THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ფიფქისა

ეკატერინე კუზანაშვილი

ზამთრის სასახლეში

ნაწილი პირველი

-ბებო, ზღაპარს მიამბობ?
-რა თქმა უნდა, გიამბობ, ჩემო თვალის ჩინო, აბა, არ გიამბობ?! მაგრამ, სანამ ზღაპრის თხრობას დავიწყებ, რა უნდა ქნა?
-საღამური უნდა ჩავიცვა და ლოგინში უნდა ჩავწვე.
-მაშ, წავედით საწოლ ოთახში?
-წავედით! . . . ბებო, გეხვეწები, ბევრი დღე დარჩი, რა, ჩვენთან! დედას სულ არ სცალია და ზღაპრებს სულ არ მიყვება, -თან სამოსს იხდიდა და თან დედას უჩიოდა პატარა, -ხომ დარჩები, ბებო?
-დავრჩები, საყვარელო, ბევრი დღე დავრჩები.
-აბა, რამდენი ბევრი?
-დღეს ხომ დავრჩი, ხვალ კიდევ დავრჩები, მერე კიდევ ერთ დღეს და მერე კიდევ ერთ დღეს. ხომ ბევრია?
-კი... -უპასუხა ცოტა შეფიქრიანებულმა ბავშვმა, -მაგრამ კიდევ სხვა ბევრი დღეც ხომ არის?
-ოხ, შე ცუღლუტო, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ იმ ბევრ დღეს ხომ გინდა შენს შვინდას მივხედო, ნაცარა კურდღლებს მოვუარო, ქოჩორა შავკუდა მამალს საკენკი დავუყარო?..
-კი, მინდა . . . მაგრამ ზღაპრებიც რომ მინდა?!
-სოფელში ხომ ჩამოხვალ? -ბავშვმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, -ჰოდა მაშინ ვიზღაპროთ ბევრი, ბევრზე ბევრი!
ამ საუბარში ბებომ ბიჭუნას საღამური ჩააცვა, ლოგინში ჩააწვინა, საწოლთან მიდგმულ სავარძელში ჩაჯდა და ზღაპრის მოსაყოლად მოემზადა.
-აბა, მზად ხარ მოსასმენად? დავიწყო?
-რომელ ზღაპარს მიამბობ?
-რომელს და . . . ფიფქისას ზღაპარი იცი?
-არა, ბებო, არ ვიცი.
-მაშინ ყურადღებით მომისმინე . . . -ბებო სულ ცოტა ხანს დაფიქრდა, ჩაახველა და დაიწყო, -იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი, იყო ოთხი ძმა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. გაზაფხულს, შემოდგომასა და ზამთარს, ასე თუ ისე, ნორმალური ძმობა ჰქონდათ, აი, ზამთარი და ზაფხული კი საერთოდ ვერ იტანდნენ ერთმანეთს, განსაკუთრებით კი ზამთარს სძულდა ძმა. ძლიერ დარდობდა და განიცდიდა ამას მათი დედა -წელიწადი, ბევრსაც ეხვეწებოდა ორივეს, შერიგდითო, მაგრამ ვერაფერს მიაღწია . . . და აი, ერთხელ, ისეთი რამ მოხდა, ზამთარი იძულებული გახდა შერიგებოდა ზაფხულს.
-ასეთი რა მოხდა, ბებო?
