THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მელაკუდას ახალი წელი

ქეთევან ჭილაშვილი

ახალი წელი ახლოვდებოდა. დიდი ფაციფუცი იყო ტყეში. დათუნია წიწიბოს გოზინაყს ხარშავდა. ციყვი გამალებული ამტვრევდა თხილს, კურდღლებს კომბოსტო და სტაფილო დაეხვავებინათ ლურჯ სუფრაზე.
ერთი მელაკუდა იყო გულხელდაკრეფილი. თავისი მსუნაგობით ოჯახში არა ებადა რა, მიყუჟულიყო ფანჯარასთან და შურით გაჰყურებდა აფუსფუსებულ მეზობლებს. თან იმაზე ფიქრობდფა, რა ხრიკი მოეგონებინა, რომ საახალწლოდ მზამზარეულზე მოელხინა.
ამ ფიქრში იყო და ცქვიტო ბაჭიამაც შემოაღო კარი.
- დედამ, ცოტა ფიჩხი ხო არ გექნებაო.
- ფიჩხი კი არა, ლამის სული ამომხდეს. ვერა ხედავ, ფეხზე ძლივს ვდგავარ... - თავი მოიავადმყოფა მელაკუდამ.
ცქვიტო ბაჭიამ შინისაკენ მოკურცხლა და ყველას გააგებინა მელაკუდას გასაჭირი. თეთრა კურდრელმა სინი მოსაკითხით გაავსო და მელაკუდასთან მოვიდა. ახლა დათუნიამ შემოაღო კარი და ერთი ჯამი თაფლი მოართვა. მგელმა – ბატკანის ბარკალი, ტურამ – ცხელ-ცხელი ტაბაკები. შემწვარ-მოხრაკულის ისეთი სუნი დატრიალდა, კინაღამ არ დაიბნიდა საწყალი მელაკუდა. “ხომ გავიწყე დიდებული სუფრა!” - უხაროდა მელაკუდას. მეზობლები წავიდნენ თუ არა, წამოხტა, დაბრაწული ვარია დაითრია და კბილი გაჰკრა-გამოჰკრა.
- ვაი, ყბა! ვაი ყბა! – უცებ ხელი იტაცა მელაკუდამ სახეზე,ხან ერტ კედელს მიეჯახა, ხან მეორეს. ხმაურზე მეზობლები შემოცვივდნენ, ბევრს ეცადნენ, მაგრამ ამოვარდნილ ყბას ვერაფერი მოუხერხეს.
- ცქვიტო, გაიქეცი, სასწრაფოს გამოუძახე, ჩქარა, ჩქარა, რას შემომყურებ! - დაუტია თეთრამ ცქვიტოს.
ცქვიტო ისარივით შევარდა ტელეფონის ჯიხურში.
- სასწრაფოა? თუ შეიძლება, თუ შეიძლება, მობრძანდით მელაკუდასთან. რა მოუვიდა? ყბა ამოუვარდა. მისამართი? ტყის გული, ფოთლის ქუჩა
ის იყო ცქვიტო მიბრუნდა და სასწრაფოც მოგრიალდა. ყბაახვეული მელაკუდა საავადმყოფოში გააქანეს.
როდის-როდის დაუამდა ყბა მელაკუდას. ტკივილისაგან არაქათგამოლეული ერთ კუთხეში მიწვა და მიიძინა.
ტყე კი ახალ წელს ზეიმობდა.