THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ფიფქისა ზამთრის სასახლეში

ნაწილი მესამე

ახლა ფიფქისას და მელაკუდას დავუბრუნდეთ. სანამ ჩვენ ზაფხულთან ვიყავით სტუმრად, გოგონამ ყველაფერი უამბო მეგობარს: თუ როგორ მოუთხრო ხოშკაკალამ ბიძასა და ბიძაშვილებზე, ულამაზეს ბაღზე, მზესუმზირებზე . . . ვეზირის ვაჟს არც ის დაუმალავს, რომ თურმე ზამთარმა ყველას სასტიკად აუკრძალა ფიფქისასთან ზაფხულზე, ცისთვალასა და პირიმზისაზე საუბარი. ამის შეტყობამ გოგონა ძლიერ დააღონა, მაგრამ ხოშკაკალამ სთხოვა, არ გამამხილოო და ვერავის ვერაფერს ეკითხებოდა მიუხედავად იმისა, რომ დარდი უსაშველოდ უღრღნიდა გულს. გოგონამ მელაკუდას ისიც უამბო, თუ როგორ ცდილობდნენ მამიდა, ბებია და მამა მისი მოწყენილობის მიზეზის გარკვევას, და ბოლოს, როგორ შეცდა, როგორ გადაუშალა გული მამიდას და რა შედეგი მოჰყვა ამას . . . ახლა ორივე იჯდა და ფიქრობდა, რა ექნათ.
-ფიფქისა, მგონი რაღაცას მივხვდი, სეტყვიამ ისეთი რამ იცის, რაც შენ არ იცი და ამის გასაგებად აუცილებლად უნდა ნახო მამაშენის ვეზირი.
-აბა, როგორ ვნახო? საკმარისია დერეფანში დამინახონ, მამაჩემთან გამაქანებენ, ესეც რომ არ იყოს, სასახლიდან გასვლა რომ დავაპირო, მაშინვე მკითხავენ “სად მიდიხარ? რად მიდიხარ?”, მოვიტყუო?.. არ გამოვა, რომელიმე მსახურს გამომაყოლებენ...
-მაშინ . . . რომ დაღამდება, ფანჯრიდან თოკი უნდა ჩაუშვა, ჩასრიალდები, გაიქცევი სეტყვიასთან, ყველაფერს გაიგებ და ისევ თოკით ამოცოცდები ოთახში.
-ეგ ძალიან კარგი აზრია, მაგრამ თოკი სად ვიშოვო?
-თოკი . . . თოკი . . . სად ვიშოვოთ თოკი? . . . სასახლეში საერთოდ არა გაქვთ თოკი?
-საკუჭნაოში იქნება, მაგრამ იქამდე როგორ მივიდე?
-მე მივალ . . . თუმცა, რა აზრი აქვს, კარს მაინც ვერ გავხსნი . . . მაშ, რა ვქნათ?
ამ დროს დამწუხრებული ფიფქისა საწოლზე ჩამოჯდა და უცებ მელაკუდამ წამოიძახა:
-ზეწარი, ზეწარი უნდა გამოვიყენოთ თოკად.
-ზეწარი?

-ჰო, ზეწარი, დავჭრათ და თოკად დავწნათ.

-ვაშა! -აღფრთოვანებისაგან ტაში შემოჰკრა ფიფქისამ, -რა ჭკვიანი ხარ!

გოგონამ კარადის უჯრიდან ამოიღო ერთი ზეწარი, ტოლ ნაჭრებად დაჭრა და მელაკუდას მითითებით დაწნა. მშვენიერი თოკი გამოვიდა, მაგრამ მოკლე იყო, ამიტომ პირველ ზეწარს მეორეც მიაყოლეს, თოკი გაამზადეს და ახლა დაბინდებას უნდა დალოდებოდნენ. ამ დროს ისევ კაკუნი გაისმა კარზე.

