THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ფიფქისა ზამთრის სასახლეში

ნაწილი მეხუთე

ფიფქისამ ვადად დადებული ორი დღე ისევ თავის ოთახში გაატარა, ისევ ხატვა მოიმიზეზა, თუმცა, სინამდვილეში, ფუნჯისთვის ხელი საერთოდ არ მოუკიდია. ოთახში ბოლთას სცემდა, მალიმალ საათს უყურებდა და ეჩვენებოდა, რომ დრო ჩვეულებრივზე უფრო ნელა გადიოდა, ნერვიულობდა და მღელვარებით დაღლილი ხან იმაზე ფიქრობდა, ვაითუ მელაკუდას მშობლებმა უარი უთხრან და ვერ დაგვეხმაროსო, ხან ცდილობდა წარმოედგინა, როგორ შეხვდებოდნენ მას ბიძია ზაფხული და ბიძაშვილები . . . აი, იმაზე კი, რა დაემართებოდა მამამისს, როცა შვილის გაპარვას შეიტყობდა, საერთოდ არ უფიქრია . . .

როგორც იქნა, დაბინდდა. ეს უკვე დათქმული დღის საღამო იყო. ფიფქისამ სარკმელი გამოაღო და ბაღი მოათვალიერა. მთვარის შუქით განათებული ბილიკი ცარიელი იყო, მელაკუდა არსად ჩანდა, სამაგიეროდ გუშაგი დაეძებდა ბუჩქებში რაღაცას. ფიფქისას შიშით გული გადაუტრიალდა, სასწრაფოდ მიხურა ფანჯარა და ფარდის იქიდან დაუწყო თვალთვალი გუშაგს. “ნეტა რას ეძებს? მელაკუდა ხომ არ შეამჩნია და რამეს ხომ არ მიხვდა? ვაიმე, დავიღუპეთ, უთუოდ დავიღუპეთ!” -ფიქრობდა გულგახეთქილი გოგონა. ამ დროს ბუჩქებიდან მართლაც გადმოხტა მელაკუდა და ფიფქისას ფანჯრისკენ გამოიქცა, გუშაგიც დაედევნა. ჰა და ჰა, ხელი უნდა ეტაცა, რომ ამ დროს ფიფქისამ სარკმელი გამოაღო და გუშაგს გადასძახა:

-ბიძია გუშაგო! რატომ დასდევთ ჩემს მელაკუდას?

გუშაგი გაიჭიმა.

-მეფის ასულო, განა თქვენია ეს მელიის ლეკვი?

-დიახ, ჩემია! განა არ იცოდით, რომ სასახლეში მელაკუდა მყავდა? ამ საღამოს ეზოში სათამაშოდ გავუშვი, მოშინაურებულია და არსად წავა, თუმცა, მადლობელი ვიქნები, ოთახში თუ ამომიყვანთ, უკვე ისედაც ვაპირებდი მის მოსაყვანად მსახურის გამოგზავნას.

-დამეჭერინება?

-მელაკუდა, მიდი ბიძია გუშაგთან, ის ჩემთან ამოგიყვანს, საყვარელო, -ჩასძახა ფიფქისამ მელიას, მანაც იმ წამსვე გუშაგთან მიირბინა. გუშაგი გაოგნდა.

-ამ ხნის კაცი ვარ და მსგავსი რამ არ მინახავს, ცხოველი პატრონს ასე ემორჩილებოდეს. ისე, რა კარგი ბეწვი აქვს?! -ბუტბუტებდა თავისთვის, თან ლეკვი ხელში აიყვანა და სასახლის კარისკენ გაემართა, იქ კარისკაცს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, ფიფქისას პირისფარეშს გაატანა მელია გოგონასთან. ფიფქისამ მელაკუდა გულში ჩაიკრა, დაკოცნა და ალერსით ლამის დაახრჩო, ხოლო, გული რომ იჯერა, უთხრა:

-აბა, ჩქარა მომიყევი, როგორაა საქმე?

-მშვენივრად, მელიები უკვე თხრიან გვირაბს, სეტყვიაც იქაა, მარხილით ელოდება შვილს. ჩვენც რომ ვიდროვებთ, ვეზირის სახლისკენ უნდა გავეშუროთ, დანარჩენს კი იქ გაიგებ.

