THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



პატარა ნაძვის ხე

ჰანს ქრისტიან ანდერსენი
თარგმანი ირმა მალაციძის

ტყეში მშვენიერი პატარა ნაძვის ხე ამოსულიყო. ტოტებს მზის სხივები უთბობდა, სუფთა ჰაერი ელამუნებოდა, გვერდს კი უფროსი მეგობრები - დიდი ნაძვი და ფიჭვი უმშვენებდნენ. მაგრამ პატარა ნაძვი მაინც უკმაყოფილო იყო - ძალიან უნდოდა, დიდი ყოფილიყო. არც მზის თბილ სხივებს აქცევდა ყურადღებას, არც სუფთა ჰაერს. ვერც ტიტინა სოფლის ბავშვებს ამჩნევდა, რომლებიც მარწყვის და ჟოლოს დასაკრეფად მოდიოდნენ ტყეში. აავსებდნენ ფინჯანს, ან სულაც ჩალის ღეროზე წამოაგებდნენ ნაყოფს, პატარა ნაძვის ძირში მისხდებოდნენ და ამბობდნენ:
- რა ლამაზი ნაძვია!
ნეტავ სულაც არ მოესმინა ასეთი საუბრები.
ერთი წლის შემდეგ ნაძვის ხე ცოტა წამოიზარდა, ერთი რგოლიც მოემატა. ხომ იცით, რგოლებს თუ დაითვლით, მიხვდებით ხის წლოვანებას.
- ნეტავ მეც სხვა ნაძვებივით დიდი ვიყო! - ოხრავდა პატარა ნაძვის ხე. - რა ფართოდ გავშლიდი ტოტებს და ქვეყნიერებას ზემოდან გადავხედავდი! ჩიტები ჩემს ტოტებში ბუდეებს გაიკეთებდნენ, ქარი რომ დამიქროლებდა, მეც ღირსეულად დავირხეოდი, რით ვარ სხვაზე ნაკლები?!
არც მზე ახარებდა ნაძვს, არც ჩიტების ჟღურტული და არც ცაზე მოცურავე ალისფერი ღრუბლები. როცა ზამთარი დგებოდა და თეთრად მოელვარე თოვლი ფარავდა არემარეს, ხშირად მოსკუპდებოდა ხოლმე კურდღელი და პირდაპირ პატარა ნაძვს გადაახტებოდა. როგორ სწყინდა ნაძვს! მაგრამ გავიდა ორი ზამთარი და როცა მესამე დადგა, პატარა ნაძვი ისე გაიზარდა, რომ კურდღელს მის გარშემო სირბილი უწევდა.
“დამაცადეთ, ჯერ გავიზარდო, გავხდე მხცოვანი და დიდი - ამაზე კარგი რა უნდა იყოს!” - ფიქრობდა პატარა ნაძვი.
შემოდგომაზე ტყეში მოდიოდნენ ხისმჭრელები და ყველაზე დიდ ხეებს ჭრიდნენ. ასე ხდებოდა ყოველ წელს და უკვე წამოზრდილი პატარა ნაძვი ყოველთვის ოხრავდა - ისეთი კვნესით და ხმაურით ეცემოდნენ მოჭრილი მშვენიერი ხეები მიწაზე. ხისმჭრელები ტოტებს აჭრიდნენ, აშიშვლებდნენ, შეუძლებელი ხდებოდა მათი ცნობა. შემდეგ ურიკებზე აწყობდნენ და ცხენებით მიჰქონდათ ტყიდან. საით? რა ელოდათ?
გაზაფხულზე, როცა წეროები და მერცხლები მოფრინდნენ, ნაძვმა ჰკითხა მათ:
- ხომ არ იცით, სად წაიღეს ხეები? ხომ არ დაგინახავთ?
