THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ორი ბუშტი

მაჩაბელი მანანა
ჩემო პატარებო, ერთ მშვენიერ დღეს, ცირკის კიბეებთან, სადაც უქმე დღეებში უამრავი დიდ-პატარა ირევა ხოლმე და სადაც ახალმოდური, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბუშტებით გაცხარებული ვაჭრობაა გაჩაღებული, ერთი საოცრად უცნაური საუბრის მოწმე გავხდი. დიახ, მეტად უცნაური საუბრის მოწმე, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა.
თავდაპირველად ვერც კი მივხვდი ვინ საუბრობდა. გაფაციცებით ვეძებდი მოსაუბრეთ. ერთ ადგილზე ვბზრიალ-ვტრიალებდი. ხოდა ამ ბზრიალ-ტრიალში რასა ვხედავ! ორი ბუშტი არ განცალკავებულა! ერთი მათგანი ძველმოდური, კოჭის ძაფზე მიბმული, ჰაერში აჭრილი, ყელმოღერებული ნება-ნება ირხევა და ოდნავ წელში იხრება, ანუ, დაჭიმული ძაფი ოდნავ დუნდება და ეს წითელი, ფუშფუშა რხევა-რხევით, წკრიალა, ზანზალაკის ჟღარუნისებრი ხმით ჯოხზე სამარადჟამოდ მიკრულ-მიწებებულ, აქა-იქ შეზნექილ-გამოზნექილ, ვითომდა ონავარ ყურცქვიტას მიმსგავსებულ ბუშტს არ ემუსაიფება! ფრთხილად, შეუმჩნევლად მოსაუბრეთ მივუახლოვდი. ვცდილობდი ერთი სიტყვაც არ გამომრჩენოდა. აბა, ხშირად გინახავთ მოსაუბრე ბუშტები?!
შეზნექილ-გამოზნექილი, ვითომ ყურცქვიტა, დაგუდული, ხრინწგარეული ხმით მოლიცლიცე, წითელა-ფუმფულას მიუგებს:
_ როგორ მეცოდები, შე საწყალო! საითაც ნიავი დაჰქროლებს, იქით რომ ირხევი, თავბრუ არ გესხმის? რა საშინელი შესახედი ხარ! მარტო მორგვი თავი გაბია და კუდი. არა, მართლაც სასაცილო შესახედავი ხარ! ხა, ხა, ხა _ სულ კასრის ხმაზე გადაიხარხარა დაღრეცილ- მიბრეცილმა.
წითელა, ფუშფუშა და წკრიალ-წკრიალა ოდნავ შეირხა, თითქოს უთხრა _ გავიგონეო ბატონო თქვენი ნათქვამიო. მერე კიდევ უფრო მოუშვა კოჭის ძაფის სადავე, დაბლა დაეშვა და მიგრეხილ-მოგრეხილს, ვითომ კურდღელს ასე მიუგო:
_ გეთყვა, ჩემო ბატონო, რად იწუხებთ თავს ჩემი ცქერით? გარშემო მიმოიხედეთ. ჩემს ცქერას, აგრერიგად რომ შეუწუხებიხართ, ამ ცელქებისა და ონავრების სიხარულით გახარება არ გირჩევნიათ?
ვითომ ყურცქვიტამ კი სცადა თავის მობრუნება, მაგრამ მოკლე ჯოხზე საშვილიშვილოდ კისერმიკრულს სად ჰქონდა მიხედ-მოხედვის თავი.
_ ამ იდიოტებზე მეუბნები? ვერ ვიტან მაგათ! სულ რომ ჭყაივიან და გაჰკივიან! მე შენ გეტყვი, მაფასებენ?! ბრიყვები! მაგათ რა იციან ჩემი ფასი! პატარა ხანს კი მეთამაშებიან, მერე კი...სადღაც მტვრიან კუნჭულში მიმაგდებენ, ან რაიმე ქოთანში გამჩხირავენ და გუდ-ბაი! მამა უცხონდათ! ფუ, ფუ და კიდევ ფუ მაგათ!
_ უი, რას ბრძანებთ, ჩემო ბატონო! რა აუტანელი და მძიმე ცხოვრება გქონიათ! ნეტა, როგორ უძლებთ ასეთ ყოფას? მტვრიან კუნჭულში?! მართლა?! ეს რა მესმის!
_ ვააუუ! არ გადამრიო! დავიჯერო, მართლა შეგაწუხა ჩემმა ყოფამ? ნუ მაცინებ! შენმა მზემ, მითომ შენ უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობ? თავს ნუ იტყუებ და მეც ნუ მატყუებ. იეს! ასეა ეს და ტოჩკა!
