THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



რა გვეშველება დიდებს?

(თინათინ ჭეჟია მოთხრობების კრებული გამო)
ირმა მალაციძე
 ეს-ეს არის ველაპარაკე ”პატარა უფლისწულს”. ძალიან ნაღვლიანი იყო. ”რა ეშველებათ დიდებს?” - მკითხა მან და შემომაჩერდა.

ბავშვები ”კარგები” არიან. ისინი აპურებენ მტრედებს, უვლიან კნუტებს, საფლავს უთხრიან პატარა ზღარბუნიას და მის დედას თანაუგრძნობენ. ბავშვები ყველაფერს განიცდიან და ბუნებასთან ჩვენზე, უფროსებზე ახლოს არიან. მათ ებრალებათ პატარა მათხოვარი და გემრიელ ფუნთუშებს არ ინანებენ მისთვის. ბავშვები გვასწავლიან, როგორები უნდა ვიყოთ ადამიანები. როგორები უნდა ვიყოთ დიდები.
პატარები თინათინ ჭეჟიას მოთხრობებში ცხოვრობენ და იქიდან გვკარნახობენ, გვახსენებენ იმ მარტივ ჭეშმარიტებებს, რომელიც ხშირად დიდებს გვავიწყდება, ან უბრალოდ არ გვცალია, რომ გავიხსენოთ. არადა... უნდა გვახსოვდეს.
გაიხსენეთ, განა ბავშვობაში, უთოვლო ზამთარში არასდროს აგიხედავთ ცაში და მოუთმენლობისაგან მოსვენება არ დაგიკარგავთ თოვლის მოლოდინში? ან არასდროს გიტირიათ, თუ შემთხვევით ხიდან ჩამოვარდნილ, მკვდარ ჩიტს იპოვიდით?
თინათინ ჭეჟიას მოთხრობების გმირებსაც სწორედ ის სტკივათ და ის აწუხებთ, რაც ყველას _ ბავშვობაში. ისინიც ჩვეულებრივი, პატარა ადამიანები არიან, თავისი `სიხარულებით~ და პატარა `დარდებით~. ისინი განიცდიან, რომ ზამთარი დადგა, თოვლი კი არა და არ მოდის. თითქოს ისეთი არაფერი, მაგრამ პატარა ადამიანისათვის ეს, შესაძლოა დარდის საგანი გახდეს. მოთხრობა `თოვლი აუცილებლად ღამით მოვა~ სწორედ ამ მოლოდინზეა, ძალიან ნაცნობ გრძნობაზე. ნინო და ლელა დარწმუნებულნი არიან, რომ თოვლი აუცილებლად ღამით მოვა. ისინიც აჰყურებენ ცას და Eელიან. და რა თქმა უნდა, ღამით არემარე თოვლით იპენტება.
”აი, იქ, უნაბის ძირშია პატარა ზღარბუნიას საფლავი. ბადრიჯნებში ჩავიმალეთ. ზღარბი მართლა იქ იყო. მაგის შვილი ყოფილაო~, _ ამბობს პატარა ლელა.
მართლაც და, რა უნდა იყოს იმაზე სულისშემძვრელი, თუ არა პატარა ზღარბუნიას სიკვდილით გამოწვეული ბავშვური განცდა. (”საზაფხულო სურათები”).
”_ ბაბუ, ძნელია დიდობა”. _ ეუბნება თინათინ ჭეჟიას ერთ-ერთი მოთხრობის გმირი, გოგა ბაბუას. ეს ფრაზა მწერლის შემოქმედების, მისი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა. შინაგანი სამყარო კი _ ზრდასრულ ადამიანში ჩარჩენილი ბავშვური სულია, რომელიც გარემოს, მოვლენებს, სამყაროს პატარების თვალით ხედავს. ავტორი ბავშვების სათქმელს ამბობს, გამოხატავს თავის ბავშვურ პროტესტს უფროსების მიმართ, რომელთაც ხშირად აღარ ესმით პატარა ადამიანების. სწორედ ამაშია საბავშვო ლიტერატურის, საბავშვო მწერლის დანიშნულება _ გაიხსენოს, მეხსიერებიდან ამოატივტივოს ღრმად მიძინებული და ხშირად დავიწყებული ბავშვური განცდები. ამიტომაცაა პატარებისათვის წერა ესოდენ რთული. ყველას არ ძალუძს იმ მოგონებების, იმ განცდების გახსენება და პატარა მკითხველისთვის, მათ ენაზე წერა.
თინათინ ჭეჟიას კი ეს კარგად გამოსდის. ძალდაუტანებლად, ყოველგვარი დიდაქტიკისა და ჭკუის დარიგების გარეშე ახერხებს ბავშვს სიკეთის კეთება, სათნოება ასწავლოს, ჩაუნერგოს ის მთავარი პრინციპები, რომელზეც დღემდე დგას სამყარო. თანაც ისე, რომ ბავშვი ვერც მიხვდეს, როგორ შეუმჩნევლად იდებს მის ცნობიერებაში ბინას ისეთი ცნებები, როგორიცაა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, სიკეთე.
თინათინ ჭეჟიას შემოქმედებას ადამიანებისადმი თანაგრძნობა მიჰყვება ფონად. ლამაზი მხატვრული ენა, სიმსუბუქე, ბუნების ხატოვანი აღწერა განსაკუთრებულ განწყობას ქმნის და სასიამოვნოდ იკითხება არა მხოლოდ ბავშვის, არამედ უფროსების მიერ. მოთხრობები, რომელთაც ხშირად ბავშვის ცხოვრების ყოფითი ფრაგმენტების, მინიატურების ფორმა აქვს, საფიქრალს უტოვებს პატარა მკითხველს, ფანტაზიას უვითარებს, აიძულებს, იფიქროს, როგორი იქნება გაგრძელება, სად მიდიან პატარა გმირები და როგორ გრძელდება მათი ცხოვრება.
მოთხრობა ”ცხოვრობდა მხიარული ძაღლი”, ღიმილნარევი სევდითაა დაწერილი და ცხოველების გულისმაჩუყებელი `განცდებითაა~ აღსავსე. აქ თითქოს ცხოველებსაც კი ადამიანური სული აქვთ. პატარა ლეკვს, სახელად კოკა, ისევე სურს თამაში და გართობა, როგორც ჩვეულებრივ ბიჭს, მაგალითად თავის ”ნათლიას”, გიგის. ის ადამიანივით დარდობს ბებიაზე, რომელიც ავად გამხდარა და ერთი სული აქვს, როდის ჩამოვლენ მისი შვილიშვილები. რა ქნას, თვითონ ძაღლია და გარდა დარდისა, აბა, რა შეუძლია. მოთხრობაში ბუნებრივად, იუმორითაა აღწერილი ცხოველების ერთად, ერთ ეზოში ცხოვრება, ძაღლი კოკას მეგობრობა იხვის ჭუკთან, პატარა ბოჩოლას სევდა, რომელიც დაიბადა თუ არა, დედას დააშორეს.
ამ კრებულში თინათინ ჭეჟია 25 მოთხრობაა შესული. ვულოცავ ქართველ მკითხველს და ვულოცავ ავტორს ამ მშვენიერი წიგნის გამოცემას. ვუსურვებ ქალბატონ თინათინს, კიდევ, არაერთხელ გაეხარებინოს პატარები თავისი არაჩვეულებრივი, ლამაზი მოთხრობებით.