THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ყოჩაღი ბაკურისა და ძილისგუდა ზარმაცების თავგადასავალი

დავით ჯავახიშვილი

იქ, სადა დღეს ბაკურიანია და პატარა გუგული-მატარებელი მხიარულად დაგუგუნებს აღმართ-დაღმართ, ერთ დროს არ იყო არც სოფელი და არც რკინიგზა. იყო მხოლოდ უღრანი, წიწვიანი ტყე და შიგ მგლების გარდა არავინ ცხოვრობდა.
დაბლა კი, ბარში, სადაც არც აღმართი იყო და არც დაღმართი, ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა ხალხი.
სოფელს ერქვა სასაცილო სახელი _ ფაფა. ეს იმიტომ, რომ ზამთრობით იქ, თოვლის მაგივრად, ტკბილი და გემრიელი მანანის ფაფა მოდიოდა. ნამდვილი თოვლივით იდო ხოლმე ეს ფაფა გზებზე, ეზოებში, სახურავებზე... არავინ იწუხებდა თავს საჭმლის საშოვნელად ან მოსამზადებლად და ამიტომაც ისეთი ზარმაცები ცხოვრობდნენ ამ სოფელში, ისეთი ზარმაცები, რომ ძილისა და ჭამის გარდა ყველაფერი ეზარებოდათ. ყველას თავისთვის ჰქონდა ხის დიდი კოვზი და ჭამის დროს ყველა ცდილობდა, ყველაზე უფრო დიდად დაეღო პირი. მუდამ პირდაუბანლები და თმაგაბურძგნულები დაიარებოდნენ, მუდამ აჩუჩულ-დაჩუჩული ტანისამოსი ეცვათ და, როცა არ ჭამდნენ, ეძინათ, როცა არ ეძინათ, ამთქნარებდნენ, როცა არ ამთქნარებდნენ, იზმორებოდნენ...
ერთმა ზარმაცმა ბუზღუნიც იცოდა და მას სახელადაც ბუზღუნას ეძახდნენ. მეორე სულ ბურდღუნებდა და ბურდღუნა ერქვა. მესამე ყველაფერზე წუწუნებდა და მეტსახელად წუწუნა შერჩა. მეოთხეს ტირილი ეხერხებოდა და მტირალად იყო ცნობილი.
ზარმაცები ერთიმეორეზე უარეს ქოხებში ცხოვრობდნენ.
ბუზღუნას ჭერი ენგრეოდა თავზე.
ბურდღუნას იატაკი უტყდებოდა ფეხქვეშ.
წუწუნას ქოხს კედლები აღარ შერჩენოდა.
მტირალას აივანს მოაჯირები და კიბე მორყეოდა.
ყველაფერს მოვლა და შეკეთება სჭირდებოდა, მაგრამ ამისათვის, აბა, ვის ეცალა, როცა ციდან თოვლის ნაცვლად გემრიელი ფაფა ცვიოდა?!
ერთადერთი სახლი იდგა სოფლის განაპირას კოხტა და ახალი; მაღალ ფეხებზე იყო შესკუპებული, ლამაზმოაჯირებიანი აივანი და დიდი, სუფთა ფანჯრები ჰქონდა.
ამ სახლში ცხოვრობდა შეშისმჭრელი ბიჭი, ყოჩაღი ბაკური.
ბაკურს ერთი ვეებერთელა ცული ჰქონდა, ყოველ დილას მხარზე გაიდებდა ხოლმე და მიდიოდა ტყეში. დაუზარელად მუშაობდა მთელი დღე, ჭრიდა და ჭრიდა ხეებს, აპობდა და ამზადებდა შეშას თავისთვისაც და თავისი ზარმაცი მეზობლებისთვისაც. როცა მოსაღამოვდებოდა, დამზადებულ შეშას თოკით შეკრავდა, მოიკიდებდა ზურგზე და სოფელში ბრუნდებოდა.
დაინახავდნენ თუ არა შინისაკენ მომავალ ბაკურს, ზარმაცები მთქნარებითა და ზმორებით შემოეხვეოდნენ გარს და იწყებდნენ ბუზღუნს, ბურდღუნს, წუწუნსა და ტირილს.
