THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნოდარ დუმბაძე

ზამთარი ბიჭოს, რა თოვლი მოვიდა,
ნეტავ საიდან მოვიდა,

იმდენხანს დააგვიანა,
ალბათ ძალიან შორიდან.


აუ, რამდენი ფიფქია,,
ფიფქები ქარში მიქრიან.
ასე ლამაზი თუ იყო
ზამთარი, არც მიფიქრია.


ეი, ბეღურავ, მავთულზე
მობუზული რომ ზიხარო,
ჩემს აივანზე მოფრინდი,
საკენკი გადმოგიყარო.
ცოტათი გათბი, დანაყრდი
და მერე ერთად ვიხაროთ.


ნაძვის ხის სიმღერა
მოვალ, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა.
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ.


ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.
მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ პატარებო.
სიმღერებით ცა მთოვარი,
გაათბეთ და გაადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ!


საახალწლო
- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფიქწი ცვივა.
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?


- არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს,
და გისურვებთ, რომ თქვენს გულში
არასდროს არ დაიზამთროს.


ზამთარია, მაგრამ გული,
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.


უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.