THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ყოყლოჩინა ბაჭია

მანანა მაჩაბელი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი პატარა ლამაზი ტყე. ტყეში შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ კეთილი მეზობლები: ციყვებიო, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, ზღარბუნებიო, თხუნელები, თაგუნიები, ბებერი კუ და სხვა უამრავი წვრილფეხობა. ახლა ჩიტუნიებს აღარ იკითხავთ? გვრიტები და კოდალები, ჩხიკვები და ნიბლიები, გუგული, თავისი ოჯახობით, ბუების დინჯი ოჯახი - მამა ბუ, დედა ბუ და მათი ორი შვილი. ქორებიც შემოიფრენდნდნ ხოლმე ტყეში, საკბილოს ეძებდნენ, მაგრამ ტყის პატარა ბინადარნი უჭკუონი როდი იყვნენ! ქორს თვალს მოჰკრავდნენ თუ არა, თავთავიანთ სორო-ფუღუროებში იმალებოდნენ. არწივი არც კადრულობდა ტყეში შეფრენას - “ჩიტი ბრდღვნად არ ღირსო!” - ალბათ ფიქრობდა.
მშვიდად მიედინებოდა პატარა ტყის პატარა ბინადართა ცხოვრება. ვერავინ იფიქრებდა, რომ ტყის ბინადართა ცხოვრების მშვიდობიან მდინარებას რაიმე ძალა ააფორიაქებდა და არევდა. ვერავინ იფიქრებდა და აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილადაც. და აი, რატომ აირია ტყეში მონასტერი.
ერთ თეთრ, ლამაზ, ნაზ დედა კურდღელს ექვსი ბაჭია შეეძინა. ხუთი, სულ დედასავით თეთრები, ქათქათები იყვნენ, აი მეექვსე კი, მეექვსე, ყველას ჭირად და თავისასატკივებლად, წითურა გახლდათ. ბეწვი, ყველას გასაოცრად, წითური ჰქონდა. გაგიგიათ ოდესმე, სადმე წითურა კურდღლის არსებობა? თეთრები კი, იცოცხლე ბლომად არიან დუნიაზე. ნაცრისფრები ხომ უფრო მეტი. აკი კურდღელს ხშირად ნაცარას უწოდებენ. არიან ისეთებიც, რომ ბეწვში თეთრიც ურევიათ და ნაცრისფერიც. შეიძლება აქა იქ შავი ბეწვიც გამოერიოს. მაგრამ წითურა კურდღელი? გაუგონარი რამაა!
მოევლინა თუ არა წითურა ქვეყნიერებას, მთელ ტყეს მოედო ეს ამბავი. ტყის ბინადარნი გამოეშურნენ ამ საოცრების სანახავად. ყველას უნდოდა საკუთარი თვალით ენახა ეს საოცრება - წითურა კურდღელი! გაკვირებულმა მნახველებმა აწკლაპუნეს ტუჩები, ვახ-ვახიც ბევრი თქვეს, რა ლამაზიაო - ისიც დაამატეს და მერე ყველა თავ-თავისი გზით წავიდა. აბა, წითურა ბაჭიას გამო ტყის ცხოვრება ხომ არ შეჩერდებოდა?
ჰოდა, წამოიზარდა ეს წითურა ბაჭია, წამოიზარდა და ვაი, გაჩენის დღეო! აქაოდა სხვანაირი ვარო, არა მსგავსი სხვა ბაჭიებისაო...და გადიდგულდა, გაიფხორა! მეო, იმისთანა ვარო, ქვეყნიერებას რომ არ უნახიაო! ძმებსა და დებს ხომ არა კადრულობდა და არაკადრულობდა, თქვენ წარმოიდგინეთ, დედასაც კი თაკილობდა1 დიახ, დედას თაკილობდა! მეზობლებს სულ ქედმაღლურად ექცეოდა. ერთი კია, ყოყლოჩინა კი გახლდათ, მაგრამ პატარა იყო წლოვანებით და პატარებს, თქვენც კარგად მოგეხსენებათ რა უყვართ. რადა, ჩემო კვარახჭინებო და სულზე უტკბესებო, რადა...რადა...აბა, თქვენს გაზრდას, ერთი შემახსენეთ ყველაზე ძალიან რა გიყვართ? დიახაც, თამაში. ჰოდა, ამ ყოყლოჩინა წითურასაც რა ექნა, თამაში რომ სწყუროდა? თამაში, კი, მოგეხსენებათ, საინტერესო მაშინაა, როდესაც ვიღაცას ეთამაშები. აბა, საკუთარ თავთან თამაში ვერაფერი ბედენაა. მალე მოგწყინდება კაცს. ჰოდა, ეს ყოყლოჩინა იძულებული იყო ცოტა ხნით იხტიბარი გაეტეხა და სხვებთან თამაშში ჩართულიყო. მაგრამ, აქაც რომ მედიდურობდა და სულ ბათქის აწევა სურდა. როგორა და რანაირად? მოგახსენებთ. ა, ბატონო, ვთქვათ, დამალობანა უნდა ითამაშონ. ხომ უნდა გაითვალონ და გათვალონ, თუ ვინ დაიხუჭება პირველი? ჰოდა, იწყება გათვლა:
ათაქ, თუთაქ, თუთაქო,
ჯონჯოლაკის მუთაქო.
