღუნ – ჰო, მეორე, რადგან პირველი შენ ხარ... ჰოდა, ჩემი სული ამ სვეტშიაო. და მორთავდა ის ვერაგი ქალბატონი იმ სვეტს ყვავილებით. გაეცინებოდა ამის დამნახავ დევს და ეტყოდა, ჩემი სული ამ კატაშიაო.
მუზმუზელა – მე არ მიყვარს კატები.
ბულუმუღუნ – და ახლა კატას შეუკერავდა ლამაზ სამოსელს ის თვალთმაქცი ქალბატონი. კიდევ გაეცინებოდა მიამიტ დევს და საბოლოოდ სიმართლეს ეუბნეოდა. რომ – ჩემი სული ცხრა მთას იქით ერთი ხეა, იმ ხეზე ცხრათავიანი დევი ჰკიდია, იმას შიგნით ირემი უზის, ირემში – შველია, შველში – კურდღელი, კურდღელში – ბაჭია, ბაჭიაში – კოლოფი და იმ კოლოფში სამი მერცხალია. ორი ჩემი თვალებია, ერთი – ჩემი სულიო!
თოვლის პაპა – და იმ ხეზე ჩამოკიდულ დევს თუ ადამიანის სუნი მიუვიდა, დიდი მანძილიდან მიიზიდავს და შეჭამსო... ეგ ზღაპარი მეც ვიცი და ფიფქიამაც.
ბულუმუღუნ – ანდაო, მეორე ზღაპარია კიდევ – ერთი დიდი ტახია, იმის თავში კოლოფია. კოლოფში სამი ჩიტია. წითელი – ღონეა, თეთრი – ჭკუა, შავი – სულიო.
მუზმუზელა – ტახი არ მომეწონა. ისევ იმ ცხრათავიან დევში სჯობია დამალვა.
ბულუმუღუნ – ვითომ კარგად არის დამალული, მაგრამ მე სადაც ვმალავ, იმას ვერაფერი შეედრება!
ფიფქია – საახალწლო ნაძვის ხეში რომ ყოფილიყო შენი სული, ხომ არც გააუქმებდი?
ბულუმუღუნ – ჰაი, შე ეშმაკო ფიფქია! რა საყვარელი რამა ხარ, რა საყვარელი! შენ გგონია, რომ რაკი ბანანის ხეები შემოვიღე, ამიტომ ბანანის ხეშია ჩემი სული?
ფიფქია – (დაირცხვენს) ასე ვიფიქრე...
ბულუმუღუნ – არა, ჩემო ლამაზო ფიფქიავ, არა...
მუზმუზელა – (ათვალწუნებით) ბულუმუღუნ, რატომ გავიწყდება, რომ ფიფქია საშუალოდ მომხიბვლელი ქალბატონი დადგება! მხოლოდ საშუალოდ მომხიბვლელი!.. გაიგონე?
ბულუმუღუნ – კი, კი, როგორ არ გავიგონე!
მუზმუზელა – ახლა კი (იკივლებს) მოსწყვიტე ფიფქიას თვალი და მე დამიგდე ყური! მე!
ბულუმუღუნ – (დევი მუზმუზელას წინ დაწვება და ყურს დადებს ძირს) აჰა!
მუზმუზელა – რას აკეთებ?
ბულუმუღუნ – მე ეხლა ყურს ვერ მოვიჭრიდი, რომ ისე დამეგდო და აი ეგრე დაგიგდე!.. ხომ აგდია შენ წინ?! ხო აგდია?
მუზმუზელა – მაგას კი არ გეუბნები! ადექი რა! ადექი მეთქი!
ბულუმუღუნ – აბა, რას მეუბნები? (წამოდგება).
მუზმუზელა – მომისმინე მეთქი!
ბულუმუღუნ – სულ შენ არ გისმენ, ჩემო ლამაზო და კოხტავ და მშვენი...
მუზმუზელა – ჰოდა, მისმინე.
ბულუმუღუნ – გისმენ, ვაა!
მუზმუზელა – მე ძალიან მომინდა, რომ ახალი ლექსი დავწერო შენი სულის ადგილსამყოფელზე... და იმ ადგილს მე ხომ მეტყვი?
