THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მზია ჩხეტიანი


დაცხრა ქარი
დაცხრი, ქარო, ქარაფინდავ,
კმარა, ნუ მეთამაშები!
ჩემგან მეტი რარა გინდა?
ხომ წამართვი მარმაშები! –


ჩემი ოქროს მარმაშები,
ხითხითით რომ მიმოფანტე,
ფრთხილად, აბა, რასა შვები,
ტოტებს მაინც ნუ მომამტვრევ.


რა ვიღონო, რა ვქნა, ქარო,
გამიწყალე უკვე გული,
აღარ ვიცი სად დავმალო
ეს მხარ-მკლავი, გაკირჩხლული.


ბედშავს ბარე ეს მერჩია,
რომ ფოთოლი შეგერჩინა,
ან სიშიშვლკე შეგემჩნია,
სამოსელი შეგერჩია, -


თქვა ცაცხვმა და დაიმორცხვა,
ქარ-სუსხს რომ ვერ შეეჩვია.
- ნაძვს რად უნდა მორთვა, როცა
სულ ზურმუხტის ფერებშია?


შენც და ყველას გეაჯებით,
შობა მეც რომ ხალისს მგვრიდეს,
საახალწლო ბრჭყვიალები
ჩემს ტოტებსაც ჩამოჰკიდეთ!

არა უშავს რა
- ზამთარს ელიან ყინვიანს.
რა გვეშველება, დათუჩი?
არა უშავს რა, თბილია
მამაპაპური ტყაპუჭი.


თოვლი
თოვლმა თეთრი ყვავილივით
თრიმლის ტოტი მოჩითა.
თრიმლის ტოტზე ჩიტი ჩივის:
"შემცივდა და მომშივდა"