დრო ნელა გადიოდა. ფიფქისა და მელაკუდა ისხდნენ და მოთმინებით ელოდნენ, როდის დადგებოდა შუაღამე, რომ გაპარულიყვნენ. სავარაუდოდ, შუაღამისთვის სეტყვია და ხოშკაკალა უკვე სახლში იქნებოდნენ. როგორც იქნა, მოშუაღამევდა. ფიფქისამ სარკმელი გახსნა, გარეთ ჩამიჩუმიც არ ისმოდა. ვარსკვლავებიც, საბედნიეროდ, არ ანათებდნენ. ცას ღრუბელი გადაჰკვროდა, მაგრამ არ თოვდა. გოგონამ ფრთხილად ჩაუშვა თოკი და მელაკუდასთან ერთად ჩაცოცდა, ფრთხილად გადაიარეს ბაღი და რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, სეტყვიას სახლისაკენ მოკურცხლეს. ხოშკაკალა, ვეზირი და მელიები არსად ჩანდნენ. მეგობრები აუტანელმა შიშმა შეიპყრო და ეს შიში უფრო და უფრო მძაფრდებოდა, რადგან საათები გადიოდა, ისინი კი არსად ჩანდნენ. გათენებამდე სამიოდე საათიღა იყო დარჩენილი. ფიფქისა და მელაკუდა უკვე იმედგადაწურულები და დაზაფრულები უკან დაბრუნებას აპირებდნენ, სეტყვიას მარხილი რომ გამოჩნდა. ფიფქისამ სიხარულისგან ლამის ყვირილი ატეხა, კიდევ კარგი, მელაკუდამ თავის დროზე გააფრთხილა, თორემ შავი დღე დაადგებოდა ყველას. ატყდა ხვევნა-კოცნა, სიხარულის ცრემლთა ფრქვევა . . . ხოშკაკალა ძალიან იყო დასუსტებული, მაგრამ მეგობრის დანახვამ მოაღონიერა და გათავისუფლებისთვის დაუსრულებლად უხდიდა მადლობას ყველას.

-კარგი, კმარა ხვევნა-კოცნა, დროა გზას გაუდგეთ, თორემ უცებ გათენდება. კიდევ კარგი ღრუბლიანი ღამეა, დილის დადგომას ცოტათი მაინც შეაფერხებს, -თქვა სეტყვიამ და მსახურს უბრძანა წინასწარ გამზადებული მარხილი მოეყვანა.

-ბიძია სეტყვია, თქვენ? თქვენ არ აპირებთ წამოსვლას? მამაჩემი მთელ ჯავრს ხომ თქვენზე იყრის?

-არა, მე დავრჩები, ასე სჯობს, ზამთარი ჩემგან თქვენი ასავალ-დასავალის გაგებას შეეცდება, ეს დროს მოგაგებინებთ და სამშვიდობოს გახვალთ. გზა ხოშკაკალამაც იცის, ის ხომ მრავალჯერ ყოფილა ზაფხულთან. მარხილი მზადაა, შიგ სანოვაგეც ალაგია და წყალიცაა. ჩემს ერთ მსახურს ოთხი ბედაური გავატანე გუშინწინ ღამით, ის საზღვართან ახლოს დაგელოდებათ, რომ დაღლილი ცხენები შეცვალოთ და მამაშენს გადაასწროთ ბიძაშენის სამფლობელოში, თორემ დაქანცული ცხენი, როგორი ბედაურიც არ უნდა იყოს, გზის გაგრძელებას მაინც ვერ შეძლებს. მოკლედ, დროა, გამოვემშვიდობოთ ერთმანეთს.

ამ სიტყვებზე ისევ ატყდა ხვევნა-კოცნა, ტირილი, გულში ჩაკვრა-ჩახუტება, დაპირება, რომ არასოდეს დაივიწყებენ ერთმანეთს, განსაკუთრებით ფიფქისას და მელაკუდას გაუძნელდათ ერთმანეთთან გამომშვიდობება. ბოლოს, როგორც იქნა, ჩასხდნენ ხოშკაკალა და ფიფქისა და ვეზირის მსახურმა მარხილი დაძრა. სეტყვია და მელაკუდა მანმადე გასცქეროდნენ მარხილს, სანამ თვალს არ მიეფარა იგი, ტიროდა სეტყვია და ტიროდა მელაკუდაც, მელიებიც კი ატირდნენ.

