THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ფიფქისა ზამთრის სასახლეში

ნაწილი მეოთხე

სეტყვიამ ფიფქისას წასვლისთანავე იმ ფეხსაცმელს დაუწყო ძებნა, დაპატიმრებამდე რომ ეცვა ხოშკაკალას. მალევე მიაგნო. დიდხანს სუნავდა მელია მათ, მერე დაგეგმეს, როგორ შეპარულიყო ციხის ეზოში მელაკუდა და დასაძინებლად დაწვნენ, თუმცა, მღელვარებისგან, კარგახანს არც ერთს არ დაეძინა.
მეორე ღამეს, ყველანაირი ხმაური რომ მიწყდა, ვეზირმა უბეში ჩაისვა მელაკუდა და მარხილით ციხისკენ გასწია. საბედნიეროდ, ნისლიან-ბურუსიანი ღამე იდგა. ციხე ქალაქგარეთ, ტყის პირას იყო აშენებული. მისი ნაცრისფერი, რკინის გისოსებით დაჩითული კედლები შორიდანვე შიშს და ენით გამოუთქმელ არასასიამოვნო განცდას ბადებდა. მას სამი მხრიდან ისეთი გალავანი ერტყა, ჩიტიც ვერ გადაფრინდებოდა, მეოთხე მხრიდან კი უსიერი ტყე ეკრა, რომელიც ზუსტად ციხის კედელთან ძეძვის ბუჩქნარით, მაყვლის, ასკილისა და ეკალას ერთმანეთში გახლართული ბარდებით მთავრდებოდა. გალავანზე, ცხადია, ვერ გადაძვრებოდა მელაკუდა, ამიტომ ტყის მხრიდან იმ საშინელ ეკალბარდებში გაძრომა უნდა ეცადა. სეტყვიამ მარხილი სწორედ იმ ტყესთან მიიყვანა, მერე გზა ფეხით განაგრძო, ძლივს მიარღვევდა გაუკვალავ თოვლსა და თოვლით ტოტებდამძიმებულ, შტოებგაბარდულ ხეებს. დიდი წვალებით მიაღწია იმ ეკალბარდებამდე, გალავანზე უკეთ რომ იცავდნენ ციხეს და მელაკუდა უბიდან ამოსვა.
-მოვედით, ჩემო პატარა მეგობარო. აი, ამ ეკალბარდებს იქით ციხის ეზოა უკვე. აბა, შენ იცი . . . -ცრემლი მოებჯინა ყელში მოხუცს და სიტყვა ვეღარ გააგრძელა.
-ნუ დარდობ, ბიძია სეტყვია, აუცილებლად ვიპოვი დილეგს, მთავარია, მზის ამოსვლამდე მოვასწრო, რომ გადადება არ მოგვიხდეს, თორემ კვალიც შესუსტდება და ძებნა გამიჭირდება, თანაც, ხოშკაკალა შიმშილმა თუ დაასუსტა, გაგვიძნელდება მისი გამოყვანა.
-ფრთხილად იყავი, გუშაგებმა არ შეგნიშნონ, თეთრი ქურქი კი გაქვს, მაგრამ მაინც . . .
-დარდი ნუ გაქვს, ყველაფერი რიგზე იქნება!
