THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თეთრი, ალვახაზსარკმლიანი სახლი

დოდო ხიმშიაშვილი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი თოვლის პაპა. პაპა თოვლის აგურით აშენებულ თეთრ სახლში ცხოვრობდა. სახლს, კრამიტის ნაცვლად, კუბოკრულად დაჭრილი გოზინაყი ეხურა.. სარკმელს გამჭვირვალე ალვახაზი ჰქონდა ჩასმული. სახლის დირეებიდან ჩამონაღვენთი ლოლუები დაშაქრული ჩურჩხელებივით ტკბილი იყო.
თეთრი სახლი უღრან ტყეში იდგა.. ხეებს შორის მზე თუ გამოიჭყიტებოდა, ალვახაზის სარკმელი და ყინულის ლოლუები ცისარტყელის ფერებად ალიცლიცდებოდა. სახლს კარი დაბრაწული, კრიალა ნაზუქისა ჰქონდა.
საკვამური დღენიადაგ ყალიონივით ბოლავდა. ბოლს პაპას ნაამბობი ტკბილი ზღაპრები აჰქონდა ცაში. ზღაპრები გაზაფხულზე ჟუჟუნა წვიმად უბრუნდებოდა მინდორ-ველს და თვალუწვდენელ ყანებს. ზამთარში, ნელ-ნელა, ფრიალ-ფრიალით მოხატულ ფიფქებად წამოვიდოდა და მთელ არე-მარეს დაეფინებოდა, ფოთლებგაცვენილ ხეებს დააბარდნიდა, მტებს ჩამოთოვდა და ძნებს წოწოლა ქუდებს ჩამოაფხატავდა.
როგორ დავიჯერო, თოვლის პაპას თეთრ სახლში კი არ გინდათ შეიჭყიტოთ?!
გინდათ და მობრძანდით!
პაპა განა მარტო ცხოვრობს?!
შვილიშვილებიც ჰყავს: გოგოს ფიფიქია ჰქვია, ბიჭს – გუნდა!
პაპის სახლში, ბუხრის წინ, ჭრელი ფარდაგია დაფენილი. ამბობენ ეს ფარდაგი ჭრელი ყვავილებით ჩიტებმა მოქსოვესო.
ოთახის ერთ კუთხეში დიდი ტელევიზორი დგას, მაგრამ ჩვეულებრივი არ გეგონოთ, ჯადოსნურია.
შუა ოთახში, თეთრსუფრაგადაფარებული მაგიდა რომ დგას, ისიც ჯადოსნურია. ერთ კედელზე თაროებია მიჭედებული და ზედ ტყიდან მოზიდული გირჩები, რკო, სოკოები, კაკალი, წიწიბო, ნიკორა წაბლი, გუდაფშუტას თესლი, ფშატი, უნაბი, კოწახური და ფერად-ფერადი ფოთლები აწყვია. იქვე ავრიტით შეკრული შავი და წითელი კუნელის, ნარინჯისფერი ხშირვაშლას, ჩაშავებული პანტის და წითელი ასკილის დახუნძლული ტოტები ჰკიდია. ავრიტი ხის ქერქისაგან დაგრეხილი თოკია და ეგეც პაპას გაკეთებულია.
მოპირდაპირე კედელზე უფრო განიერი თაროებია მიმაგრებული: შვინდისფერი, ბიისფერი, ხასხასა ბალახისფერი, ჭიაფერი, იისფერი და ფირუზისფერი.. ეს თაროები ერთად ცისარტყელას ჰგავს. არ დაგავიწყდეთ, ქოხში, პირდაპირ მიწიდან ამოსული ნაძვიც დგას. ფესვები ნიადაგში აქვს გადგმული და ისე არხეინად მოუღერებია კენწერო, თითქოს შუაგულ ტყეში ცხოვრობდეს.
თაროებზე ნაძვის ხის ბრჭყვიალა სათამაშოები აწყვია. არ იკითხავთ, ამ უღრან ტყეში საიდან გაჩნდა ეს სათამაშოები? თოვლის პაპა თვითონ აკეთებდა თურმე სათამაშოებს ყინულისგან, ფიფქებისგან და ტყის ნობათისგან. ყინულს გვერდით გირჩას ან კაკალს მოუდებდა: “აბლი-ბაბლი, ვერცხლის ტახტი მზით ავიღე, მთვარით დავდგი”, - ადუდუნდებოდა. მერე რკინის კუდიან ჯოხს დენში ჩართავდა, იმ ჯოხს ნაპერწკლები წასცვივდებოდა, პაპა თავზე შემოავლებდა და სათამაშოც მზად იყო. პაპა ხეზე დაჰკიდებდა სათამაშოს, დაელოდებოდა. როგორც კი სათამაშო ბროლად იქცეოდა, პაპას თვითონვე გამოელაპარაკებოდა ტავის ენაზე. პაპამ კი ყველას და ყველაფრის ენა იცოდა. გაიხარებდა, სათამაშოს ხიდან ჩამოხსნიდა და ტაროზე შემოდებდა.