-ფიფქისა, დავიჯერო ამდენ ხანს გძინავს? როდემდე უნდა იყო ჩაკეტილი? -ისევ ბებია წელიწადი იყო.

-რა ვქნა? -ჩურჩულით ჰკითხა გოგონამ მეგობარს.

-არ ვიცი. -ჩურჩულითვე უპასუხა მან, კარზე კაკუნი კი მომაბეზრებლად გრძელდებოდა და ისეთი პირი უჩანდა, ბებია ამჯერად აღარ აპირებდა უკან გაბრუნებას.

-იცი რა? დაბნელებამდე მაინც დრო გვაქვს, გავაღებ კარს და დაველაპარაკები, თორემ თავს არ დაგვანებებენ.

-მართალი ხარ, ასე სჯობია.

ფიფქისამ კარი თვალების ფშვნეტით გააღო, ვითომ ახალი გაღვიძებული იყო.

-ბებო გენაცვალოს, გეძინა? მე კი მეგონა, გვებუტებოდი.

-ჰო, მეძინა, ბებო. რა დროა ახლა?

-შუადღეა უკვე. ამდენ ხანს არასდროს გძინებია, ხომ არაფერი გაწუხებს?

-არა, ბებო, არაფერი მაწუხებს, მეც არ ვიცი, ასე რამ დამაძინა, -ზმორებით და მთქნარებით თქვა ფიფქისამ, -მშია ძალიან. ასე მგონია, ათი კაცის სამყოფს შევჭამ.

-უი, მომიკვდეს თავი, ახლავე ვეტყვი მზარეულს და დაგაპურებს. გინდა, აქ ამოვატანინო სადილი?

-კი, ჩემო კარგო ბებო, აქ ამოატანინე, რა!

-კარგი, საყვარელო, მაგრამ მამას რა ვუთხრა, ჩვენთან ერთად რატომ არ სადილობს-მეთქი?

-ბებო, ჩვენ, ორივემ მშვენივრად ვიცით, მამა რომ გაიგებს, კარგად ვარ, კარგად მეძინა და მადაც მაქვს, არ გკითხავს, ჩვენთან ერთად რატომ არ სადილობსო.

-მართალი ხარ, ჩემო გოგო, -უპასუხა წელიწადმა და შვილიშვილი გულში ჩაიკრა, მოეფერა, მოესიყვარულა, დაკოცნა და წავიდა, რომ მსახურისთვის ბავშვთან სადილი გამოეტანებინა. ფიფქისამ შვებით ამოისუნთქა, მელაკუდა ჩაიხუტა და უთხრა:

-ესეც ასე, ახლა აღარავინ შეგვაწუხებს. შენი აზრით, ნეტა რას გვეტყვის სეტყვია?

-არ ვიცი, მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ რასაც გვეტყვის, ხოშკაკალასთან იქნება დაკავშირებული.

-ჩემი საბრალო მეგობარი! . . . იცი, რას მოვკარი კიდევ ყური მამაჩემის და სეტყვიას ჩხუბისას?

-რას?

-რაც ხოშკაკალამ მითხრა, იგივე გაიმეორა მამაჩემმა -“მე ხომ გაფრთხილებული მყავდით ყველა, რომ ფიფქისას არავისგან არ უნდა გაეგო ზაფხულისა და თავისი ბიძაშვილების შესახებო?!”

-ოოო . . . საინტერესოა, რატომ აუკრძალა მამაშენმა ყველას შენთან მათზე საუბარი?!

-ხოშკაკალაც, როგორც ჩანს, მხოლოდ ამიტომ დასაჯა მამაჩამმა.

-ალბათ. მე ვფიქრობ, რაღაც დიდ საიდუმლოს მალავს მამაშენი, ისეთ საიდუმლოს, რომელიც შენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იცოდე.

-ასეა ალბათ . . .