აქო, ბაქო,
ვის გაიყვანს, სთქვასო.
იტყოდა ვინმე ამ, ან თუნდაც სხვა გათვლას, და მერე აცლიდა წითურა ვინმეს რამის თქმას?!
- ეს რა გათვლაა? ერთი სიტყვაც არ მესმის რას დუდღუნებთ. რა უბედურებაა ეს ათაქ? ან თუთაქ? თუთაქ თქვენს თავს და ათასჯერ მეტიც, თქვენ თვითონ თუთაქ მუთაქებო!
- რა იყო, წითურავ, ეს ხომ თამაშია. სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვს. ეს ხომ უბრალოდ გათვლაა.
- თქვენთვის, საწყალობელ თეთრებისა და ნაცარებისათვის, შეიძლება მნიშვნელობა არც გააჩნდეს, ჩემთვის კი...ჩემთვის...წითურასათვის, ლამაზისათვის, ჭკვიანისათვის და გამორჩეულისათვის, დიახაც, დიახაც, გამორჩეულისათვის, დაიმახსოვრეთ იდიოტებო, რომ გამორჩეული ვარ! ერთად-ერთი, განსაკუთრებული და გა-ნუ-მე-ო-რე-ბე-ლი!...აი, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, თუ რას იტყვით. თქვენს უაზრო ბურტყუნს ჩემი დახვეწილი ყურები ვერ უძლებენ! ვერ უძლებენ! ვერ უძლებენ!
ყურცქვიტების მოთმინების ფიალა აივსო! გადაირიენ ნაცარები! ერთი კი გადახედეს ერთმანეთს და მატრაკვეცა, ყოყლოჩინა, ყოველგვარ საზღვარს გადასულ წითურას ერთხმად მიაძახეს:
სუპი, სოუზი
აქედან მოუსვი!
და ყველა ბაჭია ერთ მუშტად შეიკრა. განრისხებული ბაჭიების ცოცხალი კედელი წითურა ყოყლოჩინასაკენ დაიძრა.
შეეშინდა წითურას, მაგრამ რა შეეშინდა! მანამდე გმირად წარმოჩენილი, უცებ დაილია, დაპატარავდა და ფახიფუხა გახდა. ნელ-ნელა უკან დაიხია, მერე კედლად აღმართულ ბაჭიებს ზურგი შეაქცია და ყურებგადაწურულმა მოჰკურცხლა. უკანმოუხედავად გარბოდა.
- მშიშარა! მშიშარა! - გაჰკიოდნენ ბაჭიები და ზეიმობდნენ გამარჯვებას.
ამ ალიაქოთმა და ყიჟინამ შეაშფოთა ტყის ბინადარნი და ყველამ ყიჟინის მიზეზის გასაგებად გამოსწია. ხომ უნდა სცოდნოდათ, რა ხდება მათ მშობლიურ ტყეში? ვაი-უბედურება ხომ არ ეწიათ?
ცოტა ხანში ტყის ბინადარნი მოზეიმე ბაჭიების გარშემო შემოიკრიბნენ.
პირველმა თავი კუმ გამოჰყო და იკითხა:
- რა მოხდა ბაჭიებო, რამ აგახმაურათ? რა ხდება თქვენს თავს?
- ხო, ხო, ხო, გვითხარით ერთი, - კუს სიტყვა ჩამოართვეს წრიპინა თაგუნებმა. - რა გულები დაგვიხეთქეთ! - წრიპინებდნენ და წრიპინებდნენ შიშისაგან ფერდაკარგული წრუწუნები.
გვრიტები ერთი დიდი ხის ტოტზე ერთად მოქუჩულიყვნენ და ატეხილი ხმაურის მიზეზის გაგების მოლოდინში გაყურსულიყვნენ. თანაც, ერთმანეთს მჭიდროდ ეკვროდნენ. თუ ხიფათი ელით, ერთად შექუჩულნი, ერთმანეთს ძალას შემატებენ და საშიშროებასა და განსაცდელს უფრო ადვილად გაუმკლავდებიან, - ფიქრობდნენს.
მამა ბუმ ერთი ძლიერად დაატყლაშუნა ფრთები და დინჯად დასვა შეკითხვა:
- აბა, ნაცარებო და თეთრბეწვიანებო, რა მოხდა? რასა ხმაურობთ და ტყის მყუდროებას რად არღვევთ?