ბულუმუღუნ – შენ?
მუზმუზელა – ჰო. მაგრამ თუნდაც ამათთან ერთად მითხრა, არც მაშინ დაშავდება არაფერი!
ბულუმუღუნ – და რომ გაიგონ და რომ მომკლან?
მუზმუზელა – გაიგონ, მერე რა, ესენი აქედან ვეღარსად წაგვივლენ, ჩვენ ორივეზე ვიზრუნეთ – თოვლის პაპა ამ დიდებული გამოქვაბულის მართვის პულტის მთავარი პილოტი იქნება, ხოლო ფიფქია კი – დამლაგებელი.
ბულუმუღუნ – ჰო, სანამ სრულწლოვანი გახდება... მაშ, ვეთამაშო თოვლის პაპას?
მუზმუზელა – აუცილებლად!
ბულუმუღუნ – კარგი! თოვლის პაპა!
თოვლის პაპა – ბატონო!
ბულუმუღუნ - გამოცანებს ჯერ-ჯერით ვამბობთ და ვინც ვერ გამოიცნობს, წაგებულიც ის იქნება და პირობა უნდა შეასრულოს.
მუზმუზელა – თოვლის პაპა, თუ შენ წააგე, ხალხს მიმართავ. და თუ ბულუმუღუნმა წააგო, თავისი სულის ადგილსამყოფელს გვეტყვის!..
თოვლის პაპა – კარგი, ასე იყოს!@
მუზმუზელა – როგორც მასპინძელი, მე დავიწყებ.
თოვლის პაპა – ბრძანე, დევო!
ბულუმუღუნ –
ერთ მინდორზედა დახტოდა
ერთი უკუდო კატაო,
რაც საკუდეზე დააკლდა,
ყურებზე მოემატაო.
აბა, რა არის?
თოვლის პაპა – კურდღელი. ეგ ადვილი იყო!
ბულუმუღუნ – ახლა შენი ჯერია!
თოვლის პაპა -
ერთი რამა სულიერი,
მიწა-მიწა მძრომელია,
კაი ვაჟიკაცისათვის
თავსა წამომდგომელია;
სამჯერ გითხარ მის სახელი,
აბა, მითხარ რომელია?
მუზმუზელა (ყურში უჩურჩულებს) – მელია.
ბულუმუღუნ – მელია!
ფიფქია – კარნახს არა ვართ!
ბულუმუღუნ – მერე ვინ მიკარნახა? ახლა ჩემი ჯერია!
უხელოდ წნული საცერი
მაღლა კუთხეში ჰკიდია,
სხვისთვის მახეა, პატრონის
დერეფანი და ხიდია.
თოვლის პაპა – ობობას ქსელი. ესეც ადვილი იყო.
ამ უცნაურ მასპინძელს
მუდამ ასე ნებავს,
კარებამდე მიგიყვანს,
შიგ არ შემოგყვება.
მუზმუზელა – კიბე.
ფიფქია – ხომ ვთქვი, რომ კარნახი არ იყოს მეთქი?
მუზმუზელა – იცით, მე მხოლოდ კიბეზე შემიძლია ახალი ლექსების დაწერა და კიბეზე ვაპირებ წასვლას ამ შეჯიბრის მერე, რომ ბულუმუღუნის სულის სამალავზე ლექსი დავწერო...
ბულუმურუნი – რა არის და, კიბე!
აბა, ეს გამოიცანი!
წყალში ზის – თევზი არ არის,
ბალახს ძოვს – ძროხა არ არის,
ღუღუნებს – მტრედი არ არის.
თოვლის პაპა – ბაყაყი!
ფიფქია – სწორია!
თოვლის პაპა -
მირბის, მიქროლავს უჩინრად,
მიჰკივის, როგორც მთვრალია.
კლდეებზე დადის უვნებლად,
ვერ შეაყენებს წყალია.
იმისი წესი ეს არის,
მიხვედრა თქვენი ვალია.
ფიფქია – აბა, რა არის?