ამ საუბარში რომ იყვნენ, მოსამსახურემ გოგონას სადილი შემოუტანა. მეგობრებმა გემრიელად მიირთვეს და მოსუფთავებული თეფშები რომ გაატანა, ფიფქისამ თან დააბარა:

-არავინ შემაწუხოს, ჩამავალი მზე მინდა დავხატო და მყუდროება მესაჭიროება.

(დამავიწყდა აქამდე მეთქვა, რომ ფიფქისა ძალიან კარგად ხატავდა, განსაკუთრებით -პეიზაჟებს.).

მარტო დარჩენილმა მეგობრებმა კიდევ ბევრი ისაუბრეს, ბევრი ვარაუდი გამოთქვეს, მაგრამ, ცხადია, მაინც გაურკვეველი დარჩა მათთვის ბევრი რამ. ამასობაში დაღამდა. ფიფქისამ ფანჯრიდან გარემო დაზვერა და როცა დარწმუნდა, ვერავინ დაინახავდა, კიდევ ერთხელ შეამოწმა კარი -დაკეტილი თუაო, სანთელი ჩააქრო, რომ ყველას ჰგონებოდა, სძინავსო და მელაკუდასთან ერთად, რომელიც წინსაფარში გამოკრული ეკიდა წელზე, თოკზე ჩაცოცდა. ცოცვისას ხელები დაუწითლდა, ალაგ-ალაგ დაუბებრდა კიდეც, მაგრამ ამას არაფრად აგდებდა, ყველაზე მეტად ძირს ჩავარდნის ეშინოდა და როდესაც თოვლს ფეხი შეახო, შვებით ამოისუნთქა. ცოტა ხანს შეისვენა, მელაკუდა წინსაფრიდან ამოსვა და ორივე სეტყვიას სახლისკენ გაეშურა.

ირგვლივ ყველაფერი ქათქათებდა, მთვარისა და ვარსკვლავების სხივები აბლაბუდას ქსელივით იხლართებოდა ერთმანეთში, თოვლით ტოტებდამძიმებული ხეები ულამაზეს კაბებში გამოწყობილ პატარძლებს ჰგავდნენ . . . თვალისმომჭრელად ლამაზი იყო არემარე, მაგრამ ფიფქისას ამისთვის არ ეცალა, ჩქარობდა. საკმაოდ შორს იყო სეტყვიას სახლი, მას კი გათენებამდე უნდა მოესწრო იქ მისვლაც, ვეზირთან საუბარიც და უკან დაბრუნებაც, თან ამხელა გზა ფეხით უნდა გაევლო . . . და აი, ღამის პირველი საათი იქნებოდა, გოგონამ სეტყვიას სახლის კარზე დაკიდებული რკინის რგოლი რომ დააბრახუნა. ვეზირს, დარდით და ნერვიულობით არაქათგამოცლილს, სავარძელში ჩასძინებოდა. ბრახუნი რომ გაიგო, ძალიან შეეშინდა, ეგონა, მეფის ხალხმა მომაკითხა ან ჩემს წასაყვანად, ან ხოშკაკალას სიკვდილით დასჯის ამბის საცნობებლადო, ამიტომ რამდენიმე ხანს დაბნეული იჯდა სავარძელში და არ იცოდა, გაეღო თუ არა კარი. ბოლოს იფიქრა, რაც მოსახდენია მოხდესო, გახსნა კარი და ათმაგად დაიბნა, ფიფქისა რომ დაინახა.

-ფიფქისა, შენა? აქ საიდან გაჩნდი? ვინ მოგიყვანა? -თან ელაპარაკებოდა, თან ქუჩას ათვალიერებდა ვეზირი და ვერავინ რომ ვერ დაინახა, კიდევ უფრო მეტად დაიბნა.

-თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი, ბიძია სეტყვია, მარტო მოვედი. გამოვიპარე სასახლიდან!