გუნდაბიჭმა ტელევიზორი ჩართო. ალიცლიცდა დიდი მინა და ქალაქის ფართო ქუჩა გამოჩნდა. პაპას გაეღიმა: “ხედავ, ქალაქში ჯერ ზამთარი არც კი დამდგარაო”, მერე წითელ ღილაკს დაჰკრა თითი და ტელევიზორში ტყის ფერადი ზღაპარი გამოჩნდა. იყო და არა იყო რა. განა ქვეყნად მართო თოვლის პაპა იყო? ერთ ლამაზ ქალაქში, მწვანეში ჩაფლულ ქუჩაზე, პატარა სახლში, და-ძმა ცხოვრობდა.
აბა, ისე როგორ იქნებოდა, და-ძმას ერთმანეთი არ ჰყვარებოდათ, მაგრამ ჩხუბიც მოსდიოდათ ხოლმე, მაშინ ტელევიზორიც ჩუმდებოდა და ზღაპრებიც უფერულდებოდნენ. ერთხელ, შემთხვევით ძმამ დას ხელი ცხვირში მოარტყა. გოგონას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ძმამ რომ ეს დაინახა, “ვაიმეო!” - შესძახა, ჯიბიდან სასწრაფოდ ამოიღო ცხვირსახოცი, დას თავი გადაუწია, სისხლი ფრთხილად მოსწმინდა, თან მოუბოდიშა: “გტკივა? არ მინდოდა, შემთხვევით მომივიდაო. მოდი, ზავი დავდოთ, არასდროს აღარ ვეცჩუბოთ ერთმანეთსო!” “ზავი ცუდი საქმე არ არის, ნეტავი, რა გვაქვს გასაყოფი, არა, ფისო?” - იქვე მოსეირნე კატას გადახედა გოგომ. კატამ გაიარ-გამოიარა, კუდი აიპრიხა და ალმაცერად ამოხედა ბავშვებს. ბიჭს შეეშინდა: “ხედავ, ფისოც ნაწყენია. გუშინ წიგნი რომ მოგიქნიე, შემთხვევით მაგას მოხვდა და მთელი დღე ფეხაკანჭურებული დადიოდაო”.
გოგოს გაეცინა: “იჩხუბებ და აღარც მე დაგელაპარაკები, ახალ წლამდე ოთხი დღე დარჩა, თოვლის პაპაც გაიგებს შენს კაიკაცობას და სათამაშოები აღარ გინდაო?” სწორედ ამ დროს ჰქონდა თოვლის პაპას ჩართული ტელევიზორი და გოგო-ბიჭს უყურებდა.
გავიდა რამდენიმე დღე. ტყეში უცებ რაღაც ახმაურდა. მერე ზანზალაკების წკარუნი ატყდა. თოვლის პაპას სახლის წინ ველმფრენი დაეშვა და იქიდან თეთრებში შემოსილი ყინვა გადმოვიდა. კარი გაიღო და შრიალითა და ჩახჩახით სახლში შეიჭრა. ბუხარი ჩაინავლა, ხატაურა აიფხორა.
ყინვამ ჯიბიდან ფერად-ფერადი ლოლუები ამოიღო და ბავშვებს მიაწოდა. მერე პაპას შეეკითხა: “როგორ ბრძანდები, ხომ არაფერი გჭირდება? ახალი წლის ღამესა გზები გავყინო თუ გავალღოო?” “თოვლს წყალს ნუ შეუყენებ, ლეღმა რა სასიამოვნოა და ნურც ისე გაჰყინავ ქვეყანას, გაფიჩხული ჩიტები მიწაზე ქვებივით ცვიოდნენო. გუშინ მდინარეებს და ღელეებს თოში ძლივს მოჰქონდათ, შემენანა, გაუშვი, იჩხრიალონო,” - მიუგო პაპამ. ყინვაც შეჰპირდა: “ლამაზ ფიფქებს ჩამოვყრი, ქვეყანას გავალამაზებო”. ყინვა რომ წავიდა, ტყეში გათოვდა. ხელისგულისოდენა ფიფქები ცვიოდა ციდან. ფიფქიამ დიდი სინი გაარბენინა გარეთ და თოვლს შეუშვირა: მალე აივსო სინი.