ბულუმუღუნ – როგორც მთვრალია... როგორც მთვრალია... და ეს არის...
მუზმუზელა – რაღაც მოჩანს ბუზის ტოლად!
ფიფქია – აი, ისევ უკარნახა!
ბულუმუღუნ – რა არის და, ბუზი!
ფიფქია – ვაშაა! ვერ გამოიცნო! ვერ გამოიცნო!
თოვლის პაპა – სწორი პასუხი არის – ქარი.
ბულუმუღუნ – რატომ შემაცდინე, მუზმუზელა!
ფიფქია – ახლა უნდა გვითხრა, სად არის შენი სული!
ბულუმუღუნ – ენის გასატეხშია.
თოვლის პაპა - რომელ ენის გასატეხში?
ბულუმუღუნ –
ბულუმუღუნ დევი გაბულუმუღუნდევებულა,
საბულუმუღუნდევეთში
ჩაბულუმუღუნებდევებულა და
როგორც ჩაბულუმუღუნებდევებულა,
ისე ამობულუმუღუნებდევებულა.
თუ ამას ბუტია ბიჭი სამჯერ მეტყვის, იმისი დამჯერი ვიქნები.
მუზმუზელა – ბულუმუღუნ, არ გესმის? ბუზის ტოლად რაღაც მოჩანს მეთქი!
ბულუმუღუნ – (გაიხედავს გამოქვაბულის აივნიდან) რა ამბავია ამდენი ღრუბლები და ღრუბლები! ვერაფერს
ვხედავ!@რად გვინდოდა ეს აივანი! გამოქვაბულზე აივანი ვის გაუგია?
მუზმუზელა – აბა, ვინ დაგიწერდა ლექსებს, შე საწყალო?.. თუ ის შენი “ჩემი სულის ხარაჩო-პოდიუმის ყაყაჩო” გგონია ლექსი?
ბულუმუღუნ – რატომ, ის კარგი ლექსი გითხარი!
მუზმუზელა – (ხელს ჩაიქნევს) რატომ გგონიათ ყველას, რომ პოეტები ხართ?.. ჩუმად! აგერ! ახლა ბუზის კი არა, ჩიტის ტოლად მოჩანს!
ბულუმუღუნ –
მოგვდევენ, როგორ მოგვდევენ!
ჩვენსა დაჭერას ჰგონებენ!
ირმებს სულ ფრენით მორეკენ!
მორეკენ, როგორ მორეკენ!..
ვაი, ესეც რა დიდებული, დიდებული და სამოცი ჯორკიდებული ლექსი ვსთქვი! არც კიბე დამჭირვებია და არც აივანი!.. მე გამოვიგონე!
მუზმუზელა – უკიბობის და უაივნობის ბრალია, სისულელეებს რომ გაიძახი! სადაცაა დაგვეწევიან!
თოვლის პაპა – ჩემი ირმებია!
ფიფქია – და ჩვენი მარხილი!
ბულუმუღუნ – მე არც კიბე მინდა და არც აივანი, მოდი, თოვლის პაპავ, მოდი და ახლა ანდაზები ვთქვათ, - ვინც მეტს იტყვის, მოგებულიც ის იყოს.
მუზმუზელა – რა დროს ანდაზებია! დაჯექი გამოქვაბულის სამართავ პულტთან და გააქროლე!
ბულუმუღუნ – ეეეჰ, რაღა რა უნდა გავაქროლო, ვჩერდებით.
მუზმუზელა – რატომ ვჩრდებით?
ბულუმურუნ – ეს გამოქვაბული თავისით კი არ დადის, გაკეთებაც ხომ უნდოდა. ზეთი არ გამოგვიცვლია, დგუშები გაიჭედა და მარჯვენა მუხრუჭიც აღარ ტრიალებს.
მუზმუზელა – ბულუმუღუნ, მე რომ ეს საჩუქრები წამართვან, არ გაპატიებ იცოდე!
(ამასობაში ფიფქია სკაიპზე აკრეფს ბულუმუღუნ დევის შელოცვას და აგზავნის).

მეშვიდე სურათი
(წკაპუნა დაჰკრავს ისარს საათს. საათის ციფერბლატი ნათდება. თორმეტს უკლია ხუთი წუთი).
