THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გივი ჭიჭინაძე


ცივა კურდღელს, ცივა
ცივა კურდღელს, ცივა!
მზე ვერ ათბობს მთა-ველს.
თოვლის ფანტელები
ხეებს თეთრად რთავენ.
ცივა კურდღელს ცივა,
ქარი დაჰქრის ირგვლივ.
ხოდაბუნში მდგარი
პაწაწინა ჩირგვიც
ვეღარ უძლებს ყინვას,
ცივა კურდღელს, ცივა!
წამწამებზე ცრემლი,
შეჰყინვია მძივად,
ცივა კურდღელს, ცივა!


დათუნა
წევს დათუნა ბუნაგში,
არ აწუხებს ზამთარი.
ანდა რა შეაწუხებს,
თბილ ქურქშია ჩამთბარი.
ძინავს, ძინავს, სულ ძინავს,
შიმშილს როგორ გაუძლებს?
თათი უდევს პირში და, -
ესეც მისი საუზმე!
წუწნის, ლოკავს დღედაღამ
და ამ სულელ გოლიათს
ალბათ თავის თათები
კანფეტები ჰგონია.


დათუნია – თოვლის გუნდა


* * *
ციმბირიდან მწვანე კონცხზე
ჩამობრძანდა დათვის ბელი.
ნეტა ახლოს დაგანახათ,
არის ძალზე საკვირველი.


მურამ გვერდზე ჩაუარა
და სიცილით გაიგუდა:
-ეს რა ჩიტი მოფრენილა!
დათვია თუ თოვლის გუნდა?!


-თოვლის გუნდა! თოვლის გუნდა! -
ჩამოსძახა ყვავმა ხიდან.
ღრუტუნამ თქვა: - თოვლის გუნდავ,
გაგშავებ ტალახითა!-


ფისომ ნაზად გაუღიმა:
-როგორა გყავს და-ძმებიო?-
მერე ქოლგა გაუწოდა,
-გუნდავ, მზეზე დადნებიო!-


მეგობრების ხუმრობაზე
სულ არ ბრაზობს თეთრი დათვი.
-აგერ, ხედავთ! - ნაპირისკენ
გაიშვირა ერთი თათი. . .


-იმ გლისერით, მეგობრებო,
იცით, რატომ ჩამოვბრანდი,
მოგინანეთ ათი ფუთი
ნაყინი და შოკოლადი.-


ამ სიტყვებმა მასპინძლები
გაახარა მეტისმეტად:
-ვაშა, ჩვენს გმირ დათუნიას!
-ვაშა რაინდს, რკინის მკვნეტავს!-


დიდი ლხინი გააჩაღეს,
ტკბილეული ჰქონდათ სავსე.
სათამადოდ სუფრის თავში
დათუნია დრუნჩა დასვეს.


მზე იმზევა სხვაზე ბევრი,
წყალიც ყლაპა სხვაზე ბევრი,
მაგრამ მაინც ვერ იქნა და
ვერ გაშავდა ზღვაზე ბელი.


ციმბირისკენ მიდის ახლა,
რა ქნას, წასვლაც აღარ უნდა.
ამბობს: - თოვლის გუნდა მერქვა,
დავრჩი ისევ თოვლის გუნდად. -


თვალზე ცრემლი მოიწმინდა,
-უსახელო ვიყავ ადრე,
აბა, როგორ დაგავიწყებთ,
მე ხომ თქვენთან მოვინათლე!


ციმბირში რომ წერილს მომწერთ,
ვიცი, ამას თქმაც არ უნდა,
კონვერტს ასე დააწერეთ:
დათუნიას – თოვლის გუნდას!


საახალწლო
ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა,
შოკოლადის ფილა,
მოგილოცავთ სუყველას
ახალი წლის დილას!
ოქრო გოგო-ბიჭებო,
დამიბერდით ტკბილად

დეკემბერი
წუხს ბებერი
დეკემბერი:
-ველი, ველი
ახალ წელსო.
რომ გვეწვევა
ნაძვის ხესთან
ერთად შევკრავთ
ლამაზ წრესო.
ლექსის თქმას და
ცეკვა-თამაშს
ვეღარავინ დამასწრებსო.
საჩუქრებიც
მე შემხვდება,
რას დავუთმობ
აბა, სხვებსო!
-ვიშ, რას ამბობ!-
იცინიან
ციმციმელა ფიფქებიო,-
იანვარი რომ დადგება,
შენ აქ სადღა იქნებიო?!