-ჩემო მელაკუდა, -მიუბრუნდა მერე თვალცრემლიანი ვეზირი ფიფქისას ლეკვს, -დიდი მადლობელი ვარ, შენსა და შენი მელიების სიკეთეს ვერასოდეს გადავიხდი, მაგრამ, იქნებ ისეთი დრო დადგეს, მეც დაგჭირდეთ რამეში, მაშინ სამელეთის სამსახურში მიგულეთ. ახლა კი წამოდით, უნდა გაგიმასპინძლდეთ, რომ ძალები აღიდგინოთ და გათენებამდე თქვენც დატოვოთ აქაურობა, რომ ზამთრის რისხვა თქვენც არ დაგატყდეთ თავს.



* * *



გათენდა. სასახლეში ჩვეულებრივ ატყდა მსახურთა ფაციფუცი: ვინ ზამთარს ემსახურებოდა, ვინ -ბებია წელიწადს და ვინ კიდევ -მამიდა ახალწლისას. ფიფქისას ოთახის კართან მსახურები ფეხაკრეფით გადი-გამოდიოდნენ, არ გავაღვიძოთო, სასაუზმოდ შეკრებილმა მამამ, ბებიამ და მამიდამაც იფიქრეს, ისევ დილის ძილი გამოაცხოო გოგონამ და ამიტომ ეჭვი არაფერზე აუღიათ. ზამთარმა საუზმე რომ მოათავა, თავის კაბინეტში წავიდა რაღაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო საკითხების გადასაწყვეტად. როგორცკი კაბინეტის კარი ზურგსუკან მიიხურა, დაუკაკუნებლად შევარდა მასთან ფერდაკარგული და სირბილისაგან გულამოვარდნილი ღამურა:

-როგორ ბედავ! -ღამურას ასეთმა საქციელმა ისე გააოგნა ზამთარი, რომ განრისხებაც კი ვერ მოახერხა. ღამურამ მის წინ დაიჩოქა.

-მომიტევე, ჩემო ხელმწიფევ, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, ისეთი რამ მოხდა, რომ . . . რომ . . . რომ . . .

-რას ბლუყუნებ, წესიერად გამაგებინე, რა მოხდა!

-არ ვიცი, როგორ გითხრათ, ჩემო ხელმწიფევ . . . არ ვიცი . . . ვაი ჩემს თავს . . . -ხელები თავში წაიშინა ღამურამ.

ზამთარი შეშფოთდა, შეფიქრიანდა, ღამურას გარს შემოუარა და მრისხანედ უყვირა:

-გეყო მოთქმა-გოდება!

ზამთრის სასტიკმა ხმამ ღამურასაც კი გაუყინა ძარღვებში სისხლი, მაგრამ რა ექნა, სათქმელი უნდა თქმულიყო. ცოტა ხანს დუმდა, ალბათ სიტყვებს არჩევდა, ბოლოს კი, როგორც იქნა ამოღერღა:

-ხოშკაკალა გაიპარა!

-რაა?! . . . . -მოულოდნელობისაგან მუხლი მოეკვეთა ზამთარს და სავარძელში გაადინა ზღართანი, -შენ . . . შენ . . . მომესმა?! . . . მომესმა-მეთქი?!

-გაიპარა! -ძლივს ამოიკნავლა ღამურამ.

ზამთარს სიბრაზისა და მრისხანებისაგან სახე ჯერ გაუთეთრდა, მერე წითელ-ყვითელმა ლაქებმა დააყარა, მერე ბუშტივით გაიბერა და ალბათ გასკდებოდა, რომ არ ეღრიალა:

-სეტყვია მომგვარეთ! -მერე ღამურას კვერთხი ზურგში სდრუზა და სდრუზა, -სიკვდილით დასჯის ღირსი ხარ, მაგრამ ისეთ სასჯელს მოვიფიქრებ შენთვის, სიკვდილი მოგენატროს!

ღამურა ფეხებზე მოეხვია:

-შემიბრალე, მბრძანებელო, გემუდარები, შემიბრალე! . . . . .

-შეგიბრალო?! . . . კარგი, შეგიბრალებ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იპოვი ხოშკაკალას და აქ მომგვრი! თუ ვერ იპოვი, მაშინ შებრალებას ნუ ელი! ახლა გაეთრიე და თვალით არ დამენახო . . . თუმცა, მოიცა, -შეაჩერა კარისკენ წაფორთხიალებული ღამურა, -როგორ მოახერხა გაპარვა?

-ტყის მხრიდან გვირაბი ვნახეთ კედელში გათხრილი. იქით გუშაგები ხომ არ დგანან და დროულად ვერ შეამჩნიეს ვერაფერი. ამას ხოშკაკალა ვერ შეძლებდა, რადგან ბორკილები ედო ხელ-ფეხზე. უეჭველად გარედან დაეხმარა ვიღაც, მაგრამ -ვინ, ვერ გავიგეთ, გამთენიისას ხომ თოვა დაიწყო და კვალი სულ წაიშალა.