-გამოიპარე?! . . . როგორ თუ, გამოიპარე?! . . . მოდი, მოდი . . . -ხოშკაკალას მამამ გოგონა და მელაკუდა სასტუმრო ოთახში შეიყვანა, ბუხარში მინავლული ცეცხლი ხელახლა ააბრიალა, სანთელიც აანთო და თქვა:

-აბა, ახლა დალაგებულად მითხარი, აქ რამ მოგიყვანა?

-ბიძია სეტყვია, ბევრი დრო არ მაქვს, გათენებამდე უკან უნდა დავბრუნდე, თორემ, თუ შეიტყვეს რომ გამოვიპარე, თანაც თქვენთან, არც მე დამადგება კარგი დღე და არც -თქვენ. მე დილას თქვენი და მამაჩემის საუბარი მოვისმინე, მივხვდი, რომ ხოშკაკალას და კიდევ ბევრი რამის შესახებ სიმართლე საერთოდ არ ვიცი და სწორედ ამ სიმართლის გასაგებად მოვედი თქვენთან.

-ეჰ, ჩემო ფიფქისა, -ამოიოხრა მოხუცმა და თვალზე ცრემლი მოადგა, -ვიცი, რომ შენ და ხოშკაკალა კარგი მეგობრები იყავით, მაგრამ მის შესახებ სიმართლის თქმა არ შემიძლია, ეს რომ ზამთარმა გამიგოს . . .

-მამაჩემი ვერაფერს გაიგებს, იმასაც ვერ გაიგებს, აქ რომ ვიყავი. უკვე ვიცი, არც მას, არც ბებიას და არც მამიდას არ უნდა ვენდო. ისიც ვიცი, რომ მომატყუა მამაჩემმა, დამპირდა, ხოშკაკალას გავათავისუფლებო, მაგრამ პირობა არ შეასრულა. ჩემი მეგობარი ჩემმა წინდაუხედაობამ დაღუპა და მინდა, რაიმე გავაკეთო მისთვის. ნუ დამიმალავ, ბიძია სეტყვია, მითხარი, სადაა ხოშკაკალა.

სეტყვია მცირე ხანს დუმდა, ორჭოფობდა, არ იცოდა, ეთქვა თუ არა გოგონასათვის სიმართლე. მერე ხელი ჩაიქნია, ჩემი შვილის გარეშე ჩემს სიცოცხლეს მაინც არ აქვსო ფასი და მუდარით ყელგამოწეულ გოგოს უთხრა:

-ყველაზე ღრმა, ყველაზე ბნელ, ყველაზე ნესტიან, ერთი სიტყვით, ყველაზე საშინელ დილეგშია ხოშკაკალა და შიმშილ-წყურვილით სიკვდილისთვისაა განწირული.

-რააა? . . . -მოულოდნელობისაგან გაშრა ფიფქისა და რამდენიმე ხანს ხმა ვერ ამოიღო. ფიქრობდა, რომ შესაძლოა ისევ საპყრობილეში ყოფილიყო ხოშკაკალა, მაგრამ ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა, -თქვენ ეს საიდან იცით?

-იმ დღეს, როცა ჩემი შვილი საპყრობილეში ჩასვეს, მე მამაშენმა არ მიმიღო და მისი დაპატიმრების მიზეზი ვერ გავიგე, მაშინ ციხის უფროსს, რომელიც ჩემი ძველი მეგობარია, ვთხოვე, იქნებ როგორმე დამალაპარაკო ჩემს შვილთან-მეთქი. მან მითხრა, ღამით ძალიან გვიან მოდი, იქნებ რამე მოგიხერხოო. დათქმულ დროს მივედი, დავინახე, ღამურა გამოდიოდა ციხიდან, დამალვა მოვასწარი და ვერ შემნიშნა. გულმა ცუდი მიგრძნო, და მართლაც, ციხის უფროსთან რომ მივედი, მან გულდაწყვეტით მითხრა: ვერაფრით დაგეხმარები, ღამურამ მეფის ბრძანებით ხოშკაკალა საშინელ დილეგში გადაიყვანა, რომლის გასაღებიც მხოლოდ მას აბარიაო. აი, ასე გადაგვიხადა მამაშენმა სამაგიერო ამდენი წლის უანგარო შრომისა და ერთგულებისთვის.

