THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



პაწაწინა პინგვინი

დონალდ ბისეტი
თარგმნა რევაზ ინანიშვილმა

ერთხელ პაწაწინა პინგვინი, გვირგვინოსანი პინგვინების შვილი, კვერცხში იჯდა და ფიქრობდა _ ქვეყანაზე მალე როგორ გავიდეო. ერთი სული ჰქონდა გარეთ გამოსულიყო და სხვა პინგვინებთან ეთამაშა. ჰკრა ნისკარტი კვერცხის ნაჭუჭს, მერე ფეხით მიაწვა, მერე ისევ ნისკარტი დაუშინა და _ ტკაც! _ ნაჭუჭი გატყდა.
_ ვიშ! ძლივს არ დავიბადე?
დედა პინგვინმა დახედა და თვალს არ დაუჯერა.
_ რა უცნაურობაა! _ გაიფიქრა მან, _ ყავისფერი რატომ უნდა იყოს? ყველა გვირგვინოსან პინგვინს ზურგზე შავი ბუმბული აქვს, მუცელზე კი _ თეთრი, იქნებ რომ დავბანო, ყავისფერი გაუვიდეს და შავი და თეთრი დარჩეს? აუსვა და ჩამოუსვა ნისკარტი, აუსვა და ჩამოუსვა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. პრინცი ყავისფერი იყო და ყავისფერი დარჩა.
_ მივხვდი, _ თქვა დედა პინგვინმა. კარადიდან თაფლის ქილა გამოიღო, პრინცს თავიდან ფეხებამდე წაუსვა და თეთრ დათვს, ბუზღუნას დაუძახა _ მოდი ერთი ალოკე, იქნებ ეს ფერი გადაეცალოსო. ბუზღუნამ დიდი სიამოვნებით დაუწყო ლოკვა პრინცს.
_ ვაი, ვაი, მეღიტინება! _ წამოიძახა პრინცმა. მაგრამ დათვი მის ჭუჭყუნს ყურადღებას არ აქცევდა და ლოკვას განაგრძობდა. როცა მთლიანად გალოკა, დედა პინგვინმა დაინახა, რომ მისი საყვარელი შვილიკო, რა ფერიც იყო, ის ფერი დარჩა. მაშინ ბუზღუნამ თქვა: ადგეს პრინცი, გორაზე ავიდეს, დაგორდეს თოვლიან ფერდობზე და შეიძლება გააცალოს ყავისფერიო. პრინცი გორაზე ავიდა და დაგორდა. იგორა, იგორა, მერე წამოდგა და დაიბერტყა, მაგრამ რა ფერიც იყო, მაინც ისე ფერი დარჩა.
_ წამოდი, ბუსთან წავიდეთ, გადაწყვიტა დედა პინგვინმა. ქვეყნად მაგაზე ჭკვიანი ფრინველი არ არსებობს. უთუოდ რაიმე წამალს გვასწავლისო. მივიდნენ ბუსთან. ბუმ უთხრა:
_ სასაცილოა, მაგოდენა პინგვინი ხარ და ნუთუ არ უნდა იცოდე, რომ ყველა პინგვინი ყავისფერი იბადება?! ცოტა მოიცადე, წამოიზრდება და ზურგიც გაუშავდება და მუცელიც გაუთეთრდება.
_ უი, როგორ არ გამახსენდა, _ წამოიძახა დედა პინგვინმა. სულ მალე სწორედ ასე მოხდა...
პრინცი წამოიზარდა და მერე როგორც გვირგვინოსან პინგვინს შეეფერებოდა, ზურგზე შავი ბუმბული ამოუვიდა, მუცელზე კი თეთრი.