-რა და . . . ზამთარს ერთადერთი ულამაზესი და თანაც ძალიან კეთილი ასული ჰყავდა -ფიფქისა, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა. “ჩემო თვალის ჩინო, ჩემო მზეთუნახავო, ჩემო ფერია...” -ასე ეალერსებოდა ხოლმე ზამთარი თავის ასულს და სულ თვალებში შესციცინებდა. ბებია წელიწადი და მამიდა ახალწლისა, რომლებიც ზამთართან ცხოვრობდნენ და მას უდედოდ დარჩენილი შვილის გაზრდაში ეხმარებოდნენ, გოგონას თითქმის გვერდიდან არ შორდებოდნენ და მათი საქმეც მხოლოდ ბავშვის სურვილების ასრულება იყო, თუმცა ფიფქისა ამ ყველაფერს არ გაუყოყოჩებია. ბავშვი ბიძია შემოდგომასა და ბიძია გაზაფხულსაც ძლიერ უყვარდათ, აი, ბიძია ზაფხულს კი იგი საერთოდ არ იცნობდა, რადგან ზამთარი ძმას არც ძმიშვილთან მიკარების უფლებას აძლევდა . . . და აი, ერთხელ, სწორედ ამ ფიფქისამ საშინლად მოიწყინა. შეწუხდა მამა, აქეთ ეცა, იქით ეცა, ჯარასავით დატრიალდა, რა აღარ იღონა, ხან წვეულება გამართა, ხან აკრობატები და ჯამბაზები მოიწვია, ხან ყინვის გამოფენა მოაწყო, ხან კი -ლოლოების შეჯიბრი წვერმახვილობაში . . . მაგრამ არაფერი გამოვიდა, არა და არ გახსნა შუბლი ფიფქისამ, არა და არ გაიღიმა. დარდობდა ზამთარი, დარდობდნენ ბებია წელიწადი და მამიდა ახალწლისა, მაგრამ საშველი არსაიდან ჩანდა. ერთადერთი იმის იმედიღა ჰქონდათ, რომ იქნებ მამიდისთვის გადაეშალა გული, რადგან ობოლ ფიფქისას დედის მაგივრობას ახალწლისა უწევდა და გოგონაც გულისნადებს ხშირად მას უმხელდა ხოლმე. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ მამა, ბებია და ახლობლები ხშირად მათ ერთად ტოვებდნენ და გულისფანცქალით ელოდნენ შედეგს, გოგონა კი ჯიუტად დუმდა, იჯდა სევდიანი, გასცქეროდა დათოვლილ მიდამოს და ოხრავდა. ასე თანდათან დარდით დნებოდა და ილეოდა ფიფქისა, მასთან ერთად კი -მამა, ბებო და მამიდა.
ერთ დილას, საუზმის შემდეგ, როცა ფიფქისამ კვლავ არ დააკარა პირი არაფერს და თავის ოთახში განმარტოვდა, ახალწლისამ საიდუმლო ხმით თქვა:
-გეგმა მაქვს და, ვფიქრობ, გაამართლებს.
-რა გეგმა? -თითქმის ერთხმად ჰკითხეს ზამთარმა და წელიწადმა.
-რა და, როგორ გავიგოთ ფიფქისას დარდის მიზეზი, -ახალწლისა მრავლისმთქმელი ღიმილით მიაჩერდა დედას და ძმას.
-როგორ? როგორ უნდა გავიგოთ? -მოუთმენლად იკითხა წელიწადმა.
-როგორ და, მას ცხოველები ხომ ძალიან უყვარს, ჰოდა მელიის პატარა, ფუმფულა ლეკვი მოვაყვანინოთ, მისი წყალობით კი მე ლაპარაკში ავიყოლიებ და ყველაფერს ვათქმევინებ.
-როგორ ათქმევინებ, როგორ აიყოლიებ ლაპარაკში? - ვერაფერი გაიგო წელიწადმა.
-როგორ და, ვეტყვი, ვითომ ლეკვი მონადირეებს წავართვი, რომლებსაც დედამისი მოუკლავთ და მის გატყავებასაც აპირებდნენ. ფიფქისა დაინტერესდება, ლაპარაკში ამყვება და, იმედი მაქვს, შეპარვით დარდის მიზეზსაც გამოვკითხავ.
-ეგ კარგად მოგიფიქრებია, მაგრამ, რომ მიგიხვდეს რამეს, არც არაფერი გითხრას და კიდევ უფრო მეტად ჩაიკეტოს თავის თავში? -გეგმის წარმატებაში დაეჭვდა წელეწადი.
-აბა, მაშ რა ვქნათ? როდემდე ვუყუროთ, როგორ ადნობს დარდი ბავშვს? ასე მგონია, საერთოდ ვეღარავის გვამჩნევს და გონებით მუდმივად სხვაგანაა. თქვენი არ ვიცი, მე კი დავიტანჯე მაგისი ცოდვით.
-კარგი, დაო, ნუ გაცხარდი, მართალი ხარ შენ, რამე უნდა ვიღონოთ და შენი გეგმაც ჭკუაში დამიჯდა, იქნებ მართლა რამე გამოვიდეს, სხვა გზა მაინც არ გვაქვს და ცადე, მაგრამ, გთხოვ, ფრთხილად იყავი, ხომ იცი, ფიფქისა პატარაობიდანვე ძალიან მგრძნობიარე იყო და თუ შეგვატყობდა, რომ რაიმეში მის გამოჭერას ვციდილობდით, ეს ძალიან ცუდად მოქმედებდა მასზე.