-უუხ! სეტყვიამ მოაწყო ალბათ ყველაფერი, ახლა კი ნამდვილად ვერ გადამირჩება! გაეთრიე და ხოშკაკალას გარეშე აქ მოსული არ დაგინახო!

ღამურა კარში რომ გადიოდა, სწორედ იმ დროს ერთმანეთზე გაფითრებული ახალწლისა და წელიწადი მოცვივდნენ.

-თქვენ რაღა მოგივიდათ, რა ფერი გადევთ სახეზე? -უკმეხად მიმართა მათ ზამთარმა.

სიტყვის თქმას ვერც ერთი ვერ ბედავდა, ახალწლისა ტიროდა, წელიწადი ხელებს იმტვრევდა.

-აღარ იტყვით, ბოლოსდაბოლოს, რა ხდება?! -დაიღრინა ისევ ზამთარმა, -რა გატირებს, ახალწლისა?

-იცი? . . . ფიფიქისა . . . . -დაიწყო, მაგრამ გაგრძელება ვეღარ შეძლო წალიწადმა.

-თუ ისევ ფიფქისაზე საჩივლელად მოხვედით, ახლა თქვენი ნერვები არა მაქვს, მერე ვილაპარაკოთ!

-საჩივლელად კი არა . . . . მოკლედ, ფიფქისა დაიკარგა, უფრო სწორად, ფანჯრიდან გადაძვრა და გაიპარა! -თქვა ახალწლისამ.

ზამთარს ენა ჩაუვარდა მოულოდნელობისაგან და ხმისამოუღებლად ფიფქისას ოთახში გაიქცა. დედა და დაც თან მიჰყვნენ. ოთახში ასეთი სურათი გადაეშალა ზამთარს: ღია სარკმელში ზეწრისგან დაწნული თოკი იყო გადაკიდებული, ფანჯრის სიახლოვეს მოლბერტი იდგა, მასზე გადაფარებული ნაჭერი გვერდზე გადაცურებულიყო და ნახატიდან ყვითელი მზესუმზირები მხიარულად იჭყიტებოდნენ. ზამთარმა რაღაც იგუმანა და მოლბერტს ეცა, ნაჭერი ჩამოაცალა და ნახატს დააკვირდა, ცხადია, ეცნო მზესუმზირების ბაღიც და საკუთარი ძმიშვილებიც, ფიფქისაც და ხოშკაკალაც და მაშინვე გონება გაუნათდა:

-არიქა, მდევარი! -იყვირა მან, -ხოშკაკალა და ფიფქისა ზაფხულთან გაიქცნენ, საზღვარზე თუ გადაგვასწრეს, მერე ვეღარ დავიჭერთ. ქონდაქართუხუცესო, არ გესმის? მდევარი-მეთქი!

მთელი სასახლე ფეხზე დადგა, ვინ ცხენს კაზმავდა, ვინ -ხმალ-ხანჯალს ლესავდა, ზოგი -მარხილს ამზადებდა, მოკლედ, იდგა ერთი ორომტრიალი, ზამთარი კი თავის ოთახში ბოლთას სცემდა გამწარებული და მწარედ იმუქრებოდა. სწორედ ამ დროს მოიყვანეს სასახლეში სეტყვია, ნაცემი, ხელებშებორკილი. საწყალს, თმა გასწეწოდა, თვალები ჩალურჯრბოდა, ტანსაცმელი შემოხეოდა . . . ალბათ, წინააღმდეგობა გაუწია მის დასაპატიმრებლად მისულებს, მაგრამ მოხუცი ახალგაზრდებთან რას გახდებოდა, თანაც ერთი ათს როგორ დაამარცხებდა. მოიყვანეს სეტყვია და მეფის ბრძანებისამებრ დარბაზში, სადაც თითქმის მთელი სასახლე შეკრებილიყო, ზამთრის წინ დააჩოქეს. ხელმწიფე თვალებიდან ზიზღს და მრისხანების ცეცხის აფრქვევდა.

-მე მხოლოდ ერთხელ დაგისვამ კითხვას: რომელი გზით წავიდნენ ხოშკაკალა და ფიფქისა?