მერცხლებმა არაფერი იცოდნენ ხეების შესახებ, ხოლო წერო დაფიქრდა, თავი დაუქნია ნაძვს და უთხრა:
- მე მგონი, ვიცი. როცა ეგვიპტიდან მოვფრინავდი, ბევრი ახალი გემი შემხვდა, დიდებული ანძებით. მე მგონი, ეს სწორედ ისინი იყვნენ, ისეთი ნაძვის სუნი ასდიოდათ. რამდენჯერ მივსალმებივარ და თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირათ.
- დიდი რომ ვიყო და ზღვის გადაცურვა შემეძლოს! როგორია ზღვა? რას ჰგავს?
- გრძელი ამბავია, - უპასუხა წერომ და გაფრინდა.
- დატკბი შენი სინორჩით, - ეუბნებოდნენ პატარა ნაძვს მზის სხივები. - დატკბი იმით რომ ჯანმრთელი ხარ და იზრდები, დატკბი შენი ახალგაზრდობით!
ქარი ეფერებოდა ნაძვს, ნამი კი ცრემლებად ეღვრებოდა, თუმცა ნაძვი ვერაფერს ხვდებოდა.
როცა დგებოდა შობა, ტყეში ახალგაზრდა ნაძვებს ჭრიდნენ, ზოგიერთი მათგანი პატარა და ახალგაზრდაც კი იყო ჩვენს ნაძვზე , რომელსაც გული ტყიდან სხვაგან მიუწევდა. ამ ხეებს, დიდებისგან განსხვავებით, ტოტებს არ აჭრიდნენ, მარხილზე აწყობდნენ და ტყიდან ეზიდებოდნენ.
- სად მიაქვთ? ისინი ხომ ჩემზე დიდები არ არიან, ერთი საერთოდ, ჩემზე პატარაა. რატომ არ დააჭრეს ტოტები? სად მიაქვთ?
- ჩვენ ვიცით! ჩვენ ვიცით! - ჟღურტულებდნენ ბეღურები. - ჩვენ ქალაქში დავფრინავთ და ფანჯრებში ვიჭყიტებით! ვიცით, სადაც მიაქვთ ნაძვები! მათ ისეთი ბრწყინვალება და დიდება ელით, ვერც კი წარმოიდგენთ! ჩვენ გვინახავს! მათ შუა ოთახში რგავენ და უამრავი ლამაზი ნივთით რთავენ - მოოქროვილი ვაშლებით, თაფლის კვერებით, სათამაშოებით და ათასობით სანთლით!
- შემდეგ რა ხდება? - ეკითხებოდა პატარა ნაძვი და მღელვარებისაგან ტოტებს არხევდა.
- მეტი არაფერი ვიცით! ეს შეუდარებელია!
- იქნებ მეც ვეღირსო ამას! - ღელავდა პატარა ნაძვი. - ეს კიდევ უკეთესი იქნება, ვიდრე ზღვის გადაცურვა. ო, როგორ ვოცნებობ! მალე მაინც დადგებოდეს შობა! ახლა მეც დიდი და ტანადი ვარ, ისეთი როგორებიც შარშან წაიღეს. ნეტავ მარხილში მეც მოვხვდე! ნეტავ მეც მოვხვდე იმ თბილ ოთახში დიდებითა და ბრწყინვალებით! მერე კი? მერე ალბათ კიდევ უფრო უკეთესი, მშვენიერი რამ მოხდება, ასე რომ არ იყოს, რატომ მორთავდნენ ასე? რასაკვირველია, მერე იქნება უფრო უკეთესი, დიდებული! მაგრამ რა? როგორ მაინტერესებს, როგორ მოველი! არც კი ვიცი, რა მემართება.
- გიხაროდეს ჩვენთან ყოფნა! - უებნებოდნენ მას მზის სხივი და ჰაერი. - გიხაროდეს თავისუფლება!
მაგრამ ნაძვს არაფერი ახარებდა. იზრდებოდა და იზრდებოდა. ზამთარ-ზაფხულ მწვანე იყო. ვინც დაინახავდა, ყველა ამბობდა: რა ლამაზი ნაძვია!