დედისგან განსხვავებით, ზამთარმა გეგმა მოიწონა. მათ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეს, შეძლებისდაგვარად ზუსტად გათვალეს ყოველი ნაბიჯი და გეგმის განხორციელებას შეუდგნენ. პირველ რიგში, მონადირეებს მელიის თეთრი, მუთაქასავით ჩამრგვალებული, მატყლივით ფუმფულა, შავდრუნჩიანი და შავთვალება საყვარელი ლეკვი მოაყვანინეს, ოღონდ ისე, რომ ფიფქისას არაფერი გაეგო, მერე კი შესაფერის დროს დაუწყეს ცდა. საკმაო ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ეს დროც დადგა...
საღამო იყო. ოთახში მხოლოდ მამიდა და გოგონა იყვვნენ. ახალწლისა ქსოვდა, ფიფქისა კი ჩამავალი მზის თოვლზე არეკლილი სხივების მოუსვენარ რიალს უყურებდა და, როგორც ჩანს, მათ ცქერას დროებით დარდი გადაევიწყებინა, რადგან საყვარლად იღიმებოდა. ახალწლისამ ჩათვალა, ახლა ყველაზე შესაფერისი დროაო, მსახურებს ანიშნა და მელიის ლეკვი შემოაყვანინა, რომელსაც დრუნჩზე განგებ წამოარტყა, რომ აეტირებინა და ამით გოგონას ყურადღება მიეპყრო. ასეც მოხდა.
-რა არის ეგ, მამიდა? -ინტერესით იკითხა ფიფქისამ, წკავწკავის ხმა რომ გაიგო.
-მელიის ლეკვია, საყვარელო.
-მელიის ლეკვი? -ფიფქისა მამიდას მიუახლოვდა, -რა საყვარელია! აქ საიდან გაჩნდა?
-შუადღისას ბაღში ვსეირნობდი და დავინახე, მონადირეებს მოკლული თეთრი მელა მოჰქონდათ, ერთ-ერთს ხელში ეს ლეკვი ეჭირა, ტიროდა საწყალი, შემეცოდა, დავუძახე და გამოვართვი. არ მანებებდა, სანამ ოქროთი სავეს ქისა არ მივეცი -თქვენ არაფერში გამოგადგებათ, მე კი გავზრდი და გავატყავებ, თეთრი მელიის ბეწვი ძვირად ფასობსო . . . წარმოგიდგენია?!
-საბრალო ობოლი ლეკვი! ხომ მაჩუქებ, მამიდა? -გოგონამ მელაკუდა გულში ჩაიკრა.
-მაგას რაღა კითხვა უნდა, საყვარელო, რა თქმა უნდა, გაჩუქებ.
-გმადლობ, მამიდა! -ფიფქისა ახალწლისას გვერდით ჩამოჯდა, ლეკვი კალთაში ჩაისვა, ალერსით ხელი გადაუსვა და ამოიოხრა, -ძნელია უდედობა... ჩემზე უკეთ ამას ვერავინ გაიგებს, დედა რომ მყოლოდა, იქნებ ჩემს დარდასაც შველებოდა რამე...
ახალწლისაც სწორედ ამას ელოდა და მაშინვე ფრთხილად და, რაც შეიძლება, ტკბილად ჰკითხა:
-მამიდა შემოგევლოს, რა დარდი გაქვს ამისთანა? დედა არ ვარ შენი, მაგრამ, ხომ იცი, დედასავით მიყვარხარ, ჩემო მშვენიერო?! მითხარი, რა გაწუხებს, იქნებ შევძლო და დაგეხმარო?!
-ეჰ, შენ ვერ დამეხმარები, საყვარელო მამიდა.
-რატომ? განა რა გიჭირს ასეთი?
ფიფქისამ პასუხი არ გასცა, თავი ჩაქინდრა და ისე ამოიოხრა, ოხვრას ლამის გულიც ამოაყოლა. ახალწლისამ კვლავ კითხვის დასმა ვეღარ გაბედა, მაგრამ ხელზე ხელი ისე შეახო, რომ ფიფქისას ეგრძნო თანაგრძნობაც, სიყვარულიც, მზრუნველობაც . . .
-არა, მამიდა, ვერც შენ და ვერც ვერავინ დამეხმარება! დედამიწის ზურგზე არავის შეუძლია მამაჩემის გადარწმუნება!