სეტყვია, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ ზამთარმა უკვე ყველაფერი იცოდა, ამიტომ, წინასწარ მოფიქრებული ტყუილის თქმას აზრი არ ჰქონდა და გაჩუმდა, ოღონდ გაიფიქრა კი, ასე უცებ როგორ დაადგინაო ყველაფერი.

-არ გესმის? მე შენ კითხვა დაგისვი! -ოო, რა დაუნდობელი ხმა ჰქონდა ზამთარს, სეტყვია კი მაინც დუმდა, შვილი ხომ სამშვიდობოს ეგულებოდა და დანარჩენს უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა მისთვის.

-ხმას არ იღებ, არა?! კაარგიი . . . -ავისმომასწავებლად გამოსცრა სიტყვები ზამთარმა კბილებშუა, -ქონდაქართუხუცესო, წაიყვანე ვეზირი და წამების ყველა ხერხი გამოიყენე, რომ ათქმევინო, რომელი გზით გაიქცნენ ხოშკაკალა და ფიფქისა!

არც ზამთრის ამ სიტყვებმა შეუხარა წარბი სეტყვიას, არც შიში დასტყობია სახეზე, მისმა გამაოგნებელმა სიმშვიდემ ნირი წაუხდინა ზამთარს, მაგრამ, ამავდროულად, უფრო გააშმაგა. მისი ბრძანებისამებრ ვეზირს აქეთ-იქიდან ორი ქონდაქარი ამოუდგა და ძალიან უხეშად ჰკრეს ხელი კარისკენ, თუმცა მოხუცმა თავი შეიმაგრა და ზამთარს უთხრა:

-დიდებულო ხელმწიფევ, ერთი სიტყვა მათქმევინეთ და მერე, როგორც გენებოთ, ისე მომექეცით.

ზამთარს იმედი მიეცა, იფიქრა, წამების შიშით ალაპარაკება გადაწყვიტაო და მსახურებს ანიშნა, რომ ვეზირისთვის ხელი გაეშვათ.

-გისმენ!

-დიდებულო და ძლიერო ხელმწიფევ, თქვენ ჩემი წამების ბრძანება გაეცით, დაე, აღსრულდეს ნება თქვენი, მაგრამ, გჯერათ, რომ ამით რამე შეიცვლება?! გჯერათ, რომ თუკი მაწამებთ და წამებისას ხელში ჩაგაკვდებით, ამით ფიფქისას კეთილგანწყობას და სიყვარულს დაიბრუნებთ? ვთქვათ, ვერ გავუძელი ამ სისასტიკეს და ყველაფერი გითხარით, ცხადია, ფიფქისას და ხოშკაკალას უკან დააბრუნებთ, ჩემს ვაჟსაც წამებით სიკვდილის განაჩენს გამოუტანთ, მაგრამ, ამით თქვენი და ფიფქისას ურთიერთობაში რამე სასიკეთოდ შეიცვლება?

-ეგ შენი საქმე არაა! -კბილებში გამოსცრა ზამთარმა, თუმცა თვალებში ეტყობოდა, რომ სეტყვიას სიტყვებმა შეაფიქრიანა მეფე. -მართალია, ეგ ჩემი საქმე არაა, მაგრამ მე ვეზირი ვარ თქვენი, ანუ თქვენი მრჩეველი და სიკვდილის წინ, მინდა, უკანასკნელი რჩევა მოგცეთ -ფიფქისა იმიტომ გაიქცა, რომ იმედი გაუცრუეთ, მისი ნდობა დაკარგეთ, მოატყუეთ, სხვანაირს გიცნობდათ და სხვანაირი აღმოჩნდით! რომც დააბრუნოთ, როცა გაიგებს, როგორ მომექეცით მე, ვისაც სხვა დანაშაული არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ჩემს სისხლსა და ხორცს, ჩემს შვილს ვიცავ, და მით უფრო, როცა იმასაც ნახავს, როგორ მოექცევით ხოშკაკალას, მისი ბავშვობის მეგობარს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ფიფქისას ბიძასა და ბიძაშვილებზე უამბო, სამუდამოდ გაუცივდება თქვენზე გული . . . . ახლა მთავარი ჩემზე და ჩემს შვილზე შურისძიება კი არაა, ჩემო ხელმწიფევ, მთავარი ისაა, თქვენსავე გულში ჩაიხედოთ, თქვენშივე ეძებოთ შცდომები და მის გამოსწორებას შეეცადოთ. შვილის დაბრუნება გინდათ? მაშ, დაიბრუნეთ იმით, რომ გულწრფელი და გულახდილი იყავით მასთან!

