THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ვაჟა ფშაველა

საახალწლოდ

თქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს,
ახლებო, გენაცვლენითა;
სიცოცხლე მიათკეცდება
თქვენის სიკეთის სმენითა.
აკეთეთ რაც-კი შეიძლოთ
თავით, გულით და ხელითა,
რომ შვილთ გვიკურთხონ საფლავი,
არ მოგვიგონონ წყევლითა.
ოფლმა, დაღვრილმა მიწაზე,
ამოაცენოს იანი,
განოყიერდეს ოფლითა
მიწა მწირი და კლდიანი,
გადაიაროს ნისლებმა,
დღე გამოვიდეს მზიანი
და აღაღანდეს მინდორი
ოფლით მორწყული, ცვრიანი.
ძვალი განედლდეს გამხმარი,
ფერფლი ადუღდეს გრძნობითა,
მკვდარნი ხარობენ საფლავში
კარგის შვილების ყოლითა.
მივინძრ-მოვინძრეთ... რას ვარგებთ
უქმად ტახტებზე წოლითა!
ბედს ვხედავ, როგორც მზის სხივსა,
გადმოშუქებულს გორითა,
ვამაყობ, მაღალს ღმერთს ვფიცავ,
გამოსადეგის სწორითა.
ჩემს გულში სანთლად ანთიხართ,
გზა მინათდება თქვენითა;
ჯავშანს ჩაიცვამს ოცნება,
გავალმასდები ენითა.