-მამაშენის გადარწმუნება?.. -ყველაფერს ელოდა ახალწლისა, ასეთ პასუხს კი -ნამდვილად არა და მოულოდნელობისაგან დაიბნა, -მამაშენის გადარწმუნება? რა შუაშია მამაშენი?
-ეჰ . . . არ ღირს, მამიდა, ამაზე ლაპარაკი!
-როგორ თუ არ ღირს, -უცებ გონს მოეგო ახალწლისა, -მითხარი, ჩემო თვალის ჩინო, რაც გაწუხებს. რატომ გგონია, რომ არ ღირს შენს გულის დარდზე საუბარი? განა როდისმე მამაშენს შენთვის გული უტკენია და სურვილი არ შეუსრულებია? მაგრამ თუ არ ეცოდინება რა გაწუხებს, ვერაფერს შეძლებს.
გოგონა ცოტა ხანს ჩუმად იყო, თითქოს ყოყმანობდა, ეთქვა თუ -არა, მერე მამიდას თვალებში შეხედა და ხმადაბლა, ძალიან ხმადაბლა თქვა:
-მამიდა, შენ მაინც მითხარი, რატომ მტრობს მამაჩემი ბიძია ზაფხულს?
ახალწლისა წეღანდელზე მეტად გაოგნდა, კიდევ უფრო დაიბნა, მაგრამ მალევე მოეგო გონს:
-მტროოობს? . . ვინ გითხრა ეგ სისულელე, ფიფიქისა?
-ხომ გითხარი, ვერავინ დამეხმარება-მეთქი?! -საყვედური ისმოდა გოგონას ხმაში, -სისულელე კი არა, სიმართლეა, ვიცი, რომ მტრობს ბიძია ზაფხულს მამაჩემი. თუ ასე არაა, რატომ არ მოდიან ჩვენთან ბიძია ზაფხული, ბიცოლა ცისკრისა და ჩემი ბიძაშვილები -პირიმზისა და ცისთვალა?! ან მე რატომ არ მაგზავნის მათთან?! იცი, როგორ მინდა ჩემს ბიძაშვილებთან?! . . . დამალობანას, დახუჭობანას, დაჭერობანას ვითამაშებდით ერთად, სახლობანასაც, . . . კიდევ ერთი უცნაური თამაში ჰქონიათ -სკოლობანა, როგორ მაინტერესებს, რა თამაშია, იცი?! . . . თვითონ გუნდაობა, ციგაობა, თხილამურებით სრიალი არ ეცოდინებათ, მე კი ვასწავლიდი, ჩვენთან რომ მოდიოდნენ სტუმრად და თავს ბედნიერად, ძალზე ბედნიერად ვიგრძნობდი, მამიდა! . . . კიდევ, ძალიან მინდა ვნახო ის უცნაური ყვავილი, პირიმზისას და ცისთვალას ულამაზეს ბაღში რომ იზრდება, მზესუმზირა ჰქვია და რა საოცარი ყვავილია თურმე, მამიდა, იცი?! დილიდან დაღამებამდე მხოლოდ მზეს უყურებს და გვირგვინს იქითკენ ატრიალებს, საითაც მზე იხრება, გარეგნობითაც მზეს ჰგავს თურმე . . .
ალბათ კიდევ ბევრს იტიტინებდა გოგონა, ახალწლისას სუსხიანად რომ არ ეკითხა:
-ვინ გიამბო, ფიფქისა, ეს ყველაფერი?!
ბავშვს მამიდის ხმაში გაჩენილი სუსხი სულ არ უგრძვნია, ისე იყო საკუთარი განცდებითა და წარმოსახვით აფორიაქებული, ალბათ ამიტომაც გულუბრყვილოდ მიუგო:
-გეტყვი, ოღონდ არავის უთხრა, თვითონ მთხოვა, არ გამთქვაო, ხოშკაკალამ მიამბო, მას ხომ ყოველთვის შეუძლია ბიძაჩემის სამფლობელოში მოგზაურობა . . . მამიდა, შენ რატომ არასოდეს არაფერს მიამბობდი ჩემს ბიძაშვილებზე? . . . ჰა, მამიდა?