ბულუმუღუნ – რა ვქნათ, მუზმუზელა, ჩიტისტოლად კი არა,  უკვე სპილოს ტოლად მოჩანან!
მუზმუზელა – არ ვიცი!
ბულუმუღუნ – ვინმე უნდა გადავაგდოთ გამოქვაბულიდან, ისედაც ვეღარ მიდის.
მუზმუზელა – ჩემ საჩუქრებს ხელს ვერ ახლებ!
ბულუმუღუნ – აბა, რა ვქნა, ვინ გადავაგდო?
მუზმუზელა – მოდი, ფიფქია გადავაგდოთ! ეგ მაინც საშუალო მომხიბვლელობის ქალი დადგება და ვინ იცი, როდის?
ბულუმუღუნ – მერე, მე რომ მეორე ცოლი აღარ მეყოლება?
მუზმუზელა – პირველიც მე ვიქნები და მეორეც.
ბულუმუღუნ – და თოვლის პაპა რომ გადავაგდოთ?
მუზმუზელა – ეგეც კარგი აზრია. ამას იმხელა წვერი აქვს, იქნება ტყე ამოვიდეს და ჩვენ კი გავასწროთ, სანამ ისინი ტყეს გადალახავენ.
ბულუმუღუნ – რას მიედ-მოედები, ქალო! ტყე ამოდის ხოლმე, როცა სავარცხელს გადააგდებ.
მუზმუზელა – ის მარტო წიქარას ზღაპარშია, თორემ – აჰა! (გადააგდებს სავარცხელს). აბა, რა ამოვიდა?
ბულუმუღუნ – არაფერიც არ ამოვიდა.
მუზმუზელა – ჰოდა, გადავაგდოთ ფიფქია!
ბულუმუღუნ – კარგი! (მოკიდებენ ფიფქიას ხელს და აგდებენ). იქნებ ბევრი ფიფქები წამოვიდეს, ფიფქების მთელი კორიანტელი!
მუზმუზელა – აბა, გაიხედე, თოვლით ხომ არ დაიფარა არე-მარე?
ბულუმუღუნ – არა, ისევ მოგვდევენ!
მუზმუზელა – მაშინ თოვლის პაპაც გადავაგდოთ, ამხელა წვერი აქვს და იქნებ მართლა ამოვიდეს ტყე?
ბულუმუღუნ – ჰო, ეგრე ვქნათ! მარტო გამოცანების მოგება კი არ არის!
(ახლა თოვლის პაპას დაიჭერენ და იმასაც გადააგდებენ).
მუზმუზელა - მორჩა, არაფერსაც აღარ გადავაგდებთ.
ბულუმუღუნ – აბა, რომ წამოგვეწივნენ?
მუზმუზელა – და მთელი ეს ჩემი საჩუქრები უნდა წამართვან?
ბულუმუღუნ – მარხილში ნაპოვნი ირმებია აბიან! სადავე თოვლის პაპას უჭირავს და მარხილში არიან ის ბუტია ბიჭი, მისი ბებია, ფიფქია და წკაპუნა თაგვი.
მუზმუზელა – ანუ, ესე იგი, ისე გაიარა მთელმა ამ ზღაპარმა, რომ ეს ბიჭი ერთხელ არ გაბუტულა და რაღა ბუტია გამოდის?
ბულუმუღუნ – არც რაღა! და არც დიდებული, დიდებული და არც სამოცი ჯორკიდებული!
თოვლის პაპა – ბულუმუღუნ დევო, შეაჩერე ეგ თქვენი ჯაბახანა!
ფიფქია – მაინც ვეღარ მიდიხართ!
ბებია – აბა, შენ იცი, ბუტია ბიჭო, ხომ კარგად დაიმახსოვრე ბულუმუღუნ დევის ენისგასატეხი?
ბუტია – კი, როგორ არა! (თავისთვის ბუტბუტით იმეორებს ენისგასატეხს).
წკაპუნა – და იმ ღრუბლებს რა ვუყოთ, გამოქვაბულს რომ ახვევია?
