THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



სითბოს ყვითელი კურდღლები

მერი ბოლქვაძე
_ მცივა, მცივა! _ გააკანკალა ჩიტს.
_ ჩვენც გვცივა, _ დაიწუწუნეს ხეებმა, _ სწორედ მაშინ გვხდიან კაბებს, როცა აცივდება.
მართლაც ძალიან აცივდა. ცეცხლის ანთების დროა. Bბებომ შეშა შეყარა ღუმელში, ნავთი მიასხა და ასანთს გაჰკრა.
 _ ბუჰო! _ ავარდა ალი.
მაშინვე ღუმელიდან სითბოს ყვითელი კურდღლები გადმოხტნენ, კედლებს და კუთხეებს ეცნენ. ათამაშდნენ. დათბა.
როცა სითბოს ოთახიდან არ გაუშვებ, ოთახში ყოველთვის თბილა. სახლს კედლები დ კარი იმისათვის აქვს, რომ სითბო დაიჭიროს. სითბოს ყვითელი კურდღლები კი ცდილობენ, რომ გარეთაც გაიქცნენ.
_ გარეთ გვინდა, სულ ოთახში ხომ არ უნდა ვისხდეთ?!
_ გარეთ დაიკარგებით, ისეთი სიცივეა! _ დაიკრუტუნა კატამ, სიცივე გადაგყლაპავთ ხელად. სჯობს, აქ იყოთ, ჩემთან ითამაშოთ!
_ შენ გგათბოთ და ჩიტები და ხეები არა?! _ გაუჯავრდნენ სითბოს კურდღლები კატას... კატამ ცალი თვალი მოჭუტა.
_ ზამთარს თქვენ ვერ მოერევით, ცხვირსაც ვერ გაყოფთ გარეთ.!
_ ცხვირსაც გავყოფთ და მოვერევით კიდეც!
_ სითბო ხართ, მაგრამ პატარა.…
უცებ ქარი დაეჯახა კარს და შემოახეთქა, ოთახში შემოვარდა, ყინვა დ სიცივე შემოიყოლა. ქარმა და ყინვამ თვალის დახამხამებაში ღუმელში შეაგდეს სითბო, თვითონ სირბილი დაიწყეს ოთახში.
ბებო წამოხტა:
_ უი, უი, უყურეთ ამათ, როგორ შემომიცვივდნენ! _ დაიძახა და სასწრაფოდ მიკეტა კარი. Gგარეკა ქარი და ყინვა გარეთ. _ თქვენ რომ მდომოდით, ცეხლს კი არ დავანთებდი? ისევ გადმოხტნენ სითბოს ყვითელი კურდღლები ღუმელიდან.
_ ხომ გითხარით, გარეთ ვერ გახვალთ-მეთქი?! _ ახლა ორივე თვალი მილულა კატამ დინჯად. _ ზამთარს მზე მოერევა, თქვენ კი ბებო და მე გაგვათბეთ, უთქვენოდ გავიყინებით.
სითბოს კურდღლებს ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ ჩიტებისა და ხეების დარდი მაინც ისევ ჰქონდათ, ვიდრე მზე მოერევა ზამთარს, გაიყინებიან, გაიყინებიან, _ ფიქრობდნენ კურდღლები.
კატა არაფერს ამბობდა, თვალებს ნაბავდა, თვითონ ხომ თბილად იყო სხვა რაში ედარდებოდა!