ფიფქისამ, რომელიც საუბრისას სარკმელთან მისულიყო და თითქოს თოვლში მოთამაშე ბიძაშვილებსა და საკუთარ თავს უღიმოდა, მამიდას მოხედა, რადგან მან პასუხი დაუგვიანა და ღიმილი ტუჩებზე შეეყინა -ახალწლისას ფერი დაჰკარგვოდა, შეშინებული და თვალებგაფართოებული შესცქეროდა გოგონას.
-რა იყო, მამიდა?!
ახალწლისამ ბავშვს ხმა არ გასცა, გახევებული იჯდა, მერე კი, უცებ, ტყვიასავით გავარდა გარეთ.
-მამიდა, მამიდა . . . -დაედევნა ფიფქისა, მაგრამ სიჩქარისგან თავისსავე კაბაში გაიხლართა და წაიფორხილა. ლეკვი რომ არ დავარდნოდა, მელაკუდა გულზე ძლიერ მიიხუტა, ის კი აწკავწკავდა და მისმა ტირილმა გოგონას მამიდამისი გადაავიწყა, მერე კი . . . მერე რაც მოხდა, მტრისას.

* * *
ახალწლისას ოთახიდან გამოსვლას მოუთმენლად ელოდნენ ზამთარი და წელიწადი და როცა მის გაფითრებულ სახეს შეხედეს, მიხვდნენ, კარგს არაფერს იტყოდა იგი და უსიტყვოდ, მაგრამ კითხვის ნიშნად ქცეული თვალებით მიაჩერდნენ.
-ფიფქისამ იცის, რომ შენ და ზაფხული ნაჩხუბრები ხართ. . . იცის, ბიძაშვილები რომ ჰყავს, . . . მათი გაცნობა სურს, მათთან თამაში და, საერთოდ, ზაფხულსა და მის ოჯახზე ყველაფრის გაგება უნდა. . . . კიდევ მზესუმზირებზე მელაპარაკა, მზის მსგავს ყვავილებზე, მათი ნახვაც ოცნებად გადაჰქცევია, მაგრამ . . . შენი ეშინია, ძმაო, რადგან უკვე ისიც იცის, რომ არ მისცემ ამის უფლებას და ამიტომაა მუდამ სევდიანი.
ახალწლისა ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, ხმა უწყდებოდა, საუბრისას თითქოს გული ყელში ებჯინებოდა. ისედაც გაფითრებულმა წელიწადმაც მთლად დაკარგა ფერი მღელვარებისგან, ხოლო მკაცრ და პირქუშ ზამთარს კიდევ უფრო გაუმკაცრდა სახე და კბილებში გამოსცრა:
-ვინ უამბო ბავშვს ეგ ყველაფერი?!
-ხოშკაკალამ, სეტყვიას, შენი პირველი ვეზირის ვაჟმა.
-ხოშკაკალამ?! . . . მაშ, ხოშკაკალამ, არა?! . . . ქონდაქართუხუცესო! -ისეთი სახე ჰქონდა ზამთარს და ისეთი ხმით დაიძახა, დედას და დას ტანში გასცრათ, ძარღვებში კი სისხლი გაეყინათ.
-რას მიბრძანებთ, ხელმწიფევ? -თითქოს მიწიდან ამოძვრა ქონდაქართუხუცესი.
-ხოშკაკალა მომგვარე!
მსახური ისევე უცებ გაქრა, როგორც გამოჩნდა და ძალიან მცირე დრო დასჭირდა ბრძანების ასასრულებლად. სულ რამდენიმე წუთში ქონდაქართუხუცესმა და მისმა ქონდაქარებმა ზამთრის წინ დააჩოქეს ზურგსუკან ხელებშეკრული ხოშკაკალა. ბიჭი გაოგნებული ჩანდა, ვერ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა მის თავს, ზამთრის კაბინეტის კართანაც ჩოჩქოლი ატეხილიყო, ქონდაქარები ძლივს აჩერებდნენ მეფის პირველ ვეზირს, სეტყვიას, რომელიც შვილზე არანაკლებ იყო გაოგნებული, რადგან ისიც და მისი ოჯახიც ყოველთვის მეფის ერთგულებით გამოირჩეოდნენ და ყოველთვის მისი კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. როგორც იქნა, სეტყვია დერეფანში გაიყვანეს და კაბინეტის კარი დახურეს.
-თუ იცი, რატომ ხარ აქ? -ყინულივით ცივი და მჭრელი იყო ზამთრის ხმა.
-არა, ჩემო ხელმწიფევ!