მელაკუდა ფრთხილად გაძვრა ეკლებში -ხან თოვლზე გახოხდა, ხან ტოტსა და ტოტს შორის გასრიალდა, მაგრამ მაინც ბევრჯერ წამოედო ეკლებს, სისხლიც დაედინა და ძალიანაც ეტკინა ნაკაწრები, მაგრამ ისე გულით უნდოდა დახმარებოდა ხოშკაკალას, ტკივილსაც მოერია, დაბრკოლებაც გადალახა, ჭრილობებიც აილოკა, კვალი რომ არ დაეტოვებინა და, მართალია, დიდი წვალების საფასურად, მაგრამ მაინც შეძვრა ციხის ეზოში. ფრთხილად მოათვალიერა მიდამო, ჰაერიც დაყნოსა და საშიშროება რომ ვერ იგრძნო, ციხის შესასვლელისკენ გაცუნცულდა, რომ იქ, ათას ნაკვალევს შორის, ხოშკაკალას სუნი ეპოვა. უჰ, რამდენი იწვალა . . . უჰ, რამდენი ოფლი ღვარა . . . უკვე იმედიც გადაეწურა და . . . უცებ . . . ნაცნობი სუნი იგრძნო! გახარებული აკუნტრუშდა, მაგრამ გონს მალევე მოეგო და კვალს გაჰყვა, რომელმაც სწორედ ტყის მხარეს, ერთ-ერთი ჯურღმულის ჩასასვლელთან მიიყვანა. კიდევ გადაამოწმა, არ შევცდეო და რომ დარწმუნდა კვალის სიზუსტეში, მაშინღა შეამჩნია, მალე მოატანდა ალიონი. სასწრაფოდ გაბრუნდა იმ ბუჩქებისაკენ, საიდანაც შემოძვრა და დაღლილ-დაქანცული, ქურქდაკაწრული, დასისხლიანებული, მაგრამ ძლიერ კმაყოფილი მილასლასდა სეტყვიასთან და ახარა:
-ვიპოვე, ბიძია სეტყვია, ვიპოვე!
-მართლა?! . . . მართლა იპოვე?!
-მართლა, ბიძია სეტყვია, მართლა ვიპოვე!
-ყოჩაღ, ჩემო მელაკუდა! . . . დიდი მადლობა, ჩემო მეგობარო! . . . -ბედნიერებისგან ატირებულმა მოხუცმა გულში ჩაიკრა მელია, დაკოცნა და ალერსით გული რომ იჯერა, ლეკვი უბეში ჩაისვა და მარხილისაკენ გასწია. ახლა აღარ უჭირდა გაუკვალავ თოვლსა და გაუვალ ტყეში სიარული, თითქოს ხეებიც გზას უთმობდნენ. ისე მივიდა მარხილამდე, დაღლა საერთოდ არ უგრძვნია და მზის პირველმა სხივებმა ცა რომ გაანათეს, სწორედ მაშინ დაძრა ცხენები ადგილიდან. მელაკუდას მის უბეში ეძინა, სეტყვია ცალი ხელით მას ეფერებოდა, ცალითაც ოჟებს მართავდა, ფიქრებით კი ხოშკაკალას ესაუბრებოდა, ამხნევებდა, აიმედებდა . . . ხან ფიფქისას და მელაკუდას ლოცავდა, უფალს ემადლიერებოდა, რომ მის ვაჟს ასეთი გულშემატკივრები გამოუჩნდა . . .
მზე უკვე კარგად იყო ამოწვერილი, მისი მარხილი სახლს რომ მიადგა. სეტყვიამ მძინარე მელაკუდას ჭრილობები მობანა, მალამო წაუსვა და ბუხრის წინ რბილ ხალიჩაზე დააწვინა, რომ დაღლილს ტკბილად სძინებოდა
* * *

სეტყვიას სახლიდან წამოსულ ფიფქისას, როგორც უკვე ვთქვით, იმ ღამეს ძალიან ცუდად ეძინა და დილითაც ადრე ადგა. მთელი დღე უაზროდ იბოდიალა, თან ძალიან დაბნეული იყო, რაც ბებიამ, მამიდამ და მამამისმაც კი შეამჩნიეს. ასჯერ მაინც ჰკითხეს, ცუდად ხომ არ ხარო და ფიფქისა მიხვდა, ასეთი საქციელით ყურადღებას ძალიან იპყრობდა, ამიტომ ხატვა მოიმიზეზა და თავის ოთახში განმარტოვდა. როგორც იქნა დაღამდა, არც ამ ღამეს სძინებია ფიფქისას, ამ ღამეს ხომ ხოშკაკალას დილეგის მოსაძებნად უნდა წასულიყვნენ სეტყვია და მელაკუდა, ჰოდა ძალიან ნერვიულობდა გოგო -ვაითუ ეკალ-ბარდებში გაიხლართაო ორივე, ან ვაითუ გუშაგებმა წაასწრესო მელაკუდას . . . მოკლედ, ამ ნერვიულობასა და ფიქრში ორი ღამის უძილარს განთიადისას ღრმად ჩაეძინა.
