THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნაზი თარგამაძე

შემობრძანდა კალანდა
ჰოი, ვარადა, ვარადა,
ბარდნის მთად და ბარადა,
შემობრძანდა კალანდა,
მაჭახელაც გავარდა.


ჰოი, ვარადა, ვარადა,
ყინავს გვარიანადა.
თოვლის ბაბუც მობრძანდა,
ჩვენდა გასახარადა.


დაგვირიგა ნუგბარი
ყველას ჰაიჰარადა.
ჩვენთან ერთად იცეკვა,
და იმღერა ვარადა.


მერე ზურგზე მოიგდო
ხურჯინი და კალათა.
წავიდა, რომ იაროს
მეკვლედ კარდაკარადა.


აუ, რა თოვლი მოვიდა
აუ, რა თოვლი მოვიდა,
შორიდან, ცის სიშორიდან,
დიდგორიდან თუ გორიდან,
ყაზბეგიდან თუ შოვიდან.


ჯავახეთიდან, თორიდან,
თეთნულდიდან თუ უშბიდან,
აქამდე რად არ მოვიდა,
აქამდე რაღა უშლიდა.


საიდან მოდის ამ ღამით,
მყინვარწვერიდან თუ ციდან,
გვახარა წელი ახალი,
თურმე ახალ წელს უცდიდა.


ფიფქების ცეკვა მაოცებს,
მეც ცეკვა-ლხენა მომინდა.
ღმერთო, ქვეყანა დალოცე,
ახალი წელი მოვიდა.