_ მოიცათ, მოიცათ! _ ეტყოდა მათ ბაკური, _ რიგრიგობით ილაპარაკეთ, თორემ ასე არაფერი მესმის!
_ ბაკურ, გამომითალე ყველაზე დიდი კოვზი! _ ამთქნარებდა ბუზღუნა და ხელებს განზე შლიდა, _აი, ამოდენა!
_ მე უფრო დიდი კოვზი მინდა, ბაკურ! აი, ამოდენა! _ აბურდღუნდებოდა ბურდღუნადა ისიც განზე შლიდა ხელებს, თან იზმორებოდა.
მერე წუწუნა აწუწუნდებოდა:
_ მე რაღა დავაშავე? მე არ მინდა ყველაზე დიდი კოვზი თუ რა?
ბოლოს მტირალა ატირდებოდა და წვიმასავით აფრქვევდა ცრემლებს.
ბაკურმა კარგად იცოდა ზარმაცების გაუმაძღრობის ამბავი, მაგრამ კეთილი ბიჭი იყო და მაინც ოთხივე ეცოდებოდა, არც ერთს არ ეუბნებოდა უარს, ღამეებს ათენებდა კოვზების თლაში, თლიდა და თლიდა, და მთხოვნელებს ურიგებდა. იმ ღორმუცელებს კი სულ უფრო დიდი კოვზები უნდოდათ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ფაფა ეჭამათ. ბაკურიც დაუზარებლად თლიდა და თლიდა სულ უფრო და უფრო დიდ კოვზებს, თლიდა და თლიდა...
ზარმაცები მაინც ვერ გამძღარიყვნენ ფაფის ჭამით და ერთხელ ბაკურმა უთხრა მათ:
_ ხვალ დილაადრიან წავალ ტყეში, მოვჭრი ყველაზე მაღალ ხეს და გამოვთლი უზარმაზარ კოვზს! იქნებ მაშინ მაინც გაძღეთ, თქვე ღორმუცელებო!
თქვა და აასრულა.
გამთენიისას, როდესაც ზარმაცები ჯერ კიდევ შუა ძილში იყვნენ და ხმამაღლა ხვრინავდნენ, ბაკურმა გაიდო მხარზე თავისი ვეებერთელა ცული და გაუდგა გზას ტყისაკენ ყველაზე მაღალი ხის საძებნელად.
ამასობაში მამალმაც გაიღვიძა და სოფელს ახალი დილის გათენება შეატყობინა.
ზარმაცებმა ყურიც არ შეიბერტყეს, მხოლოდ ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნდნენ და ხვრინვა განაგრძეს.
მალე ცაზე ოქროსფერი მზე ამოგორდა, გადმოხედა ქვეყანას და ცალი თვალით ზარმაცების ქოხებშიც შეიჭყიტა.
პირველად ბუზღუნას გაეღვიძა, მერე _ ბურდღუნას, ბოლოს კი წუწუნამა და მტირალამაც იკადრეს თვალის გახელა.
გამოვიდნენ გარეთ ყველანი მთქნარებითა და ზმორებით, მოიმარჯვეს კოვზები და ფაფას მიეძალნენ, არც „დილა მშვიდობისა“ უთქვამთ ერთმანეთისთვის, არც ხელ_პირი დაუბანიათ, არც აბურძგნული თმა დაუვარცხნიათ.
_ ხომ გაიგეთ, რაც თქვა გუშინ ბაკურმა?! _ იკითხა ბურდღუნამ, _ ყველაზე დიდ კოვზს ბურდღუნას გამოვუთლიო!
_ არაფერიც! _ აბუზღუნდა ბუზღუნა, _ ყველაზე დიდ კოვზს ბაკური მე დამპირდა!
_ სტყუით! _ დაიწუწუნა წუწუნამ, _ მე ყურში მითხრა, შენ გამოგითლიო!
_ მეე? მე არ მინდა ყველაზე დიდი კოვზი? _ ატირდა მტირალა და წუწუნას კოვზი სდრუზა თავში.