ერთმა ნაცარამ, რომელსაც ყველაზე მეტად ერჩოდა გული და თანამოძმეთა შორის გამბედაობითაც გამოირჩეოდა, წინ წარდგა ნაბიჯი და ტყის ბინადართ მოახსენა:
- დიდად ვწუხვართ, ჯამაათნო, ჩვენმა გამარჯვების ყიჟინამ აგრერიგად რომ აგაფორიაქათ და ზოგიერთნი დაგაფრთხოთ კიდეც. ბოდიშს მოგახსენებთ ბაჭიათა სახელით... მაგრამ მიზეზს თუ გაიგებთ, იმედია, გვაპატიებთ. რა ვქნათ, მეტი რომ აღარ შეგვიძლია იმ ამპარტავნის, იმ წითურას ბაქიობის ატანა1 კარგი, ვთქვათ იმას ვიტანდით, რომ გამუდმებით ყოყოჩობს და სულ საკუთარი თავის ქებაშია. იმასაც ვიტანდით, რომ თამაშში ხელს გვიშლიდა და მუდმივად ჩხუბისა და დავიდარაბის მიზეზს ეძებდა. მაგრამ...მაგრამ დამცირება?! შეურაცხყოფა?! მეტის-მეტია! და განა მარტო, ჩვენ, ბაჭიებს გვაყენებდა შეურაცხყოფას? თითოეულ თქვენგანს მოუსმენია საკუთარი მისამართით მისგან ნათქვამი უზრდელი და მწარე, ყოველი ცოცხალი არსებისათვის შეურაცხმყოფელი სიტყვა. დღესაც, დამალობანას თამაშს ვაპირებდით. ისიც ჩვენთან იყო. როგორც წესი, ჯერ გავითვალეთ. ამპარტავანს გათვლა არ მოეწონა...და ააგორა და ააგორა...ეს რა სისულელე დააბრეხვეთო, თქვე სულელებოო. და კიდევ...იდიოტები გვიწოდა! რათა? რისთვისა? რა დავუშავეთ? ჰოდა, ჩვენი მოთმინების ფიალაც აივსო. ერთად შევიკარით ბაჭიები და ბაქია და ზღვარსგადასული მკვეხარა გავაგდეთ. მოვიცილეთ საშვილიშვილოდ. იყოს თავისთვის მარტო! იწვნიოს უმეგობროდ, უამხანაოდ დარჩენა რა ძნელია. ერთი გენახათ, როგორ გადაიწურა ის წითურა ყურები და როგორ გარბოდა! სადღა იყო მისი მედიდურობა?! გადაავიწყდა. აი მიზეზი, ბატონებო, რამაც გამარჯვების ყიჟინა დაგვაცხებინა. ეს იყო და ეს, სხვა არაფერი.
- ჰოო, ყიჟინის მიზეზი კი გქონიათ...მაგრამ, როგორა გგონიათ, ახლა სადღაც მიმალული და მიჩქმალული წითურა დიდხანს დარჩება განზე? აღარ გამოვა სააშკარაოზე და აღარ განაგრძობს კვეხნასა და ბაქი-ბუქს? შეიძლება, ჯიბრით უფრო მეტადაც იმედიდუროს. - დაფიქრებითა სთქვა მამა ბუმ.
- მაშ რა ვქნათ, რა მოვიმოქმედოთ? - კითხვა დაუსვა გულადმა ბაჭიამ.
ამ დროს, ერთი კოდალა ხეზე თავგამეტებით კაკუნს მოჰყვა. აკაკუნა და აკაკუნა მანამდე, სანამ შეკრებილთა ყურადღება არ მიიპყრო და როცა დარწმუნდა, რომ ყველა მას უყურებდა, სლოკინ-სლოკინით დაიწყო:
- ჩე-მის მოკ-ლე ჭკუ-ით, - აქ კოდალამ კარგა ხნით შეისვენა. სიჩუმე გაგრძელდა. შეკრებილთ ეგონა, რომ კოდალა წინადადებას ვეღარასოდეს დაამთავრებდა. მოულოდნელად, კოდალამ სიტყვები ტლინკებივით მიაყარა: -წითურასფერიუნდავუცვალოთგავათეთროთგავათეთროთგგავათეთროთ...ვინ იცის სადამდე გაგრძელდებიდა კოდალას გავათეთრო, რომ მასთან გუგული არ მიფრენილიყო. გუგულმა ერთი მაგრად შემოუტყლაშუნა, გონებაზე მოიყვანა: - კმარა, გაჩუმდი! – შემოუძახა.
კოდალას ნათქვამზე ყველამ პირი დააღო.
- რაიო? გავათეთროთო? ეს როგორ და რანაირად? - გვრიტინ-გვრიტინით იკითხა გვრიტმა.
- კოდალავ, იქნება წითურას გათეთრების ხერხიც მოაზრებული გაქვს? იკითხა გაოცებისაგან თვალდამრგვალებულმა ციყვმა და ღელვისაგან ერთ ადგილზე ხტუნვა დაიწყო.
კოდალა ხეზე კაკუნს მოჰყვა. აკაკუნა და აკაკუნა, სათქ1მელისათვის ფსიქოლოგიურად ემზადებოდა. აბა, ასე იოლია საჯაროდ, პატიოსანი საზოგადოების წინაშე საკუთარი აზრის გამოთქმა? ვაი თუ, სისულელედ ჩაგითვალონ?! იქნება არაფერიც არ სთქვას? სიტყვას სხვა ძალა აქვს. იტყვი და ვეღარ დაიჭერ. უკან, სიტყვას ვერ დააბრუნებ. სიტყვა აშენებს და სიტყვა ანგრევს. სიტყვა აცოცხლებს და სიტყვა კლავს. მაშ, ასეთი ძალა აქვს სიტყვას!
ბოლოს, კოდალამ როგორც იქნა თავი ანება კაკუნს, ერთი ღრმად ჩაისუნთქა, მოუბრუნდა შეკრებილთ და ხმის კანკალით დაიწყო:
- ჩემის მოკლე ჭკუით...ერთი სიტყვით...მოკლედ...
