THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



საალილო

 მარიამ წიკლაური     
             
 * * *
ალილო, ალილო, ეს ღამე დიდია,
შობის დღე თენდება, ცისკარი მშვიდია.
შორ გზაზე მიდიან გვიანი მგზავრები,
ზეციდან მოისმის ხმა ღვთიურ ზარების.
სარკმელში სანთლების ციმციმა ალია,
შემოდი, შემოდი, ნათელო მარიამ.
ბეთლემზე ბრწყინდება ვარსკვლავის შუქი,
დღეს ჩვენთან შემოდი, ღირსად გვყოფ თუკი.
დედავ სათნოების, დალოცე კერა,
ჩვენ შობის სასწაულს ველით და გვჯერა _
ჩვენს ჭერქვეშ უმღერებ ნანინას ყრმას,
ალილო, ალილო, თაყვანს ვცემთ მას!
ალილო, ალილო, დიდება უფალს,
პატარა იესო ჩვენს გულში სუნთქავს.
ვახაროთ ქვეყანას შობა ძე ღვთის,
ვადიდოთ უფალი ანგელოზთ ხმით.
ალილო, ალილო, დიდება უფალს,
გავიღოთ წყალობა, გავშალოთ სუფრა.
დღეს სტუმრობს დიდსა და პატარას იესო,
იმედით აპურებს ობოლს და მშიერსო,
ეს ღამე სამყაროს სასწაულს ჩუქნის _
კერაზე ეშვება უქრობი შუქი.
...და როგორც ბეთლემში,
მშვიდად და უბრალოდ,
ჩვენშიც დაიბადე და იშვი უფალო.


* * *
გზა დიდია და მიდიან
მარიამ და იოსები.
მგზავრო გელით სიხარულით,
თეთრი ჩოხით ვიმოსებით.
გამოჰყევით სანთლის ალსო,
ნახავთ ჩვენი სახლის კარსო,
ალილო და ალილო,
ღვთის დიდებას _ ამინო.
გიგალობებთ ღვთისასა,
გიმასპინძლებთ მზისასა,
დავუკოცნით ჩვილს ფეფებსა,
პურსაც მოგართმევთ სეფესა,
თაფლიც გვაქვს და რძეცო,
დიდება ღვთის ძესო.
ალილო ვთქვათ, ალილო,
ღვთის დიდებას _ ამინო.
 

* * *
ალილო და ალილო,
კაცთა სულის მარილო.

ბეთლემს ნაშობო ქვაბულში,
დამკვიდრებულო ჩვენს გულში,
გადიდებთ და თაყვანს გცემთ
სიცოცხლით სიკვდილის მძლეს.
შენ, სათნოის ნათელო
და სულის სანატრელო.

ალილო და ალილო,
კაცთა მოდგმის მარილო.

მწყემსება გცეს თაყვანი და
მზით სიცოცხლე აყვავილდა,
ხემ მოისხა ნაყოფი,
კაცთა მოდგმის სამყოფი.
დაივიწყეთ სალმობა,
იხარეთ ღვთის აქ ყოფნით.
აგიზგიზეთ ბუხარი,
სტუმარს ბანი უთხარით,
შობა დაალოცვინეთ,
სულ მოკეთეთ მოგექცეთ,
ვინც მტერია მოცილე.

ალილო და ალილო,
კაცთა სულის მარილო.


* * *
კარზე მოდგა ღვთის სტუმარი,
ნუ იქნებით დღეს მდუმარი.
გამოაღეთ კარიო,
მოგვაძახეთ ბანიო.
ტკბილეულიც მოაყოლეთ,
დაგლოცავთ უფალიო.

ალილო და ალილო,
ამ კერაზე, უფალო,
ღვთის მადლი არ დალიო.
პური _ ბეღელს, ღვინო _ ქვევრებს,
სიხარული გაგვიბევრე.
შობის ანგელოსი გალობს,
დღე მშვიდობით გაგვითენე.
შეეწიე, ღმერთო, ამ სახლს,
წყალობა მიეცი ამ ხალხს.

ალილო და ალილო,
აქ და ამათ მეზობლადაც
ღვთის მადლი არ დალიო.


* * *
ალილო და ალილო,
ნება უფლის არიო.

