THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ყველაზე მთავარი ფიფქი

ნატალია აბრამცევა
(თარგმანი მაკა ლდოკონენის)

განა არსებობს ამ ქვეყნად ნაძვის ხის მორთვაზე უკეთესი საქმე?
რა თქმა უნდა, არა!
ჰო და ახალი წლის წინა ღამეს მთელი ოჯახი: დედა, მამა და პატარა გოგონა ნაძვის ხის მორთვას შეუდგა. მხოლოდ ბებია იდგა ფანჯარასთან, ნაღვლიანი თვალებით ჰაერში მოფარფატე თითოოროლა ფიფქს გასცქეროდა, სინანულით აქნევდა თავს აქეთ_იქით და ბუტბუტებდა:
_ ქარბუქი თუ არ ამოვარდა, ახალ წელს მხიარულება არ გვექნება! 
ამასობაში კი ნაძვის ხე ნაირფერი სათამაშოებით მოირთო და მოიკაზმა. მხოლოდ ერთი ცისფერი ბურთულა ურჩობდა, ხუთჯერ ჩამოვარდა და რომ არა კატა (სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ნაძვის ხის მორთვაში კატაც იღებდა მონაწილეობას), დიდი ხნის წინ დაიმსხვრევოდა. კატა თათებით იჭერდა და დედას აწვდიდა ულამაზეს ცისფერ ბურთს, აქეთ_იქიდან მიხატული ორი ფიფქით. ერთი ფიფქი დიდი გახლდათ, მეორე კი ციცქნა და ვერცხლისფრად მოელვარე. დედამ მეხუთედ ნაძვის კენწეროზე ჩამოკიდა კნუტის გადარჩენილი ბურთულა და მანაც ვარდნა შეწყვიტა. 
მალე მთელი ოჯახი დასაძინებლად გაეშურა. კატა კი ნაძვთან ახლოს, სავარძელში მოკალათდა. `ნეტავ რატომ არის ასეთი მოუსვენარი ორფიფქიანი ბურთი?~ _ ფიქრობდა იგი.
უეცრად ცისფერმა ბურთულამ კვლავ ისკუპა ნაძვის ხიდან. კატამ ჰაერში დაიჭირა იგი, ფრთხილად დადო ნაძვისხის ქვეშ ბამბაზე და ჰკითხა:
_ განა ასე მოქცევა შეიძლება? შენ ხომ მინის ხარ და იოლად დაიმსხვრევი!
_ გამიშვი, გთხოვ, _ აწკრიალდა ცისფერი ბურთულა, _ აუცილებლად უნდა გავიდე ქუჩაში, თორემ საახალწლო ქარბუქი არ ამოვარდება და არც მხიარულება იქნება. ხომ გაიგე, რას ამბობდა ბებია?
კატა მოიღუშა. ის ხომ ნაძვის ხის მორთვით იყო გართული და ბებიას ბუტბუტი არ ესმოდა. 
_ იცი რა, ორფიფქიანო, ცოტა გასაგებად ამიხსენი რა ხდება.
_ჩვენ, ფერად ბურთულებს, ერთ გვერდზე დახატული ფიფქებით ქუჩაში გვყიდიდნენ. უცებ ჰაერში ნამდვილი ფიფქები თაბრუდამხვევად დატრიალდნენ, სურდათ თავიანთი სადღესასწაულო, ყველაზე მხიარული `თეთრი თოვლის ცეკვა~ შეესრულებინათ, მაგრამ ვერ შეძლეს, იმიტომ რომ მთავარი, საახალწლო ფიფქი ჯერ არ მოფრენილიყო. მთავარ ფიფქს საგრძნობლად დააგვიანდა და როდესაც ჩვენამდე მოაღწია, ისეთი დაღლილი გახლდა, ჩემს ცისფერ გვერდზე დაიდო ბინა და ჩათვლიმა. ასე გამყიდეს მთავარი საახალწლო ფიფქთან ერთად. სასწრაფოდ უნდა გამიშვა, კატუნავ, თორემ ფიფქების ყველაზე მხიარულ და ლამაზ ცეკვას ვერ ვიხილავთ, არც თოვლი მოვა, არც ქარბუქი ამოვარდება და ახალ წელს ხალისი არ ექნაბა.
_ ყველაფერი გასაგებია! ვიჩქაროთ! – წამოიძახა კატამ.
ბურთულა წინ გაგორდა, კატა უკან მიჰყვა. კარები და სხვენის ფანჯარა თავისით გაიღო, თითქოს, მათ გამოჩენას ელოდნენო.