ძალიან ლამაზი დილა გათენდა, მზიანი, თბილი . . . ფიფქისას გვიანობამდე ეძინა, გაღვიძებულმა სასწრაფოდ ჩაიცვა, ხელ-პირი დაიბანა და სასაუზმოდ ჩავიდა, რომ ზედმეტად აღარავის აღარაფერი ეკითხა, თან დროის გაყვანაც უნდოდა, პირობისამებრ, იმ ღამეს მელაკუდა უნდა დაბრუნებულიყო. სასახლის დერეფანში მამას შეხვდა.
-დღეს როგორ ხარ, საყვარელო? -ჰკითხა მან, -დღეს დიდხანს გეძინა.
-კარგად ვარ, მამიკო, გვიანობამდე ვხატავდი და . . .
-როდის მაჩვენებ შენს ნახატს? -ზამთარს თუმცა თავისებურად, მაგრამ მართლა ძალიან უყვარდა თავისი გოგონა და ამას არც არასდროს მალავდა, ახლა კი მის სიტყვებში განსაკუთრებული სითბო, სიყვარული და სინაზე იგრძნობოდა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ფიფქისას წამიერად გულისწყრომამ გაუარა და ისევ ძველებურად გულითადად გასცა პასუხი მამას:
-მალე, მალე! ამ საღამოსაც გავაგრძელებ ხატვას და, ვფიქრობ, მალე დავამთავრებ.
-კარგი, ჩემო თვალის ჩინო, ვეტყვი ბებიას და მამიდას, ხელი არ შეგიშალონ.
-ჰო, კარგი იქნება, თორემ დღეში იმდენჯერ მიკაკუნებენ კარზე . . .
-ვეტყვი, ჩემო გოგო, ვეტყვი, -შუბლზე ეამბორა მამა შვილს, კულულები გაუსწორა, თავზე ხელი გადაუსვა და გულში ჩაიხუტა. უცებ ფიფქისას ძალიან, ძალიან მოუნდა, ყველაფერი ეთქვა მამამისისთვის რასაც გრძნობდა, რასაც განიცდიდა, ეკითხა ყველაფერი, რისი გაგებაც სურდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და ენაზე მომდგარი სიტყვა კბილებით დაიჭირა. კარგახანს იყვნენ ასე ჩახუტებულები. ზამთარი გულში ისე იკრავდა შვილს, თითქოს გუშინწინდელი საქციელის გამოსყიდვას ცდილობდა ამით, ფიფქისა კი იმიტომ ეხუტებოდა, არაფერი ეგრძნო ზამთარს, მერე კი ფრთხილად, ძალიან ფრთხილად თქვა:
-წავალ, მამიკო, ვისაუზმებ.
-წადი, ჩემო ფერია, წადი, -კიდევ ერთხელ აკოცა ზამთარმა შუბლზე, მოეფერა და გაუშვა.
