THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ჩურჩხელას ხე

თამარ გაბროშვილი

პატარა ნიას ძალიან უყვარს ჩურჩხელა. ყველას სთხოვს.
_მიმასწავლეთ, სადაა ჩურჩხელის ხე, _ მაგრამ ვერავინ აკვალიანებს.ნია კი სულ იმაზე ოცნებობს, იპოვოს ჩურჩხელის ხე, ზედ შემოჯდეს და პირი გემრიელად ჩაიტკბარუნოს.
ახლა ერთ ზღაპარს გიამბობთ. მართალია, ზღაპარია, მაგრამ ზღაპრები ხო ეშველებიან ადამიანებს და ჩვენც შევძლებთ დავეხმაროთ არამარტო ნიას, არამედ ყველა ბავშვს, ვისაც ჩურჩხელა უყვარს და არ იცის, სად ხარობს ეს ნუგბარი ხე.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალწული, სახელად არიადნა. Mას საგულდაგულოდ შენახული ჯადოსნური გორგალი ჰქონდა. სასწაულების მოხდენაში, როგორც ყველას და ყველაფერს, მასაც ბუნება ეხმარებოდა.
ზის კუთხეში უზარმაზარი, ჯიშიანი კაკალი იდგა. კაკალს ისეთი თხელი ნაჭუჭი ჰქონდა, ხელს მოუჭერდი თუ არა, ტყდებოდა და ქათქათა, სავსე ლებნები ისე ჩანდა თითქოს ტყე, ნაღები, სიცოცხლის ზეთი ერთმანეთში აურევიათ და მზის ოქროვან ყალიბში გამოუბრაწიათო.
ერთხელ არიადნამ კაკლის შორიახლოს ვაზი ჩარგო. ვაზმა იხარა და მალე მტევნებით დაიხუნძლა. ღამით, როცა არიადნას ეძინა, ვაზი რქას გაიტანდა და მაღლამაღლა მიცოცავდა ხოლმე. ჩუმჩუმად იმდენი იცოცა, რომ კაკლის კენწეროზე მოექცა. მხრებგადაშლილ ტოტებშუა დამჯრახული მტევნები ისე დიდგულად ჩამოეკიდა, კაკალი, ცოტა არ იყოს, გაბრაზდა: ჩემს სამფლობელოში შემოიპარა, გათამამდა და მეფობასაც მართმევსო. დღე ერთი იყო და მათი ბუზღუნი გაუთავებელი. Aრა ჩემია აქაურობა და არა ჩემიო. უჭირდათ მორიგება.
კაკლის დაბერტყვის დრო რომ მოახლოვდა, არიადნამ მაშინღა აიხედა მაღლა და რას ხედავს: კაკლის ხეზე იმდენი ყურძენი ასხია, კარგ ხეივანს შეშურდება. _ ეს დალოცვილი, ამსიმაღლეზე რამ აიყვანა, ამას რ ადაკრეფსო, ჩავარდა საგონებელში.
წითელი ხავერდის ციცქნა ბალიშში თავჩარგულმა ნემსქალა წიპკომ ბალიშიდან თავი ამოყო. გადაწყვიტა, არიადნას დახმარებოდა.
ღამით, ყველას რომ ეძინა, ფანჯრის რაფიდან ჩამოწიპწიპდა და რაკი მან ყველაზე უკეთ იცოდა, არიადნა გორგალს სად მალავდა, მიცუნცულდა, მოიპარა, ძაფი ყუნწში გაიყარა და კაკალზე აძვრა. მთელი ღამე კრიფა და წურა ყურძენი. მომთვარულ ქვაბში ვარსკვლავების ციცხვით ზილა თათარა; თან ყველა კაკალი დაამტვრია, ლებნები ცხრა თავის სიგრძე ძაფზე აასხა, თათარაში ამოავლო და ხეზე ჩურჩხელები ჩამოაკონწიალა.
დაღლილ-დაქანცულ წიპკოს გამთენიისას ისე ჩაეძინა, ვერც კი გაიგო, როგორ გამოიღვიძა არიადნამ და გორგალის ძებნა დაიწყო. დილის ლოცვა ხომ მასთან ერთად უნდა წაეკითხა. ვერსად იპოვა. გავიდა გარეთ და რას ხედავს: აღარც ყურძენია, აღარც კაკალი, სამაგიეროდ, მათ ნაცვლად, ჩურჩხელის ხე დგას. ახლად ამოწვერილი მზის სხივები ქარვისფერ ჩურჩხელებს ეფერებიან, გარშემო აპროწიალებენ და ცეკვა-ცეკვით აშრობენ.
არიადნას ჩურჩხელის მოწყვეტა და პირის ჩაგემრიელება არც უფიქრია, აბა, რა იცოდა, რომ თავისი ძაფი ჩურჩხელაში იმალებოდა. მაშინვე გორგალის საძებნელად გაეშურა. ჩურჩხელის ხე კი, რა თქმა უნდა, ეზოში დარჩა და დღესაც გრძელ ტკბილ ჩურჩხელებს ისხას.
ონავარი წიპკო რომ არა, ხომ არავის ეცოდინებოდა ჩურჩხელის გემო?! დიდი მძინარა ვინმე კია, მაგრამ, ერთხელაც იქნება, გაიღვიძებს, და თავის პატრონს შეატყობინებს, რომ კერიაზე დაბრუნდეს, რადგან ყველაზე დიდი განძი, როგორც ყველას, მასაც იქ აბადია, სადაც დაიბადა.
ნიამდე, ვიცი, მიაღწევს ეს ზღაპარი. გოგონა კაკლის ახლოს აუცილებლად დარგავს ვაზს, ვაზი კაკალზე ავა, მოისხამს ბევრ ყურძენს და ერთ მშვენიერ დილითაც, ხეზე თავისი საყვარელი უამრავი ჩურჩხელა დახვდება. მააშ!