ქუჩაში ბნელოდა. ჰაერში მარტოხელა ფიფქები კანტიკუნტად ტრიალებდნენ.
_ დროა მთავარი ფიფქი გააღვიძო, _ აჩურჩულდა კატა, – თორემ, ხომ ხედავ, თოვლის გარეშე რა უბადრუკია ზამთარი!
_ ეჰ-ეეე-იიი, ფიიი-ფქუუუ-ნააა!.. გააა-იიი-ღვიძეეე, გთხოოოვ!.. დროა სადღესასწულო მზადებას შეუდგეეე, თორემ ახალი წეეელი თეთრი კი არააა, ნაცრისფრი გამოვააა! _ აწკრიალდა ცისფერი ბურთულა.
ყველაზე მთავარმა ფიფქმა თვალები მოიფშვნიტა და მიმოიხედა.
_ ოოო_ი, ოი, ოი! რა ღრმად ჩამძინებია! განა, აქამდე არ უნდა გამელამაზებინა დედამიწა?! ხეები საახალწლო ქურქებით უნდა შემემოსა?!. ყველა მე მელის!.. დროა საქმეს მივხედო!
ფიფქი ცისფერ ბურთულას მოწყდა და ცისკენ გაფრინდა. უეცრად, სად იყო სად არა, მილიონობით ფიფქი გამოჩნდა, მათ ხომ მთავარმა საახალწლო ფიფქმა მოუხმო. დატრიალდნენ და საოცარი ცეკვა წამოიწყეს. თითქოს, მთვარეც უფრო აელვარდა, მოციმციმე ვარსკვლავები კი უფრო მიაუახლოვდნენ დედამიწას.
_ მთვარე! ვარსკვლავები! ფიფქები! ყველა ერთად! საოცრებააა! ყველა ერთად შეიკრიბა! აი, როგორია ნამდვილი დღესასწაული! როგორ გალამაზდა გარემო! თოვლი! თოვლი! თოვლი! ვერცხლისფერი ახალი წელი! სილამაზე! – გაიძახოდა აღფრთოვანებული კნუტი და უეცრად უცნაური ხმა შემოესმა. 
_ ზზზზზზზზზზზზზზზზზზზ! – წკრიალებდა ცისფერი ბურთულა, _ მთავარ ფიფქს რა უჭირს, ბედნიერია, ის ხომ ყინულისაა! შენც ბედნიერი ხარ, კატუნავ, ფაფუკი ბეწვი გაქვს! მე კი, მე უბრალოდ მინის ვარ, მე ვზზზრალებ, იმიტომ რომ გავიყინეეე!
_ ბოდიში, მეგობარო, მაპატიე, გთხოვ. ისე მოვიხიბლე ამ სილამაზით, სულ გადამავიწყდი. წამოდი, სახლში წაგიყვან.
კატამ თბილი, ფაფუკი თათები შემოხვია გაყინულ ცისფერ ბურთულას, რომელსაც უკვე მხოლოდ ერთი ფიფქი ეხატა გვერდზე. გადახტა სხვენის ფანჯრიდან, კიბეზე ჩაირბინა და კვლავ სახლში, ნაძვისხესთან აღმოჩნდნენ. უცებ შრაშუნი გაისმა და ნაძვიდან ვერცხლისერი წვიმა ჩამოეშვა.
_Mმე ყველაფერი მესმოდა, მეგობრებო და სულმოუთქმელად გელოდით. სიამოვნებით მოგეხმარებით და ცისფერ ბურთულას ნაძვის კენწეროზე დავაბრუნებ, _ განაცხადა წვიმამ.
და აი, თვალის დახამხამებაში ცისფერი ბურთულა თავის ადგილს დაუბრუნდა. კატა კი კვლავ სავარძელში მოკალათდა და ჩაფიქრდა. რაზე?.. იმაზე, რომ გარშემო ყველაფერი გადათეთრდა, რომ დილით ადამიანები გაიხარებდნენ, მათ ხომ საშინლად მობეზრდათ ნაცრისფერი ასფალტის ცქერა, და რაც მთავარია, ისინი უსათუოდ მოიხიბლებიან მშვენიერი, სიფრიფანა და ნაზი ცეკვით, რომელსაც მათ ყველაზე მთავარი საახალწლო ფიფქი მიუძღვნით!
აი ასე, მშვენიერი და საოცარი ახალი წელიც დადგა!