THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ზამთარი

ნანა კაციაშვილი

ზამთარი მიდიოდა და მიაბიჯებდა.
ხელჯოხის ნაცვლად ყინულის მოჩუქურთმებული ლოლო ეჭირა.
მხარზე თეთრი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული.
შებინდებისას ხანდახან ჩერდებოდა, ამოალაგებდა თავის ბარგს და მოხერხებულ ადგილზე ბინავდებოდა. მაგრამ ძალიან დიდი ხნით არსად ყოვნდებოდა, თანაც, სულ სამხრეთისკენ განაგრძობდა გზას. უჰ, ვის არ აწყდებოდა გზაზე, ადამიანებსაც, ცხოველებსაც, ფრინველებსაც, მცენარეებსაც, გაუვალ ტყეებსაც, მდინარეებსაც, კლდე-ღრეებსაც. მიდიოდა და თავის სუსხს დაუზოგავად აფრქვევდა - ფუმფულა მუჭით იღებდა ქათქათა ჩანთიდან და აქეთ-იქით ფანტავდა, ჯერ ერთხელ, მერე მეორედ. შემდეგ გარემოს აქეთ-იქიდან უვლიდა და სხვადასხვა მხრიდან მხატვარივით აკვირდებოდა, სუსხი და ფანტელი ხომ არ მოვაკელიო. თუ საჭიროდ ჩათვლიდა, ერთ მუჭსაც მიმოაფრქვევდა, ან ერთი ღრმად ჩაისუნთქავდა და მერე ძლიერად შეუბერავდა. ყველაფერი წამში იჭირხლებოდა და ფითრდებოდა.
ძალიან სიამოვნებდა გადათეთრებული არე-მარის დანახვა. კმაყოფილად ისვამდა გრძელ, ფითქინა წვერზე ხელს და აღტაცებით იღიმებოდა.
ერთხელ დიდ ნაძვნარს მიადგა. ტყეში მცენარეების საოცრად სასიამოვნო სურნელი იდგა. ზამთარმა ერთი-ორჯერ მთელი ძალით შეიყნოსა. იცოდა, სუსხში ამ სურნელს ვეღარ იგრძნობდა და მხოლოდ ამის მერე ჩაყო ჩანთაში ხელი.
ცოტა ხანში ყველა ხე თოვლის ქათქათა ქურქში გაეხვა. მსუქანა ფანტელები საოცრად უხმაუროდ და აუღელვებლად მოფარფატებდნენ ციდან და ხეებზე რბილად ეცემოდნენ.
ის იყო, ზამთარმა თავის საქმე მოამთავრა, რომ ტყის თვალიერებას და შემოწმებას შეუდგა, სადმე ხომ არ მოვაკელი ჩემი ხელიო. უცებ, იქვე, ორ ნაბიჯზე, მაღალი, ცაში აწვერილი ნაძვის ქვეშ სულ პაწაწკინტელა ნაძვი შენიშნა. თოვლის ქვეშ საცოდავად მოხრილიყო და შიშითა და სიცივით კანკალებდა. ზამთარს თანაგრძნობით აევსო გული, პატარა ხიდან თოვლი ფრთხილად ჩამოფერთხა და შემდეგ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოსცილდა, ემანდ, ჩემმა სიახლოვემ არ მოყინოსო. ნაძვმა შვებით ამოისუნთქა. მხრებშიც გაიმართა. ზამთარს მორცხვად გაუღიმა და მადლობის ნიშნად კენწერო დაუქნია.
ზამთარი უკვე გზის გაგრძელებას აპირებდა, როცა ტყისკენ მომავალი ორი მგზავრი შენიშნა. ერთი მაღალი, ახალგაზრდა და ღონიერი მამაკაცი იყო. ის წინ მიდიოდა. მის გაკვალულ გზას კი პატარა ბიჭუნა მიჰყვებოდა. ბიჭი მხოლოდ წელამდე თუ მისწვდებოდა მაღალს.