წუწუნამ ბუზღუნას სდრუზა, ბუზღუნამ _ ბურდღუნას, ბურდღუნამ _ მტირალას და ატყდა ერთი ალიაქოთი. იმდენ ხანს იჩხუბეს, ვიდრე კოვზები არ დაამტვრიეს დათავებიც გოგრებივით არ დაუსივდათ. მერე დაღლილები შებრუნდნენ ქოხებში, კოვზების ნამტვრევები გულში ჩაიხუტეს და ხვრინვა ამოუშვეს.
 ამასობაში კი ბაკური ტყე_ტყე დადიოდა და ეძებდა ყველაზე მაღალ ხეს, ეძებდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ პოულობდა.
დაიღალა. მოშივდა კიდეც, მაგრამ იცოდა, რომ ტყეში ნამდვილი თოვლი იდო და არ იჭმეოდა.
ოქროსფერი მზე სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა ცაზე და შუადღისას ყველაზე მაღალი ნაძვის კენწეროზე წამოსკუპდა.
_ აგერ ის ხეც, რომელსაც მე ვეძებდი! _ წამოიძახა გახარებულმა ბაკურმა, ხელებზე დაიფურთხა, ცული მოიმარჯვა და ნაძვს ერთი ღონივრად შემოჰკრა.
დაზანზარდა ნაძვი, გადმოვარდა მზე კენწეროდან და ჩაგორდა მთების უკან.
ჩამობნელდა და აცივდა ტყეში.
გამოეღვიძათ მგლებს, დაღამდაო, ეგონათ და, რაკი ადამიანის სუნი ეცათ, ყმუილით გამოცვივდნენ თავიანთი ბუნაგებიდან.
ბაკური ციყვივით მარდად აცოცდა ყველაზე მაღალ ნაძვზე, ერთი მსხვილი ტოტი ამოარჩია და ზედ ჩამოჯდა.
მოძუნძულდნენ მგლები, შემოეხვივნენ გარს ბაკურის ხეს და დაუწყეს ღრღნა.
დაკრიფა ბაკურმა გირჩები და დაუშინა მგლებს სეტყვასავით.
მგლები უარესად გამგელდნენ, ღრღნეს ბაკურის ხე, ღრღნეს და, ბოლოს და ბოლოს, გადაღრღნეს. გაისმა ჭახანი, ხე გადაწვა და დაიწყო წაქცევა.
გაიხარეს მგლებმა, კბილებიც კი გააკრაჭუნეს აღტაცების ნიშნად, მაგრამ... ნაადრევი გამოდგა მათი სიხარული.
გადაწვა ბაკურის ხე, გადაწვა, მაგრამ კენწეროთი მეორე ნაძვს მიეყუდა და არ წაიქცა.
კვლავ ციყვის სიმარჯვით გადაძვრა ბაკური იმ მეორე ნაძვზე და ახლა იქიდან დაუშინა გირჩები პირში ჩალაგამოვლებულ მგლებს.
გამწარდნენ მგლები, გაცოფდნენ და დაერივნენ ერთმანეთს. იჩხუბეს, იომეს და დაჭამეს ერთმანეთი.
იცინა ბაკურმა, იცინა და როცა სიცილით გული იჯერა, მერეღა ჩამოძვრა ხიდან, ჩამოძვრა და ნახა, რომ მგლებისგან მხოლოდ კუდებიღა დარჩენილიყო.
ამოვიდა მთვარე და გაანათა წყვდიადში ჩაფლული ტყე.
წააქცია ბაკურმა მგლების კბილებით გადაღრღნილი ხე და თავისი ზარმაცი მეზობლებისათვის ოთხი უზარმაზარი კოვზი გამოთალა. გაიდო ეს კოვზები მხარზე, გაირჭო ცული ქამარში და შეუდგა შინისაკენ მიმავალი გზის ძებნას. ეძება, ეძება, მაგრამ ვერ იპოვა. რა უნდა ექნა? დავსახლდები აქო, გადაწყვიტა დაღონებულმა და შუა ტყეში ერთი პატარა და კოხტა ქოხი წამოჭიმა. წამოჭიმა და დასახლდა.
გავიდა ხანი...