ფიფქისას ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა იმიტომაც, რომ მისი მეგობარი ასე მწარედ დაისაჯა მისი დაუფიქრებლობის გამო და იმიტომაც, რომ მამამისი ასე სასტიკი და დაუნდობელი, უპირო და მატყუარა აღმოჩნდა.

-ბიძია სეტყვია, აუცილებლად უნდა დავიხსნათ იმ დილეგიდან ხოშკაკალა.

-როგორ, შვილო, აბა, როგორ? ჩვენ ხომ ისიც კი არ ვიცით ზუსტად, რომელ დილეგშია გამომწყვდეული ჩემი საბრალო ბიჭი, ან, რომც ვიცოდეთ, იქიდან როგორ დავიხსნით?

-არ ვიცი, მაგრამ უნდა დავიხსნათ!

-მე ვიცი! -წამოიძახა უცებ მელაკუდამ.

-შშეეენ? . . . შეეენ? . . . ლაპარაკობ? -ფერი დაკარგა უცებ სეტყვიამ და სავარძელში გადაესვენა.

-კი, ბიძია სეტყვია, ლაპარაკობს და ბევრი ჭკვიანური რჩევის მოცემა შეუძლია.

-სსააოცარია, კაცი დავბერდი და არასოდეს არაფერი მსმენია მოლაპარაკე მელიის შესახებ.

-პირველად მეც ძალიან გამიკვირდა, მარტო კი არ გამიკვირდა, შემეშინდა კიდეც. მეც დღეს გავიგე, რომ ჩემი მელაკუდა მოლაპარაკე ყოფილა. სწორედ მან მირჩია თქვენთან მოსვლა და ისიც მან მასწავლა, სასახლიდან როგორ გამოვპარულიყავი. ახლა რას გვეტყვი, ჩემო მეგობარო?

-რას და, უნდა მაჩვენოთ ისეთი რამ, რაც ხოშკაკალას ეცვა ყველაზე ბოლოს, რომ მისი სუნი კარგად ჰქონდეს შერჩენილი. მე მის სუნს დავიმახსოვრებ, ციხის ეზოში შევიპარები და მივაგნებ იმ დილეგს, სადაც ხოშკაკალაა ჩამწყვდეული, მერე ჩემიანებთან დავბრუნდები, მოვუყვები, როგორ მიპატრონა ფიფქისამ მონადირეებისგან გატანჯულს და ჩემი მშობლები დახმარებაზე უარს არ გვეტყვიან.

-როგორ, როგორ დაგვეხმარებიან? -თითქმის ერთდროულად იკითხეს ფიფქისამ და სეტყვიამ.

-როგორ და, ჩუმად იმ დილეგისკენ გვირაბს გათხრიან. ჩვენ, მელიები ხომ სოროების გათხრის ოსტატები ვართ. ასე გამოვაპარებთ ხოშკაკალას, მაგრამ, აი მერე სად უნდა დაიმალოს, უკვე აღარ ვიცი.

-მე ვიცი! ბიძია ზაფხულთან გავიქცევით მეც და ხოშკაკალაც. მართლა, ამ გახსენებაზე, იქნებ მითხრათ, ბიძია სეტყვია, რატომ აუკრძალა მამაჩემმა ყველას ჩემთან ბიძია ზაფხულსა და ჩემს ბიძაშვილებზე საუბარი?

-ამას, ჩემო გოგო, ყველაზე უკეთ ან მამაშენი, ან ბიძაშენი მოგიყვებიან. მამაშენი არასოდეს არაფერს გიამბობს, იმიტომ, რომ წარსულის ეშინია, ამიტომ, თუ მართლაც შევძელით ჩემი ბიჭის გამოხსნა დილეგიდან და შენ და ის დასამალად მართლა ზაფხულთან გაიქცევით, ჯობია მან გიამბოს ყველაფერი.

