THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



რობინი - სანტა კლაუსის სტუმარი

ჰენრი ჯონსი
თარგმანი თეონა მიქაბერიძის

შობა ახლოვდებოდა. ემილი და რობინი სიხარულით თავს დასტრიალებდნენ ოთახის შუაგულში ჭერამდე აზიდულ ნაძვის ხეს.
გარეთ კი არემარე ფანტელებით იფარებოდა. ნაძვის ხე ლამაზი სათამაშოებით, ბაფთებით, პატარა ანგელოზებითა და ფერიებით მოერთოთ. უკვე გვიან იყო. დედამ ბავშვებს სთხოვა, დასაძინებლად წასულიყვნენ. ისინიც თავიანთი ოთხისაკენ გაემართნენ.
_ როგორ გგონია, სანტა კლაუსი შორს ცხოვრობს? _ ჰკითხა რობინმა ემილს.
_ ჰო, ძალიან შორს. მისი სახლი არავის უნახავს. _ უპასუხა ემილმა.
_ რა მოხდება, ერთხელ სტუმრად რომ ვეწვიო? ის ხომ კეთილია, ვიცი, ნამდვილად გაეხარდება. _ არ ჩერდებოდა რობინი.
_ ეს შეუძლებელია, რობინ. შენ ხომ არ იცი, სად ცხოვრობს? _ უპასუხა დამ.