- ჰე, კოდალავ, ნუ დაგვილიე სული, სთქვი, გვითხარი, რა გაქვს სათქმელი, ნუ ღელავ, გისმენთ. - აქეთ-იქიდან გამამხნევებელი შეძახილები გაისმა.
- ერთი სიტყვით, - მეზობლების შეძახილებით გულმიცემულმა კოდალამ გაბედულად განაგრძო. - ასე მგონია მე, რომ წითურას ფერი უნდა ვუცვალოთ. სხვა ბაჭიების მსგავსი უნდა გახდეს ეგ ყოყლოჩინა და მაჩხუბარა. ჰოდა, აბა, რას იტყვით, ჩვენ რომ ცომი მოვზილოთ. ბევრი, ბევრი. თეთრი, თეთრი. ორმო ამოვთხაროთ. ორმოში თეთრი ცომი მოვათავსოთ. ორმო ტოტებით დავფაროთ და რაღაცნაირად მოვახერხოთ, მოვაწყოთ ისე, რომ მატრაკვეცა წითურამ თავი ამ ცომში ამოჰყოს. თეთრ ცომში ამოთხვრილი წითურა ყურებიდან თათებამდე გათეთრდება...ჰოდა, წითურა წითურა აღარ იქნება. თეთრ კურდღლად გადაიქცევა...უუუჰ! - დაასრულა სიტყვა კოდალამ, ოფლი მოიწმინდა და შვებით ამოისუნთქა.
სიჩუმემ დაისადგურა. კოდალას ნათქვამმა ყველა გააოგნა. აქამდე არავის სმენია ვინმეს ან რამის გათეთრების ამგვარი ხერხის შესახებ. ნუთუ ეს შესაძლებელია? იქნება და, მართლაც გასჭრას ამ ხერხმა? რაც მთავარია, იმ ბაქიას სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. - აი, რასა ფიქრობდა, ალბათ, დარბაზის თითოეული მონაწილე.
- საკმარისი დრო გქონდათ, ბატონებო, რომ კოდალას შემოთავაზება აგეწონ-დაგეწონათ. - დაიწყო მამა ბუმ. - ახლა საჭიროა ჩვენი მოსაზრებები კენჭისყრით გამოვხატოთ. ვისთვისაც მისაღებია კოდალას სამოქმედო გეგმა, გთხოვთ თათები აწიოთ. ვინც არ ეთანხმებით, თათებს ნუ აწევთ. გასაგებია?
- გასაგებია! გასაგები! სხვადასხვა ხმაზე დასჭექეს შეკრებილებმა და წამში თათების ტყე აღიმართა. ყველამ კოდალას წინადადებას დაუჭირა მხარი.
კოდალა კენჭისყრას გულისფანცქალით თვალს ადევნებდა. ხუმრობა საქმეა?! მისი, პაწუა არსების მოსაზრება ყველას მოეწონა! კოდალა კენჭის ყრის დროს ჩქარა-ჩქარა სუნთქავდა. გული საგულეს არ ეტეოდა. ეჩვენებიდა, რომ ცოტაც და გული საგულედან ამოუვარდებოდა. როდესაც დაინახა, თუ როგორ აღიმართა თათების ტყე, გული წაუვიდა. ჯერ ხის ტოტზე დაეცა და მერე მიწაზეც მოადინა ტყაპანი. პატარა ბუები წამში მასთან დაეშვნენ და კოდალას მოსულიერებას შეუდგნენ. თავისი ფრთებით უნიავებდნენ. ციყვი ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. გარშემომყოფნი ღელავდნენ: არაფერი მოუვიდეს ჩვენს ჭკუიან კოდალასო. აქიმობამ გასჭრა და კოდალამ თვალები გაახილა. მიმოიხედა და როცა დაინახა, რომ ეს ამოდენა პატიოსანი საზოგადოება მხოლოდ მისით იყო დაკავებული, მასზე ღელავდა, სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა.
რაკი იხილა კოდალა საღსალამათი არისო, დარბაზმაც შვებით ამოისუნთქა და ახლა მზერა მამა ბუს მიაპყრო. ახლა რაღა მოვიმოქმედოთო? - ყველას მზერაში ეს კითხვა გამოსჭვიოდა.
- მაშ, ასე, ბატონებო, დროა საქმესაც შევუდგათ. დროზე მოვათავოთ გასაკეთებელი, სანამ წითურა სადღაც იმალება, ვერაფერს მიმხვდარა და სარბიელზე ჯერ არ გამოსულა. ცოტა დრო გვაქვს. ყველამ ის აკეთოს, რაც ხელეწიფება. ბრძანებასა და მითითებებს ნურავინ დაელოდება. საერთო საქმე კეთდება და რაც მთავარია, საქმე იმისათვის კეთდება, რომ ერთი თავგასული ყოყლოჩინა გამოვასწოროთ და ბოლოს და ბოლოს ჩვენს ტყეში მშვიდობა დავამყაროთ. ალიაქოთი არავის გვჭირდება.
სიტყვა არც კი ჰქონდა დასრულებული მამა ბუს და ტყის ბინადართა ეს ამოდენა ჯარი წამსვე დაიშალა და სხვადასხვა მხარეს გაეშურა.