სოფელში, რომელსაც ერქვა სასაცილო სახელი _ ფაფა, ზარმაცებს შეშა გამოლეოდათ, შესცივნოდათ და მაშინღა მიმხვდარიყვნენ, რომ ბაკურმა დაბრუნება დააგვიანა.
უბაკუროდ ისინი კიდევ უფრო გაზარმაცებულიყვნენ და უკვე ჭამა და ძილიც კი ეზარებოდათ. ეყარნენ მთელი დღე ერთ ადგილას და მთქნარებისაგან ყბები სტკიოდათ.
ერთხელ ბუზღუნამ თქვა:
_ ვაითუ, ბაკური მგლებმა შეგვიჭამეს!
_ რაღა გვეშველებაა!.. _ ატირდა მტირალა.
_ სხვა გზა აღარა გვაქვს, უნდა ვეძებოთ! _ თქვა ბურდღუნამ და ზლაზვნით წამოდგა ზეზე.
წამოიზლაზვნენ დანარჩენებიც მთქნარებითა და ზმორებით, გაიდეს მხრებზე კოვზის ნამტვრევები და დაადგნენ ტყისკენ მიმავალ აღმართს. მიაბიჯებდნენ ზანტად და თან ტირილ-წუწუნით მიიმღეროდნენ:
გვეზარება სიარული, გინდ უკან, გინდ წინ,
მაგრამ ბაკურს თუ ვერ ვნახავთ, ვინ გვიშველის, ვინ?!
ვინ გაგვითლის ახალ კოვზებს, შეშას დაჭრის ვინ?!
მაშ, გავუდგეთ, ზარმაცებო, გზას ტყისაკენ, წიინ!
მაშ, ბაკურის საძებნელად, ზარმაცებო, წინ!!!
ამ სიმღერით შევიდნენ უღრან ტყეში.
_ აუჰ, რამსიმაღლე ხეა! _ თქვა ბურდღუნამ და მაღლა აიხედა.
ბუზღუნამაც აიხედა მაღლა და თქვა:
_ ნეტა ამოდენა კოვზი მომცა, რამდენ ფაფას შევთქვლიფავდი!
_ მშიააა... _ ატირდა მტირალა.
_ მე რა, არა მშია? _ აწუწუნდა წუწუნა.
დასხდნენ ოთხივენი ძირს, მოიმარჯვეს კოვზის ნამტვრევები და დაიწყეს თოვლის ჭამა, ფაფა ეგონათ. თოვლი კი, რა თქმა უნდა, ცივი იყო და ყველას ყელი ატკინა. შეშინდნენ ზარმაცები, გადაყარეს კოვზის ნამტვრევები და განაგრძეს გზა. გათავდა აღმართი და დაიწყო დაღმართი. ასეთი რამ ზარმაცებს არასოდეს ენახათ და დაუცურდა წინ მიმავალ ბურდღუნას ფეხი, დაცურდა და დაგორდა გოგრასავით.
ბუზღუნასაც დაუცურდა ფეხი და მიჰყვა ბურდღუნას უკან.
მტირალასა და წუწუნას აბა, რაღა დარჩენოდათ და, მიჰყვნენ ისინიც უკან.
იგორეს, იგორეს ზარმაცებმა და ბოლოს ბაკურის ქოხის ქვეშ ამოყვეს თავი.
ხმაურზე ბაკურმა ქოხიდან გამოიხედა, გამოიხედა და... თვალებს არ დაუჯერა.
_ აქ რამ მოგიყვანათ, მეზობლებო? _ იკითხა გაკვირვებულმა.
_ შენს საძებნელად წამოვედით და აკი კიდევაც გიპოვეთ! _ უპასუხა გახარებულმა ბურდღუნამ და გადაეხვია ბაკურს.
_ აფერუმ, ბიჭებო, თქვენს ვაჟკაცობას! _ წამოიძახა ბაკურმა, _ ვინც ასე შორს წამოსულა სახლიდან, იმას ზარმაციც აღარ ჰქვია! მოდით, დავსახლდეთ ყველანი აქ და დავიწყოთ ახალი ცხოვრება!