-კარგი, ეს შემდეგისთვის გადავდოთ, ახლა კი უნდა ვიჩქაროთ, მელაკუდა, თორემ, სადაცაა გათენდება.

-შენ სასახლეში დაბრუნდი, ფიფიქისა, მე და ბიძია სეტყვია კი ვეცდებით, დილეგს მივაგნოთ, მერე წავალ მე ტყეში და ხვალ საღამოს დავბრუნდები, შენი ფანჯრის ძირას დავიწკნავლებ, გადმოიხედე, ამიყვანე და გიამბობ ყველაფერს, რაც მეცოდინება.

-არა, ამაღამ ვეღარსად წავალთ, გათენებამდე ვერ მოვასწრებთ, ამაღამ ყველაფერი კარგად ავწონდავწონოთ და ხვალ დაღამებისთანავე გავწიოთ ციხისკენ.

-მაშინ, ფიფქისა, ხვალ არა და, ზეგ საღამოს მელოდე.

-კარგი, აბა, თქვენ იცით, წარმატებას გისურვებთ, ახლა კი წავალ, -ფიფქისამ ქურქი ჩაიცვა, მელაკუდას ჩაეხუტა, ფრთხილად იყავი, ჩემო ერთგულო მეგობაროო, უთხრა და კარისკენ წავიდა.

-მოიცა, ფიფქისა, ჩემს ცხენს გათხოვებ და იმით წადი, უფრო მალე მიხვალ, -უთხრა სეტყვიამ.

-მერე იმ ცხენს უკან ვინ დააბრუნებს?

-გაწვრთნილი მყავს, გზას თვითონ გამოიგნებს.

სეტყვია თავლაში გავიდა ცხენის შესაკაზმად და სანამ დაბრუნდებოდა, გოგონა მელაკუდას ესიყვარულებოდა, თან აფრთხილებდა და არიგებდა, ეცადე, ხიფათს არ გადაეყაროო. როცა ვეზირმა შეკაზმული ცხენი თავლიდან გამოიყვანა, ფიფქისა კიდევ ერთხელ გამოეთხოვა ყველას და ბედაური სასახლისკენ გააჭენა. საბედნიეროდ თოვა დაწყებულიყო და ნაკვალევი მალე წაიშლებოდა, თორემ, მეორე დღეს, შესაძლოა, გუშაგებს საეჭვოდ მოსჩვენებოდათ ცხენის ნაკვალევიც და ფიფქისას ნაფეხურებიც, სასახლის ბაღსა და მისი ფანჯრის წინ რომ დააჩნდებოდა თოვლს. გოგონა სასახლის ბაღის ჭიშკართან ჩამოქვეითდა, ცხენი უკან გააბრუნა, თვითონ კი ისევე ფრთხილად შეიპარა ბაღში, როგორც გამოიპარა. თოკი ისევ ისე ეკიდა, ესე იგი, ვერავის ვერაფერი შეემჩნია. გაჭირვებით, მაგრამ მაინც აცოცდა ფიფქისა თავის ოთახში, სარკმელი მჭიდროდ დახურა, თოკი საგულდაგულოდ დამალა, სველი ტანსაცმელი ბუხართან მიფინა, რომ გათენებამდე ყველა კვალი წაშლილიყო და დაღლილ-დაქანცული ლოგინში ჩაწვა, თუმცა კარგა ხანს მაინც არ დაეძინა -სეტყვიასა და მელაკუდაზე ფიქრობდა, ეშინოდა, ვაითუ ვინმემ შეამჩნიოთ, ან, ვაითუ მელაკუდამ ვერ მიაგნოსო ხოშკაკალას დილეგს. ღმერთს ეხვეწებოდა, ყველაფერი კარგად დამთავრდესო და ამ ფიქრებში ჩაეძინა.