ნეტა კი საით გაეშურნენ? რა, მხოლოდ ენის მოსაქავებლად იყვნენ შეკრებილნი? სადაა ცომის მოსაზელად აუცილებელი ფქვილი? სადაა წყალი, ურომლისოდაც ცომი არ მოიზილება? სადაა ორმო, რომელშიც მოზელილი ცომი უნდა მოათავსონ?
ყველა ამ კითხვას ძალიან მალე გაეცა პასუხი. რანაირად? რანაირად, და, ტყის ბინადართა ქცევამ გასცა პასუხი.
ყოველი მხრიდან დაიწყო დარბაზის მონაწილეთა დინება. ყველას ან ფქვილით სავსე ტომარა მოეგდი ზურგზე, ან, პატარა დოქებით წყალს ეზიდებოდნენ. ზოგსაც ნიჩაბი მოჰქონდა ორმოს ამოსათხრელად და ყველაფერი ეს უხმოდ სრულდებოდა, ზედმეტი ფაცი-ფუცის გარეშე. საქმიანად.
არ გასულა დიდი დრო, რომ ორმოც მზად იყო და ფუმფულა, თეთრი ცომიც მოზელილი. ცომი ფრთხილად ორმოში მოათავსეს. ფიჩხი, ტოტები და ფოთლებიც სწრაფად შეაგროვეს და ორმოს გადააფარეს. ვერავინ უცხო, ვინც საქმის ვითარებაში გარკვეული არ იყო, ვერაფრით მიხვდებოდა, რომ ამ დაყრილი ფოთლებისა და ტოტების საფარის ქვეშ საფრთხე იმალებოდა.
როდესაც საქმეს მორჩნენ, მზერა, კვლავ მამა ბუს მიაპყრეს: - ახლა რაღა ვიღონოთო?
- ახლა კი, - მიუხვდა მამა ბუ ხმამაღლა გამოუთქმელ დარბაზის კითხვას. - ახლა დავიშალოთ, შორიახლოს ჩავსაფრდეთ და მივადევნოთ თვალი მოვლენეთა განვითარებას. იმისათვის კი, რომ წითურა სამალავიდან რაც შეიძლება მალე გამოვიტყუოთ, ბაჭიებმა ჟივილ-ხივილით დაიწყეთ თამაში. რაც შეიძლება იხმაურეთ და იკისკისეთ. წითურა გაიგონებს თქვენს ჟრიამულს და უსათუოდ გული თქვენსკენ გამოუწევს. პატარაა და სულელი, მაგრამ თამაში მასაც უყვარს. დარწმუნებული ვარ, მალე აქ გაჩნდება და აბა, ბაჭიებო, თქვენ იცით, როგორ იყოჩაღებთ და წითურას ორმომდე როგორ მიიტყუებთ! ოღონდ, თქვენ თავად ფრთხილად იყავით, წითურას ნაცვლად ორმოში რომელიმე თქვენგანი არ აღმოჩნდეს. აბა, თქვენ იცით! თქვენ კი, - ახლა კი, ტყის სამეზობლოს მიუბრუნდა მამა ბუ, - მოშორდით აქაურობას და შეეცადეთ, კარგად დაიმალოთ. წკრუნი რაა, წკრუნი არ უნდა ისმოდეს. წითურამ უნდა იფიქროს, რომ მოთამაშე ბაჭიების გარდა ახლომახლო მიდამოში ცოცხალი არსება არაა.
სთქვა ესა თუ არა, მამა ბუ დინჯად აფრინდა და თავისი სახლისაკენ გაემართა, რომელიც სულ ათიოდე ნაბიჯში მდგარი, ბებერი მუხის ფუღუროში მოეწყო. ყველამ მამა ბუს მიბაძა . რაღაც წამებში იქაურობა დაცარიელდა და ბაჭიებმაც ისეთი ხმაური, წიოკობა და ხარხარი ატეხეს, მათ მშობლიურ ტყეს კი არა, მდინარის გადაღმა ატეხილ ტყეთა ბინადრებსაც კი გააღვიძებდა.
ხტოდნენ, კოტრიალობდნენ, ყირას გადადიოდნენ და კისკისებდნაენ ბაჭიები, თუმცა სულაც არ იყვნენ ხუმრობის ხასიათზე. მთელი გულისყურით წითურას გამოჩენას ელოდნენ. გული საგულეს არ ეტეოდათ!
კარგა დრო გავიდა, წამები და წუთები უსაშველოდ იწელებოდა. ბაჭიებს არაქათი გამოელიათ. ცოტაც, და ვეღარ შესძლებდნენ ხტუნაობასა და კისკისს. თანაც შიში მოეძალათ: ვაი, თუ, წითურას ვერ მოიტყუებენ?! ვაითუ, ჩანაფიქრი წყალში ჩაუვარდათ?! ამ განცდებში იყვნენ ბაჭიები. და განა მარტო ისინი! ყველა, ყველა გულისფანცქალით ელოდა მოვლენათა განვითარებას.