ზამთარმა ცოტა ხანს ზიზღით უყურა, მერე დააპირა ეთქვა მიზეზი, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან გაახსენდა, რა მტანჯველი რამეა გაურკვევლობა და მხოლოდ ეს უთხრა:
-სანამ სიცოცხლეს გამოეთხოვები, დილეგში საკმაო დრო გექნება იმის გასარკვევად, რატომ ისჯები. წაიყვანეთ!
-სიცოცხლეს გამოვეთხოვები? დილეგში უნდა წამიყვანონ? რატომ, დიდებულო ხელმწიფევ? -იკთხა თავზარდაცემულმა და გაოგნებისგან სისხლგამშრალმა ხოშკაკალამ ვიდრე გაძალიანებულს ქონდაქარები გაათრევდნენ კაბინეტიდან. მერეც, სასახლის დერეფნიდან და ეზოდანაც ისმოდა მისი ხმა. დილეგამდე მიჰყვა მას მამამისი, თუმცა, ფერდაკარგულს, სულ არ ამოუღია ხმა, მხოლოდ ხოშკაკალა ყვიროდა, ემუდარებოდა მამას, გაერკვია, რის გამო სჯიდნენ.
იმ საღამოს სეტყვია არ შეუშვეს ზამთართან, დილამდე მოიცადოსო, ასეთი ბრძანება გაეცა მეფეს, ასე, რომ დილამდე ჭკუიდან უნდა გადასულიყო ხოშკაკალაზე არანაკლებ გამტკნარებული სეტყვია.
სასახლის დერეფანსა და ეზოში ატეხილმა ხმაურმა ფიფქისას ყურამდეც მიაღწია და როდესაც შეიტყო ხოშკაკალა დააპატიმრესო, მაშინვე მამიდასთან გაიქცა.
-მამიდა, რა მოხდა? რატომ ჩასვა მამამ ხოშკაკალა დილეგში?
ახალწლისა დუმდა, ძმისშვილს თვალს არიდებდა, რადგან მიხვდა, მისმა წინდაუხედაობამ დაღუპა სეტყვიას ვაჟი. ახლა ნანობდა კიდეც თავის საქციელს, მაგრამ . . . ფიფქისასიც რცხვენოდა, ბავშვი ენდო, მან კი . . .
გოგონა მამიდის დუმილმა ყველაფერს მიახვედრა და თუმცა იმასაც მიხვდა, რატომ არიდებდა ახალწლისა თვალს, მაინც უთხრა:
-ეს რა ჩაიდინე, მამიდა, მე გენდე, შენ კი . . .
ახალწლისას არც ახლა ამოუღია ხმა, მხოლოდ ცრემლები გადმოუგორდა თვალებიდან. ფიფქისა თავჩაქინდრული გავიდა ოთახიდან. გული სტკიოდა ძალიან, თავის თავზე ბრაზობდა, რომ მეგობარს წინდაუხედაობით საფრთხე შეუქმნა. გონებაში გამოსავალს ეძებდა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო -მისულიყო მამასთან, მუხლებში ჩავარდნოდა და შევედრებოდა ხოშკაკალას გათავისუფლებას. გადაწყვიტა და მამის კაბინეტისკენ გაემართა.
განრისხებული ზამთარი ჯერ ისევ ბობოქრობდა, მისი კაბინეტის კარზე მორიდებული კაკუნი რომ გაისმა.
-ვინ მაწუხებს ასე გვიან? -სასტიკი ხმით იკითხა ზამთარმა.
-მე ვარ, მამიკო!
-ფიფქისა, შენა, ჩემო თვალის ჩინო! -უცებ დაუტკბა სასტიკი ხმა ზამთარს, სწრაფად გახსნა კარი და შვილი გულში ჩაიკრა, -სულ გადამავიწყდა შენთვის ძილი ნებისა მესურვა. რატომ გღვიძავს ასე გვიან, ჩემო ფერია?
-მამიკო... -ყოყმანინით დაიწყო გოგონამ, -შენთან დიდი, ძალიან დიდი სათხოვარი მაქვს და გეხვეწები, უარს ნუ მეტყვი!
-გისმენ, ჩემო სიხარულო, რა უნდა მთხოვო ისეთი, უარი რომ გითხრა?! შენთვის გაუჩენელს გავაჩენ... მითხარი, აბა, მითხარი რა გსურს!
-მამიკო... -ისევ ყოყმანობდა ფიფქისა.
-გისმენ, საყვარელო, გულისყურით გისმენ.