და შობის წინ სწორედ ის მოჭრეს პირველი. ნაძვს სხეულში ღრმად ჩაესო ცული. ის კვნესით დაეცა მიწაზე, ყველაფერი სტკიოდა, ცუდად იყო და აღარ ფიქრობდა ბედნიერებაზე. სამშობლოსთან, მიწის იმ ნაგლეჯთან განშორებამ ნაღველი მოჰგვარა, სადაც გაიზარდა. იცოდა, რომ ვეღარსადროს იხილავდა თავის ძვირფას მეგობრებს, ბუჩქებს და აყვავებულ ყვავილებს, შესაძლოა ჩიტებსაც კი. გამგზავრება არც ისე მხიარული აღმოჩნდა.
მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როდესაც ეზოში სხვებთან ერთად ჩამოტვირთეს და ვიღაცამ თქვა: - აი ეს, შესანიშნავია! მხოლოდ ეს!
მოვიდა ორი საზეიმოდ გამოწყობილი მსახური და ნაძვი დიდ, ლამაზ დარბაზში შეიტანეს. კედლებზე პორტრეტები ეკიდა, ხოლო დიდ ღუმელზე ჩინური ლარნაკები დაეწყოთ, რომლებსაც სახურავზე ლომები ჰქონდა ამოტვიფრული. აქ იყო საქანელა-სავარძლები, აბრეშუმგადაკრული ტახტები და დიდი მაგიდები, მაგიდებზე ნახატებიანი წიგნები და სათამაშოები ელაგა, რაშიც, ალბათ ასჯერ ასი რიქსდალერი დახარჯეს. ყოველ შემთხვევაში, ბავშვები ასე ამბობდნენ. ნაძვი ქვიშით სავსე დიდ კასრში დარგეს, თუმცა ვერავინ მიხვდებოდა, რომ ეს კასრი იყო, ვინაიდან მწვანე ქსოვილი ჰქონდა შემოხვეული და დიდ ჭრელ ხალიჩაზე იდგა. როგორ ღელავდა ნაძვი! ნეტავ რა იქნება ახლა! გოგონებმა და მსახურებმა მისი მორთვა დაიწყეს. ტოტებზე ფერადი ქაღალდებისაგან გამოჭრილი პატარა ჩანთები დაკიდეს, ყოველი მათგანი ტკბილეულით იყო სავსე. მოოქროვილი ვაშლები და კაკლები თითქოს ნაძვს მოესხა, ასზე მეტი ფერადი - წითელი, თეთრი, ცისფერი სანთელი ტოტებზე დაუმაგრეს, ხოლო წიწვებზე თოჯინები დაკიდეს, თითქოს ნამდვილი პატარა ადამიანები - ნაძვს ასეთი რამ ჯერ არ ენახა. ხოლო კენწეროზე ოქროსფრად მოოჭვილი ვარსკვლავი დაადგეს. ეს სრულიად განსაცვიფრებელი რამ იყო.
- დღეს საღამოს ნაძვი გაბრწყინდება! - ამბობდა ყველა.
- მალე მაინც მოვიდეს საღამო! მალე აანთონ სანთლები! რა იქნება მერე? ტყიდან ხეები ხომ არ მოვლენ ჩემს სანახავად? ბეღურები ხომ არ მოფრინდებიან ფანჯრებთან? აქ ხომ არ დავსახლდები სამუდამოდ, ზამთარ-ზაფხულ ასე მორთულ-მოკაზმული?
ისეთმა მოუთმენლობამ შეიპყრო, რომ ქერქიც კი აექავა, ეს კი ხისათვის იგივეა, რაც ადამიანისთვის - თავის ტკივილი.
და აი, აანთეს სანთლები. რა ბრწყინვალება იყო! ნაძვს მღელვარებისაგან ტოტები აუცახცახდა, ისე, რომ მწვანე წიწვებს ალი მოედო. საშინლად დაეწვა.