_ აქაური ფაფა რომ ცივია?! _ ატირდა მტირალა, _ ყელი გვატკინა.
_ ეს ფაფა კი არა, თოვლია! გატკენდათ ყელს, აბა, რას გიზამდათ?! _ გაეცინა ბაკურს.
_ მაშ, რა ვჭამოთ, აქ თუ დავსახლდით? _ აწუწუნდა წუწუნა.
_ ჩვენ თვითონ მოვხარშავთ გემრიელ ფაფას! _ დააიმედა ბაკურმა.
_ ქოხები რომ არა გვაქვს, თავი სად შევაფაროთ? _ აბუზღუნდა ბუზღუნა.
_ ქოხებსაც ჩვენ თვითონ ავიშენებთ! _ თქვა ბაკურმა, _ თქვენ ხომ ზარმაცები აღარა ხართ?!
გაუხარდათ ზარმაცებს, რომ ზარმაცები აღარ იყვნენ და დატრიალდნენ. წააქციეს ხეები, დახერხეს ფიცრებად და შეუდგნენ ქოხების შენებას.
დაღამდა, მაგრამ მშენებლობა არ შეჩერებულა. ჯერ დიდი კოცონი დაანთეს და ცეცხლის შუქზე განაგრძეს მუშაობა, მერე კი ცაზე მთვარეც ამოვიდა და დღესავით გაანათა იქაურობა.
დილას, როდესაც მზემ ქვეყანას თავისი ოქროსფერი სხივები მოაფინა, ახალი სოფელი უკვე მზად იყო.
გაუკვირდა მზეს, რომ ერთ ღამეში ამოდენა სოფელი გაჩნდა და იკითხა:
_ რა ჰქვია, ხალხო, თქვენ ახალ სოფელს?
ზარმაცებმა, რომლებიც ზარმაცები აღარ იყვნენ, თავები მოიქექეს და ვერაფერიც ვერ უპასუხეს. მართლაცდა, სოფელს ხომ ჯერ სახელიც არ ჰქონდა?!
_ რა დავარქვათ? _ იკითხა ბუზღუნამ, რომელიც აღარ ბუზღუნებდა.
_ ფაფა! _ წამოიყვირა წუწუნამ, რომელიც აღარ წუწუნებდა.
_ არაფერიც! _ თქვა ბურდღუნამ, რომელიც აღარ ბურდღუნებდა, _ ფაფა ზარმაცების სოფელს ერქვა, ახალ სოფელს კი სახელიც ახალი უნდა მოვუგონოთ!
_ ვინ არის ყველაზე ყოჩაღი ჩვენში? _ იკითხა მტირალამ, რომელიც სულ აღარ ტიროდა.
_ ბაკური! _ ერთხმად უპასუხა ყველამ.
_ ვინა ააშენა პირველი ქოხი ამ სოფელში?
_ ბაკურმა! _ კვლავ ერთხმად უპასუხა ყველამ.
_ ჰოდა, ამ სოფელსაც ბაკურის სახელი უნდა ერქვას! ასეა თუ არა?
_ ასეა, ასეა! _ აყვირდა ყველა.
_ მაშ, ასე, ძმებო! _ თქვა ბურდღუნამ, _ დღეიდან ამ სოფელს ბაკურის სახელი ანუ ბაკურიანი ჰქვია! ვაშა!
_ ვაშაააა!!! _ მხიარული შეძახილებით გაივსო უღრანი ტყე.
მზემ გაუცინა ზარმაცებს, რომლებიც ზარმაცები აღარ იყვნენ და თქვა:
_ თუ ნებას დამრთავთ, მეც აქ დავსახლდები, გაგათბობთ და გზას გაგინათებთ!
ბაკურიანელებმა სიხარულისაგან ტაში შემოჰკრეს და მზის გარშემო ფერხული გააჩაღეს.
ბაკურის ბედნიერებას ხომ საზღვარი არა ჰქონდა...
იმ სოფელს დღესაც ბაკურიანი ჰქვია, იქ დღესაც ზამთარ-ზაფხულ ცხოვრობს მზე და უკვე აღარავის ახსოვს, რა არის სიზარმაცე.