ზამთარი საკმაო ხანს თავჩაქინდრული მდუმარედ იჯდა. ყველა ელოდა, რომ ეს დუმილი ენით უთქმელი, გაუგონარი მრისხანებით დასრულდებოდა, ამიტომ დარბაზში მყოფნი, შიშისგან გაქვავებულნი, სუნთქვასაც კი იკავებდნენ, რომ ხელმწიფის რისხვა მათაც არ დასტეხოდათ თავს. უსასრულოდ გაიწელა მდუმარების რამდენიმე წუთი და . . . . მოხდა უდიდესზე უდიდესი, ენით უთქმელი, ყველასთვის წარმოუდგენელზე წარმოუდგენელი სასწაული -როდესაც ზამთარმა თავი ასწია და დარბაზს გადახედა, თვალებში ცრემლი ედგა, ცის ნამივით კამკამა სინანულის ცრემლი. იგი სავარძლიდან ისე წამოიმართა, როგორც წლებით დამძიმებული მოხუცი დგება ხოლმე სკამიდან. აღარავისთვის შეუხედავს, სიტყვა არ დაუძრავს, დინჯად გაიარა დარბაზი და კარს რომ მიუახლოვდა, გაჩერდა, რამდენიმე წამს ასე იდგა, მერე კი ისე, რომ თავი არ მოუტრიალებია, თქვა:

-გმადლობ, ჩემო ერთგულო მეგობარო, გმადლობ, სეტყვია! ქონდაქართუხუცესო! სეტყვია სახლამდე ისე მიაცილე, თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეს თავიდან, მდევრები კი უკან დააბრუნე! -მერე ფრთხილად გააღო მძიმე კარი და დარბაზიდან გავიდა.

ყველა მიხვდა, ზამთარი ტიროდა.



***

-ბებოს ოქრობიჭო, აბა, როგორ მოგეწონა ჩემი ნაამბობი ზღაპარი?

-ძალიან მომეწონა, მაგრამ რომ არ დაგიმთავრებია? აღარ მომიყვები, მერე რა მოხდა? აკი ზამთარი და ზაფხული შერიგდნენო?

-აი, მერე რაც მოხდა და ზამთერ-ზაფხულის შერიგების ამბავსაც, სოფელში რომ ჩამოხვალ, იქ მოგიყვები. ახლა კი დაიძინე, ხვალ ხომ უნდა გამაცილო და დილით ადრე მოგიწევს ადგომა.

-ბებიი, ფიფქისა მამასთან აღარ დაბრუნდება?

-სოფელში გიამბობ-მეთქი, ხომ გითხარი.

-დედა მართლა მოუკვდა?

-სოფელში გაიგებ ყველაფერს, ჩემო თვალის ჩინო, ახლა კი გადაბრუნდი და დაიძინე.

-ბებო, დარჩი და აქ მიამბე, რა. სანამ სოფელში ჩამოვალ, რომ დაგავიწყდეს?

-ჰოდა მალე ჩამოდი.

-დარჩი, რა, ჩემო კარგო ბებო! დარჩი, რა!

-მერე შენი მამალი? ნაცარა კურდღლები? შენი შვინდა?

-ისინიც აქ წამოვიყვანოთ!

-კარგი, მაგრამ წასვლა ხომ მაინც მომიწევს, თავისით ხომ ვერ ჩამოვლენ?

-ოოო, არ მინდა რომ წახვიდე! . . .

-დაიძინე, საყვარელო, დაიძინე! დარჩენით ვერ დავრჩები, მაგრამ დედას და მამას ვეტყვი, რომ მალე ჩამოგიყვანონ სოფელში, მე კი შენს ჩამოსვლამდე კიდევ ბევრ ზღაპარს მოვიგონებ და გიამბობ და გიამბობ დაუსრულებლად.

-არ მეთმობი, მაგრამ . . . კარგი, ჩემო ბებიკონა. ძილი ნებისა.

-ძილი ნებისა, ჩემო გვრიტო!

ბებომ საყვარელი შვილიშვილი ჩაკოცნა, საბანი გაუსწორა, სინათლე ჩააქრო და ოთახიდან გამოვიდა. ბიჭს იმ ღამეს ზღაპრის გმირები ესიზმრა, ბებია კი მის გაგრძელებაზე ფიქრობდა და თუ სოფელში შვილიშვილთან ერთად თქვენც ესტუმრებით, აუცილებლად გაიგებთ, შემდეგ რა მოხდა.