- ღმერთო, გვიშველე! - იყვირეს გოგონებმა და ნაძვს მისცვივდნენ ცეცხლის ჩასაქრობად. ნაძვს ცახცახსაც კი ვეღარ ბედავდა. ძალიან შეეშინდა, რაიმე არ დაეკარგა თავისი მოკაზმულობიდან. გაოგნებული ასეთი ბრწყინვალებით...
უცებ გაიღო კარი და დარბაზში ბავშვები შემოცვივდნენ, ნაძვს შეეშინდა - არ დამეჯახონ და არ წამაქციონო. მათ უფროსებიც მოჰყვნენ. პატარები ჯერ ერთ ადგილზე გაიყინენ, თუმცა მხოლოდ ერთი წამით, მერე კი ისეთი მხიარულება ატყდა, დარბაზში ყურთასმენა აღარ იყო.
ბავშვებმა ნაძვის გარშემო დაიწყეს ცეკვა და ერთმანეთის მიყოლებით გლეჯდნენ მისი ტოტებიდან საჩუქრებს.
“რას აკეთებენ? - ფიქრობდა ნაძვი. - ნეტავ, რა მოხდება?”
სანთლები დადნა, ტოტებამდე დაიღვენთა და როცა ყველა სანთელი ჩააქრეს, ბავშვებს ნაძვის გაძარცვის უფლება მისცეს. როგორ დაერივნენ! ტოტებს ლაწა-ლუწი აუყენეს. ოქროსფერვარსკვლავიანი კენწეროთი ჭერზე რომ არ ყოფილიყო მიბმული, ალბათ გადააყირავებდნენ.
ბავშვებმა ფერხული გამათეს, ხელში ბრჭყვიალა სათამაშოები ეჭირათ, ნაძვს კი ზედ აღარ უყურებდა, მხოლოდ მოხუცი ძიძა ათვალიერებდა ტოტებს და იქ შემთხვევით დარჩენილ ვაშლს და ფინიკს დაეძებდა.
- ზღაპარი გვინდა! ზღაპარი გვინდა! - დაიძახეს ბავშვებმა და დაბალ, მსუქან კაცს შემოეხვივნენ, რომელიც ნაძვის ქვეშ ჩამოჯდა.
- ვითომ ტყეში ვართ, არც ნაძვს აწყენდა ზღაპრის მოსმენა, - თქვა მან, - მხოლოდ ერთ ზღაპარს გიამბობთ. როგორი გინდათ: ივედე-ავედეზე თუ კლუმპე-დუმპეზე, რომელიც კიბიდან დაგორდა, მაგრამ მაინც ბედი ეწია და მეფის ასულის გული მოინადირა?
- ივედე-ავედეზე! - აყვირდნენ ერთნი.
- კლუმპე-დუმპეზე, - გაჰყვიროდნენ მეორენი.
საშინელი ხმაური და აურზაური იდგა, მხოლოდ ნაძვი იდგა ჩუნად. “მე რა უნდა ვქნა? რაღა დამრჩენია?” მას, რაც ევალებოდა, უკვე შეასრულა. მსუქანმა კაცმა მოყვა ზღაპარი კლუმპე-დუმპეზე, რომელიც კიბეზე დაგორდა, მაგრამ მაინც ბედი ეწია და პრინცესას გული მოინადირა.
ბავშვებმა ტაში დასცხეს და აყვირდნენ: “კიდევ, კიდევ!”, ივედე- ავედეზე სურდათ ზღაპრის მოსმენა, მაგრამ მხოლოდ კლუმპე-დუმპეზე მოისმინეს. ნაძვი გაყუჩებული იდგა. ტყეში ჩიტებს არაფერი მსგავსი არ უამბიათ.