ფიფქია ოთახში შემობრუნდა. ელექტროჯოხი ჩართო, წასცვივდა თუ არა ნაპერწკლები, სინს ზემოდან მოატარა: “აბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი, ვერცხლის ტახტი, მზით ავიღე, მთვარით დავდგი.”, - ჩურჩულებდა. ფიფქები წკრიალით ახტუნავდნენ სინზე. ალაპლაპდნენ და სათამაშოებად იქცნენ.
პაპას მოეწონა შვილიშვილის ნახელავი. მერე ისევ ჩართო ტელევიზორი და უბის წიგნაკი მოიმარჯვა. ხან ვის სახლში შეიხედა და ხან - ვის სახლში. პაპა იწერდა და იწერდა რაღაცას უბის წიგნაკში.
მერე ჭრელი ხურჯინი გამოიტანა, შუა ოთახში დადო და შვილიშვილებს მოუბრუნდა: “აბა, დატრიალდითო”.
აფუსფუსდნენ ბავშვები, აჰყვნენ ცეცხლისპირს მიმსხდარი ცხოველებიც: კლაკუნა, კუდბუთქუნა, ყურებწკაპუნა და ბუძგია. გუნდამ პაწია კიბე მოარბენინმა და ზედ ავიდა: თაროებიდან ჩამოღებულ სათამაშოებს ფიფქიას აწოდებდა, ის პაპას უწყობდა ხელებში, პაპა კი ღიღინით ალაგებდა. ცხოველები დახტოდნენ და შველოდნენ გოგ-ბიჭს. ყურცქვიტამ რაღაც უთხრა ყურში ფიფქიას. გუნდა მიუხვდა და გაიცინა: “შენ ნუ გეშინია, ნათიას უსაჩუქროდ არ დავტოვებთ, აი, ამ ფიფქებს და ლოლუებს წავუღებთ, ზარებსაც ჩავუწყობთ.”
უეცრად, სად იყო და სად არა, ქარი ამოიჭრა, მძალავრად დაუბერა, ხეები ააჭრიალა, მუხებს და ვეება ნაძვებს კენწეროები მიუზნიქ-მოუზნიქა, მერე ალვახაზის სარკმელს მოაწყდა.
კართან დიდ ფრთებიანი მარხილი მოსრიალდა.
კარი თვითონ გაიღო და ქარგოგონა ოთახში შემოფრინდა, თოვლის პაპამ გაუღიმა და უთხრა: “რაო, ჩაწყნარდიო?” “ახალ წელს ქარიანი ღამე სად გაგონილა, პაპა? ამაღამ ბუბუნა ღამე უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, კეთილი ახალი წელი უნდა დაუდგეს ხალხს. მოვედი, საჩუქრები მე უნდა წაგაღებინოო”, - შესცინა.
პაპამ მადლობის ნიშნად ტავი დაუქნია: “ეგრე, დიდი ტვირთი მაქვს წელს, ჩემი ხურჯინი ისეთი მძიმეა, ქარის ფრთები თუ ზიდავსო.”
ცაზე მთვარეც ამოცურდა.
გუნდამ და ფიფქიამ გაიხარეს: “გზაც ნათელი იქნებაო!” .
ქოხში დათუნია დრუნჩაც შემოგორდა, ძილისგან თვალები დასიებოდა და ბურდღუნებდა: “მარხილზე ხურჯინის დადება უნდა გიშველოთო”
ახალი წელი კი ნელა შემოდიოდა.
ყველა სახლთან ჩერდებოდა ქარის მარხილი. გუნდა და ფიფქია სახლის წინ საჩუქრებს აწყობდნენ. და-ძმა შეშინებული მიჯდომოდა სარკმელს, დედას ეთქვა, თქვენისთანა მოჩხუბრებს საჩუქარს ვინ მოუტანსო, მაგრამ პაპამ კარგად იცოდა მათი სიყვარულის ამბავი და უსაჩუქროდ, აბა, როგორ დატოვებდა?!
ერთიც ვნახოთ, თეთრი კრიალა მარხილი იმათ სახლთანაც გაჩერდა. ჯერ ასეთი ლამაზი არაფერი ენახათ და-ძმას. მერე ისიც დაინახეს, სახლის კართან ვიღაცის უხილავმა ხელმა წითელ-ყვითელი პარკები რომ დააწყო ...