_ არაფერიც ბატონო, სრულიადაც ასე არ გახლავთ! გეფიცებით, მართლა შემძრა თქვენმა ამბავმა!
_ შატ აპ! მოკეტე, შე უტვინოვ და უაზროდ გაბერილო. იმის თავიც არა გაქვს, ერთ ადგილას გაჩერდე. სულ რომ იღრიცები აღმა-დაღმა. იდიოტი ნიავის ხუშტურზე რომ თამაშობ, ვერა ხვდები? მე ხომ მიყურებ, როგორ ღირსეულად მიჭირავს თავი. შენ კი, ხან აქეთ გადაქანდები, ხანაც _ იქეთ! ამიტომაცაა თავი რომ გამოგელაყა.
_ ჩემო ბატონო, ამას როგორ კადრულობთ? განა ისეთი რა დაგიშავეთ? რატომ მიწოდეთ თავგამოლაყებული? რა ჩემი ბრალია, რომ მიყვარს ცეკვა და თამაში. მიყვარს ჰაერში ლივლივი. ასეთად გავჩნდი. ასეთი ბუნება დამყვა და რა ვქნა? ბავშვებსაც ამის გამო ვუყვარვარ. იცი, როგორ მეთამაშებიან? ჯერ ძაფს დაამოკლებენ, ანუ სადავეს მოუშვებენ და მთლიანად თავის პაწაწუნა ხელებს შუა მომიმწყვდევენ, მეფერებიან, ტკბილ, საალერსო სიტყვებს მეუბნებიან და მერე უცებ, სადავეს ბოლომდე მოუშვებენ და მეც ზეცაში ავიტყორცნები. ისინი კი, ჩემი სიხარულები და გამხარულები, ბიჭუნები და გოგოცუნები ყიჟინას დასცხებენ და აღფრთოვანებით გაჰკივიან: _ ჩემი უფრო მაღლა აიჭრა და არა ჩემიო. მერე შინ მიმიყვანენ, ძაფს ხელს გაუშვებენ და მეც ჭერს ავეკრობი ხოლმე და იქიდან ჩავცქერი ბალღების აღფრთოვანებულ თვალებს და მეც ვხარობ. ჭერზე ხან იქეთ გადავგორდები, ხან _ აქეთ, ვეთამაშები. მერე კი...სულ მერე, ფანჯარას ფართოდ გამოაღებენ, ჭერიდან ჩამომხსნიან და ფართოდ გაღებული სარკმლიდან გარეთ გამომისტუმრებენ. ნახვამდისო მეტყვიან და სამუდამოდ მათავისუფლებენ. მეც, ერთი კი დავბზრიალდები მათ თვალწინ მადლობის ნიშნად და მერე, ნელ-ნელა ზეცისაკენ მიმავალ გზას დავადგები. სულ მაღლა და მაღლა მივფრინავ. ბავშვები კი _ ნახვამდისო, ჩვენო მშვენიერო ბუშტო! _ მეძახიან. მეც, გამომშვიდობების ნიშნად, თავს ვუქნევ და ზეფრენას განვაგრძობ. მალე იმ სარკმელსა და ბავშვებსაც მზერა ვეღარ წვდება. მე ისევ ზევით-ზევით მივიწევ, მივცურავ ეთერში და ასე მგონია მზეს მივაღწევ...ეს ისეთი ბედნიერებაა!
_ ვაუ, რა მაგარია! სუპერია, სუპერი! მეც რომ მინდა ასეთი ცხოვრება! ეჰ, ნეტა კი მეც შევძლო ოდესმე ცაში ნავარდი! ახლა კი ჩაო, ჩემო ფუმფულა, ფუშფუშა მეგობარო. არ გეწყინოს წეღან რომ უხეში სიტყვები გითხარი, მე უგუნურმა. ილიცლიცე და იხარე! აწი, როცა კუნჭულში მიმაგდებენ, ოცნებას მაინც შევძლებ. ოცნებას თავისუფლებაზე და ვინ იცის, იქნება ეს ოცნება ერთხელაც იქნება, ამიხდეს.
_ იოცნებე, ჩემო ბაჭიავ. ოცნება იმის ოცნებაა, რომ აუცილებლად ახდენა იცის. და მერე, იქ, მაღლა, ზეცაში შევხვდებით ერთმანეთს და იქ ვიხაროთ, ვიცეკვოთ და ვითამაშოთ. ახალა კი, მშვიდობით...მშვიდობით...და ბუშტების გზები გაიყარა...
არ გჯერათ, რაც მოგიყევით? სულ ტყუილადაც.