“კლუმპე-დუმპეზე, რომელიც კიბეზე დაგორდა, მაგრამ მაინც ბედი ეწია და მეფის ასულის გული მოინადირა! რა არ ხდება ამ ქვეყნად!” - ფიქრობდა ნაძვი და ფიქრობდა რომ ეს სიმართლეა, ამას ხომ მშვენიერი ადამიანი ყვებოდა. “რა იცი, რა ხდება? იქნებ მეც კიბეზე დავგორდე და უფლისწულის რჩეული გავხდე”... და ნაძვს უხაროდა, რომ ხვალ ისევ მოკაზმავდნენ სათამაშოებით, სანთლებით და ხილით. “ხვალ ასე აღარ ვიცახცახებ, ხვალ დავტკბები ზეიმით. ისევ მოვისმენ ზღაპარს კლუმპე-დუმპეზე, იქნებ ივედე-ავედეზეც” - ფიქრობდა ნაძვი. ასე ჩაფიქრებულმა გაატარა მთელი ღამე.
დილით მსახურები მოვიდნენ.
“ახლა მომრთავენ” - გაიფიქრა ნაძვმა. მაგრამ ნაძვი თავდაყირა წაათრიეს ოთახიდან, შემდეგ კიბეზე აათრიეს, სხვენში შეიტანეს და ბნელ კუთხეში მიაგდეს, სადაც დღის სინათლეც კი არ შემოდიოდა.
“რას უნდა ნიშნავდეს ეს? აქ რა უნდა ვაკეთო? “ - ჩაფიქრდა ნაძვი. კედელს მიეყრდნო და ფიქრი დაიწყო. სულ ფიქრობდა და ფიქრობდა. დრო თავზე საყრელად ჰქონდა. ბევრი დღე და ღამე გავიდა, სხვენზე კი არავინ მოსულა. მხოლოდ ერთხელ მოვიდნენ, ისიც იმისათვის, რომ რამდენიმე დიდი სკივრი დაედგათ. ახლა ნაძვი კუთხეშიც აღარც მოსჩანდა. თითქოს ყველას საბოლოოდ დაავიწყდა მისი არსებობა.
“გარეთ ზამთარია! მიწა გაყინულია და თოვლითაა დაფარული, ადამიანებს არ შეუძლიათ ჩემი გადარგვა. ალბათ გაზაფხულამდე აქ მომიწევს მოცდა. რა ჭკვიანურად მოიფიქრეს! რა კეთილები არიან ადამიანები! რა ძნელია მარტოობა! ასე მაინც არ ბნელოდეს. ერთი პატარა კურდღელი მაინც გამოჩნდეს! რა კარგი იყო ტყეში, ირგვლივ თოვლი იდო, ხანდახან კურდღელი მოსკუპდებოდა, იმაზეც თანახმა ვარ, რომ თავზე გადამახტეს... თუმცა მაშინ ეს ძალიან არ მომწონდა. რა საშინელებაა მარტოობა!”
- წრიპ-წრიპ! - მოესმა უცებ პატარა თაგუნას ხმა, რომელიც სოროდან გამოძვრა. მას მეორე თაგუნა მოჰყვა. თაგუნებმა ნაძვი დაყნოსეს და მის ტოტებზე დაიწყეს ცუნცული.
- ძალიან ცივა, თორემ ისე კარგია აქ ყოფნა! არა, ბებერო ნაძვო? - ჰკითხეს თაგვებმა.
- სულაც არ ვარ ბებერი! - უპასუხა ნაძვმა. იცით, რამდენი ხეა ჩემზე უფროსი?!
- საიდან მოხვედი? - ჰკითხეს თაგვებმა, - და რა იცი? - ძალიან ცნობისმოყვარეები იყვნენ. - მოგვიყევი ამ ქვეყნად ყველაზე ჯადოსნურ ადგილზე! ყოფილხარ იქ? ყოფილხარ საკუჭნაოში, სადაც თაროებზე ყველი დევს, ჭერში კი ლორია ჩამოკიდებული, სადაც იმდენი ქონის სანთელია, თუ გინდა მათზე იცეკვე, სადაც გაძვალტყავებული შეხვალ, იქიდან კი გასუქებული გამოხვალ?