-გეხვეწები, ჩემო მამიკო, გულით გეხვეწები, ხოშკაკალა გამოუშვი დილეგიდან, რა!
ზამთარი გაშრა, შვილისგან ყველაფერს ელოდა, ამ თხოვნის გარდა, რადგან ეგონა, ფიფქისამ არაფერი იცოდა. რა თქმა უნდა, როცა ყველა სურვილის ასრულებას ჰპირდებოდა შვილს, ვერც წარმოიდგენდა, რომ ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ახლა რა ექნა? არც დაპირების უკან წაღება უნდოდა და არც -ხოშკაკალას გაშვება, არადა შვილი მუდარით შესცქეროდა. არა, ვერ ეტყოდა ფიფქისას უარს, მის თვალში უპირო ვერ გამოჩნდებოდა... “რა ვქნა?”-ფიქრობდა ზამთარი და უცებ მზაკვრულმა აზრმა გაუნათა გონება:
-კარგი, ჩემო ფერია, გავათავისუფლებ, ოღონდ...
-ვაშა! -სიხარულისგან ტაში შემოჰკრა ფიფქისამ, -ვიცოდი, რომ უარს არ მეტყოდი, შენ ყველაზე საუკეთესო მამიკო ხარ! -სათქმელის დასრულება არ აცალა გოგონამ მამას, გახარებული კისერზე ჩამოეკიდა, კოცნა და კოცნა. გული რომ იჯერა ალერსით, ჰკითხა:
-კიდევ რაღაცას ამბობდი, მამიკო?
-კი, იმას ვამბობდი, რომ გამოვუშვებ, მაგრამ ერთი პირობით -შენ მას აღარასოდეს ნახავ, ხოშკაკალა ჩემი სასახლიდანაც წავა და ქვეყნიდანაც. ამაღამვე გავგზავნი მსახურს, გაათავისუფლებენ და გათენებამდე დატოვებს აქაურობას! დამნაშავე რაღაცნაირად ხომ უნდა დაისაჯოს?! თანახმა ხარ?
ფიფქისა არ იყო თანახმა, საუკეთესო მეგობრის დაკარგვა არ სურდა, მაგრამ ოღონდ ის თავისუფალი ყოფილიყო და ამ მსხვერპლს როგორ არ გაიღებდა, თუმცა მამას პასუხის ნაცვლად ჰკითხა:
-მამიკო, აქამდე რატომ არაფერი ვიცოდი ბიძია ზაფხულისა და მისი ოჯახის შესახებ?
-ამას ახლა ვერ აგიხსნი, საამისოდ ჯერ პატარა ხარ, მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ! შენ ის მითხარი, თანახმა ხარ პირობაზე? -აშკარად გაღიზიანება დაეტყო ზამთარს ხმაში და ფიფქისა მიხვდა, კიდევ რამე რომ ეკითხა, შეიძლება მამამისი ისე განრისხებულიყო, ხოშკაკალას გათავისუფლების კი არა, მისი სიცოცხლის საკითხი დამდგარიყო ეჭვქვეშ, ამიტომ უყოყმანოდ უთხრა:
-თანახმა ვარ!
