THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ჩიტების შობის ხე

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა

შობის წინა დღეა. პატარა ბიჭი ფანჯარასთან მოწყენილი დგას. თოვს. ბაღის ხეები თეთრადაა დაბარდნილი. ბეღურებს ჟივილ-ხივილი გააქვთ. , თითქოს უხარიათ, რომ თოვლი მოდისო და თან გამწარებული საზრდოს დაეძებენ.
ბიჭი ნაღვლიანია, რადგან უნდოდა, სასტუმრო ოთახში შესულიყო და არ უშვებენ. იქ რაღაც დიდი სამზადისია და კარი დაუკეტავთ, მუჯლუგუნიც კი ჰკრა, მაგრამ არავინ გაუღო. ბაღში უნდოდა ჩასვლა და თოვლში გუნდაობა, მაგრამ არც იქ ჩაუშვეს.
აბა, როგორ არ იქნება მოწყენილი! გაჯავრებულიც არის! განსაკუთრებით თავის უფროს დაიკოზე, თაფლოზე. ის შეუშვეს ოთახში და შაქროს კი ცხვირწინ მიუკეტეს კარი.
აი, როგორც იქნა, დაიკო მხიარულად შემოვარდა ოთახში და დაუწყო ხვევნა-კოცნა თავის პატარა ძმას:
_ ცოტა კიდევ მოითმინე, შაქრო, სტუმრები საცაა მოვლენ და სასტუმრო ოთახსაც მალე გააღებენ. უჰ! რა კარგი რამეებია იქ, რომ იცოდე, რანაირად მოვრთეთ შობის ხე!
_ არ მინდა შობის ხე! მე ბაღში წავალ, ჩიტებთან!
_ რა გინდა ჩიტებთან? ხედავ, როგორ ცივათ, რა სწრაფად ფრენენ, იქნებ გავთბეთო?
_ მაგ საბრალოებს ხომ არ ექნებათ შობის ხე? _ თქვა შაქრომ.
_ ეგენი უიმისოდაც მხიარულობენ, მაგრამ თუ გინდა ჩიტებსაც გავუკეთოთ შობის ხე!
_ მერე როგორ? - გაოცებით იკითხა შაქრომ.
_ დამაცა, ახლავე მებაღე ალექსის შევეკითხები და დაგვეხმარება. - თქვა და გავარდა კიდეც გარეთ თაფლო. გამხიარულებული შაქროც უკან გამოუდგა დას.
მებაღე ალექსის ჯერ სიცილად არ ეყო ეს ამბავი. მერე მოიტანა ბრტყელი, დიდი ნაფოტი, ზედ დაარჭო ნაძვის ტოტი. ყმაწვილებმა დიდი სიხარულით მორთეს ეს ტოტი პურის ნაჭრებით და კანფეტებით, მარცვლეულობაც უხვად დაჰყარეს ნაფოტზე, ტოტის ძირში. უნდოდათ, წითელი სანთლებიც მიეკრათ ნაძვზე, მაგრამ მებაღე ალექსიმ დაუშალა, ჩიტებს საფრთხობელა ეგონებათ და არ მიეკარებიანო. მერე ალექსიმ გაიტანა კარში ეს პატარა შობის ხე და საქათმის სახურავზე შედგა.
ყმაწვილებმა ფანჯრიდან დაუწყეს ყურება, რა მოხდებოდა.
ეშმაკი ბეღურები ჯერ შორიდან შესცქეროდნენ უცნაურ მწვანე ხეს, ახლოს მისვლისა ეშინოდათ. ბოლოს, ერთი კოჭლი, გაქუცული ბეღურა, შიმშილით გაჩხანკული, დიდი სიფრთხილით მიფრინდა ამ საკვირველ ხესთან და დაუწყო მარცვალს კენკა, თან აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
დანარჩენმა ბეღურებმაც, რა ნახეს, საშიში არაფერი ყოფილაო, მიეხვიენ ამ უცნაურ შობის ხეს და შექმნეს ჟივილ-ხივილი.
ბავშვები ოთახში მხიარულად ტაშსა სცემდნენ და კისკისებდნენ.