რობინმა დაიკოსთან საუბარი შეწყვიტა. დაძინებას სულაც არ აპირებდა. როცა ემილის ჩაეძინა, რობინი ფეხაკრეფით ადგა და იმ ოთახისკენ გაემართა, სადაც ბრჭყვიალა ნაძვის ხე ციმციმებდა. ბიჭუნამ თვალები დახუჭა და ხმამაღლა წარმოსთქვა: `ო, როგორ მინდა სანტასთან წასვლა!~
ამის თქმა იყო და... ფერადი სინათლე ნაძვის ხეზე რკალივით დატრიალდა და ნაძვის ხიდან ფრთებფარფატა ანგელოზი მოწყდა. იგი რობინთან მიფრინდა და უთხრა:
_ რობინ, მე ბავშვებს ყველა საშობაო სურვილს ვუსრულებ. თვალები დახუჭე და სამჯერ დაითვალე!
რობინი ასეც მოიქცა. ანგელოზმა ჯადოსნური ჯოხი დაიქნია და ბიჭუნა უზარმაზარ დათოვლილ მინდორზე აღმოჩნდა.
რობინი გაოცებული შეჰყურებდა მის თვალწინაღმართულ ლამაზ სახლს. რობინი სახლის ეზოში შევიდა და ირმები დაინახა. იგი სახლს მიუახლოვდა და კარებზე დააკაკუნა.
_ შემოდი! _ შემოისმა შინიდან.
კარი ფრთხილად შეაღო და ბუხართან წითელ სამოსში გამოწყობილი, თეთრწვერა სანტა-კლაუსი დაინახა, რომელსაც პირში ჩიბუხი ჰქონდა გაჩრილი და ბავშვების წერილებს კითხულობდა, თან საჩუქრების შეფუთვით იყო გართული.
სანტამ თავი ასწია და რობინი დაინახა.
_ ო, რობინ, მოხვედი?
_ საიდან იცით ჩემი სახელი?
_ მე ეს უკვე მაშინ ვიცოდი, როცა ნაძვის ხესთან სურვილი ჩაიფიქრე.
რობინი გაოცებული შეჰყურებდა სანტა-კალუსს.
_ მოდი, რობინ, ახლა ჩემს სახელოსნოს დაგათვალიერებინებ.
სანტამ კარები გააღო და რობინს უზარმაზარ დარბაზში შეუძღვა, სადაც წითელქუდა ქონდრისკაცები სხვადასხვაგვარ სათამაშოებს, ნივთებს, სურათებიან წიგნებს ამზადებდნენ და თან საშობაო სიმღერას მღეროდნენ. მათ მიერ დამზადებული სათამაშოები, _ ზღაპრის გმირები, ცხოველები, _ ცოცხლდებოდნენ და მეორე ოთახში გადიოდნენ, სწორედ იქ, სადაც მათ სანტა ამანათებში ალაგებდა.
_ სანტა, ეს ხომ ჩვენი პირველი სტუმარია. ჩვენთან ჯერ არც ერთი ბავშვი არ მოსულა. _ უთხრა ქონდრისკაცმა.
_ ჰო, ასეა, ამიტომ მინდა, რომ მას სასიამოვნო დრო გავატარებინო. _ უპასუხა სანტამ, შემდეგ მარხილში ირმები შეაბა, რობინიც გვერდით მოისვა, ყიჟინა დასძახა და გააქროლა. მარხილი ტყეში შესრიალდა და რობინი ზღაპრულ სამყაროში შეიყვანა. მან ფიფქია და შვიდი ჯუჯა დაინახა, რომლებმაც ის ქოხში შეიპატიჟეს. იქიდან წამოსულები კი ჯადოსნურ ხეს გადააწყდნენ, რომელზე სხვადასხვაგვარი სათამაშოები ეკიდა. ხეს, რობინის გასაკვირად, ლაპარაკი შეეძლო. მან ბიჭუნასა და სანტას თავი დაუხარა და თქვა:
_ რობინ, აიღე, რომელი სათამაშოც გინდა.
რობინმა ლამაზი იალქნიანი ნავი აირჩია და ისევ მარხილში ჩასკუპდა. განაგრძეს გზა. სულ მალე მოგზაურები კონკიასა და პრინცს შეხვდნენ, რომლებმაც სტუმრები უზარმაზარ სასახლეში, სამეფო მეჯლისზე მიიწვიეს. ირგვლივ მუსიკა ჟღერდა. მთავარ დარბაზში წყვილები ცეკვავდნენ. რობინი მოიხიბლა ჯადოსნური მუსიკის ჰანგებით. ცეკვა მასაც მოუნდა. უეცრად, პატარა, თეთრ კაბაში გამოწყობილი, ოქროს კულულებიანი გოგონა შენიშნა. რობინმა გაბედა და ის გოგონა საცეკვაოდ გამოიწვია. ბავშვები ლამაზად ცეკვავდნენ და ერთმანეთს უღიმოდნენ. რობინს გოგონა ძალიან მოეწონა, თითქმის შეუყვარდა კიდეც, მაგრამ მას ხომ სანტასთან ერთად უნდა გაეგრძელებინა გზა და რა ექნა?
სულ მალე ბიჭუნა კვლავ სანტას მარხილით მიქროდა. ამჯერად მას ჯადოსნური ფერიების სამყარო ელოდა. ირგვლივ ლამაზი ფერიები დაფრინავდნენ, ხოლო ხეები, ბალახები და ყვავილები კი _ ლაპარაკობდნენ. მგელი, კურდღელი, მელია, დათვი, ლომი და ირემი მეგობრულად დასეირნობდნენ. რობინსა და სანტას ყველა ესალმებოდა და უმასპინძლდებოდა.
ბიჭუნას ფერიების დედოფალი მიუახლოვდა და უთხრა:
_ ჩაიფიქრე სურვილი, ამ სამყაროში ყველა სურვილი სრულდება.
რობინმა დაუყოვნებლივ წარმოთქვა:
_ მინდა სასახლეში გაცნობილი ლამაზი გოგონა კვლავ ვიხილო.
ფერიების დედოფალმა თავისი ჯადოსნური ჯოხი დაიქნია და თქვა:
_ შენი სურვილი ახდება!
ბიჭუნამ და სანტამ გზა განაგრძეს. სანტამ საათს დახედა და თქვა:
_ მალე გათენდება. დროზე უნდა დაბრუნდე სახლში!
მან ტაში შემოჰკრა და მის წინ ოქროსფერი მფრინავი ცხენი გაჩნდა. რობინიც ცხენზე ამხედრდა და თვალის დახამხამებაში საკუთარ სახლში გაჩნდა, ფეხაკრეფით შეიპარა თავის ოთახში, ლოგინში ჩაწვა და ტკბილად ჩაეძინა.
მეორე დილაც გათენდა. ბიჭუნამ გაღვიძებისთანავე ნაძვის ხეს მიაშურა და სანტას მიერ მოტანილი საჩუქარი გახსნა. შიგ, რა თქმა უნდა, ციგურები აღმოჩნდა. ემილიც ძლიერ გაახარა საჩუქარმა. ბავშვებმა ფეხზე მოირგეს და საციგურაო მოედნისაკენ გასწიეს. რობინი მოედნის ცენტრისკენ გასრიალდა და უცებ ოქროსფერკულულებიანი გოგონა მიუახლოვდა. ბიჭუნამ სიხარულისგან შეჰყვირა, _ ეს ხომ კონკიას სასახლეში გაცნობილი გოგონა იყო!
ახლა კი დარწმუნდა რობინი, რომ სანტას ჯადოსნური სამყარო ბავშვებს საშობაოდ ყველა სურვილს უსრულებს.