ალბათ, მამა-შვილიაო, გაიფიქრა ზამთარმა და ინტერესით დაელოდა მათ მოახლოებას. მალე ისიც შენიშნა, რომ კაცს მხარზე დიდი ნაჯახი ჰქონდა შემოდებული. ნაჯახს მარჯვენა ხელით იჭერდა.
მალე ტყეშიც შემოვიდნენ. კაცმა ნაძვების თვალიერება დაიწყო. უფრო მეტად პატარა ზომის ხეებს აკვირდებოდა. მალე ის ნაძვიც შენიშნა, ზამთარმა თოვლი რომ მოაცილა. მგზავრები ნაძვს მიაუახლოვდნენ. პატარა ხე ჯერ ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, მერე კი შიშით აკანკალდა და ტირილი დაიწყო. მისი ცრემლები ჰაერში ყინულის ნამცეცა ნატეხებად იქცეოდნენ და თოვლზე კენჭებივით ეცემოდნენ.
- აი, სწორედ ასეთ პატარა ნაძვს ვეძებდი, თქვენს ოთახში ამაზე დიდი არცაა საჭირო. რას იტყვი? - კაცი ბიჭუნას მიუტრიალდა.
ბიჭმა მხრები აიჩეჩა.
კაცი დაიხარა და ხის სისქე ხელით მოსინჯა, მერე თვალით ის ადგილი მოზომა, სადაც ნაჯახის დარტყმას აპირებდა.
კაცის განზრახვით გაბრაზებულმა ზამთარმა მგზავრებისკენ მთელი ძალით შეუბერა. ჰაერში ბუქი და ნისლი დატრიალდა. ბიჭმა ხელებზე დაიორთქლა და ხტუნვა დაიწყო. თან ლამის ცხვირამდე ჩამოიფხატა თავისი ღუნღულა ქუდი. კაცი სიცივემ ვერ შეაჩერა. ერთი-ორჯერ ხელები მოისრისა და ეგ იყო. ისევ შეუბერა ზამთარმა. კაცმა მაინც მოიმარჯვა ნაჯახი და ის იყო, უნდა დაეკრა, რომ ბიჭუნამ მამის ქურქის ბოლო მოქაჩა.
- მამა, გთხოვ, ნუ მოჭრი ნაძვს, სჯობს ასე იყოს, ნახე, რა ლამაზია? განა ამაზე უკეთ მოვრთავთ... თანაც, ხომ გვაქვს ხელოვნური ნაძვი? ისიც ხომ ლამაზია? მეტი რაღად გვინდა?
- რა?... ტყუილად ვიხეტიალეთ ასეთ სიცივეში? - კაცი ისევ იღერებდა ნაჯახს.
- კარგი, რა, მამა... გთხოვ. - ბიჭი მამას მუხლებზე შემოეჭდო. - ძალიან გთხოვ... შეხედე, რა პატარა და ლამაზია... იყოს, რა... ნუ მოჭრი... ისიც ხომ ვიღაცის შვილია?
კაცს მოქნეული ნაჯახი ჰაერში გაუშეშდა. მერე ხელები ნელ-ნელა ჩამოუშვა. შვილს მოეხვია და გულში ჩაიკრა: - კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გინდა... კარგი, ჰო... მიხარია, ასეთი კეთილი რომ ხარ.
მალე ორივე იგივე გზით მიემართებოდა უკან. ოღონდ ეგ იყო, კაცს ბიჭუნა მხრებზე შემოესვა, თან რაღაცას მონდომებით ჰყვებოდა. მამის კისერზე ხელებშემოჭდობილი ბიჭი კი მხიარულად და ბედნიერად იცინოდა.
ზამთარი შეუმჩნევლად მიჰყვებოდა მგზავრებს.
მეორე დილით მათი სახლის ფანჯრების მინები ჭირხლის საოცარად ლამაზი ნახატებით იყო აჭრელებული. ეზოში კი ათასგვარად გასხივოსნებული, სათამაშოებითა და ტკბილეულით მორთული უზარმაზარი, და რაც მთავარია, ნამდვილი, ცოცხალი ნაძვის ხე იდგა - ეს ზამთრის საჩუქარი იყო.
სახლის ბინადრებს კი ჯერ ისევ ღრმა ძილით ეძინათ.