და ეს მოლოდინი გამართლდა! სად იყო და სად არა, იქვე მდგარი ბუჩქიდან წითურა ყურები გამოჩნდა. ყურებს ცხვირიც ამოჰყვა. ცხვირს - ულვაშები და აი, მთლიანად წითურას პერსონაც დაილანდა. ყოაყლოჩინას თამაში ისე სწყუროდა, ისე სწყუროდა, რომ ნდომისაგან შიგა და შიგ აჟრჟოლებდა. გულის სიღრმეში შიში გასჯდომოდა - ვაითუ, თავის კომპანიაში ამ ჩურჩუტებმა აღარ მიმიღონო, - ფიქრობდა. ერთი ხერხი მოიგონა: ვითომ არაფერიც მომხდარიყო, , ისე გადასძახა მოთამაშე ბაჭიებს:
- ათაქებო და თუთაქებო, ასეთი გატაცებით რასა თამაშობთ?
ბაჭიები წამით გაირინდნენ. მართალია, ყოველ წამს ელოდნენ წითურას გამოჩენას, მაგრამ მისმა გამოჩენამ წამით მაინც დააბნია ბაჭიები. მაგრამ მსწრაფლ გონს მოეგნენ, და ამათაც, ვითომ არაფერი მომხდარიყო, ერთხმად დაუძახეს:
- ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! აბა, დროზე, ჩაერთე თამაშში! ან აქამდე სად იყავი?
- მაშინ თქვენთან თამაში რაღაც არ მომინდა. - კვლავ კვეხნითა და ქედმაღლურად ბრძანა წითურამ. როგორც ჩანდა, გაგდებამ ვერაფერი შეაგნებინა ბაქიას. - ახლა კი, - განაგრძო მკვეხარამ, - ახლა კი, რატომღაც მომინდა და აკი მოვედი კიდეც. ხომ გაგეხარდათ?
- გაგვეხარდა რომელია, სიხარულით გავგიჟდით! - ერთხმად, გუნდურად, შეთანხმებულად შეჰყვირეს ბაჭიებმა. - ე, მანდ, რამე არ ეწყინოსო და არ წავიდესო, შეეშინდათ. - რა გინდა რომ იყო? დაიხუჭები თუ დაიმალები?
- მაგ სულელურ თამაშას თამაშობთ? - თამაში დაუწუნა ბაჭიებს, გულის სიღრმეში კი ძლიერ გაეხარდა. უყვარდა წითურას დახუჭობანას თამაში. ან კი, რომელ ბალღს არ უყვარს? - მირჩევნია დავიმალო. ვნახოთ ერთი, როგორ მიპოვნით! რომ გასკდეთ შუაზე, მაინც ვერ მიპოვნით! - განაგრძობდა კვეხნას წითურა?
- დარწმუნებული ხარ?...გაბრაზდა ყველაზე გრძელყურა ბაჭია. კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრან გვერდში მდგომმა ნაცარამ კუდზე ჩამოქაჩა და თვალებიც გადაუბრიალა. - ძალიანაც კარგი - მხოლოდ ესა სთქვა.
- ვინ იხუჭება? ვისი რიგია? - იკითხა პაწია, თეთრმა ბაჭიამ.
- ვისი რიგია, და პაჭუასი. - სიტყვა მიაგებეს ბაჭიებმა.
პაჭუამაც არ დააყოვნა და ხესთან მივიდა, სანამ დაიხუჭებოდა ეს იკითხა:
- სანამდეა დათვლა?
- სანამდე, და ორმოცდაათამდე. ოღონდ, ჩურ, ნელა დაითვალე და აუცილებლად ორმოცდაათამდე.
მიიღო რა დავალება პაჭუამ, შუბლი ხეს მიაყრდნო და დათვლას შეუდგა:
- ერთი...ორი...სამი...ითვლიდა და ითვლიდა პაჭუა.
ბაჭიები თათების წვერებზე შემდგარნი უჩუმრად შეუდგნენ დასამალი ადგილის მოძებნას, თან თვალი, რა თქმა უნდა წითურასაკენ ეჭირათ. ბაჭიები ცდილობდნენ იმ ადგილისათვის, სადაც ორმო ეგულებოდათ, გვერდიდან მოევლოთ. ჯერ ერთი, ორმოში ჩავარდნას გადარჩებოდნენ და მეორეც, იცოდნენ, რომ წითურა არავითარ შემთხვევაში სხვა ბაჭიებს არ გაჰყვებოდა, ბაჭიების სამალავისაგან მოშორებულ ადგილს ირჩევდა. ასეთი იყო და რას იზამ, ინდივიდუალისტი! ამიტომაც, ბაჭიები თითქმის წრიულად მიმოიფანტნენ. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ წითურასათვის დასამალად წასასვლელი ყველა გზა ჩაეკეტათ, გარდა ერთადერთი მიმართულებისა, რომელიც ორმოსაკენ მიდიოდა. სწორედ ეს თავისუფალი გზა აირჩია წითურამ და ორმოსაკენ გასწია და...ორმოში ამოჰყო თავი. ყურებიან თათებიანად ფუმფულა ცომში ჩაეფლო.
