THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



შოთა ხოდაშნელი

თოვლი მოდის
თოვლი მოდის ფთილა-ფთილა
ჰოუ დილა, ჰოუ დილა.
თხილამურებს გამოვიტან,
დავეშვები მთიდან ფრთხილად.
ეზოში კი გრძელი ჭოკით
თოვლსა ბერტყავს მამა ხიდან
და სიცივემ ჩვენი ღელე
გაყინა და გადახიდა.
თოვლის გუნდა ააგორა,
დამიხედეთ, ერთი, ჯიბოს!
უნდა დიდი თოვლის პაპა
ჩვენს ეზოში წამოჭიმოს.


წიფლიჩიტა ჩიტუნა

ქარი წივის, გაყინულ
ხეებს ეთამაშება,
დაუყარეს საკენკი
ჩიტუნიებს ბავშვებმა.
წიფლის ხიდან ფიფქებად
თოვლი ჩამოიშალა,
წიფლიჩიტამ წიფლიდან
ჩამოფრენა იჩქარა.
მოგოგმანობს თითქოსდა,
საკენკისკენ მიცურავს,
ფრთებლამაზი ღაბუა
წიფლიჩიტა ჩიტუნა.