ბუტია – მე ვიცი, რაც უნდა ვუყოთ. ბებია, წიგნი მათხოვე!
ბებია – აბა, ვინ მოვიხმაროთ?
ბუტია – (წიგნს გადაშლის) ვინ და, აი ეს! ჯადოსნურო ზარდახშავ, ნახევარწიწილა გამოგვიგზავნე!
(ზარდახშიდან ამოდის ნახევარწიწილა და ყლაპავს ღრუბლებს).
ბულუმუღუნ – ვაიმე, ჩემო მოგონილო ახალო წელო!
მუზმუზელა – (საჩუქრები ამოუჩრია იღლიებში) აღარც ღრუბლები, აღარც კიბე და აღარც აივანი... აღარც ბორბლებიანი გამოქვაბული და აღარც – ბულუმუღუნი! (მიიპარება).
ბულუმურუნ – მუზმუზელა! არ მიმატოვო, მუზმუზელა! მე კიდევ მოვიგონებ ახალ პროგრამას! (მისდევს).
ბუტია – ბულუმუღუნ!
ბულუმუღუნ – ბატონო?
ბუტია –
ბულუმუღუნ დევი გაბულუმუღუნდევებულა,
საბულუმუღუნდევეთში ჩაბულუმუღუნებდევებულა და
როგორც ჩაბულუმუღუნებდევებულა,
ისე ამობულუმუღუნებდევებულა.
ბულუმუღუნ – ვინ მოგახსენა აეგ ტყუილი?
ბუტია – (უმეორებს ენის გასატეხს კიდევ ორჯერ. ბულუმუღუნი მორჩილად დგას მის წინ). რა ვუყო ახლა ამას?
ბებია – ზღაპრების წიგნში დააბრუნე!
ბულუმუღუნ – მუზმუზელა, მელა მუზმუზელაც გამატანეთ!
ბუტია – გავატანოთ?
თოვლის პაპა – ჰო, მუზმუზელაც გაატანე, მაგრამ უსაჩუქრებოდ!
ფიფქია – ჰო, ეგ საჩუქრები ბავშვებისაა!
ბუტია – ბულუმუღუინ დევო და მელა მუზმუზელავ, დაბრუნდით ზღაპრების წიგნში!
ბულუმუღუნ – ეე, კაარგი რააა... აბა, ეს რა გამოვიდა?.. ეს აღარც დიდებული, დიდებული აღარ არის და სამოცი ჯორკიდებული ხო სულ აღარ!..
მუზმუზელა – ანუ, ესე იგი, საჩუქრები რომ მაინც გამატანოთ?
ბუტია – კარგი!.. თითო საჩუქარი აიღეთ და დაბრუნდით ზღაპრების წიგნში!
(ბულუმუღუნ დევი და მუზმუზელა მელა ზღაპრების წიგნში ბრუნდებიან).
თოვლის პაპა – აბა, ჩქარა! გადმოიტანეთ გამოქვაბულიდან ნაძვის ხე და ხელახლა მორთეთ!
ფიფიქია – ვიჩქაროთ, თორემ მოვიდა ახალი წელი!
(ჩვენს გმირებს სასწრაფოდ გადმოაქვთ გამოქვაბულიდან საჩუქრები და საახალწლო ნაძვის ხე, რომელსაც ისევ რთავენ.
ისმის საახალწლო ზარების რეკვა).

თოვლის პაპა – აი, ახალი წელიც მოვიდა!
ფიფქია – და ნაძვის ხეც მზად არის!
თოვლის პაპა – ახალ წელს გილოცავთ, ჩემო პატარებო!
ფიფქია – მეც გილოცავთ და ჩვენ ბევრი, ძალიან ბევრი საჩუქარი მოგიტანეთ!
ყველანი – გი-ლო-ცავთ ა-ხალ წელს! (სამჯერ იმეორებენ).
(თოვლის პაპა, ფიფქია და დანარჩენი პერსონაჟები საჩუქრებს ურიგებენ ბავშვებს. იწყება ცეკვა საახალწლო ნაძვის ხის გარშემო).
დასასრული
2008