ფიფქისა კუნტრუშით გაიქცა სასადილო ოთახისაკენ. ხალისიანად ისაუზმა, ღიღინღიღინით დაბრუნდა თავის ოთახში და რადგან საათმა უთხრა დაბინდებამდე დიდი დროაო, მართლა მოუნდა ხატვა, ოღონდ არა ჩამავალი მზის, არამედ მზესუმზირების ბაღის, სწორედ ისეთის, ხოშკაკალამ რომ აღუწერა. ფერები შეაზავა, ტილო მოამზადა, თვალები დახუჭა, წარმოიდგინა მზესავით აბრიალებული ყვავილები და უკვე თვალგახელილი თეთრ ტილოს კი აღარ ხედავდა, სწორედ იმ ბაღს უყურებდა თითქოს, ნელ-ნელა ჩნდებოდნენ მზისფერი ყვავილები, ჩახჩახა მზე, ლურჯზე ლურჯი ცა . . . და ორი? . . . არა, არა, სამი გოგონა: მზისფერთმიანი, ცისფერთვალა და თოვლისფერკაბიანი, რომელსაც ერთ ხელში მელიის ლეკვი ეკავა, მეორე კი ყინულისქუდიანი ბიჭისთვის ჩაევლო. ფიფქისამ ბოლო ხაზებიც გაავლო და ნახატი შორიდან შეათვალიერა. ძალიან მოეწონა თავისი ნახელავი, მერე თვალი სარკმლისკენ გაექცა, დასაღამოვებულიყო, საათს შეხედა, წესით მელაკუდა მალე უნდა გამოჩენილიყო, ამიტომ ფანჯარა გამოაღო და უკვე მთლად მოლოდინადქცეული ფანჯარაში გადაეყუდა - გაფაციცებით ათვალიერებდა ეზოს, იმ ბილიკს, საიდანაც მეგობარს მოელოდა, თუმცა, შუაღამე წამოვიდა, ის კი არა და არ ჩანდა. მოთმინების ძაფი უკვე მთლად რომ დაელია გოგოს, სწორედ მაშინ გამოჩნდა მელაკუდა. ფიფქისამ ხელი დაუქნია, თოკი ჩაუშვა, ჩაცოცდა და ლეკვი გულში ჩაიკრა, მანაც სახე და ხელები აულოკა, მერე კი სასწრაფოდ ოთახში დაბრუნდნენ.
-როგორ ხარ, საყვარელო? რა ამბავი მომიტანე? იცი, როგორ ვნერვიულობდი?! ძალიან, ძალიან მეშინოდა!
-ყველაფერი კარგადაა, ვიპოვე ის დილეგი, სადაც ხოშკაკალა ჰყავთ დამწყვდეული. ეკლებმა დამკაწრეს ცოტა, მაგრამ სეტყვიამ მალამო წამისვა. ისე დავიღალე, მთელი დღე მეძინა და საღამოც ზედ მივაბი, როგორცკი გავიღვიძე, შენკენ გამოვწიე. ახლა ჩამიყვანე ისევ დაბლა, წავალ, ჩემებს ვნახავ და ალბათ, ზეგ ღამიდან ხოშკაკალა თავისუფალი იქნება. შენ მზად იყავი, ჩემები როგორცკი დილეგთან გვირაბის თხრას დაიწყებენ, შენთან მოვალ და სეტყვიასთან წავიდეთ. ვეზირმა თქვა, ჯობია აქ დაელოდოსო ხოშკაკალას. მე მარხილს გავამზადებ და ყველანაირ თადარიგს დავიჭერ, რომ მაშინვე გაიქცნენო ზაფხულთან.
-სეტყვია? სეტყვია არ წამოვა? ის რომ აქ დარჩეს, ჯავრს ხომ მასზე ამოიყრის მამაჩემი!
-ეგ არ ვიცი. არ უთქვამს, რას აპირებს. შენ დაელაპარაკე და ერთად გადაწყვიტეთ. მართლაც, სჯობია, თქვენთან ერთად წამოვიდეს.
-შენ? შენ არ წამოხვალ?
-მე? არა, ფიფქისა, ჩემს მშობლებს ვერ დავტოვებ. მათ ჩემს მეტი არავინ ჰყავთ. თქვენ წადით. ისე როგორ მოხდება, რომ ერთმანეთი ვეღარ ვნახოთ. ახლა კი გავიქცევი, ძალიან ბევრი საქმეა მოსაგვარებელი.
-კარგი, ჩემო ძვირფასო მეგობარო, შენ რომ არ მოეყვანე მამიდაჩემს ჩემთან, რა გვეშველებოდა?!