- არ ვიცი, სადაა ასეთი ადგილი, - თქვა ნაძვმა, - სამაგიეროდ ვიცი, სად ანათებს მზე და ჭიკჭიკებენ ჩიტები!
ნაძვმა თაგვებს თავისი ახალგაზრდობის შესახებ მოუყვა, თაგვებს არაფერი მსგავსი ჯერ არ მოესმინათ, მოისმინეს და ნაძვს უთხრეს:
- რამდენი რამე გინახავს! რა ბედნიერი ყოფილხარ!
- ბედნიერი? - ჩაეკითხა ნაძვი და თაგვის სიტყვებზე დაფიქრდა. - ჰო, ალბათ მხიარული და ბედნიერი დღეები იყო!
მერე მოუყვა შობის ზეიმზე, როგორ მორთეს სათამაშოებით და სანთლებით.
- რა ბედნიერი ხარ, ბებერო ნაძვო!
- სულაც არ ვარ ბებერი! - განაწყენდა ნაძვი. - ტყიდან მხოლოდ წლევანდელ ზამთარში წამოვედი! ჯერ კიდევ ვიზრდები!
- რა ლამაზად ლაპარაკობ! - თქვეს თაგვებმა და მომდევნო ღამით კიდევ ოთხი თაგვი მოიყვანეს მის მოსასმენად. რაც უფრო მეტს ჰყვებოდა ნაძვი, მით უფრო კარგად ახსენდებოდა ყველაფერი და ფიქრობდა: “მართლა რა კარგი დღეები იყო! იმედია, დაბრუნდება. კლუმპე-დუმპე კიბიდან დაგორდა, მაგრამ მაინც ბედს ეწია და მეფის ასულის გული მოინადირა, იქნებ მეც შევხვდე უფლისწულს.” ნაძვს პატარა მუხა გაახსენდა, რომელიც ტყეში იდგა, ის იყო ნაძვისთვის ნამდვილი უფლისწული.
- ვინაა კლუპე-დუმპე? - იკითხეს თაგვებმა.
ნაძვმა მთელი ზღაპარი უამბეს, სიტყვასიტყვით ახსოვდა. თაგვები სიხარულისაგან ისე ხტუნავდნენ, ლამის ნაძვის კენწეროს შეხებოდნენ.
შემდეგ ღამეს კიდევ უფრო მეტი თაგვი მოვიდა ნაძვის მოსასმენად. კვირა საღამოს კი - ორი ვირთაგვა დაემატა. თუმცა ვირთაგვებს ზღაპარი არ მოეწონათ, რამაც თაგვები ძალზე გაანაწყენა, იმიტომ რომ ახლა მათაც აღარ მოეწონათ ზღაპარი.
- მხოლოდ ეს ერთი ამბავი იცით? - იკითხეს ვირთხებმა.
- მხოლოდ ერთი! - უპასუხა ნაძვმა. - ეს ამბავი ჩემს ყველაზე ბედნიერ საღამოს მოვისმინე, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რომ ასეთი ბედნიერი ვიყავი.
- უბადრუკი ამბავია! რამე სხვა არ იცით - ქონის სანთლებზე, ძეხვზე ან საკუჭნაოზე?
- არა, - უპასუხა ნაძვმა.
- მაშინ მადლობას მოგახსენებთ! - თქვეს ვირთაგვებმა და კუდამოძუებულნი გაუჩინარდნენ. თაგვებიც გაიფანტნენ. ნაძვმა ამოიოხრა და თქვა: - რა კარგი იყო, აქ რომ ისხდნენ თაგვები და ყურს მიგდებდნენ, მე კი ვყვებოდი! ახლა ესეც დამთავრდა. ახლა ხელიდან აღარ გავუშვებ იმ სიამოვნებას, რომელიც მომელის, როცა სინათლეზე ისევ გამიტანენ!