- მიშველეთ! მიშველეთ! - განწირულად ყვიროდა წითურა და თან ცდილობდა ცომისაგან განთავისუფლებას, მაგრამ რაც მეტად ცდილობდა, ცომი მით მეტად ეკვროდა. ცომმა მალე ცხვირში და ყურებშიც შეაღწია. თვალები დაუბრმავა. წითურამ ყვირილი შეწყვიტა. შეწყვეტდა, აბა პირი ცომმა ამოუვსო. ბაქია სასოწარკვეთამ მოიცვა. გრძნობდა, რომ ცოტაც, და სიცოცხლეს გამოესალმებოდა და ამ დროს იგრძნო, რომ თავში რაღაცა მოხვდა და შორიდან მოესმა:
- წითურავ, თათებით მაგრად მოეჭიდე თოკს. ნუ გაშინია, ზევით ამოგიყვანთ.
არაქათგამოლეულმა წითურამ თათების ფათურით მართლაც მოძებნა თოკის ბოლო და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ჩაებღაუჭა. იგრძნო, რომ ზევით-ზევით ექაჩებოდნენ. მერე, ისიც იგრძნი, რომ თათებით აიყვანეს და...მერე.. მერე კი...ვეღაღაფერს გრძნობდა.
ტყის ბინადარნი შეშინდნენ, ვაითუ, ძალიან მკაცრად დასაჯეს ბაქია? ვაითუ, სიცოცხლე მოუსწრაფეს? მერე როგორღა იცხოვრონ?!
ამ განცდებში იყვნენ და უცებ რასა ხედავენ? ცომის გროვა შეირხა. ნამდვილად ცომის გროვა იყო. წითურა სულ არ სჩანდა ცომის საფარქვეშ.
წითურამ წამოდგომა მოინდომა. მოგცლია? ცომი მზის სხივებმა გამოაშრო. საცოდავ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი წითურა. ვეღარც ჯდება, ვეღარც დგება. არც არაფერი ესმის, ვერც ვერაფერს ხედავს და რაც მთავარია, სიტყვის თქმის საშუალება არა აქვს. ხომ გახსოვთ, რომ ცომმა წითურას ყურები, ცხვირი და პირი ამოუვსო. გამომშრალმა ცომმა მარწუხებივით მოუჭირა. სუნთქვა გაუჭირდა.
- ვაი, ეს რა ჩაგვიდენია! წითურა კვდება! რა ვიღოდოთ! - გაისმა ვოღაცის წამოძახილი.
- ცომი, ცომი უნდა მოვაშოროთ!
- ჩქარა მდინარისაკენ!
თათების ტყემ აიტაცა წითურა და მდინარისაკენ გააცუნცულა. ჩქარა! ჩქარა! მოასწრონ გადარჩენა! მდინარის წყალში ცომი გალღვება და წითურაც მარწუხებისაგან განთავისუფლდება!
აი, მდინარეც. მოჩუხჩუხებს და მოიმღერის. დარდი არაფრისა აქვს. მზის სხივებს, ლოდებსა და თევზუნებს ეთამაშება. ხან ლოდის ქვეშ გაძვრება, ხანაც კალაპოტიდან ამოხტება და შხუილ-შხულით უკან ბრუნდება. თევზუნები დედა-მდინარის წამხედურობით ხომ სულ კოტრიალას გადადიან.
ეს რა ხდება? მთელი ტყე მისკენ არ დაძრულა?! ვაი-უშველებელი ხომ არაფერი დაგვატყდა თავზე? ყველა რა შეწუხებული ჩანს, შეწუხებული კი არა, შეძრწუნებული.
- მდინარავ, მდინარევ, გვიშველე! - შორიდნ მოესმა. - გადაგვირჩინე წითურა!
- წითურას ხიფათი ელის? ნეტა რატომ? - გაიფიქრა მდინარემ და ორი ტალღა ამობურცა. თვალებად აქცია ტალღები. - მერედა სადაა წითურა. არსად არ სჩანს. ნეტა ეს თეთრი რა უნდა იყოს? ან ასე ფრთხილად რატომ ექცევიან?
- სად არის ?ითურა, ჩემი შველა რომ სჭირდება? - გაკვირვებით იკითხა მდინარემ, რაკი წითურას ვერსად მოჰკრა თვალი.
- ვერა ხედავ? აი, ეს თეთრი რომ გვიჭირავს, წითურაა.
- ნუ გამაგიჟეთ! ეს თეთრი რაღაც წითურა როგორაა?
- წითურაა! წითურა! ჯერ გადაგვირჩინე და ყველაფერს მერე მოგყვებით.
- რა, წითურასაგან ღვეზელი გამოაცხვეთ?
- რა დროს ხუმრობაა! გაანთავისუფლე არტახებისაგან, გამუდარებით!
- მაშ, კარგი, დაგეხმარებით. აი, ამ ნაპირთან დაგუბებულ წყალში ჩასვით თქვენი წითურა. ამ ადგილას ჩემი დინება ნელია, მაგრამ მაინც, ხელი არ გაუშვათ. იქნება რომელიმე ანცმა ტალღამ გაიტაცოს.