ფიფქისამ კვლავ ჩაუშვა თოკი, ჩაიყვანა მეგობარი, კიდევ ერთხელ ჩაეხუტნენ ერთმანეთს და მელაკუდამ ხტუნვა-ხტუნვით გადაჭრა სასახლის ბაღი. მან გეზი ტყისკენ აიღო, ფიფქისა კი ოთახში დაბრუნდა, ყველაფერი მოაწესრიგა და დასაძინებლად დაწვა, თუმცა, აფორიაქებულს ძლივს დაეძინა.

* * *
-ახლა ვნახოთ, ხოშკაკალა რა დღეშია. წარმოიდგინე ვიწრო მიწური, რომელსაც მხოლოდ კარი აქვს და შიგნით საშინლად ბნელა. ჭერიც, კედლებიც და იატაკიც ლურსმნების მსგავსი ყინულებითაა დაფარული. ისე ცივა, ისე ცივა, ქვა გასკდება . . . წევს ასეთ დილეგში მშიერ-მწყურვალი ხოშკაკალა, სიცივეს ავად თუ კარგად კიდევ ეგუება, ბოლო-ბოლო სეტყვიას ვაჟია, წყურვილსაც ერევა, ხანდახან ყინულიან მიწას ლოკავს, მაგრამ აი შიმშილი კი საშინლად აწუხებს, თუმცა ამასაც უძლებს. ყველაზე მეტად იმით იტანჯება, რომ ჰგონია, ყველამ მიატოვა, ყველამ დაივიწყა, თვით მამამაც კი და იმანაც, ვის გამოც ასეთ სატანჯველში ჩაიგდო თავი, ანუ ფიფქისამ. თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით, რასაც გეგმავენ ფიფქისა და სეტყვია. ვაპატიოთ ხოშკაკალას, კარგი?! უმადურად და სულმოკლედ არ ჩავთვალოთ. ის ისეთ სატანჯველს უძლებს . . .

* * *
ახლა ფიფქისას მეგობარ მელაკუდას გავყვეთ, ვნახოთ, რა ამბები დაატრიალა -ბევრი ირბინა, თუ ცოტა ირბინა, როგორც იქნა მიაღწია მამის -მელიების მეფის სასახლემდე, სადაც გლოვა იყო გამოცხადებული, რადგან იგი მკვდარი ეგონათ მშობლებს. ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა სასახლეში ცოცხალს და უვნებელს რომ დაინახავდნენ -ატყდა ხვევნა-კოცნა, სიხარულის ცრემლების ფრქვევა, დადგა კითხვების კორიანტელი . . . მოკლედ, მელაკუდამ დედ-მამას, სამელეთის მეფე-დედოფალს, ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ისიც უთხრა, რომ ფიფიქისას და სეტყვიას დახმარება აღუთქვა და რომ რამდენიმე ღონიერი მელა იყო საჭირო, რომელნიც მთელი ღამე იმუშავებდნენ, დილეგის კედელში გვირაბს გათხრიდნენ და ზამთრის ვეზირის ვაჟს გაათავისუფლებდნენ. მეფე მელამ ყველაფერი რომ მოისმინა, თქვა: სიკეთისთვის სიკეთით გადახდა აუცილებელიაო და ბრძანა: ათი ღონიერი და თათებმაგარი მელა მომგვარეთო. მისი ბრძანება დაუყოვნებლივ შესრულდა. მცირე თათბირის შემდეგ გადაწყდა, მელაკუდა დაისვენებდა, მშობლებიც მოისიყვარულებდნენ მონატრებულ შვილს, მეორე დილას კი გაუდგებოდნენ გზას, რომ დაბინდებისას სეტყვიას ციხესთან შეხვედროდნენ და საქმეს შესდგომოდნენ. იმ ღამეს აუცილებლად უნდა გაეთავისუფლებინათ ხოშკაკალა, რადგან ამდენი მელიის ნაკვალევი, ამასთანავე, გათხრილი გვირაბი, დღისით შეუმჩნეველი არავის დარჩებოდა და გეგმა ჩაიშლებოდა. მოკლედ, მეორე დილას, მელაკუდას წინამძღოლობით მელიები გზას გაუდგნენ.