მაგრამ როცა ეს მოხდა... ეს კი ერთ დილას მოხდა. ადამიანები მოვიდნენ და სხვენი აახმაურეს. სკივრები გადაადგილეს და ნაძვი კუთხიდან გამოათრიეს. მართალია იატაკზე დააგდეს, ეს კი მტკივნეული იყო, მაგრამ მსახურმა მაშინვე კიბისკენ წაათრია, საიდანაც დღის სინათლე მოსჩანდა.
“აი ახალი ცხოვრების დასაწყისიც! “ - გაიფიქრა ნაძვმა. მან სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და მზის სხივი დაინახა - ის უკვე ეზოში იყო. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ნაძვმა გარშემო მიმოხედვაც კი ვერ მოასწრო, თუმცა ბევრი რამ იყო სანახავი. ეზო ბაღს ემიჯნებოდა, ბაღში კი ყველაფერი ჰყვაოდა. ღობესთან სურნელოვანი ვარდები იწონებდნენ თავს, ჰყვაოდნენ ცაცხვები, ირგვლივ მერცხლები დაფრინავდნენ. “დაბრუნდა ჩვენი ძვირფასი” - ჭიკჭიკებდნენ ისინი, მაგრამ ნაძვს არ გულისხმობდნენ.
“ახლა კი გავიხარებ” - უხაროდა ნაძვს და ტოტებს ისწორებდა. ტოტები კი უკვე გახმობოდა და გაყვითლდებოდა. ეზოს კუთხეში, ჯინჭრებსა და სარეველას შორის დააგეს. კენწეროზე ოქროსფერი ქაღალდის ვარსკვლავი შერჩენოდა, რომელიც მზეზე ბრწყინავდა.
ეზოში ბავშვები თამაშობდნენ - სწორედ ისინი, შობა ღამეს მის გარშემო რომ ცეკვავდნენ და ხარობდნენ.
ყველაზე უმცროსმა ნაძვთან მიირბინა და ვარსკვლავი მოაძრო.
- შეხეთ, რა დარჩენილა ამ საძაგელ ნაძვზე! - თქვა მან და ნაძვის ტოტების ფეხებით გათელვა დაიწყო. ტოტებმა მისი ფეხსაცმელების ქვეშ ტკაცუნი დაიწყო.
ნაძვმა ჯერ აყვავებულ ბაღს და ყვავილებს შეავლო თვალი, მერე - საკუთარ თავს და ინანა, რომ სხვენის ბნელ კუთხეში არ დარჩა. გაახსენდა თავისი სიყმაწვილე, ტყე, მხიარული შობა, პატარა თაგვები, რომლებიც სიამოვნებით უსმენდნენ ზღაპარს კლუმპე-დუმპეზე.
- ეს დასასრულია! თქვა უბედურმა ხემ. - როცა დრო იყო, მიხაროდა კიდეც. ეს დასასრულია!
მოვიდა მსახური და ნაძვი ნაფოტებად აქცია. რომლებიც დიდი ლუდსახარში ქვაბის ქვეშ აგიზგიზდა. ნაძვი ღრმად ოხრავდა, თითოეული ოხვა გასროლასავით გაისმოდა. ბავშვებმა კოცონის ირგვლივ მოიყარეს თავი, ჩამოსხდნენ, შესცქეროდნენ კოცონს და და ყვიროდნენ:
- ბახ! ბუხ!
ნაძვი კი თითოეული გასროლის ანუ ოხვრის დროს შობას და კლუმპე-დუმპეს ზღაპარს იხსენებდა - ერთადერთი, რაც მოესმინა და რისი მოყოლაც თავად შეეძლო. ასე დაიწვა იგი.
ეზოში ბიჭები თამაშობდნენ. ყველაზე უმცროსს გულზე ის ვარსკვლავი ებნია, რომელიც ნაძვს მისთვის ყველაზე ბედნიერ საღამოს ამშვენებდა.
ნაძვის ამბავი დასრულდა. მასთან ერთად ჩვენი ზღაპარიც. რა თქმა უნდა, ყველა ზღაპარს ხომ დასასრული აქვს.