სთქვა ესა თუ არა მდინარემ, მსწრაფლ ცომის არტახებში გამომწყვდეული წითურა მდინარის წყალში აღმოჩნდა. დამსწრე საზოგადოება შიშითა და იმედით ელოდა, თუ როდის მოახერხებდა მდინარე წუთურას განთავისუფლებას. მართლაც ცომმა თანდათანობით ლღობა დაიაწყო. ბაჭიები ერთი წუთითაც არ შორდებოდნენ წითურას. მდინარეში შესულიყვნენ და ცოცხალი კედელი აღემართათ, შემთხვევით მდინარის ტალღას რომ არ გაეტაცა. ეს თავგანწირვის ტოლფასი იყო. კურდღლები ძალიანაც მწყრალად არიან მდინარესთან. არ უყვართ წყალი, უყვართ კი არა, აშინებთ მდინარის სწრაფი დინება. ასე რომ, ბაჭიების მდინარეში შესვლა გმირობის ტოლფასი იყო. წითითაც არ ისვენებდნენ ბაჭიები, ცდილობდნენ თათებით წითურას თვალთაგნ ცომი მოეშორებინათ. თანდათანობით პირიც გამოუთავისუფლეს და ყურებიც, ასე რომ წითურას მხედველობაც დაუბრუნდა და სმენაც. არტახებმაც მარწუხები მოუშვეს. ცოტაც, და წითურას თავისი ბუნებრივი ფერი დაუბრუნდებოდა. ეს კი არ უნდა მომხდარიყო! წითურას საკუთარი თავი თეთრ ბაჭიად უნდა ეხილა.
- კმარა, დროა, წითურა წყლიდან ამოვაბრძანოთ. - ბრძანება გასცა მამა ბუმ.
ამ ამბების დამსწრე საზოგადოება გაშეშდა. ვერ მიხვდნენ ამ ბრძანების მიზეზს. წითურას სავალალო მდგომარეობამ დაავიწყათ, თუ ერთხმად როგორ მოილაპარაკეს და გადასწყვიტეს ბაქიას გამოსწორება. მხოლოდ ის უტრიალებდათ გონებაში, თუ მათი მიზეზით კინაღამ როგორ დაღუპეს მეზობელი.
- რას მიყურებთ აგრე გაოცებით? თავის მხრივ გაიკვირვა მამა ბუმ. დაგავიწყდათ განა, ეს ამოდენა დავიდარაბა რა გარემოების გამო ატყდა? წითურამ წყალში უნდა ჩაიხედოს და დაინახოს, რომ სხვა ბაჭიებივით თეთრია და მომავალში კვეხნასა და ბაქიობას შეეშვას.
წითურა გარინდებული უსმენდა მამა ბუს საჯარო გამოსვლას. მერე მოულოდნელად გაიბრძოლა:
- გამიშვით. მე თვითონ. მე თვითონ ამოვალ ამ ოხერი წყლიდან. თქვენც მეგობრები და მეზობლები გქვიათ! ისე, ვითომ რატომ უნდა ჩავიხედო მდინარეში? მე რომ არ მინდა!
- მიდი, მიდი, ჩაიხედე და თავადაც მიხვდები. - შემოუძახეს მკვეხარას.
ერთი სული ჰქონდა წითურას გაეგო, თუ რად და რისთვის უბიძგებდნენ მდინარისაკენ. მაგრამ თავი ისე დაიჭირა, რომ სხვისი ხათრით აკეთებდა ამას. მიუახლოვდა მდინარეს... ჩაიხედა... და ვაი, საშინელებავ! სადაა მისი წითური, მბზინავი ბეწვი? სად გაქრა და რანაირად? იქნება რაღაცა მანქანებით წყლიდან ვიღაც სხვა ბაჭია უმზერს.
- არა, არა! ეს მე არა ვარ! შეჰკივლა წითურამ.
- კარგი რა, წითურავ, რას განიცდი აგრერიგად. - ზევიდან ჩამოსძახა კოდალამ, რომელიც მხოლოდ ბოლო წუთებში მოხასიათდა, რადგანაც წითურას უბედურებაში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს იდანაშაულებდა. ის სულელური აზრი ცომის თაობაზე აკი მან არ შესთავაზა მეზობლებს. ბაჭიას რამე რომ დამართნოდა, თავს არ იცოცხლებდა. - მე რომ მკითხო, თეთრიც მშვენიერი ბაჭია ხარ. ძალიან, ძალიან ლამაზი.
ლამაზიო! მოჰკრა თუ არა ამ სიტყვას წითურამ, ცრემლი მაშინვე დაუშრა
- მართლა მიხდება თეთრი ფერი? - იკითხა.
- მაშ, მაშა! გიხდება და რომ იცოდე, როგორ გიხდება! შენ ყველა ფერი გიხდება. - გუგუს აკომპანიმენტით ამღერდა გუგული.
ბუჩქის ტოტიდან ნიბლია აფრინდა და წითურას მხარზე დააფრინდა:
- ჩვენო წითურავ, რაც იყო, იყო. დავივიწყოთ. გვაპატიე, კარგი?
- კარგი, კარგი, მეზობლებო. მეც მომიტევეთ...ოღონდ ერთსა გთხოვთ, დამიბრუნეთ რა, ჩემი წითელი ფერი!
- ამაზე იოლი რა არის! აგერ მდინარე. ჭუპა-ჭუპა და ...
ბაჭიებმა თათები ჩაავლეს წითურა-თეთრას და ჟრიამულით მდინარეში გადაეშვნენ...
ეს ნამდვილი ამბავი ჩემს ეზოში შემოფრენილმა პატარა ბუებმა მიამბეს.