ბეთლემს იშვა ბაგაზეო,
ყრმა იესო _  უფალი,
ქრისტეს მახარებლები ვართ,
გვიწყალობეთ კუფხალი.
ვამყოფინებთ მთელ სოფელსო,
გავახარებთ ჩვენს ობლებსო,
რაც დარჩება, მივცემთ მდიდარს,
მასაც ერგოს ლუკმა წმინდა.
ქრისტეს მახარებლები ვართ,
ყველასთვის სიკეთე გვინდა.

ალილო და ალილო,
ნება უფლის არიო.


* * *
ბნელს ნათელმა აჯობა,
თენდება ქრისტეშობა.
თქვენი სახლის კარზე ვგალობთ,
ვმახარებლობთ მაცხოვარს,
ბეთლემში ყრმა დაიბადა,
ხალხი მადლით აცხოვნა.

ალილო და

ხორას დავდგამთ ადლიანსა,
ცეცხლს დავუნთებთ მარიამსა,
სიმღერით გახარებთშობის
გათენებას მადლიანსა.
წითელ მამალს დავაყივლებთ,
არ გავაცლით საყევარსო,
მშიერს ვუწილადებთ ლუკმას,
ჩვენ ვიკმარებთ ნახევარსო.

ალილო და
არ დაგვილევს მადლს უფალი,
ჩიტებს _ ნამი და კუმპალი.
თქვენ ეზოს და თქვენ ერდოს
უქრობელი მზე ერგოს.

ალილო და ალილო.

* * *
ალილო ვთქვათ ალილო,
შევეგებოთ ალიონს,
ქრისტე დაბადებულა,
ბნელი განათებულა,
მოწყალების გამღები
მადლით გამართლებულა.

ალილო ვთქვათ, ალილო,
შევეგებოთ ალიონს,
თქვენს კერაზე ღმერთმა მადლი
არასოდეს დალიოს.
საცდურს გაშორებდეთ ყველას
ღვთის შიში და ძალიო.
ალილოზე გვმასპინძლობდეს
კეთილი ქალ-რძალი,
აკვანში ბალღი გეწვინოთ
მამის ალი-კვალიო.

ალილო ვთქვათ, ალილო,
ქვეყანა ღვთით არიო.
მადლით დაიმკვიდრე კაცო,
უფალმა გიბოძა რაცო.


* * *
ალილო და ალილო,
შროშანების თოვლი ჰყვავის,
შობის ღამეს აცისკრებსო,
ბეთლემს იშვა ყრმა იესო,
ანგელოსი აცინებსო.
ნანას უმღერს მარიამი,
ჩვილს ესვრება ბაგე რძითო,
მასპინძელო, მწყალობელო,
გაგვახარებ ნეტავ რითო?
მრავალ შობა-ახალწლობას
დაგაბედებთ უფალიო,
რასაც გასცემ შენი არის,
ღმერთს დიდება უთხარიო.
ალილო, იშვა ძე ღვთისო,
ბაგაში ბატკანი ხტისო,
დღეს ემატება სინათლედ,
კრავის ბეწვს რომ სხივი სდისო.

ალილო და ალილო
* *
ბეთლემს იშვა ქრისტეო,
როგორც კაცი, ისეო
მიაწვინეს ბაგაზეო,
ანათებდა ღამის მზეო,
უქრობელი სანთელი,
ორთავ ქვეყნის ნათელი.
რასაც გასცემ, შენია,
უქონელი ბევრია,
ღვთის სახელით გაიღებდე,
სამოთხის კარს გაიღებდე.
ალილოზე ბანი გვითხარ,
გვარი გედღეგრძელოს დიდხანს!
ღმერთი მოგცემს ბარაქასო,
აგვივსებდე კალათასო.
თქვენს ოჯახში ახალშობილს
ქრისტე მზის ცვრით განათლავსო.



* * *
ალილო და ალილო,       
სანათელო არილო,
გააბრწყინე ეზო-კარი,
გაახარე ღვთის სტუმარი.
ვთქვათ დიდება შობის დღისო,
მასპინძელო, გვეამება
გაგონება შენი ხმისო.
ვიგალობოთ ალილო,
შობა გათენებულა,
უპოვრის და ობლის ლუკმა
მადლით გაბევრებულა.
ვეგებებით მახარებლებს,
ბნელი დღეს ვერ აღამებდეს,
საიმედოდ ხვალის დღისო
აქ სუფევდეს ძალი ღვთისო,
მშვიდობის და სათნოების
იშვა ღმერთი სასოების.
ალილო და ალილო