-კარგი, მე ჩემს პირობას ამაღამვე შევასრულებ, შენ კი წადი და ტკბილი ძილით დაიძინე, ჩემო თვალის ჩინო, -უთხრა კვლავ დამტკბარმა ზამთარმა შვილს, მერე შუბლზე აკოცა, ზურგისკენ შეაბრუნა და კარისკენ მსუბუქად უბიძგა. გოგონამ კარში გასვლისას კიდევ ერთხელ მოხედა მამას და თუმცა მისმა გამომეტყველებამ ცოტა შეაშინა, მაინც დაიმედებული გაიქცა დასაძინებლად. ფიფქისა თვალს მიეფარა თუ არა, ზამთარს სახიდან კეთილი ღიმილი ჩამოერეცხა, თვალებიც უფრო სასტიკად აუელვარდა და მეტისმეტი მრისხანებისგან კანკალმა აიტანა. “ჩემო გოგო, კიდევ კარგი, არ იცი, რა დაუნდობელი ვარ, თორემ ასე ადვილად არ დამიჯერებდი! გავუშვა?! გავუშვა კი არა, უსასტიკესი ტანჯვით უნდა ამოვხადო სული. შენ არაფერი, არაფერი არ უნდა გცოდნოდა ზაფხულის შესახებ, რომ ჩემი უდიდესი საიდუმლო არ შეიტყო, ამიტომ ბრძანების დარღვევისთვის საშინლად დაიტანჯება ხოშკაკალა!” -ფიქრობდა მარტოდ დარჩენილი ზამთარი და ცდილობდა სასტიკზე სასტიკი სასჯელის მოფიქრებას. უცებ სახეზე ბოროტმა სიხარულმა გადაურბინა და თავისთან იხმო ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახური, რომელსაც ღამით სიარულისა და შავი სამოსის გამო ღამურას ეძახდნენ. მისი ყველას ეშინოდა, რადგან უჟმური კაცი იყო. იგი არათუ არასდროს იცინოდა, არც კი იღიმებოდა და ლაპარაკითაც უიშვიათესად ლაპარაკობდა. დღისით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდით, თუ ზამთარი რაიმე დავალებაზე გაგზავნიდა, ღამით კი სასახლის ნებისმიერ ტალანში შეიძლებოდა გადაყროდით. ჩუმი, ფეხაკრეფით სიარული იცოდა, თითქოს ვინმეს ან რამეს ეპარებაო... და კიდევ, ღამურასავით მახვილზე მახვილი სმენა ჰქონდა, მის ყურს არაფერი გამოეპარებოდა. სწორედ ეს კაცი ეახლა ზამთარს, თავი მდაბლად დაუკრა და დავალების მოლოდინში გულხელდაკრეფილი მშვიდად გაჩერდა.
-ღამურა! ხომ იცი, დღეს სეტყვიას ვაჟი დილეგში ჩავაგდე?
ღამურამ თავი დაუქნია.
-ისიც ხომ იცი, რა დააშავა?
მსახურმა ისევ თავი დაუქნია.
-მე მისი სიკვდილით დასჯა მინდოდა -ქალაქის მოედანზე ჯერ სასტიკად აწამებდა ჯალათი, მერე კი თავს მოჰკვეთდა, მაგრამ . . . ფიფქისა იყო წეღან ჩემთან, წინდაუხედავად მოვიქეცი და ყველა სურვილის ასრულებას დავპირდი, მან კი ხოშკაკალას გათავისუფლება მთხოვა. ხომ იცი, როგორ მიყვარს ჩემი გოგო, თან მისი ნდობის დაკარგვაც არ მინდა, ამიტომ სეტყვიას ვაჟის სახალხოდ სიკვდილით დასჯას ვეღარ შევძლებ.
-რატომ, ჩემო ხელმწიფევ? ფიფქისას თხოვნამ, ვფიქრობ, არაფერი შეცვალა, განა სიკვდილით დასჯის დღეს იგივეს არ გთხოვდათ? მაშინ რა, შეცვლიდით გადაწყვეტილებას?
-ფიფქისა დასჯის დღეს აქ არ იქნებოდა.
-ეგ როგორ?
-ხოშკაკალას დილეგში ჩაგდების ბრძანება ისეთ დროს გავეცი, არ მეგონა, ისე გვიან თუ ეღვიძებოდა ფიფქისას და ხმაური მის ყურამდე თუ მიაღწევდა, დილით კი, სანამ რამეს გაიგებდა, ჩემს ძმასთან - შემოდგომასთან გავგზავნიდი სტუმრად, ხოლო როცა დაბრუნდებოდა, ხოშკაკალა უკვე დასჯილი იქნებოდა. ახლა კი, რადგან მდგომარეობა გართულდა, ასეთი რამ მოვიფიქრე: შენ ახლა ციხის უფროსთან მიხვალ, სეტყვიას ყბედ ვაჟს საერთო საკნიდან ციხის ყველაზე ღრმა, ყველაზე ცივ, ყველაზე ბნელ, ყველაზე საშინელ ჯურღმულში ჩააგდებ და დაივიწყებ! . . . შიმშილი და წყურვილი განა ნაკლები წამებაა?! . . . ოღონდ ხოშკაკალას სამყოფელი მხოლოდ შენ უნდა იცოდე! დავალება გაიგე? -ღამურამ თავი დაუქნია მბრძანებელს, -მაშ, წადი!
მსახურმა მორჩილების ნიშნად მუხლი მოიყარა ხელმწიფის წინ და გაქრა, ორიოდე საათის შემდეგ კი აცნობა, რომ ყველაფერი ბრძანებისამებრ შეასრულა.